საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი დიდ ბრიტანეთთან. საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთიერთობებს დიდ ბრიტანეთთან საფუძველი ჩაეყარა I მსოფლიო ომის დასრულებისთანავე. ინგლისის ჯარის საქართველოში შემოსვლის შემდეგ, 1919 წ. 15 თებერვალს შედგა საუბარი მათ სარდალ უოკერს და ნ. ჟორდანიას შორის. კითხვაზე, თუ რა დახმარებას უნდა მოელოდეს საქართველო ბრიტანეთისაგან, უოკერმა ასე უპასუხა: „მივაქციე ყურადღება თქვენი რესპუბლიკის ფინანსურ მდგომარეობას, მაგრამ ვინაიდან იგი მჭიდროდაა დაკავშირებული რკინიგზის საქმესთან, ინგლისი ვერ დააფინანსებს ქვეყნებს, სადაც ეს საქმე უზრუნველყოფილი არ იქნება. რაც შეეხება კერძო კაპიტალის მოდენას, თქვენში არსებული სოციალიზაციის პირობებში მოკავშირეთა კაპიტალი აქ ვერ მოვა“. ნ. ჟორდანიამ აღნიშნა, რომ საქართველოში არ ხდებოდა სამრეწველო და სავაჭრო საწარმოთა სოციალიზაცია, რაზედაც უოკერმა ეჭვი გამოთქვა. ჟორდანიამ უპასუხა: „ეს რომ ასე არ იყოს, ჩვენ ბოლშევიკები ვიქნებოდითო“. 4 სექტემბერს ე. გეგეჭკორმაც განუცხადა ბრიტანეთის წარმომადგენელს ო. უორდროპს: „საქართველოს მთავრობას შეგნებული აქვს, რომ ის უნდა ეყრდნობოდეს რომელიმე მტკიცე სახელმწიფოს ორგანიზმს და ამ შეგნებამ გვიკარნახა გარკვეული ორიენტაცია ინგლისზე... საქართველო თხოვს დახმარებას ინგლისს და სურს იცოდეს, რას მოისურვებს ინგლისი სანაცვლოდ“. ინგლისელებმა საქართველოს რკინიგზაზე კონტროლი დააწესეს და ბათუმის ოლქი საკუთარ საგენერალ-გუბერნატოროდ აქციეს, რამაც ქართველობა მათ წინააღმდეგ განაწყო.
მართალია, ბრიტანეთის ხელისუფლების დაინტერესება საქართველოს ბუნებრივი რესურსებით, სტრატეგიული სახმელეთო თუ საზღვაო სატრანსპორტო კომუნიკაციებით და ა. შ. დიდი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანმა მიზეზებმა ის აიძულა, რომ ეკონომიკურ მისწრაფებათა პრაქტიკულ განხორციელებაზე უარი ეთქვა. იმხანად, ბრიტანეთის მთავრობა დაკავებული იყო მსოფლიო ომის შემდგომი მოწყობისა და საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის განმტკიცების კარდინალური საკითხებით. მისი ყურადღება და ფინანსური შესაძლებლობები მიმართული იყო „რუსეთის საკითხის“ მოწესრიგებისაკენ. ამ ფუნდამენტური საკითხების გვერდით „საქართველოს საკითხი“ აქტუალობას კარგავდა. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა შეეცადა, რომ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში და მათ შორის დიდ ბრიტანეთში მოეპოვებინა კრედიტი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. 1920 წ. მარტში საქართველოდან გაგზავნილმა სამთავრობო მისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: კ. კანდელაკი (ხელმძღვანელი), ფ. გოგიჩაიშვილი (სახელმწიფო კონტროლიორი), ნ. ნიკოლაძე, ზ. ავალიშვილი და მ. სუმბათაშვილი, ევროპაში დიდხანს დაჰყო. მათ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის ბანკთან დადებული ხელშეკრულება მოკლევადიანი (5-წლიანი) სესხის თაობაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაღდ ანგარიშზე უნდა გადასცემოდა კრედიტი 1,5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით. ამ თანხით, რომელიც იმხანად 27 მილიარდ ქართულ მანეთს შეადგენდა, შესაძლებელი იყო საქართველოს ბონისა და ჩვენი ქვეყნის წილად დაბეჭდილი ამიერკავკასიის კომისარიატის ბონის აბსოლუტური რაოდენობის გამოსყიდვა და პლუს დაფარვა 1 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა, რომელიც 1920-1921 წლის ხარჯთაღრიცხვის პროექტით - 8 მილიარდ 552 მილიონ ქართულ მანეთს უდრიდა. ცნობას ამ ხელშეკრულების დადების შესახებ ქართული ვალუტის კურსის გამყარება მოჰყვა. გირვანქა სტერლინგის ღირებულება 1920 წ. ბოლოს შეადგენდა 18,000 ქართულ მანეთს, 1921 წ. დამდეგს კი მისი ფასი 11,000 მანეთამდე დაეცა. საბოლოოდ, ამ ხელშეკრულების რეალიზაციას ხელი შეუშალა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამ.