• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტანკები

ტანკები - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს 1920-დან შეიარაღებაში ჰყავდა, იმ დროისათვის ყველაზე თანამედროვე საბრძოლო მანქანა ტანკი. ეს ტანკები სახელმწიფოს ხელში ჩაუვარდა 1920-ის გაზაფხულზე, როდესაც ჩრდილო კავკასიაში ბოლშევიკებმა დაამარცხეს დენიკინის ნაწილები და გენერლების დრაცენკოსა და ერდელის შენაერთებმა საქართველოს ტერიტორიაზე ინტერნირება მოითხოვეს.  რესპუბლიკის მთავრობამ მათ ნება დართო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულიყვნენ, მაგრამ მათ ჩამოართვა იარაღი, მათ შორის ორი Mark V მოდელის ტანკი. ტანკები ჩარიცხეს სახალხო გვარდიის ჯავშნოსან შენაერთში, თუმცა ორივე ტანკი იყო ამორტიზებულ მდგომარეობაში და მათი შეკეთება ადგილობრივი ძალებით ვერ მოხერხდა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს თბილისში შემოსულმა რუსებმა რკინიგზის სადგურის სახელოსნოებში მიაგნეს ტანკებს და გააგზავნეს მოსკოვში. გაგზავნამდე კი 1921 წლის 20 მარტს მეთერთეტე არმიის ჯავშანძალების მეთაური ზუნმა უკვე საბჭოთა საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების კომისარს მიწერა, რომ ტექნიკის აწყობა მხოლოდ ცენტრში დიდ ქარხანაში იქნებოდა შესაძლებელი და ამიტომ ითხოვდა ტანკების მოსკოვში გაგზავნის ნებართვას, როგორც საქართველოს მთავრობის ,,საჩუქარს" რუსეთისადმი.

სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა

სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. დამოუკიდებელი საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რსდმ პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის სახელით ეროვნული სახელმწიფოს მართვა კურიოზულ ფაქტად რჩებოდა. აუცილებლობა პარტიის სახელწოდების შეცვლას   მოითხოვდა. ეს საკითხი, რსდმ პარტიის ამიერკავკასიის მერვე საოლქო ყრილობის (1918-ის 11 ნოემბერი) საგანგებო მსჯელობის საგანი გახდა. ყრილობა შესავალი სიტყვით ს.ჯიბლაძემ გახსნა. ყრილობას გადამწყვეტი ხმით 85, ხოლო სათათბიროთი 4 დელეგატი ესწრეbოდა. ყრილობამ თავმჯდომარედ ნ.ჩხეიძე აირჩია, მოადგილეებად  დ. ონიაშვილი და ალ.ლომთათიძე. პირველსავე სხდომაზე პრინციპულად დაისვა საკითხი, ყრილობის ქართულ ენაზე მუშაობის შესახებ. რაც შეეხება არაქართველ დელეგატებს, მათთვის რუსულად თარგმნილი მომხსენებელთა თეზისების დარიგება უნდა მომხდარიყო.  უკვე მოქმედებდა ეროვნული საბჭოს 1918-ის 1 ოქტომბრის კანონი, სახელმწიფო ენის შესახებ.   ეს ფაქტი, ქართველი სოციალ_ დემოკრატიის მესვეურებს, პოლიტიკური მსოფლმხედველობის გადასინჯვასთან ერთად, მათი საქმიანობის ეროვნული სახელმწიფოს ინტერეცებისადმი დაექვემდებარებას ავალებდა. ამ დიდი პასუხისმგებლობით იყო დატვირთული ნ.ჟორდანიას ყრილობაზე გაკეთებული მოხსენება. მან იმ ძირითადი მიზეზების შესახებაც გაამახვილა ყურადღება, რამაც ყრილობის მოწვევა და პარტიისადმი სახელწოდების შეცვლის აუცილებლობა მოითხოვა. მანვე დააყენა საკითხი პარტიის მმართველი ბირთვის მიერ წარსულში შემუშავებული დებულებების გადახედვის და დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებისადმი მორგების აუცილებლობის შესახებ. ნ.ჟორდანიასეული ეს პათოსი, იმავე ყრილობის დელეგატის ფირუმოვისადმი მიუღებელი აღმოჩნდა. მან ნ.ჟორდანია ნაციონალიზმში დაადანაშაულა და მისი პოზიციის უარყოფისკენ მოუწოდა. საპასუხო სიტყვაში, ნ.ჟორდანიამ დადებითად შეაფასა ქართველი სოციალ_ დემოკრატების პოლიტიკური კურსი და ოპონენტების მისამართით განაცხადა: „დემოკრატიული წყობილების აშენების დროს  ჩვენ გვიხდება მოქმედება ნაციონალურ ფარგლებში... ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ბრიყვი კოსმოპოლიტები... თუ რაიმეს გაკეთება შეუძლებელი ხდება ფართე მასშტაბით, მაშინ ის გაკეთებული უნდა იქნას ვიწრო ფარგლებში“.  ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჟორდანიასეულ ფორმულირებებზე იყო დაფუძნებული. ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობის პოზიციით იყო განხილული აგრარული საკითხი (მომხსენებელი ნ. ხომერიკი); .ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და განვითარების პრობლემები (კ. კანდელაკი); გ.ერაძის, რ. არსენიძის და სხვ. ყრილობის 18 ნოემბრის სხდომაზე, ნ.ჩხეიძემ საბოლოო სიტყვაში ეროვნული ნიშნით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამ ნაწილად გაყოფაზე გაამახვილა ყურადღება და გამოთქვა იმედი, რომ ამიერკავკასიის განცალკევებული რესპუბლიკების სოციალ-დემოკრატიული პარტიები ერთმანეთთან თანამშრომლობას გააგრძელებდნენ.

რამდენადაც აღნიშნული ყრილობის მსჯელობის ობიექტს საქართველოს რესპუბლიკა წარმოადგენდა, ხოლო დელეგატთა 99 %-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ, პარტიის მიმართ - „რსდმ პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის“ და  ყრილობის სახელწოდება, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ყრილობის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, იგი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყრილობად უნდა ჩათვლილიყო და პარტიულ ორგანიზაციასაც სახელწოდება უნდა შეცვლოდა. . ამიერკავკასიის VIII საოლქო ყრილობის დამთავრების მეორე დღესვე, 1918-ის 19 ნოემბერს, გაიხსნა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა.  მას დაესწრო 76 დელეგატი. ყრილობამ თავმჯდომარედ ნ.ჩხეიძე აირჩია. მოადგილეებად ალ.ლომთათიძე და დ.ონიაშვილი; საპატიო თავმჯდომარეებად: ნ.ჟორდანია, ირ.წერეთელი, ს.ჯიბლაძე და ნ.რამიშვილი. ყრილობამ პარტიის სახელწოდების საკითხი განიხილა და დაადგინა: „1. დღეიდან ჩვენი პარტია იწოდება საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიად, 2. რსდმ პარტიის ამიერკავკასიის მერვე საოლქო ყრილობის რეზოლუციები მიღებულია სავალდებულოდ და სახელმძღვანელოდ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დამფუძნებელი ყრილობისათვის. არჩეული იქნა დამფუძნებელი კრებისთვის კანდიდატების დამსახელებელი კომისია 25 კაცის შემადგენლობით. ყრილობამ აირჩია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტი ნ.ჟორდანიას, ნ.ჩხეიძის, ირ.წერეთლის, რ.არსენიძის, ს.ჯიბლაძის, ნ.რამიშვილის, ნ.ხომერიკის, ალ.ლომთათიძის, ვ.ჯუღელის, ა.სულაქველიძის, ე.გეგეჭკორის, ვ.ჯიბლაძის, ა. ფარნიევის, მ.სკობელევის, ერზინკიანის, მიკირტუმოვის და ვარდანიანის შემადგენლობით. კანდიდატებად აირჩიეს: მ.ხოჭოლავა, დ.ონიაშვილი, კ.გვარჯალაძე, ი.ბადრიძე, გ.ცინცაბაძე, გ.მახარაძე და ს.თევზაძე. საკონტროლო კომისიაში აირჩიეს: ის.რამიშვილი, კ.ანდრონიკაშვილი, ივ.ლაბაძე, ზ.გურული, ნ.ჭუმბურიძე, რ.ჩიხლაძე, ი.სალაყაია, გრ.კოპლატაძე, ლ.კიღურაძე, ვ. ნოდია, კ.ნინიძე. კანდიდატებად: ა.ჭიაბრიშვილი, ვ.მგელაძე, ს.მაისურაძე, გ.ბახტაძე. ყრილობას მეექვსე  საოლქო ყრილობაზე (1917-ის 10-17 ივნისი) მიღებული პარტიის პროგრამასა და წესდებაში ცვლილებები არ შეუტანია, რაც თითქმის იმას მიანიშნებდა, რომ ამიერკავკასიის საოლქო ორგანიზაციასა და საქართველოს სდმპ-ს შორის განსხვავება არ არსებობდა, რაც ყრილობის ნაკლად უნდა ჩაითვალოს.

სომხეთ-საქართველოს ომი

სომხეთ-საქართველოს ომი. 1918 წლის დეკემბერში მიმდინარეობდა  სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის. ორ სახელმწიფოს შორის ომის დაწყების მიზეზი გახდა ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებზე, სომხეთის რესპუბლიკის პრეტენზია, რომელიც ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. პირველი შეტაკებები 1918 წლის 18-27 ოქტომბერს მოხდა, როდესაც სომხურმა ჯარმა იერიში მიიტანა ქობერს, ქორინჯსა და წათერზე, თუმცა მათი შეტევა იქ მდგომმა მცირერიცხოვანმა ქართულმა ნაწილებმა მოიგერიეს.  სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ბორჩალოს მაზრაში 9 დეკემბერს დაიწყო , თუმცა მანამდე 6 დეკემებერს მცირერიცხოვანი სომხური ნაწილები თავს დაესხნენ ახალქალაქის მაზრას, მაგრამ იქ მდგარმა მსხვილმა 6150 კაციანმა  ქართულმა კონტიგენტმა გენერალ აბელ მაყაშვილის მეთაურობით მოწინააღმდეგე დაამარცხა, ახალქალაქის მაზრაში მოწინააღმდეგეს შეტევის მცდელობა ქონდა 16 და 20 დეკემბერს მაგრამ ორივე ქართველებმა მარტივად მოიგერიეს.  ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ბორჩალოს მაზრაში 9 დეკემბერს დაიწყო, მოწინააღმდეგემ 9-15 დეკემბერს დაიკავა უზუნლარი, სანაინი, აირუმი და ახტალა. 14 დეკემბერს მოწინააღმდეგემ შეტევა დაიწყო ვორონცოვკა-პრიველნოეს მიმართულებაზე და 15 დეკემბერს დაიკავა ვორონცოვდა. 9-15 დეკემბრის ბრძოლებში ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილში მდგარი მცირერიცხოცანი ქართული შენაერთები დამარცხდნენ .

18-23 დეკემბერს გაიმართა დიდი ბრძოლები სადახლოსათვის, ამ ბრძოლის მიმდინარეობისას სომხებმა 21 დეკემბერს დაიკავეს შულავერი, შემდეგ სადახლო მდგარი ქართული მცირერიცხოვანი ძალები ალყაში მოაქციეს, რომელთაც 22 დეკემბერს მოახერხეს ალყიდან გამოსვლა ხოლო 23 დეკემბერს მოწინააღმდეგემ სადახლო დაიკავა. 18 დეკემბერსსაქართველოშიგამოცხადდამობილიზაცია. სადახლოს ბრძოლების პარალელურად მოწინააღმდეგის ვორონცოვკის მიმართულების დაჯგუფებამ ვორონცოვკას და პრიველნოეს დაკავების შემდეგ შეუტია ეკატერინენფელდს (დღევანდელი ბოლნისი), 19 დეკემბერს გაიმართა დიდი ბრძოლა დასახლებისათვის, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ეკატერინენფელდის ბრძოლაში თავი ისახელა სახალხო გვარდიამ. ამავე მიმართულებაზე 25 ოქტომბერს ქართველებმა დაიკავეს ბოლნის-ხაჩინი, ხოლო 31 დეკემბერს კი დაღეთ-ხაჩინი.

24 დეკემბერს ბორჩალოს ფრონტზე სომხური არმიის სარდალმა გენერალმა დრასტამატკანაიანმა (დრომ) , ქართულ სარდლობას გადასცა ულტიმატუმი, რომ ქართულ მხრაეს უნდა დაეცალა ახალქალაქის მაზრა წინააღმდეგ შემთხვევაში, გენერალი დრო მდინარე ხრამის ჩრდილოეთით გააგრძელებდა შეტევას, თუმცა პირიქით მოხდა შულავერის ფრონტის სარდლად დაინიშნა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელმაც 3500 კაციანი შენაერთი  25 დეკემბერს შულავერთან შეტევაზე გადაიყვანა. რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ 29 დეკემბერს დილით ქართველებმა შულავერი აიღეს. ქართულმა ჯარმა 31 დეკემბერს აიღო სადახლო. 1919 წლის 1 იანვრის 00:00 საათზე ბრიტანელებისა და ფრანგების შუამდგომლობით ორივე მხარეს ცეცხლი შეწყვიტა. 1919 წლის 9-17 იანვარს თბილისში გაიმართა საქართველო-სომხეთ-ინგლისის სამმხრივი კონფერენცია სადაც შემუშავდა სამშვიდობო პირობები. კონფერენციის მეოთხე სხდომაზე ხელი მოეწერა ომის შეწყვეტის ოფიციალურ სამთავრობო შეთანხმებას და ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილის ნეიტრალურ ზონად გამოცხადების შესახებ შეთანხმებას, ხოლო ახალქალაქის მაზრაზე სომხურმა მხარემ მოხსნა საკუთარი პრეტენზიები.

სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა

სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა - სომხეთი,  როგორც ამიერკავკასიის ნაწილი 1917-ის ნოემბრიდან ფაქტობრივად ჩამოშორდა რუსეთის იმპერიას, ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატს, შემდეგ კი ამიერკავკასიის სეიმსა და მთავრობას დაექვემდებარა. 1918-ის ბრესტ-ლიტოვსკის ზავი მძიმე აღმოჩნდა ამიერკავკასიისათვის, თუმცა განსაკუთრებით მძიმე იყო სომხეთისათვის, რომელიც კარგავდა დასავლეთ ნაწილს. სომხეთის მდგომარეობას ისიც ამძიმებდა რომ ამიერკავკასიის შიგნით ფაქტობრივად გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა აზერბაიჯანთან.  სომხეთმა 1918-ის აპრილში როგორც პოლიტიკური სუბიექტმა  საქართველოსა და აზერბაიჯანთან  ერთად  მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნაში, განსხვავებული საგარეოპოლიტიკური ვექტორებისა და შიდა დაპირისპირების არსებობის პირობებში ამიერკავკასიის რესპუბლიკამ მხოლოდ 35 დღე იარსება და საბოლოოდ 1918-ის 26 მაის დაიშალა.   1918-ის 28 მაისს სომხეთის ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა თბილისში გამოაცხადა. დამოუკიდებელი სომხეთის მთავრობის ფორმირება სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხური რევოლუციური ფედერაციის - დაშნაკციუთუნის პარტიის ლიდერს ჰოვანეს კაჩაზნუნს დაავალა. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1918-ის 17 ივლისამდე თბილისში ფუნქციონირება და მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის  მოწოდების შემდეგ  დატოვა საქართველოს დედაქალაქი. დამოუკიდებელი სომხეთის მართველობის ფორმას საპარლამენტო რესპუბლიკა წამროადგენდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია ეროვნულმა საბჭომ იტვირთა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ 15 წევრისგან შედგებოდა, ეროვნულ საბჭოში დაშნაკციუთუნის პარტია დომინირებდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში სომხეთის რესპუბლიკა კატასტროფის წინაშე იდგა, ოსმალეთის იმპერიის არმიის შემოტევების შედეგად ფაქტობრივად ახლად გამოცხადებული სახელმწიფოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აღმოჩნდა, მხოლოდ ჩრდილოეთის ოლქებში ათი ათას კვადრატულ კილომეტრზე  შეინარჩუნა მთავრობამ  კონტროლი. ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციების წარუმატებლად დასრულების შემდეგ სომხეთის რესპუბლიკა სრულ ჩიხში იყო მოქცეული. სომხეთის მთავარ პრობლემას ოსმალთა იმპერიის შემოტევების გარდა ლტოლვილთა კრიზისი წარმოადგენდა. ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების დევნის შედეგად ამიერკავკასიაში ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილი შემოვიდა, მათგან 350 000 სწორედ სომხეთის რესპუბლიკაში.  დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე სომხეთის მდგომარეობა   უმძიმესი იყო. პირველ მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ სომხეთისადმი, როგორც ოტომანთა იმპერიის მიერ ყველაზე მეტად ჩაგრული ერისადმი დასავლეთის სახელმწიფოებში არმენოფილური მისწრაფებები დომინირებდა, რაც 1918-ის ოქტომბერში მუდროსის ზავის პირობებშიც აისახა. მოკავშირეთა სახელმწიფოები სომხეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარანტიებს ჰპირდებოდნენ.  1918-ის ბოლოს სომხეთში მოქმედება დაიწყო  ამერიკულმა ხსნის კომიტეტმა, რომელიც სომხეთისა და სომეხი დევნილების სურსათით უზრუნველყოფას ცდილობდა, თუმცა კონსტანტინეპოლის სრუტეებზე და შავ ზღვაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო ეფექტური მომარაგების სისტემის შექმნა ჭიანურდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს დასავლეთის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ვერაფრით ალაგებდა ურთიერთობებს უშუალო მეზობლებთან. 1918-ის დეკემბერში ახალციხის, ახალქალაქისა და ლორეს მაზრების მოთხოვნით სომხეთი მოულოდნელად თავს დაესხა საქართველოს რესპუბლიკას, თუმცა ერთთვიანი ბრძოლების შედეგად ფაქტობრივად მარცხი განიცადა, მხოლოდ ბრიტანელთა ჩარევის შედეგად შეძლო კონტრშეტევაზე გადასული საქართველოს შეიარაღებული ძალების შეჩერება. სომხეთს, 1905-ს ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების გამო, 1917-დან  მუდმივი სამხედრო დაპირისპირების მდგომარეობა ჰქონდა აზერბაიჯანთან მიმართებაში.  1918-ის 30 მარტს ჯერ კიდევ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფ ორ სუბიექტს შორის ომი გაჩაღდა. ძირითადი საბძოლო მოქმედებები, ნახიჩევანში, ყარაბაღსა და ზანგეზურში მიმდინარეობდა, სომხურ არმიას გენერალი დრო ხელმძღვანელობდა.

1919-ის იანვარში სომხეთში პირველი უმაღლესი სასწავლებელი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა. 1919-ის მაისში რესპუბლიკის მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჰ. კაზაჩნუნი ასევე დაშნაკმა, თბილისის ყოფილმა მერმა ალექსანდრე ხატისოვმა ჩაანაცვლა, 1919-ს 21-23 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში პარლამენტის პირველი საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. 80 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 72 ადგილი დაშნაკციუთუნის პარტია მოიპოვა.  1919-ს პარიზში მიმდინარე სამშიდობო კონფერენციაზე სომხეთის რესპუბლიკა დიდი იმედებითა და გეგმებით წარსდგა, სომხურ დელეგაციას პარიზში პარლამენტის თავმჯდომარე დაშნაკი ავეტის აჰარონიანი ხელმძღვანელობდა. საერთაშორისო არენაზე სომხეთს განსაკუთრებით დიდ მხარდაჭერას უცხადებდა აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო იულსონი.

1920-ის მაისში სომხეთში მთავრობის შემადგენლობა კიდევ ერთხელ შეიცვალა, პრემიერ-მინისტრის პოსტი დაშნაკმა ჰამო ოჰანჯანიანმა დაიკავა. პარიზის საზავო კონფერენციამ, საბოლოოდ  სომხეთის მოთხოვნებისა და მოლოდინების ნაწილი 1920-ის 10 აგვისტოს სევრის ხელშეკრულებაში აისახა, რომლითაც სომხეთის მომავალი სახელმწიფოს ტერიტორია 160 000-ზე კმ. კვ.-ით განისაზღვრა. თუმცა დასავლეთის სახელმწიფოებმა სომხეთი ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური დახმარებით არ უზრუნველყო. 1920-ის სექტემბრში ახალფეხადგმულმა თურქული რესპუბლიკური მოძრაობის შეიარაღებულმა ძალებმა გენერალ კაიზიმ კარაბექირის მეთაურობით სომხეთის რესპუბლიკას შეუტია, თურქეთმა უარი თქვა სევრის ხელშეკრულებაზე და სომხეთის რესპუბლიკის დიდი ნაწილი დაიკავა. 1920-ის ნოემბერში  შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე სომხეთის მთავრობის მეთაურობიდან გადადგა ოჰანჯანიანი და პრემიერ-მინისტრის პოსტი დაშნაკმა სიმონ ვრასტიანმა დაიკავა. 1920-ს 29 ნოემბერს საბჭოთა აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკას თავს XI წითელი არმია დაესხა, 2 დეკემბერს კი წითელმა არმიამ ერევანი დაიკავა, ახალ საბჭოთა მთავრობაში დაშნაკთა პარტიის წევრებიც შევიდნენ. 1921-ის დასაწყისში სომხური რესპუბლიკურმა ძალების  ანტისაბჭოთა აჯანყების შედეგად ერევანი დროებით განთავისუფლდა საბჭოთა რეჟიმისაგან, თუმცა საქართველოში სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ წითელი არმიის ნაწილებმა სომეხი აჯანყებულები დაამარცხეს.

სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი

სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი1918-1921 სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, კანონმდებლობის მიხედვით, გამოიყენებოდა. 1921 კონსტიტუციის მე-19 მუხლით, სიკვდილით დასჯა საქართველოში საბოლოოდ გაუქმდა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სიკვდილით დასჯა 1918-ის 5 ივლისის კანონით („სიკვდილით დასჯისა ზოგიერთი უმძიმესი ბოროტმოქმედებისათვის“) შემოიღო. კანონში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ის ბოროტმოქმედებანი, რომლებიც ძირითადად, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს იყო ზომები იმ პირთა მიმართ, რომელბიც ჩაიდენდნენ „უმძიმეს ბოროტმოქმედებას“. სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა შემდეგი დანაშაულებების ჩადენა: 1. სახელმწიფო ღალატი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ; 2. საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკის წესწყობილების შეიარაღებული ძალით შეცვლის მცდელობა; 3. შეიარაღებული აჯანყება არსებული მმართველობის წინააღმდეგ; 4. წინასწარ განზრახ ან უეცრად მოფიქრებული მკვლელობა; 5. განზრახ ცეცხლის წაკიდებით ან სხვა გზით სამხედრო მასალის, ან თავდასხმის ან თავდაცვის სხვა საშუალების განადგურება, ცეცხლის წაკიდება სახელმწიფო ან საზოგადო შენობისათვის; 6. ტელეგრაფის ან ტელეფონის, რკინის გზის ლიანდაგის, ვაგონების, რკინის გზის ან ნავთსადგურების ნიშნების განზრახ განადგურება ან მათთვის დიდი ზიანის მიყენება, სამრეწველო, სამთა-მადნო დარგის მოწყობილობის განზრახ მოსპობა ან გაფუჭება, რომელსაც რესპუბლიკისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; 7. ძარცვა ან იარაღით თავდასხმა ქონების წართმევის მიზნით; 8. ომიანობის დროს სამხედრო დანაშაულის ჩადენა. კანონის მიხედვით, ყველა აღნიშნული ქმედება დასჯადი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩადენილი იქნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

დახვრეტას ანუ სიკვდილით დასჯას ითვალისიწნებდა კიდევ ერთი დეკრეტი, რომელიც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919-ის 27 ივნისს „ჯარის ნაწილებიდან გაქცევისა და ნებადაურთველად წასვლისათვის დასჯის“ შესახებ მიიღო. დეკრეტის მე-4 მუხლში აღნიშნული იყო: „მტრის მხარეზე გადასვლისათვის დამნაშავე დაისჯება დახვრეტით და მთელის ქონების კონფისკაციით“.                                                                                                 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates