საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი იტალიასთან. საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთიერთობებს იტალიასთან საფუძველი ჩაეყარა 1919-დან. ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა 22 აპრილს პარიზის კონფერენციის „ოთხთა საბჭოზე“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალთა მიერ ამიერკავკასიის დატოვების შემთხვევაში საქართველოსა და აზერბაიჯანზე მანდატი უნდა გადასცემოდა იტალიას. 12 მაისს თბილისში ჩამოვიდა იტალიის სამთავრობო მისია მელკიადე გაბას ხელმძღვანელობით, რომელსაც ამიერკავკასიაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება უნდა შეესწავლა. იტალიის მთავრობას საქართველოში მკაფიოდ განსაზღვრული ინტერესები ამოძრავებდა. იგი დაინტერესებული იყო ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებით, აბრეშუმით, თამბაქოთი და ხე-ტყით. ივნისის ბოლოს იტალიის მთავრობის სათავეში მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის კურსი ამიერკავკასიასთან მიმართებაში კარდინალურად შეცვალა. ამის შედეგად, თბილისში მყოფ მ. გაბას მისიას ჩამოერთვა სამხედრო-პოლიტიკური საკითხების გადაჭრის პრეროგატივა და მთელი მისი მოღვაწეობა ამიერიდან წარიმართა დიპლომატიური კონტაქტების შემდგომი განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აქტივიზაციის ხაზით. საქართველოს მთავრობის საკონცესიო პოლიტიკაც ძირითადად გამოვლინდა იტალიასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებით. ეს განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად იტალია იყო დაინტერესებული საკუთარი ნედლეულისა და სათბობის დეფიციტი შეევსო საქართველოს ბუნებრივი რესურსებით. სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა იტალიის სამრეწველო-საფინანსო ოლიგარქიის წარმომადგენელი, მსუბუქი მრეწველობის საწარმოებისგან შემდგარი კონცერნის ადმინისტრატორ-რწმუნებული ალბერტო კორსი. მან ადგილობრივ საქმიან წრეებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან ეკონომიკური ხასიათის მოლაპარაკებები აწარმოა. ამ ვიზიტის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენდა 1920 წ. ზამთრის მიწურულს საქართველოში მოწყობილი იტალიის საქმიანი წრეების უფრო მაღალი წარმომადგენლობითი მისია. პარალელურად, იმავე მიზნით რომში ჩავიდა საქართველოს სამთავრობო მისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საგ. საქ. მინისტრის მოადგილე კ. საბახტარაშვილი (ხელმძღვანელი), ფ. გოგიჩაიშვილი, ეკონომიკური მრჩევლები: ვ. ვოიტინსკი, ნ. ჯაყელი და სხვ. მათ მოღვაწეობას უკავშირდება 1919 წ. 21-22 ნოემბერს რომში გამართულ მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოსათვის პურის მოწოდების საკითხის გადაწყვეტა. საქართველო-იტალიის ეკონომიკური ურთიერთობის ისტორიის საყურადღებო ფაქტია ქართული ფულის ნიშნების დასამზადებლად საჭირო ქაღალდის მასალის შეკვეთა რომის ზარაფხანაში. 1919 წ. 13 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ს. ავალიანმა მთავრობას წარუდგინა მოხსენება „იტალიაში სახელმწიფო ქაღალდების დამამზადებელი ექსპედიციისათვის აუცილებელი 520 ათასი ფურცელი ქაღალდის შესაძენად 1 მლნ 200 ათასი ლირის ღირებულების საქონლის გაზიდვის უფლების შესახებ“. 1920 წ. დასაწყისში თამბაქოს რეალიზაციით მიღებული ვალუტით იტალიაში შეიძინეს ფულის ნიშნებისათვის საჭირო ჭვირნიშნებიანი ქაღალდი და საღებავები. ამ ქაღალდზე დაიბეჭდა 5,000-მანეთიანები, რომლებიც მიმოქცევაში 1921 წ. დასაწყისში გამოვიდა. 1920 წ. ივლისისათვის იტალიიდან შემოიტანეს 24,374 ტონა სხვადასხვა საქონელი, რომლის საქართველოს ბაზარზე რეალიზების საერთო თანხამ 80 მლნ 194,2 ლირას მიაღწია. იტალიის ელჩის ვ. ჩერუტის მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის საქონელბრუნვის საერთო მოცულობამ 1920 წ. შეადგინა 5 მლნ გ. სტერლინგი (იმპორტი 3, ექსპორტი 2). აქედან მნიშვნელოვანი წილი იტალიას ეკუთვნოდა. ჩვენში იმპორტირებული საქონლის 70% და სატრანსპორტო გადაზიდვების 60% იტალიური იყო. საქართველოს ნედლეულის ექსპორტზე იტალიის კავკასიური ბანკის მიერ გაცემული სესხი 80 მლნ ლირას აჭარბებდა.