• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი იტალიასთან

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი იტალიასთან. საქართველოს ეკონომიკურ ურ­თი­ერთიერთობებს იტალი­ას­თან საფუძ­ვე­­­­ლი ჩა­ე­ყარა 1919-დან. ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა 22 აპ­რილს პარიზის კო­ნფერენციის „ოთხთა საბჭოზე“ მიღებულმა გადაწყვე­ტი­ლე­ბამ, რომლის შესა­ბა­მი­სად, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალთა მიერ ამიერ­კა­­ვკასიის და­ტო­ვე­ბის შემთხვევაში საქართველოსა და აზერბაიჯანზე მანდატი უნ­­­და გადასცემოდა იტა­ლიას. 12 მაისს თბილისში ჩამოვიდა იტა­ლი­ის სამთავრობო მისია მელკიადე გაბას ხე­ლმძღვანელობით, რომელსაც ამი­ერკავ­კა­­სიაში არსებული პოლიტიკურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ვითარება უნ­და შეესწავ­ლა. იტა­ლი­ის მთავრობას საქართველოში მკაფიოდ გან­საზღვრული ინტერესები ამო­ძრა­ვე­ბდა. იგი დაინტერესებული იყო ადგილობრივი ბუნებრივი რე­სურ­სე­ბით, აბრეშუმით, თამბაქოთი და ხე-ტყით. ივ­ნისის ბოლოს იტა­ლი­ის მთავრობის სათავეში მოვიდა ახალი პოლიტიკური ძა­ლა, რომელმაც ქვეყ­ნის კურსი ამი­ერკავ­კა­სი­ასთან მიმართებაში კარდინალურად შე­­ცვალა. ამის შედე­გად, თბი­ლი­სში მყოფ მ. გაბას მისიას ჩამოერთვა სამხედრო-პო­ლიტიკური სა­კი­თ­ხების გა­და­ჭრის პრეროგატივა და მთელი მისი მოღვაწეობა ამიერიდან წარი­მა­რ­თა დიპ­ლო­­მატიური კონტაქტების შემდგომი განვითარებისა და სავაჭრო-ეკო­ნო­მი­კური ურთიერთობების აქტივიზაციის ხაზით. საქართველოს მთა­ვრობის საკო­ნ­ცესიო პო­ლიტიკაც ძირითადად გამოვლინდა იტალიასთან სავა­ჭ­რო-ეკონომიკური ურ­თი­­­ერ­თობის განვითარებით. ეს განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დასავლეთ ევ­რო­პის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად იტალია იყო დაინტე­რე­სე­ბუ­ლი საკუთარი ნე­დ­ლე­ულისა და სათბობის დეფიციტი შეევსო საქართველოს ბუ­­ნებრივი რესურ­სე­ბით. სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა იტა­ლიის სამრე­წ­ვე­ლო-საფინანსო ოლიგარქიის წარმომადგენელი, მსუ­ბუ­ქი მრეწველო­ბის საწა­რ­მო­­ებისგან შემდგარი კონცერნის ადმინისტრატორ-რწმუ­ნებული ალბერ­ტო კორსი. მან ადგილობრივ საქმიან წრეებთან და სამთავრობო სტრუქ­ტუ­რე­ბ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი ხასიათის მოლაპარაკებები აწარმოა. ამ ვიზიტის უშუ­ალო გა­გ­რ­ძელებას წა­რ­მოადგენდა 1920 წ. ზამთრის მიწურულს საქართ­ვე­ლო­ში მოწ­ყო­ბი­ლი იტალიის საქმიანი წრეების უფრო მაღალი წარმომადგენლობითი მისია. პა­­­­რა­ლელურად,  იმავე მიზნით რომში ჩავიდა საქართველოს სამთავრობო მისია, რომლის შემა­დ­გე­ნლობაშიც შედიოდნენ: საგ. საქ. მინისტრის მო­ად­გილე კ. საბახტა­რა­შ­ვი­ლი (ხე­ლ­მძღვანელი), ფ. გო­გი­ჩაიშ­ვი­ლი, ეკონომიკური მრჩევლები: ვ. ვოი­ტინს­კი, ნ. ჯა­ყე­ლი და სხვ. მათ მოღვა­წე­ობას უკა­ვშირდება 1919 წ. 21-22 ნოემბერს რო­მში გა­მა­რ­თულ მოკავშირე სახელმ­წი­ფო­თა უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდო­მაზე სა­ქა­რთვე­ლო­სათვის პურის მოწო­დე­ბის საკითხის გადაწყვეტა. საქართ­ვე­ლო-იტ­ა­ლი­ის ეკო­ნო­მიკუ­რი ურთიერთობის ისტორიის საყურადღებო ფა­ქ­ტია ქართული ფუ­ლის ნიშნების დასამზადებლად საჭირო ქა­ღალდის მასალის შეკვეთა რო­მის ზა­რაფხანაში. 1919 წ. 13 დეკემბერს ფინანსთა მინისტ­რის მოადგილემ ს. ავალიანმა მთავრობას წარუ­დგინა მო­ხსენება „იტალიაში სა­ხე­ლ­მწიფო ქაღალდების დამამ­ზა­დე­ბელი ექსპე­დი­ცი­ისა­თ­ვის აუცილებელი 520 ათა­სი ფურცელი ქაღალდის შე­სა­ძე­ნად 1 მლნ 200 ათ­­ასი ლირის ღირებულების სა­ქო­ნლის გაზიდვის უფლების შე­სახებ“. 1920 წ. და­სა­წყისში თამბაქოს რე­ალიზაციით მიღებული ვა­ლუ­­ტით იტა­ლი­აში შეი­ძი­ნეს ფულის ნიშნებისათვის სა­ჭირო ჭვი­რ­ნიშ­ნე­ბი­ა­ნი ქა­ღა­ლდი და სა­ღე­ბა­ვე­ბი. ამ ქაღალ­დ­ზე დაი­ბე­ჭ­და 5,000-მანე­თი­ანები, რომლებიც მიმოქცევაში 1921 წ. და­სა­წ­ყი­ს­ში გა­მო­ვიდა. 1920 წ. ივ­ლი­­სი­სა­თვის იტალიიდან შემოიტანეს 24,374 ტო­ნა სხვა­და­სხვა საქონელი, რო­მ­ლის საქართველოს ბაზარზე რეა­ლი­ზების საერ­თო თა­ნ­ხამ 80 მლნ 194,2 ლი­რას მიაღწია. იტა­ლი­ის ელჩის ვ. ჩე­რუ­ტის მონა­ცე­მე­ბით, ჩვენი ქვე­ყნის საქონელბრუნვის სა­ერ­თო მოცულობამ 1920 წ. შეადგინა 5 მლნ გ. სტერლინგი (იმპორტი 3, ექს­პო­რ­ტი 2). აქედან მნი­შვნე­ლო­ვა­ნი წი­ლი იტა­ლი­ას ეკუ­თვნოდა. ჩვე­ნ­ში იმპორტირებული სა­ქონ­ლის 70% და სა­ტ­რა­ნ­ს­პორ­ტო გადა­ზი­დვების 60% იტალიური იყო. საქართ­ვე­ლოს ნე­დ­ლეულის ექს­პო­რ­ტზე იტა­ლი­ის კავკასიური ბანკის მიერ გაცემული სე­სხი 80 მლნ ლირას აჭარ­ბებდა.           

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი დიდ ბრიტანეთთან

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი დიდ ბრიტანეთთან. საქართველოს ეკონომიკურ ურ­თი­ერთიერთობებს დიდ ბრიტა­ნე­თ­თან საფუძველი ჩა­ე­ყარა I მსოფლიო ომის დასრულებისთანავე. ინ­გლისის ჯა­რის საქართველოში შემოსვლის შემდეგ, 1919 წ. 15 თებერ­ვა­ლს შედგა საუბარი მათ სარდალ უოკერს და ნ. ჟორდანიას შო­რის. კითხვაზე, თუ რა და­ხმა­რე­ბას უნდა მო­­ელოდეს საქართველო ბრიტა­ნე­თი­საგან, უო­­კერმა ასე უპასუხა: „მი­ვა­ქციე ყუ­რა­დ­­ღება თქვენი რესპუბლიკის ფი­ნა­­­ნ­სურ მდგომარეობას, მაგრამ ვინა­ი­დან იგი მჭი­­­დ­როდაა დაკავშირებული რკი­ნი­­გ­ზის საქმესთან, ინგლისი ვერ და­ა­ფინანსებს ქვე­ყ­ნებს, სადაც ეს საქმე უზ­რუ­ნ­ვე­­ლ­ყოფილი არ იქნება. რაც შეეხება კე­რძო კაპი­ტა­­ლის მოდენას, თქვენში არსე­ბუ­ლი სოციალიზაციის პირობებში მო­კავშირეთა კა­პი­ტალი აქ ვერ მოვა“. ნ. ჟო­რ­და­ნი­ამ აღნიშნა, რომ საქართველოში არ ხდებოდა სა­მრეწველო და სავაჭრო საწა­რ­მოთა სოციალიზაცია, რაზედაც უო­კე­რმა ეჭვი გა­მო­­თქვა. ჟორდანიამ უპასუხა: „ეს რომ ასე არ იყოს, ჩვენ ბოლ­შე­ვი­კები ვიქ­ნე­ბო­დითო“. 4 სექტემბერს ე. გეგეჭკორმაც განუ­ც­ხა­და ბრიტანეთის წარმომადგენელს ო. უორდროპს: „სა­ქა­რთველოს მთავ­რო­ბას შე­გნებული აქვს, რომ ის უნდა ეყ­რ­დ­ნობოდეს რომელიმე მტკიცე სახე­ლ­მ­წიფოს ორ­განიზმს და ამ შეგნებამ გვი­კა­რ­ნახა გარკვეული ორიენტაცია ინგ­ლი­ს­ზე... სა­ქა­რ­თველო თხოვს დახმარებას ინგლისს და სურს იცოდეს, რას მოი­სუ­რვებს ინგ­ლი­სი სანაცვლოდ“. ინგლისელებმა საქარ­თ­ვე­ლოს რკინიგ­ზა­ზე კონტროლი დაა­წე­სეს და ბა­თ­უ­­მის ოლქი საკუთარ სა­გე­ნე­რალ-გუბერნა­ტო­რ­ოდ აქციეს, რამაც ქართველობა მათ წი­ნააღ­მ­დეგ განაწყო.

მა­­რთალია, ბრიტანეთის ხელისუფლების დაინტერესება საქართ­ვე­ლოს ბუ­ნე­ბ­რი­ვი რესურსებით, სტრატეგიული სახმელეთო თუ საზღვაო სატ­რა­ნ­­ს­პორტო კო­­მუ­ნიკაციებით და ა. შ. დიდი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანმა მიზე­ზე­ბ­მა ის აი­ძუ­­ლა, რომ ეკონომიკურ მისწრაფებათა პრაქტიკულ განხორციელებაზე უარი ეთ­ქვა. იმხანად, ბრიტანეთის მთავრობა დაკავებული იყო მსოფლიო ომის შემდ­გო­მი მოწყობისა და საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის განმტკიცების კარ­დი­ნა­ლუ­რი საკითხებით. მისი ყურადღება და ფინანსური შესაძლებლობები მიმა­რ­თული იყო „რუსეთის საკითხის“ მოწესრიგებისაკენ. ამ ფუნდამენტური სა­კით­ხების გვერდით „საქართველოს საკითხი“ აქტუალობას კარგავდა. ამის მიუხე­და­ვად, საქართველოს მთავრობა შეეცადა, რომ დასავლეთ ევროპის სა­ხე­ლ­მ­წი­ფო­ებ­ში და მათ შორის დიდ ბრიტანეთში მოეპოვებინა კრე­დი­ტი ეკონო­მი­კური მდგო­მა­­რე­ო­ბის გამოსწორების მიზნით. 1920 წ. მარტში სა­ქა­რ­თ­ვე­ლოდან გა­გ­ზავნილმა სა­მთა­ვ­რობო მისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შე­დიოდნენ: კ. კან­დე­ლაკი (ხელ­მ­ძღვა­ნელი), ფ. გოგიჩაიშვილი (სახელმწიფო კონ­ტ­­რო­­ლიორი), ნ. ნი­კო­ლაძე, ზ. ავა­­ლიშ­ვი­ლი და მ. სუმბათაშვილი, ევ­რო­პაში დიდხანს დაჰყო. მათ მიერ გაფორ­მე­ბულ ხელშეკრულებებს შორის გან­საკუთრებით მნიშვ­ნე­ლოვანი იყო დიდი ბრი­ტანეთის საგარეო ვაჭრობის ბანკთან დადებული ხელშეკრულება მოკლევა­დი­ა­ნი (5-წლიანი) სე­ს­ხის თაობაზე, რომ­ლის თანახ­მა­დაც სა­ქა­რთ­ვე­ლოს ნაღდ ანგა­რი­შზე უნდა გადა­ს­ცემოდა კრედიტი 1,5 მილიონი გი­რ­ვა­ნ­ქა სტე­რ­­ლი­ნგის ოდე­ნო­ბით. ამ თანხით, რო­მე­ლიც იმხანად 27 მი­ლიარდ ქართულ მანეთს შე­­ად­­გე­ნ­და, შე­სა­ძ­ლე­ბელი იყო საქართველოს ბონისა და ჩვენი ქვე­ყ­ნის წი­ლად და­ბე­ჭდი­ლი ამი­ე­რკა­ვკასიის კომისარიატის ბონის აბ­სო­ლუტური რაოდე­ნო­ბის გა­მო­ს­ყიდვა და პლუს და­ფა­რვა 1 წლის სახელმწიფო ბი­უჯეტისა, რომე­ლიც 1920-1921 წლის ხარ­ჯ­თაღრი­ც­ხ­ვის პროექ­ტით - 8 მი­ლიარდ 552 მილიონ ქართულ მანეთს უდრიდა. ცნობას ამ ხელ­შე­კრულების დადების შესახებ ქართული ვალუტის კურსის გამყარება მოჰყვა. გირვანქა სტერლინგის ღირებულება 1920 წ. ბო­ლ­ოს შეად­გე­ნ­და 18,000 ქართულ მანეთს, 1921 წ. დამდეგს კი მი­სი ფასი 11,000 მანეთამდე დაეცა. სა­ბოლოოდ, ამ ხელშეკრულების რეა­ლიზა­ცი­ას ხელი შე­უშალა საბჭოთა რუ­სე­თის მი­ერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამ.

საქრთველოს დემოკრატიული რესპუბლიკის „დე ფაქტო“ დამოუკიდებლობის აღიარება

საქრთველოს დემოკრატიული რესპუბლიკისდე ფაქტოდამოუკიდებლობის აღიარება - პირველი სახელმწიფოები, რომლებმაც იცნეს საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და თავიანთი სრულუფლებიანი წარმომადგენლები გაგზავნეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან იყვნენ: სომხეთი, აზერბაიჯანი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა  (1917-1918 წ.წ. პრემიერ-მინისტრი იყო აბდულ მეჯიდ (ტაპა) ჩერმოევი, 1918-1919 წ.წ. - პშემახო კოცევი), ხოლო ერთ-ერთი პირველი უცხოეთის სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა „დე ფაქტო“ აღიარა ოსმალეთი იყო. შემდეგი იყო გერმანიის ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის „დე ფაქტო“ დამოუკიდებლობა აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა: ოსმალეთი -1918 წლის 3 ივნისი; გერმანია -1918 წლის 10 ივნისი; ავსტრია -1918 წლის 18 ივნისი; იტალია -1920 წლის 12 იანვარი;  საფრანგეთი -1920 წლის 12 იანვარი; დიდი ბრიტანეთი - 1920 წლის 12 იანვარი; იაპონია - 1920 წლის 7 თებერვალი; საბჭოთა რუსეთი - 1920 წლის 7 მაისი;  ჩეხოსლოვაკია - 1920 წლის 8 აპრილი;  ბელგია - 1920 წლის 26 აგვისტო;   პოლონეთი - 1921 წლის 28 იანვარი; 

 საქართველოს დამოუკიდებლობის „დე ფაქტო“ აღიარება საქართველოს უახლეს ისტორიაში ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა იყო. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დეფაქტო დამოუკიდებლობის აღიარებას ანტანტის უმაღლესი საბჭოს წევრი ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია) მხრიდან 1920 წლის 12 იანვარს. საერთაშორისო კონიუნქტურის პირობებში ეს იყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მისი დიპლომატიის სერიოზული გარღვევა საერთაშორისო ასპარეზზე.  აღნიშნულ ფაქტს, 1920 წლის 14 იანვარს,  დამფუძნებელი კრების საგანგებო სხდომა მიეძღვნა. სხდომას დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე - ალექსანდრე ლომთათიძე თავმჯდომარეობდა. სხდომას რესპუბლიკის მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრო. ასევე, იყვნენ უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლები: დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის, ამერიკის, პოლონეთის, ლიტვის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მთიულეთის და სხვ. განსაკუთრებული ადგილი დაუთმეს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს - ოლივერ უორდროპს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მთავრობის თავმჯდომარე - ნოე ჟორდანია. მან თქვა; „...ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროდ, უშუალოდ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს... საქართველო დღეს აღადგინა დემოკრატიის თანხმობამ... ასეთია, ბატონებო, ახალი საქართველო და ის წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებად. წარვსდექით არა მოწყალებისათვის, არამედ უფლებისათვის და მათ გვკითხეს რა მოგაქვთ? ჩვენ ვუპასუხეთ: მოგვაქვს ორი ათასი წლის კულტურა, ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა. მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება, დემოკრატიული შემოქმედება და მოვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის გზის ყურეში. ჩვენ არ ვართ სამანდატო, საოპეკუნო ხალხი. ჩვენ ვართ ჩვენი თავის მანდატორი, ჩვენი ოპეკუნი, თავისი თავის ბატონი და ეს ჩვენ დაგისაბუთეთ არა სიტყვით, არა კეთილი სურვილებით, არამედ საქმით, სახელმწიფოს შეუწყვეტელი შენებით...“

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი გერ­მა­ნიასთან

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი გერ­მა­ნიასთან. საქართველოს ეკონომიკურ ურ­თი­ერთიერთობებს გერმანი­ას­თან საფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყარა ჩვენი ქვეყნის სახელმ­წი­­ფოებრივი დამოუკიდებ­ლო­ბის აღდ­გე­ნის­თა­ნა­ვე. 1918 წ. 28 მაისს ფოთში გაფო­რ­­მდა „დროებითი შეთან­ხ­მე­ბა სა­ქა­რ­თ­ვე­ლოსა და გე­რ­მანიას შო­რის წინასწარი ურ­თიერთ­დამო­კი­დებუ­ლე­ბის და­მ­ყა­­რე­ბის შესა­ხებ“. მხარეები შე­თანხმდნენ შემდეგ ეკო­ნო­მიკურ საკითხებზე: 1) სა­მხედ­რო და­­ნი­შ­ნუ­ლე­ბის ტვი­რთები გე­რ­­მა­ნი­იდან სა­­ქა­რ­თველოში უბა­ჟოდ უნდა შე­მოე­ტანათ; 2) ჩვენი ქვეყ­ნის ტერი­ტო­რი­აზე მი­მოქცე­ვა­ში მყოფი ამიერკ­ავ­კა­სიის კო­მი­სა­რი­ა­ტის ბო­ნე­­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა და­­ე­შვათ მა­რ­­კა, რო­გორც კა­ნონიერი სა­გადამ­ხ­­დე­ლო სა­შუ­ა­ლება; 3) სა­­­ქა­­რ­­თ­ვე­ლოს მთავრობის მოწ­ვე­ვის შესაბამისად, ჩვენი ქვე­ყანაში შე­მო­სუ­ლი გე­რ­მ­­ანუ­ლი ჯარის სურ­სათით უზ­­რუნ­ველყოფაში დახ­მა­რე­ბა უნდა გა­ეწია ქართულ მხა­რეს; 4) საქა­რ­თველოში მო­ქ­მედ გერ­მა­ნიის სა­ხე­ლ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ას ად­გილო­ბ­რი­ვი სურსათი ნაღდ ფულზე უნდა შეე­ძინა და სხვ. საქართ­ვე­ლოს მთავრობა ცდილობდა, რომ ახლო მომავალში შემოეღო  სტა­­ბილური კურსის მქონე ერო­ვ­ნული ვალუტა. ვინაიდან პოლიტიკური ორი­ენ­ტა­ცია მათ აღებული ჰქო­ნ­­დათ გერმანიაზე, გადაწყდა, რომ ეკო­­­ნო­მიკურ საკით­ხე­ბზე მო­ლაპარაკებოდნენ ამ ქვეყ­ნის ხელი­სუფ­ლე­ბას. ამ მიზნით, 1918 წ. ივ­ნის­ში ბერ­ლი­ნში ჩავიდა სამთავრობო დე­­ლეგაცია, რომლის შემადგენ­ლო­ბა­შიც შე­დი­ოდნენ: ნ. ნიკოლაძე, ა. ჩხენ­კელი, ზ. ავალიშვილი და სხვ. მათ ეკო­ნომიკური  შე­­თანხმებები და­დო გერმანიის სამინისტროებთან, ფი­რმებთან და ბანკებთან. 15 აგ­­ვი­სტოს გე­რ­მანიის უმსხვილეს ბანკებთან გააფორმეს ფი­ნა­ნ­სური შეთანხმება სა­­ქართვე­ლო­სათვის სესხის გამო­ყო­ფის თაობაზე. ამ შეთანხ­მე­ბა­­თა განხორ­ციე­ლე­ბა ვერ მო­ხე­რ­ხდა I მსოფ­ლიო ომში გერმანიის დამარც­ხე­ბის გამო. საქართველოს მთავრობას გააზრებული ჰქონდა, რომ გერმანელებს სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვე­ბდათ და ის დახმარებაც, რომელიც მათ ჩვენს ქვე­­ყანას გაუწიეს, მა­თი­ვე სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე­ობ­და. ამა­სთან და­კავშირებით, მთავრობის ოფი­ციოზი მიუთითებდა: „მია­მი­ტობა იქნე­ბო­და მო­ლო­დინი იმისა, რომ თითქოს გე­რმანია უანგაროდ დაუჭერს მხარს ქარ­თ­ველ სო­ცი­ალ-დე­მოკრატიას... გერმა­ნე­ლები საქართველოში მოვიდნენ არა სო­ცი­ალ-დემოკ­რა­ტების ან ნაციონალ-დე­მო­კ­რატების გულისათვის, არამედ, მა­რ­გა­ნე­ცის, სპი­ლე­ნ­ძის, ხე-ტყისა და ქვეყნის სხვა ბუნებრივი სიმდიდრის გული­სთვის“. მიუხედა­ვად ამისა, საქართველოს მესვეურნი დადებითად აფასებდნენ გე­რ­­მანიასთან კავ­შირს. ნ. ჟორდა­ნი­ას აზრით, საქართველოს სუ­ვერე­ნულ უფლებათა პატი­ვის­ცე­მისა და შინაურ სა­ქმეებში ჩაურევლობის „დაუვი­წ­ყა­რი მაგალითი მოგ­ვ­ცა გერმა­ნი­ის ჯარების სა­რ­დ­ლობამ. ჩვენ - სოციალისტები და დე­მოკრატები, ის­ი­ნი - მო­ნა­რქისტები, აზნა­უ­რე­ბი. განსხვავება პოლიტიკური და იდ­­ე­ოლოგიური იყო დი­დი. მიუხედავად ამ­­ი­სა, ჩვენი ურთიერთშორის დამოკი­დე­­ბულება იყო ლო­­ი­ალუ­რი, მეგობრული, გუ­ლწრფელი“. კ. კანდელაკი აღ­ნი­შ­ნა­ვ­და, რომ გერმა­ნე­­ლთა „გე­გ­მა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ აღორძი­ნები­სა­თ­ვის ძა­ლი­ან ფართე იყო და ყო­ვე­ლ­მხრივი. იგი შეხებოდა, როგორც ფინანსიურ, ისე სა­ერ­თო ეკონომიურ მხა­რეებს ჩვენი სახალხო მეურნეობისას, ფულის საკითხის მო­წე­სრიგებით და­წ­ყე­ბუ­ლი... თუ გე­რმა­ნე­ლე­ბმა ჩვენ­თან შე­მო­ს­ვ­ლით და აქ ყოფნით იმ დროს რითიმე ისარ­გე­ბ­ლეს, სამართლიანობა მო­ი­თ­­ხოვს ით­ქვას, რომ ყველაფრის ანგარიში რიგიანად გა­ას­წო­რეს. სხვათა შო­რის, რე­ს­პუბ­ლი­კის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმე­ბით თა­ვი­დანვე დაწე­სე­ბუ­ლი პა­რი­ტე­ტი ჩვენი ფულის და გერმანულ მარკას შო­რის მა­თი ჩვენში ყოფნის დროს არ შე­უცვლიათ“.         

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე - პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების  შემდეგ, ანტანტის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით 1919 წლის 18 იანვარს, პარიზში, საზავო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით, თავდაპირველად, ლონდონში გაემგზავრა საქართველოს დრ-ის მთავრობის პოლიტიკური მრჩეველი საგარეო საკითხებში - ზურაბ ავალიშვილი, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელ - დავით ღამბაშიძესთან ერთად, ე. წ. მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას შეუდგა. მოგვიანებით, მათ ბერლინიდან კონსტანტინე გვარჯალაძეც შეუერთდა. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გასამგზავრებლად, საქართველოს დელეგაცია თბილისიდან 1918-ის ნოემბერში გავიდა და მეტად მრავალრიცხოვანი იყო. მასში შედიოდნენ პარტიების წარმომადგენლები, მრჩეველები, სპეციალისტები და სხვ, ვიზებზე უარის თქმის გამო, დელეგაციის წევრების უმრავლესობა იძულებული შეიქმნა სამშობლოში გამობრუნებულიყო. პარიზში ქართველები ჩავიდნენ 1919-ის 19 იანვარს.. დელეგაციის მეთაური იყო კარლო (ნიკოლოზ) ჩხეიძე.  პარიზში ჩასვლის პირველსავე დღეს  საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა რწმუნებულებმა - ზ. ავალიშვილმა და დ. ღამბაშიძემ, ოფიციალური მემორანდუმით მიმართეს კონფერენციის გენერალურ მდივანს - დიუტასტას, რომლის კაბინეტის უფროსმა არნავონმა, ქართველებს ურჩია ჯერ-ჯერობით მოლაპარაკება საფრანგეთის საგარეო საქმეთა პოლიტიკურ განყოფილებასთან ეწარმოებინათ. დელეგაციამ საფრანგეთის მთავრობასა და ყველა დიდ სახელმწიფოთა დელეგაციებს დოკუმენტების პაკეტი გადასცეს, რომელშიც განმარტებული იყო ოსმალეთთან და გერმანიასთან საქართველოს დამოკიდებულების ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტები. დელეგაციამ პარიზში, 1919 წლის მარტიდან 1920 წლის დამლევამდე იარსება. ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტის თანახმად, როგორც დელეგაციის თავმჯდომარე კ. ჩხეიძე წერს: „1919 წლის მარტის დასაწყისში დიდი ვაი ვაგლახის შემდეგ, პარიზამდე მიაღწია საქართველოდან წამოსულმა დელეგაციამ. ეს გარემოება ემცნო საზავო კონფერენციის სხვადასხვა დელეგაციებს... ჩვენი დელეგაციის დიდი ნაწილის საფრანგეთში შესვლა ვერ მოხერხდა (შემოვედით მხოლოდ კ. ჩხეიძე და ი. წერეთელი) და ერთი თვის შემდეგ ი. გობეჩია - დანარჩენებს მოკავშირე მთავრობათა წარმომადგენლებმა კონსტანტინოპოლიდან გასვლა აუკრძალეს. ამის გამო, ერთ-ერთ კრებაზე (ეს იყო 1919 წლის 7 მაისს) დელეგაციამ დაადგინა შეავსოს თავისი შემადგენლობა ახალი წევრებით. ამნაირად მოქცევის უფლება ჩვენ წინასწარ წამოვიღეთ მთავრობისგან. ასე რომ, ამ მომენტიდან დელეგაციის წევრებად ითვლებიან სხვებთან ერთად: ზ. ავალიშვილი, კ. გვარჯალაძე და დ. ღამბაშიძე. აქვე უნდა მოვიხსენიოთ, რომ ეს უკანასკნელი თითქმის იმ დღესვე გაემგზავრა ლონდონში და შემდეგ ის საქართველოში წავიდა. ასე რომ, ის არ დასწრებია დელეგაციის არც ერთ კრებას და მისი პარიზში არ ყოფნის დროს (6 თვის განმავლობაში) არც ტელეგრამა და არც წერილი არ მოუწოდებია დელეგაციისათვის და ამნაირად სრულად შეწყვიტა ჩვენთან კავშირი და დამოკიდებულება...“ დელეგაციის შემადგენლობა პერიოდულად იცვლებოდა. სხვადასხვა დროს მასში შედიოდნენ, გარდა ზემოჩამოთვლილებისა: ვარლამ ჩერქეზიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, საფრანგეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მომავალი ელჩი - აკაკი ჩხენკელი, დელეგაციასთან მუშაობდნენ ელენე წერეთელი-დემოლონისა, ვიქტორ ბაბე, ქრისტინე ჰელმი-ჯავრიშვილისა, ხოლო საინფორმაციო ბიუროში - ჯინორია. მოთათბირის სტატუსით დელეგაციაში ივანე ჯავახიშვილი შეიყვანეს, რომელსაც ისტორიულ-ეთნოგრაფიულად უნდა დაესაბუთებინა საქართველოს საზღვრები. დელეგაცია მას სომხებისა და აზერბაიჯანელების ტერიტორიული პრეტენზიების წინააღმდეგ არგუმენტების  ჩამოყალიბებას ავალებდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა გენერალი ილია ოდიშელიძე. მოთათბირის სტატუსით, მაგრამ ფაქტობრივად დელეგაციის საქმეთა მმართველად ევროპაში მყოფი ქართველი დიპლომატის - დავით ღამბაშიძის ძმა ვახტანგ ღამბაშიძე დაინიშნა. კანცელარიის გამგეობა  ივანე ზურაბიშვილს ჩააბარეს. საინფორმაციო ნაწილის გამგეებად დასახელებული იქნენ გრიგოლ რობაქიძე და ილია ნაკაშიძე. მათ მოვალეობას უცხოურ პრესასთან და სხვადასხვა ჯგუფებთან საინფორმაციო მუშაობა შეადგენდა. დელეგაციის სამდივნოს ქართული ნაწილის გამგეობა ი. გოგოლაშვილს დაევალა. საქმეთა სიმრავლისა და ენების უცოდინარობის გამო მას დამხმარედ ირაკლი წერეთლის და - ეთერ წერეთელი, აგრეთვე ანდრია დეკანოზიშვილი დაუნიშნეს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნაზარაშვილი, რომელსაც შიკრიკის ფუნქცია უნდა შეესრულებინა და ინფორმაციის გაცვლისთვის ყოველ ორ კვირაში, თბილისსა და პარიზს შორის უნდა ემოგზაურა. კომუნიკაციის საშუალებებისათვის დელეგაციაში რადიოს სპეციალისტი - წვერავა შეიყვანეს. დელეგაციის გამგზავრებისა და თავდაპირველი ხარჯებისთვის, ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი რუსული მანეთი გამოიყო. დღიურ გასამრჯელოდ თითოეულ წევრს  50 ფრანკი მიეცა. მთავრობამ ვალდებულება აიღო, რათა  დელეგაციის წევრთა თბილისში დარჩენილ ოჯახებზეც ეზრუნა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates