• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩოლოქის ბრძოლა

ჩოლოქის ბრძოლა - ბათუმის დაცვის საქმეში ქართველი სარდლების მიერ დაშვებულმა ტაქტიკურმა შეცდომებმა და ოსმალო ასკერებისგან ქალაქის დაკავებამ ოსმალებს დამატებითი ტერიტორიების ხელში ჩაგდების სურვილი აღუძრა. ასეთ ვითარებაში, ნ.ჟორდანიას რეკომენდაციით, ჩოლოქ-ნატანების ხაზის დაცვა და ოსმალთა შეჩერება გენერალ გიორგი მაზნიაშვილს დაევალა. 1918 წ-ის 2 აპრილს ნატანებში ჩასული გ.მაზნიაშვილის განკარგულებაში იყო 674 ჯარისკაცი, 4 ტყვიამფრქვევი და 6 ზარბაზანი. 3 აპრილს მის განკარგულებაში გადავიდა ჯავშნოსანი მატარებელი ვ. გოგუაძის ხელმძღვანელობით. გ. მაზნიაშვილის ბრძანებით, ჩოლოქის ხიდის ახლო მონაკვეთიდან რკინიგზის ხაზის მოკლე შტო ტყეში შეიყვანეს და ჯავშნოსანი იქ გადამალეს. მოხალისეთა რაზმების დახმარებით, გ.მაზნიაშვილმა შეძლო სადგურ ნატანებიდან სოფლების -  ლიხაურის, შემოქმედის და ვაშნარის პოზიციების გამაგრება. მაზნიაშვილის სამხედრო გეგმის განხორციელებაში ხელშემწყობი როლი შეასრულა მდ. ოჩხამურთან 5 აპრილს ოსმალთა წინააღმდეგ პორუჩიკ ლ.იმნაძის რაზმის (70 კაცი)  5-საათიანმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლამ. სარკინიგზო ხაზის მიმართულებით მოძრავი მტერი 3 დღით იქნა შეჩერებული. ამავე დღეს ოზურგეთში ჩავიდნენ მხარზე თოფგადაკიდებული სოციალ-დემოკრატიის ლიდერები: ნ.ჟორდანია, ირ.წერეთელი და ვლ.მგელაძე. ამასობაში, ოზურგეთისაკენ დაიძრა ოსმალთა 500-კაციანი კოლონა. ამ მიმართულებით თავდაცვითი პოზიციის შენარჩუნების უზრუნველყოფა ევალებოდა პოლკ. ს.წერეთლის IV ლეგიონს (1000 ჯარისკაცი), რომელმაც პოზიციები უბრძოლველად დატოვა და მტერი ოზურგეთში შეუშვა. მაზნიაშვილმა წერეთელი თანამდებობიდან გადააყენა და მისი პასუხისმგებლობაში მიცემა მოითხოვა. მაზნიაშვილის ძალები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ზურგიდან მოსალოდნელი დარტყმის საფრთხის გამო, ჯარი ახალ პოზიციებზე გადააჯგუფა მის დასახმარებლად ხაშურიდან მიღებულ გვარდიის 1300-კაციან რაზმთან ერთად. ქართველთა თავდაცვითი პოზიციები იწყებოდა სოფ. შეკვეთილიდან, გაივლიდა ჩოლოქის რკინიგზის მიმართულებას, საღარიბოს ტყით გადიოდა მდ. ნატანებამდე და  ვაშნარის, ნასაკირალის, ცხემლის ხიდის, ჭალას, შემოქმედის გავლით, გოგიეთის მთამდე გრძელდებოდა. გედევანიშვილის გვარდიის ნაწილები ნაგომრის უღელტეხილებს იცავდნენ. მაზნიაშვილმა თავისი მცირეოდენი  და მოხალისეთა საფუძველზე შექმნილი რაზმები  იმ ფორმით გადააჯგუფა, რომ მტერს მარჯვენა ფრონტის გარღვევის და ჩოლოქ-ნატანების ხაზის ზურგში დარტყმის შესაძლებლობა არ მისცემოდა. რამდენადაც ოსმალები რკინიგზის ხაზის დაჭერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მათ მარცხენა ფლანგზე გალიპოლის ცნობილი დივიზიის 7000-კაციანი შემადგენლობა გადმოისროლეს. კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, ჯავშნოსანი მატარებელი №4-ის მეთაურს, ვალოდია გოგუაძეს, მტერთან შებმის გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ბრძოლის დაწყების წინ ჯავშნოსნის 80-კაციან ეკიპაჟის მებრძოლები ვ. გოგუაძემ  იმ საფრთხის გამო გააფრთხილა, რომელიც სამშობლოს ემუქრებოდა და იქვე დასძინა: ვისაც ბრძოლა არ შეეძლო ჯავშნოსნიდან ჩასულიყო. „სამშობლოსათვის ვიბრძვით და მისთვის დავიხოცებით“, - იყო მებრძოლთა პასუხი, რომელთა შორისაც ვ. გოგუაძის კიდევ სამი ძმა იყო: ალფესი, ნოე და მელენტი გოგუაძეები. 8 აპრილს დილის 5 საათზე ჯავშნოსანი მატარებელი ნელი სვლით რკინიგზის მთავარ ხაზზე გავიდა და მტრის ბანაკში სროლის გარეშე შევიდა. ჯავშნოსნის მეთაურმა სროლის ბრძანება მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც ოსმალები სანგრებიდან ამოვიდნენ და ლიანდაგზე შეჩერებული, თითქოს „დატყვევებული“ მატარებლის გარშემო დიდი რაოდენობით მოგროვდნენ. ტყვიამფრქვევებისა და ქვემეხების ცეცხლით,  ჯავშნოსნის ეკიპაჟმა მტრის წინააღმდეგ 5-საათიან ბრძოლას გაუძლო. 11 საათზე ჯავშნოსნის წინა ვაგონი რელსებიდან ამოვარდა. მასზე დაყენებული ტყვიამფქვევები და ქვემეხები მწყობრიდან იყო გამოსული. მატარებლის მეორე ვაგონის დაჭრილმა მეომრებმა იერიშზე გადმოსულ ოსმალებს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს, მაზნიაშვილის ბრძანებით, მატარებლის დასახმარებლად გამოგზავნილი 400-კაციანი გორის გვარდია შეტევაზე გადავიდა და მტერი უკუაქცია. ოსმალებმა 1015 ჯარისკაცი დაკარგეს, ხოლო 500-მდე დაიჭრა, ქართველთა დანაკარგი უმნიშვნელო იყო.  ჩოლოქის ბრძოლიდან მეოთხე დღეს, 12 აპრილს, დღის მეორე ნახევარში გერმანელთა ჯარის ქვედანაყოფი ნატანებში ჩავიდა. 13 აპრილს გერმანული დროშა აღიმართა ნატანების სადგურში და მდ. ნატანების ხიდზე. 1918 წ-ის 13 აპრილს საღამოს 7 საათისათვის მთავრობის სასახლის თეთრ დარბაზში ნ.ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების ცენტრის გაერთიანებულ სხდომაზე (ესწრებოდა 200 წევრი) ჯავშნოსანი მატარებელი №4-ის მეთაურს, ვ. გოგუაძეს, „რევოლუციის პირველი მხედრის“ წოდება მიენიჭა.                  

ჩეკები ქუთაისის საქალაქო ხაზინისა

ჩეკები ქუთაისის საქალაქო ხაზინისა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით გამოშვებული ფულადი სუროგატები. გამოუშვა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც, საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრის გამო, 1921 წ-ის 24 თებერვალს თბილისიდან გაიხიზნა და დროებით ქუთაისში შეჩერდა. 28 თებერვალს ამ ქალაქში შედგა რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელზეც მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, გრიგოლ ლორთქიფანიძემ, განაცხადა: „ლიხის მთაგრეხილის ბუნებრივ ზღუდეს დაემატება ჩვენი მხედრობის ცოცხალი გალავანი. აქ მიეცემა მტერს უკანასკნელი მოგერიებითი ბრძოლა. აქედან დაიწყება ჩვენი მხედრობის წინსვლა!“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილმა ხელისუფლებამ, რომელიც რიცხობრივად ჭარბ საოკუპაციო ძალებთან საბრძოლველად დიდძალ ფინანსურ რესურსებს საჭიროებდა, გადაწყვიტა, გამოეშვა დროებითი ფულადი ნიშნები, ოღონდ ქუთაისის ხაზინის სახელით. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ იგი მოახერხებდა თბილისში დაბრუნებას. შემდეგ კი ისინი ქუთაისში დაბეჭდილ ფულად სუროგატებს გადაცვლიდნენ იმხანად მიმოქცევაში არსებულ ქართულ ფულის ნიშნებზე (პარიტეტული კურსით). ვინაიდან თბილისიდან დასავლეთისაკენ ევაკუირებულმა საქართველოს მთავრობამ თან წაიღო ფულის საბეჭდ ექსპედიციაში დაცული ფილიგრანებიანი ანუ ჭვირნიშნებიანი (გამჭვირვალე გამოსახულებიანი) ქაღალდი, რომელიც 1920 იტალიის სამეფო ზარაფხანიდან ჩამოიტანეს, ახალი ფულადი ნიშნების დაბეჭდვის პრობლემა აღარ იდგა. მარტის დასაწყისში ქუთაისის საქალაქო ხაზინამ გამოუშვა იტალიური წარმოების თეთრი ფერის ჭვირნიშნებიან ქაღალდზე შავი შრიფტით ცალმხრივად დაბეჭდილი ჩეკები, ნომინალური ღირებულებით - 50 და 100 ათასი მანეთი. მათი ზომა იყო 210 X 95 მმ. აღნიშნული ჭვირნიშანი ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩასმული სამი ქართული ასოს - ს. დ. რ-ის ერთმანეთში მხატვრულად ჩაგვირისტებული კომბინაციაა, რომელიც აბრევიატურას წარმოადგენს და იშიფრება, როგორც „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.“ რომის ზარაფხანიდან ქაღალდის ძვირად ღირებული მასალის ჩამოტანის საკითხი დაისვა ჯერ კიდევ 1919 წ-ის 13 დეკემბერს, როდესაც საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილემ, სიმონ ავალიანმა, რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინა მოხსენება „იტალიაში სახელმწიფო ქაღალდების დამამზადებელი ექსპედიციისათვის აუცილებელი 520 ათასი ფურცელი ქაღალდის შესაძენად 1 მილიონ 200 ათასი იტალიური ლირის ღირებულების საქონლის გაზიდვის უფლების შესახებ“.  1920 წ-ის დასაწყისში საქართველოდან გატანილი თამბაქოს რეალიზაციიდან მიღებული ვალუტით იტალიის ფულისა და ფასიანი ქაღალდების დამამზადებელ ექსპედიციას შეუკვეთეს ფულადი ნიშნებისათვის საჭირო ქაღალდის მასალა და საღებავები. სწორედ აღნიშნულ მასალაზე დაბეჭდა სდრ-ის ფულისა და ფასიანი ქაღალდების დამამზადებელმა ექსპედიციამ  5 ათასი მანეთის ღირებულების ბონები (დროებითი ფულადი ნიშნები). ეს იყო ყველაზე მაღალი ნომინალური ღირებულების მქონე ბონის კუპიურა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოუშვა 1921 წ-ის იანვარში. ქუთაისის ხაზინის სახელით გამოშვებულ ჩეკებზე შემდეგი წარწერებია: “მიეცეს ამ ჩეკის წარმომდგენს ორმოცდაათი (ან ასი) ათასი მანეთი და ეს თანხა ჩამოიწეროს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს ანგარიშიდან“; „მიღება სავალდებულოა ერთი თვის განმავლობაში თანაბრათ საქართველოს ფულის ნიშნისა“. გაცემის მომენტში თითოეულ ჩეკზე შესაბამის გრაფაში ხელით აწერდნენ ნომერს, გაცემის თარიღს, გაცემული თანხის რაოდენობას და მისი მიმღების ვინაობას. ამის შემდეგ ჩეკს ხელს აწერდნენ „ფინანსთა მინისტრი“ და „ტფილისის ხაზინადარი“. ჩეკებზე გამოსახული იყო მრგვალ ჩარჩოში ჩასმული სდრ-ის სახელმწიფო გერბი. ქუთაისის ხაზინის ჩეკები მიმოქცევაში არ გასულა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ მალევე დატოვა ქუთაისი და 10 მარტის გამთენიიდან გადაინაცვლა ბათუმში, ხოლო იქიდან 18 მარტის საღამოს საფრანგეთისაკენ გაეშურა. ქუთაისის საქალაქო ხაზინის ჩეკების გამოშვება ცხადყოფს სდრ-ის დევნილი ხელისუფლების განზრახვას, რომ ქუთაისში ყოფნის პერიოდში ფინანსურად უზრუნველეყო თავი თბილისში შემოჭრილ საოკუპაციო არმიასთან და მათ მიერ ხელდასხმულ ბოლშევიკურ მთავრობასთან ბრძოლის გასაგრძელებლად, რაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ განხორციელდა.

შოთა რუსთაველის ჯგუფ-პარტია

შოთა რუსთაველის ჯგუფ-პარტია -  1919 წ-ის დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური ჯგუფი, რომლის საარჩევნო ნომერი იყო 10. წარდგენილი იყო ერთკაციანი პარტიული საარჩევნო სია: ევგენი დვალი (პროფესიით მწიგნობარ-მწერალი). სიას ხელს აწერდა 55 მხარდამჭერი. არჩევნებში ამ ჯგუფმა საქართველოს მასშტაბით მიიღო მხოლოდ 51 ხმა.

შრომის კანონმდებლობა

შრომის კანონმდებლობა -  საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1920 წ-ის 14 აგვისტოს „შრომის ხელშეკრულების შესახებ“ კანონი მიიღო. კანონი 91 მუხლისგან შედგება და იგი დეტალურად აწესრიგებს შრომით ურთიერთობებს მხოლოდ კერძო პირებს შორის. კანონის ნორმები არ ვრცელდებოდა სახელმწიფო და ადგილობრივ დაწესებულებებში მომსახურე პირებზე. კანონით განსაზღვრულია: კანონის მოქმედების ფარგლები, დაქირავების წესი, შრომის ხელშეკრულების ფორმები, ხელშეკრულების პირობები, კოლექტიური ხელშეკრულება, შინაგანი წესრიგი, საწარმოების მმართველი და მუშა-მოსამსახურეთა სიების წარმოება, საანგარიშო წიგნაკები, დაქირავებულისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობები, სამუშაო ხელფასი, შრომის ხელშეკრულების პირობის მოსპობა და გაუქმება, შრომის ხელშეკრულების დარღვევისათვის დასჯა და დაჯარიმება. კანონის მიხედვით, ხელშეკრულება იყო წერილობითი ან ზეპირი ფორმით. ხელშეკრულება დადებული უნდა ყოფილიყო განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით და რაიმე სამუშაოს შესასრულებლად. ხელშეკრულებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ზნეობის ნორმებს, ძალა არ ჰქონდა. კანონი ითვალისწინებდა კოლექტიური ხელშეკრულების დადებასაც. 41-ე მუხლის მიხედვით, დაქირავებული ვალდებული იყო, ჯეროვნად შეესრულებინა დაკისრებული სამუშაო, ხოლო 49-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელი ვალდებული იყო, დაპირებული გასამრჯელო გადაეხადა მისთვის. დამქირავებელი ვალდებული იყო, უზრუნველყო დაქირავებულისათვის ნორმალური შრომითი პირობები. კანონით განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები: მხარეთა შეთანხმება, ვადის გასვლა, დაპირებული სამუშაოს შესრულება, დაქირავებულის სიკვდილი, დაქირავებულის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ სამსახურში შესვლა. კანონის 72-ე მუხლის მიხედვით, დადგინდა დამქირავებლის მხრიდან შრომის ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების პირობები. 75-ე მუხლით კი განისაზღვრა, თავის მხრივ, დაქირავებულის უფლება, გაეუქმებინა შრომითი ხელშეკრულება. თუ დამქირავებელი კანონით განსაზღვრული პირობების გარეშე გააუქმებდა ხელშეკრულებას, მაშინ დაქირავებულს უფლება ჰქონდა, საჩივრით მიემართა სასამართლოსათვის. კანონის 83-ე მუხლი შრომითი დავებისათვის ითვალისწინებდა მომავალში შრომის სასამართლოს დაარსებას. შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს დაარსებამდე, ყველა საქმე ჩვეულებრივ სასამართლოებს უნდა განეხილა. შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაღვევისათვის კანონმდებელი სისხლის სამართლის სასჯელებს ითვალისწინებდა.

შეარაღებული ძალების მთავარსარდალი

შეარაღებული ძალების მთავარსარდალი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, მშვიდობიანობის პერიოდში არ არსებობდა მთავარსარდლის თანამდებობა. ომის ან საომარი საფრთხის შემთხვევაში, მთავრობის საგანგებო დეკრეტით, ინიშნებოდა მთავარსარდალი. ომის დროს ოპერატიულ საქმეებში მთავარსარდალი სრული თავისუფლებით სარგებლობდა. 1919 წ-ის 29 ივლისს მიღებული შეიარაღებულ ძალთა მმართველობის მოწყობის ახალი კანონის თანახმად, ომიანობის პერიოდში მთავარსარდალთან მთავრობის თავმჯდომარე, თუ ამის საჭიროებას დაინახავდა, ნიშნავდა სამხედრო-საველე საბჭოს, რომელიც განაგებდა ადგილობრივ ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ საკითხებს, მაგრამ საომარი ოპერაციების წარმოებაში მთავარსარდალი სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებდა. სხვადასხვა პერიოდში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეირაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშნული იყვნენ გენერლები: ალექსანდრე გედევანიშვილი (1918-1919  წწ.); ილია ოდიშელიძე (1920-1921 წწ.); გიორგი კვინიტაძე (1920-1921 წწ.).

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates