• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სახალხო განათლების შესახებ კანონი

სახალხო განათლების შესახებ კანონი კანონპროექტი საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ შეიქმნა 1919-ის 17 ივლისს. პროექტში ნათქვამი იყო, რომ ის ახალი საფუძველი, რომელსაც დამოუკიდებელი საქართვეოს სკოლა უნდა დაფუძნებოდა, იქნებოდა `დემოკრატიზმი, ადამიანის ჰარმონიული განვითარება. თანასწორობის იდეალზე აგებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ადამიანი არა მარტო უფლებრივად, არამედ კულტურული ნიშნითაც უნდა ყოფილიყო გათანაბრებული. განათლების უფლება უნდა ჰქონოდა ყველა ადამიანს, ამასთანავე, კანონპროექტი მოითხოვდა: „ყველასათვის ერთი ისეთი სკოლა უნდა შეიქმნას, რომელიც როგორც თავისის შინაარსით, ისე შემადგენლობითაც ერთიანი იქნება~. ერთიანი სკოლის პირველ საფეხურზე საშუალო სკოლებს უნდა გამოყოფოდა მოსამზადებელი კლასები. ერთიანი სკოლის შექნის მეორე საფეხურზე პირველი ოთხი კლასი გამოეყოფოდა და პროგრამულად გაერთიანდებოდა გარდაქმნილ უმაღლეს დაწყებით სკოლასთან. საშუალო სკოლად ითვლებოდა მე-5-მე-8 კლასი, სადაც კანონპროექტის ავტორები შესაძლებლად თვლიდნენ ე. წ. ბიფურკაციას, ანუ მოწაფეების მიერ საკუთარი ნიჭის ინდივიდუალურად გამოკვეთას, თუმცა, ამისთვის საჭირო მატერიალური თუ საზოგადოებრივ-კულტურული დონის  იმჟამად არარსებობის გამო, უბრუნდებოდნენ საშუალო სკოლაშო საერთო განათლების ერთი ტიპის დაკანონებას.  საშუალო სკოლის მთვარი მიზანი იქნებოდა არა მარტო ცოდნის, არამედ ადამიანისა და ბუნების შესწავლა. საშუალო სკოლაში ფსიქოლოგიის სწავლებას `საპატიო ადგილი უნდა დათმობოდა.  ფსიქოლოგიის შემდეგ, საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის სწორი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცნობიერების ჩასანერგად აუცილებელ საგნად გათვალისწინებული იყო ისტორიის სწავლება. აქედან, საპატიო ადგილი საქართველოს ისტორიას დაეთმობოდა.   „ახალი სკოლის სასწავლო გეგმაში დიდი ცვლილებაა შეტანილი, _ ვკითხულობთ დოკუმენტში, - ბუნებისმეტყველების ყველა დარგს ( ანატომია, ფიზიოლოგია, ზოოლოგია, ბოტანიკა, ქიმია) რომელიც დღემდე ნამდვილ საშუალო სკოლაში (მე-5-მე-8 კლასები) არ ისწავლებოდა, სათანადო ადგილი აქვს დათმობილი საშუალო სკოლის ყველა კლასში“. საგნების შესწავლის წრე საბოლოოდ ასე ისაზღვრებოდა: ქართული ენა და სიტყვიერება, რუსული და მსოფლიო ლიტერატურა, მეორე უცხო ენა (ფრანგული, გერმანული და ინგლისური), ისტორია, პოლიტიკური ეკონომია, სამართლის მეცნიერება, ფსიქოლოგია, ლოგიკა და საბუნებისმეტყველო-სამათემატიკო დარგის ყველა საგანი, ჰიგიენა, ფიზკულტურა, გალობა და მუსიკა, ხელსაქმე და ხელგარჯილობა.  დოკუმენტში მოტანილია ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში საშუალო სკოლის სწავლების გამოცდილება. ამ მაგალითების გათვალისწინებით, საშუალო სკოლის პროგრამებიდან ამოიღეს კლასიკური ენები, რასაც მანამდე რუსულ სკოლებში  გამორჩეული ადგილი ეჭირა, თუმცა, გამონაკლისად დაუშვეს ლათინური ენა, ის ისწავლებოდა როგორც არასავალდებულო საგანი, მოსწავლეთა მოთხოვნის მიხედვით და სპეციალურად შექმნილი პროგრამით. გამოკვეთილი აქცენტი გადატანილი იქნა სწავლებაში თვალსაჩინოების გამოყენებაზე, სასკოლო მეცადინეობის გადატანაზე ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში, თეორიულ ცოდნაზე დამკვიდრებულ პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებაზე. სახელმწიფოს დაფინანსებაზე არსებული ყველა სკოლა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო ერთი ტიპის. 1919-21 წლებში საშუალო სკოლის პირველი ოთხი კლასი უნდა გადაკეთებულიყო უმაღლეს დაწყებით სკოლებად. საშუალო სკოლის რეორგანიზაცია 1923 წლამდე უნდა დასრულებულიყო. ქვეყნის ყველა არაქართულ სკოლაში სავალდებულო საგნად ითვლებოდა სახელმწიფო (ქართული) ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლება.                  

სახაზინო ვალდებულებები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

სახაზინო ვალდებულებები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა. მოკლევადიანი 5%-იანი ვალდებულებანი, რომლებიც 1918-ის 24 დეკემბერს გამოუშვა საქართველოს დრ-ის ხაზინამ. მათი გამოშვება განაპრობა სომხეთის მიერ საქართველოსთან დაწყებულმა ომმა, რომელმაც თითქმის სამ კვირას გასტანა და აგრესორის დამარცხებით დასრულდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატის ბონები თბილისში იბეჭდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას არ განუხორციელებია მისი ემისიის უფლების უზურპაცია და არ გამოუყენებია ფულის საბეჭდი ექსპედიცია საკუთარი ხარჯების დასაფარად. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ომით გამოწვეული ფინანსური ხარჯი დაეფარა სხვა საშუალებით, კერძოდ, მოსახლეობაში დაგროვილი ნაღდი ფულის მასა სახელმწიფოს შინაგანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით ამოექაჩა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ “კანონში მოკლევადიანი 5% სახელმწიფო ხაზინის ვალდებულების გამოცემისა“, ნათქვამი იყო: “ფულის ტრიალის გასაადვილებლად და სახელმწიფოს არაჩვეულებრივის ხარჯის დასაკმაყოფილებლად მიეცეს რესპუბლიკის მთავრობას უფლება გამოსცეს ორმოცდაათი მილიონი მანეთის მოკლევადიანი 5% სახელმწიფო ხაზინის ვალდებულებანი ერთი წლის ვადით. ვალდებულებანი უნდა იყოს უსახელო და დაყოფილი შემდეგ კუპიურებად: 5000, 1000, 500, 100 და 25-მანეთიანად”. ამ ვალდებულებათა სარგებელი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადისაგან. მათი შეძენა შეიძლებოდა სახელმწიფო ბანკის კანტორასა და განყოფილებაში, რესპუბლიკის ხაზინებსა და კერძო საკრედიტო დაწესებულებებში. ისინი გაიცემოდა და მიიღებოდა ხაზინაში ნებისმიერი შემოსავალ-გასავლის დასაფარად და ასევე საწინდრადაც. ვალდებულებები დაიბეჭდა თბილისში არსებულ ფულის საბეჭდ ექსპედიციაში. მათი ზომა შეადგენდა 325X123 მმ-ს. მათი ფერები შემდეგნაირი იყო: 25 მანეთი -  რუხი და ყავისფერი; 100 მანეთი - რუხი; 500 მანეთი -  რუხი და ცისფერი; 1000 მანეთი - რუხი და იისფერი; 5000 მანეთი  რუხი. ვალდებულებების ავერსზე არის შემდეგი წარწერები: “საქართველოს რესპუბლიკის ხაზინის 5% მოკლე ვადიანი ვალდებულება” (ქართულად, რუსულად, ფრანგულად). მხოლოდ ქართულ ენაზე არსებული წარწერა გვაუწყებს: “ამ ვალდებულების წარმომდგენს საქართველოს რესპუბლიკის ხაზინა 1920 წ. 1 იანვარს მისცემს ოცდახუთ (ანდა  ას, ხუთას, ათას და ხუთი ათას.-  ნ. ჯ.) მანეთს”. ვალდებულებათა მარცხენა ნახევარზე გამოსახულ მოგრძო ჩუქურთმაში ჩახატულია საქართველოს დ რ-ის სახელმწიფო გერბი. ვალდებულებებზე გვხვდება მთავრობის თავმჯდომარის ნ.  ჟორდანიას და ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის მინისტრის გ. ჟურულის ფაქსიმილეები. მათზე აღნიშნულია ვალდებულებათა სერია ქართული ასოთი და ექვსნიშნა ნომერი არაბული ციფრებით. იქვეა მითითებული, რომ “სარგებელი ეძლევა წინდაწინ და 5% გადასახადისაგან განთავისუფლებულია”. ზემოთ მითითებულია “ვადა 1 იანვარი 1920 წ.” ვალდებულებების რევერსზე, ცენტრში ჩახატულია ვალდებულებათა ნომინალური ციფრი. ვალდებულებების გამოშვებას ვერ მოჰყვა ის შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მოსახლეობა ამას მიუჩვეული იყო, რასაც კ. კანდელაკიც აღიარებდა. საპირისპირო ვითარება იყო მაგალითად, რუსეთის იმპერიიდან თავდახსნილ ევროპულ ქვეყნებში:  ფინეთში, პოლონეთსა და ბალტიის რესპუბლიკებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო საბანკო დაწესებულებებთან, იძენდა ფასიან ქაღალდებს და ფულსაც შემნახველ სალაროში ინახავდა. იმავდროულად, იქაური კერძო ბანკები მხარში ედგნენ სახელმწიფოს ხელისუფლებას ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში, განსხვავებით თბილისში არსებული კერძო ბანკებისა, რომლებიც ქართული სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილ არაქართველთა ხელთ იყო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. 1811რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მართლმადიდებლური საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით გამოსცა ბრძანებულება საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ. კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის სახელო გააუქმეს და.ქართულ ეკლესია სათავეში რუსეთის სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსი ჩაუყენეს. საქართველოს ეკლესია რუსეთის სინოდალურ კანტორას დაუქვემდებარდა. საქართველოში ავტოკეფალისტური მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა XX საუკუნის დასაწყისში, ამ მოძრაობაში სასულიერო პირებთან (ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, კალისტრატე და სხვები) ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერო პირებიც, მათ შორის ქვეყნის პოლიტიკური და სამეცნიერო-კულტურული ელიტა.           

ქართველმა სასულიერო პირებმა ისარგებლეს რუსეთის მონარქიის დაცემით შექმნილი  მდგომარეობით. 1917-ის. 8 მარტს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 1917 წ. 12 მარტს, კვირას მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში შეიკრიბა ათასობით ადამიანი. ღვთისმსახურება აღავლინა გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე). მსახურებაზე იყვნენ: იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი), გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), ალავერდის ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა), თბილისის მთელი ქართული სამღვდელოება, საქართველოს საგუბერნიო და სამაზრო მარშლები, თავადაზნაურობა და წირვაზე მოსული მორწმუნე ხალხი. წირვისა და პარაკლისის აღსრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ წაიკითხა უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება მთავარი დოკუმენტის შინაარსი კი შემდეგნაირი იყო: "1917 წლის ამა მარტის 12 დღესა მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საყდარში, კვირა დღეს, შევიკრბენით რა ჩვენ, საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარნი, სამღვდელოების კრებული და სამწყსოთა წარმომადგენლები, შევასრულეთ წირვა და სავედრებელი პარაკლისი. გავითვალისწინეთ რუსეთის სახელმწიფოში მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახალი მთავრობის დაფუძნება და მისი საყოველთაო საზოგადოდ სახელმძღვანელო დებულებანი და განსაკუთრებით სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლების მისგან აღსარება მივიღეთ რა მხედველობაში:

ა) ვინაიდან საქართველოს ეკლესია არსებობდა დამოუკიდებლად, თანახმად მსოფლიო კრებათა კანონებისა, რომლის მოსპობა ანუ გაუქმება არ ექვემდებარებოდა არავითარ ძალას, გარდა მსოფლიო კრებათა და სრულიად არაკანონიკურად შეაჩერეს მისი ავტოკეფალური მართვა-გამგეობა;

ბ) საჩქაროდ განგრძობილ იქნეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მართვა-გამგეობა“

აღნიშნული დოკუმენტის მიღება ავტოკეფალური მოძრაობის ლოგიკური დასასრული იყო, ამის შემდეგ ქართველმა სასულიერო პირებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისათვის.

საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ დებულება

საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ დებულება.  1918-ის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის თავ-რეობით შედგა საგანგებო თათბირი განათლების რეფორმის გატარების თაობაზე, გადაწყდა, რომ სასკოლო და მოზრდილი (40 წლამდე) ასაკის ადამიანებისათვის შემოღებული ყოფილიყო საყოველთაო და სავალდებულო სწავლება. შედგა დებულება საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ. დებულების I მუხლის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის საერთო განათლების ყველა საშუალო სკოლა ერთი ტიპის უნდა ყოფილიყო. ამ მუხლს ჰქონდა შენიშვნა: საერთო (ზოგადი) განათლების საშუალო სკოლა, რომელიც ქალაქთა, ერობათა, საზოგადოებათა ან კერძო პირთა საშუალებით ინახებოდა, შესაძლო იყო განსხვავეული ყოფილიყო ამ მუხლში აღნიშნული სკოლის საერთო ტიპისაგან იმ აუცილებელი პირობით, თუ ეს განსხვავება ყოველ კერძო შემთხვევაში დადასტურებული იქნებოდა განათლების სამინისტროს მიერ. შემდეეგი მუხლები დებულებისა ასე იყო ფორმულირებული: II მუხლი: საერთო განათლების საშუალო სკოლის მიზანია აღზარდოს მოზარდი თაობა და მისცეს მას დასრულებული მთლიანი საშუალო განათლება და ამავე დროს მოამზადოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის; III. განათლების საშუალო სკოლას აქვს 4 კლასი, ერთი წლის კურსით თითოეული; შენიშვნა 1 : 1919-1920 და 1920-1921 სასწ, წლებში გიმნაზიებში არსებულ  8 და 7-კლასიან საზოგადო განათლების საშ. სკოლის და აგრეთვე საპრ. და სატეხნიკო სკოლების პირველი ოთხი კლასი გადაკეთებული იქნეს უმაღლეს დაწყებით სკოლებად. შენიშვნა 2: გაუქმებული იქნეს საერთო განათლების საშუალო სკოლებთან არსებული მოსამზადებელი კლასები. IV მუხლი: განახლებულ საშუალო სკოლებში შეისწავლებოდა შემდეგი საგნები: ქართული ენა და სიტყვიერება; რუსული და მსოფლიო ლიტერატურა, ორი უცხო ენა, მათ შორის ერთი რუსული, მეორე - არჩევით, ან ფრანგული, ან გერმანული, ან ინგლისური, ისტორია, პოლიტიკური ეკონომია, სამართლის მეცნიერება, ფსიქოლოგია, ლოგიკა, მატემატიკა, მათემატიკური გეოგრაფია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბუნებისმეტყველება და ჰიგიენა, ფიზიკური ვარჯიშობა, გალობა და მუსიკა, ხელსაქმე და ხელგარჯილობა. V მუხლი: ლათინური ენა, როგორც სავალდებულო საგანი ამოღებული იქნა; აღნიშნული დებულება, როგორც კანონპროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სკოლების მართვისა და სწავლა-აღზრდის ერთიანი პრინციპის შემოღების შესახებ მოიწონა მთავრობამ და 1918-ის 3 ივნისს წარუდგინა ეროვნულ საბჭოს დასამტკიცებლად. ერ. საბჭომ კანონპროექტი დაამტკიცა.     

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ. საბჭოთა რუსერთის მიერ აზერბაიჯანისა (1920-ის 28 აპრილი) და სომხეთის (1920-ის 29 ნოემბერი) გასაბჭოების შემდეგ, საქართველო რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის ხელისუფლება მტრის დასახვედრად მომზადებაში განსაკუთრებულ როლს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხრიდან დახმარებაში ხედავდა. ევროპის ქვეყნებისგან საქართველოს მთავრობისადმი მიცემული დაპირებების (ეკონომიკური, სამხედრო) შეუსრულებლობამ და ინგლისის მთავრობის მხრიდან ამიერკავკასიით დაუინტერესებლობის ოფიციალურად აღიარებით, საბჭოთა რუსეთს, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლების პირობები შეუქმნა. მეორე მხრივ, რუსეთის შესაბამისი უწყებისადმი ცნობილი იყო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსული საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდიდა. პოლონეთთან გამარჯვებამ (1920 წლის 12 ოქტომბერი) და ვრანგელის დამარცხებამ (1920 წლის ნოემბერი), საბჭოთა რუსეთს იზოლაციაში დარჩენილი საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების შესაძლებლობა მისცა. საქართველოს გასაბჭოება სამხედრო ჩარევის გზით უშუალოდ გადაწყდა  რკპ (ბ) ცკ- ის პლენუმის 1921 წლის 26 იანვრის დადგენილებით. მისი პრაქტიკული განხორციელების პროცესში  განსაკუთრებით აქტიურობდნენ  ი.სტალინი და ს.ორჯონიკიძე. გადაწყდა რომ საბჭოთა რუსეთის XI  წითელი არმია საქართველოში უნდა შემოჭრილიყო ვითომ ბორჩალოს მაზრის ლორეს რაიონში აჯანყებული მშრომელების დასახმარებლად. 1921-ის 11-12 თებერვლის ღამით ლორეს სასაზღვრო რუსულ-სომხურ სოფლებში მართლაც დაიწყო ინსპირირებული „აჯანყება“, რომლის მონაწილე „მშრომელების“ დასახმარებლად XI არმიის საზღვართან განლაგებული ნაწილები თავს დაესხნენ საქართველოს. ქართული არმიის ნაწილები დამარცხდნენ და უკანდახევა დაიწყეს, ხოლო ბევრი ტყვედ ჩავარდა. XI წითელი არმიის ძირითადი ნაწილები აზერბაიჯანის მხრიდან 15 თებერვალს შემოიჭრნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საქართველოზე თავასხმიდან მეექვსე დღეს, 16 თებერვალს აჯანყებულებმა და სოფ. შულავერში შექმნილმა ე. წ. საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა „ინტერნაციონალური დახმარება“ თხოვა საბჭოთა რუსეთის მეთაურს ვ. ლენინს. განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლები გაიმართა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად იმისა, რომ 1921 წლის 20, 21, 22, 23 თებერვლის საბრძოლო მოქმედებები ქართული ჯარის გამარჯვებით დამთავრდა, მთავარსარდალ გ.კვინიტაძის №131- ე ბრძანების თანახმად, ქართულმა ჯარმა უკან დაიხია და თბილისი დატოვა. 25 თებერვალს XI არმია თბილისში შემოვიდა. ს.ორჯონიკიძემ ვ.ლენინს და სტალინს დეპეშით აცნობა: „თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“  საბჭოთა რუსეთის VIII, IX და XIII არმიების ნაწილები კიდევ რამდენიმე მიმართულებიდან შემოიჭრნენ ქვეყანაში: 25 თებერვალს მამისონის უღელტეხილიდან (33- ე სამთო მსროლელი დივიზიის 38-ე ბრიგადამ);  სოჭი-სოხუმის მიმართულებით (სამი ქვეითი და ერთი ცხენოსანი დივიზია). გარდა ამისა, . სამხრეთიდან საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ოსმალეთის ჯარებმა, რომლებმაც ართვინი და ბათუმი დაიკავეს. 1921-ის 17 მარტს, ქუთაისში ხელმოწერილი შეთანხმებით, ქართულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა და მთელი ძალისხმევა ოსმალო ასკერებისაგან  ბათუმის გასანთავისუფლებლად მიმართა 20 მარტს გენერალ გ. მაზნიაშვილმა შეძლო ბათუმიდან ოსმალების განდევნა, რაშიც მას რუსული ჯარის ნაწილებიც დაეხმარნენ. 17-18 .  მარტის ღამით საქართველოს ტერიტორია დატოვა პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ და საფრანგეთში გაიხიზნა ისე რომ საბჭოთა ხელისუფლების წინაშე კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ამ გარემოებამ ყოველგვარი ფორმალურ-სამართლებრივი გამართლების საფუძველი გამოაცალა 1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველო-რუსეთის ომს და აქცია საბჭოთა რუსული იმპერიის მიერ განხორციელებული, სუვერენული ქვეყნის ერთ-ერთი პირველი დაპყრობის მაგალითად.                                                                                  

საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლის თებერვალ- მარტში განხორციელებული მოვლენების შეფასების შესახებ სპეციალურად იმსჯელა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1989 წლის 18 ნოემბრის სესიამ. ამ დოკუმენტში ხაზგასმითაა მითითებული, რომ საბჭოთა რუსეთმა დაარღვია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება. მის მიერ საქართველოში ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება „სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობილების შეცვლის მიზნით. ეს აქცია... პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, როგორც ფაქტობრივი ანექსია“

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates