• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საბავშვო ბაღები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საბავშვო ბაღები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. განათლების რეფორმა მოიცავდა ფართო სფეროს, სხვადასხვა საფეხურის სკოლებს, უმაღლესი და პროფესიული განათლების (სპეციალური სასწავლებლების) კერებს, კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებს და ასევე ითვალისწინებდა საბავშვო ბაღების მოწყობა-მშენებლობას. ყველაზე დაბალი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი რგოლი მომავალი თაობის სულიერ და გონებრივ ფორმირებაში, საბავშვო ბაღები იყო.  დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე საქართველოში არცერთი სახელმწიფო საბავშვო ბაღი არ არსებობდა.   განათლების მინისტრი გ. ლასხიშვილი 1918-ის 26 სექტემბრით დათარიღებულ მოხსენებაში, რომელიც მან საქართველოს პარლამენტს და მთავრობას წარუდგინა, აღნიშნავდა: „უკვე ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ საბავშვო ბაღს და განსაკუთრებით ბავშვთა სახალხო ბაღს სწავლა-აღზრდის საქმეში.  ამ უკანასკნელი ტიპის საბავშვო ბაღების დანიშნულება ის არის, რომ მან შესაძლო დახმარება აღმოუჩინოს მუშა-ხალხის ხელვიწრო ოჯახებს, სადაც ცხოვრების მძიმე და არანორმალურ პირობათა გამო არასასკოლო ასაკის ბავშვები რჩებიან სრულიად უყურადღებოდ, უზრუნველად, უპატრონოდ. საბავშვო ბაღების ძირითადი მიზნები შემდეგია: ბავშვთა ზნეობრივი და გონებრივი აღზრდა. ზნეობრივი აღზრდისათვის საჭიროა ბავშვის საზოგადოებრივი გრძნობების განვითარება, ნებისყოფის გაწვრთნა და განმტკიცება, თვითმოქმედების შეგნება და შრომისმოყვარეობის შეჩვევა. ჭკუა-გონების განვითარებისთვის კი აუცილებელია: საგნობრიობა ( კონკრეტული , ნათელი წარმოდგენა საგნებისა) და ინდივიდუალური ნიჭის გაშლა. ამასთანავე, საბავშვო ბაღი ერთგვარი საფეხურია, საიდანაც ყმაწვილი შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ ადვილად გადადის სასწავლებელში, ეს კი აყვარებს ყმაწვილს სკოლას, აჩვევს საზოგადოებაში ტრიალს და უადვილებს საზოგადოებრივი ინტერესების შეგნებას. მიუხედავად საბავშვო ბაღის ასეთი დიდი მნიშვნელობისა, მთელ საქართველოში არც ერთი ასეთი დაწესებულება არ მოგვეპოვება. ეს ფრიად დიდ ნაკლად უნდა ჩაითვალოს ჩვენთვის საზოგადოდ და განსაკუთრებით ტფილისისათვის, რომ ამ დიდმა ქალაქმა დღემდისაც ვერ შექმნა სახალხო ბავშვთა ბაღი ისეთი რაიონებისათვის, როგორიცაა, მაგალითად ვერა და ნაძალადევი“. ეს ორი რაიონი იყო ქალაქის ეკონომიკური საყრდენი.  აქ ბევრი მუშა ცხოვრობდა, რომელთა შვილების აღზრდა-განათლებაზეც უნდა ეზრუნა მთავრობას და თავისი ხარჯით, გაეხსნა პირველი სახალხო (სახელმწიფო) ბაღი. მინისტრი მომავალი ბაღის წლიურ ხარჯთაღრიცხვასაც წარმოადგენდა: 1. ბინის დაქირავება გათბობა-განათებით - 3,600 მან;  2. სასწავლო მასალების შეძენა - 2,400 მან; ორი მასწავლებლის ჯამაგირი - 9, 600 მან; მოსამსახურის ჯამაგირი - 2,400; მოულოდნელი ხარჯები - 1,200 მან.  ფინანსთა სამინისტრომ თანხმობა განაცხადა მის დაფინანსებაზე, კანონ-პროექტი  პარლამენტის განათლების  კომისიამ განიხილა და უარყო, რადგან მიიჩნია, რომ საქმე არა სამინისტროს, არამედ ქალაქის თვითმმართველობას უნდა განეხორციელებინა. განათლების სამინისტრო საკითხის ამგვარ გადაწყვეტას არ დაეთანხმა., მისი აზრით საბავშვო ბაღები განათლების ერთ-ერთ-საფეხურს წარმოადგენდა და მისი საქმიანობა სამინისტროს უნდა დაეგეგმა და ეკონტროლებინა. მინისტრის ამხანაგი (მოადგილე) ალექსანდრე მდივანი განმარტავდა, რომ  „საბავშვო ბაღების საქმე საერთო განათლების საკითხის ერთი ნაწილია და ამიტომ მასზე ზრუნვა, მისი გახსნა, მოვლა და შენახვა განათლების სამინისტროს პირდაპირ მოვალეობას უნდა შეადგენდეს. სამინისტრო ხსნის ასეთ საბავშვო ბაღებს და შეუძლიან გადასცეს ქალაქის თვითმმართველობას.  2. როცა სამინისტრომ შეიმუშავა ეს პროექტი, მას ყოველმხრივ აწონილ-დაწონილი და გათვალისწინებული ჰქონდა პრაქტიკული შესაძლებლობაც როგორც ბინით, ისე საპედაგოგიო პერსონალით უზრუნველყოფის მხრივ. სამინისტრო ვერ დაეთანხმება განათლების კომისიას, რომ საბავშვო ბაღის გახსნა იმ სახით, როგორც ამას კანონპროექტი და მასთან დართული განმარტება საზღვრავს, წარმოადგენდეს მუშაობის დაწვრილმანებას. 3. განზრახული საბავშვო ბაღი ერთგვარი სამაგალითო დაწესებულებაა, ერთგვარი პედაგოგიური ცდა იქნება და სრულიად ხელს არ შეუშლის საერთო გეგმის შემუშავებას. საერთო გეგმა იმ ბავშვთა სწავლა-აღზრდისა, რომელთაც სკოლის ასაკი არ დასდგომიათ, შესაძლებელია სულ მოკლე ხანში შემუშავდეს, მაგრამ მისი განხორციელება დღევანდელი პირობების მიხედვით პრაქტიკულად სავსებით მოუხერხებელი გახდეს“  კანონპროექტი პარლამენტმა 1918-ის 27 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა.                          

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (მენშევიკების) ამიერკავკასიის VI საოლქო ყრილობა და ეროვნული საკითხი

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (მენშევიკების) ამიერკავკასიის VI საოლქო ყრილობა და ეროვნული საკითხი. პირველმა მსოფლიო ომმა და რუსეთის რევოლუციამ, ქართველ სოციალ-დემოკრატებს „საკუთარი თვალით ცქერა და საკუთარი ფეხებით სიარული ასწავლა“ (გ.ქიქოძე).მათ განსჯის საგნად საქართველოს მომავლის საკითხი გაიხადეს ეროვნული ღირებულებებისაკენ  შემობრუნდნენ. ამის დადასტურებას რსდმპ (მენშევიკების) ამიერკავკასიის საოლქო ყრილობა წარმოადგენდა. ყრილობა 1917 -ის 11 ივნისს დაიწყო. იგი შესავალი სიტყვით ს.ჯიბლაძემ გახსნა. ყრილობას ამიერკავკასიის 41 ორგანიზაციის 60 ათსი წევრის სახელით 231 დელეგატი ესწრებოდა.. დღის წესრიგის 15 განსახილველი საკითხიდან ერთ-ერთიმნიშვნელოვანი იყო ეროვნული საკითხი. ყრილობის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი ნ.ჟორდანიას მოხსენებამ - „ნაციონალური კითხვა ამიერკავკასიაში“ - გამოიწვია. ქართველი და კავკასიელი სოციალ-დემოკრატების ლიდერმა წინ წამოსწია  სამშობლო ენის გასახელმწიფოებრიობისა და დაწესებულებათა ნაციონალიზაციის აუცილებლობა.  რუსული ორიენტაციის მიუხედავად, მან მხარი დაუჭირა რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის იდეას. ასევე, მან მხარი დაუჭირა  ამიერკავკასიის ხალხთა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) გაერთიანებას, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ერთიანი სახელმწიფო წარმონაქმნის სახით.  ამიერკავკასიის ერთა კანტონი, სამივე ერის ავტონომიურ ერთეულებს უნდა დაფუძნებოდა. კავკასიის ერთა გაერთიანების ჟორდანიასეული ეს მოდელი, შვეიცარიის სინამდვილიდან იყო აღებული.  რსდმპ (მენშევიკების) ამიერკავკასიის VI ყრილობის მიერ მიღებული 12 რეზოლუცია, ქართული ეროვნული სახელმწიფოს შექმნისათვის საფუძვლის მომზადებას ითვალისწინებდა და მის გადაწყვეტას, რუსეთის დამფუძნებელ კრებას უკავშირებდა.  ყრილობამ, რსდმპ ამიერკავკასიის ორგანიზაციების წესდება დაამტკიცა, რითაც განსაზღვრა მათი სტრუქტურა და წევრთა მოვალეობა. ყრილობამ ამიერკავკასიის სოციალ- დემოკრატიული ორგანიზაციების საოლქო კომიტეტი აირჩია: ნ.ჟორდანია (თავმჯდომარე), მოადგილეებად: ნ.რამიშვილი და გ.ყარაჯაევი. მდივნად ბ.ჩხიკვიშვილი. წევრებად: ს..ჯიბლაძე, ა..ზურაბოვი, ნ.ხომერიკი, ა..ერზინკიანი, ვ..ჯიბლაძე, ე..ნარიმანოვი, მიხაილჩენკო, ა..წულაძე. .

რესპუბლიკის ჯარი

რესპუბლიკის ჯარი. პირველი რესპუბლიკის  სამხედრო სამინისტროს ყოველკვირეული სამხედრო ჟურნალი გამოიცემოდა 1918-1919 წლებში.  სულ გამოიცა 17 ნომერი. ჟურნალის ერთი ნომერის ფასი იყო 1 მანეთი და 50 კაპიკი. ჟურნალში მოთავსებული იყო სამხედრო სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური ბრძანებები. ჟურნალში იბეჭდებოდა პროპაგანდისტული ხასიათის შეგონებები და ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც ეძღვნებოდა ოფიცერთა და ჯარისკაცთა დამოკიდებულებას, ჯარში სამსახურის მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში, დისციპლინის, დეზერტირობის პრობლემას. ჟურნალში იბეჭდებოდა რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური მეთაურების ფოტოები, მასალები საქართველოს და მსოფლიოს  სამხედრო ისტორიიდან, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა. განიხილავდნენ ი სხვადასხვა საბრძოლო ტაქტიკას.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი დაიწყო 11/12 თებერვლის ღამეს ბორჩალოს მაზრის საქართველო-სომხეთს შორის არსებულ სადავო ნეიტრალურ ზოლში, სადაც განლაგებულ ქართულ ნაწილებს თავს დაესხა საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შენაერთები და ადგილობრივი სომხური მოსახლეობის ნაწილი რომელიც წინასწარ იყო გაწრთვნილი თავდასხმისათვის , ასევე  სომხური წითელი არმიის ნაწილები.  სომხეთის მიმართულებაზე მდგარი ქართული ჯარების ერთი ნაწილი პირველივე ბრძოლაში ჩავარდა ტყვედ, ქართულმა არმიამ რომელსაც გენერალი ილია ოდიშელიძე სარდლობდა 14 თებერვლიდან ცადა სომხეთის მიმართულებიდან შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადასვლა მაგრამ მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1921 წლის 16 თებერვალს რუსული მე-11 არმიის ძირითადი ნაწილები წითელი ხიდის და ფოილოს ხიდების მიმართულებიდან შემოიჭრა საქართველოში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე განლაგებული ქართული ჯარების უმეტესი ნაწილი რომელთაც გენერალი იოსებ გედევანიშვილი სარდლობდა, ან ტყვედ ჩაიგდო, ან დაფანტა, ხოლო ჯარისკაცთა ნაწილი დაიღუპა და დაიჭრა. შექმნილ მძიმე ვითარებაში, ქართული არმიის მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი გიორგი კვინიტაძე. 17 თებერვალს რუსული არმია უკანდახეული ქართული ნაწილების დევნას განაგრძობდა, ასევე მოწინააღმდეგის ერთი მსროლელი ბრიგადა და ცხენოსანი დივიზია საქართველოში შემოიჭრა ზაქათალის ოლქიდან. გენერამა გიორგი კვინიტაძემ თბილისში მდგომი ნაწილებისა და რეგიონებიდან გადმოსროლილი მცირე ძალებით თბილისთან თავდაცვის სამი სექტორი მოაწყო. მარჯვენა კოჯორ-ტაბახმელას სექტორი გენერალ ალექსნარდე ანდრონიკაშვილი მეთაურობით, ცენტრალური - თელეთის ქედის გაყოლებით მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირომდე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით, მარცხენა - მტკვირს მარცხენა სანაპიროდან ორხევამდე გენერალ ალექსანდრე ჯიჯიხიან მეთაურობით. პირველი შეტევა მოწინააღმდეგემ 18-19 თებერვლის ღამეს მოიტანა გენერალ მაზნიაშვილის პოზიციებზე, ქართულმა არმიამ მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია და 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდო, ამ ბრძოლამ თითქმის სრულად გაანადგურა რუსეთის მე-11 არმიის მეოცე მსროლელი დივიზიის 58-ე მსროლელი ბრიგადა. 19-21 თებერვალს რუსულმა არმიამ დიდი იერიში მიიტანა თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორზე, თუმცა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოგერიებულ იქნა კოჯორ-ტაბახმელაში განლაგებული იუნკრების, არმიისა და გვარდიის ძალების მიერ. ამავე პერიოდში მოწინააღმდეგის შეეტევები მოგერიებულ იქნა თბილისის თავდაცვის მარცხენა სექტორში. 22-23 თებერვალს თბილისთან მხოლოდ მცირე შეტაკებები ხდებოდა. რუსულმა სარდლობამ თბილისზე გადამწყვეტი შეტევა დაგეგმა 24 თებერვალს,  23 თებერვალს ფოილოს სარკინიგზო ხიდის აღდგენის შემდეგ რომელიც 16 თებერვალს ქართულმა არმიამ ააფეთქა უკანდახევისას რუსულმა არმიამ აზერბაიჯანის მხრიდან მიიღო დამატებითი ძალები მათ შორის ტანკები და ჯავშანმატარებლები. დედოფლისწყარო-ვაზიანის მხრიდან თბილისს მოუახლოვდა რუსული მე-18 ცხენოსანი დივიზია. 24 თებერვალს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისთან, მოწინააღმდეგე განსაკუთრებულად უტევდა თბილისის თავდაცვის მარცხენა ფლანგს, ასევე თბილისის თავდაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეებს. დღის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მოწინააღმდეგემ თბილისის თავდაცვის გარღვევა ვერ შეძლო, თუმცა აიღო ერთი სტარტეგიული სიმაღლე 1496, თუმცა რუსები მყარად ვერ გრძნობდნენ თავს ამ ადგილას. თბილისის თავდაცვის მთავარი პრობლემა მთავარსარდლის გენერალი გიორგი კვინიტაძის აზრით იყო ის , რომ მოწინააღმდეგის ცხენოსანი შენაერთები უვლიდნენ ქართველთა ფლანგებს და იქმნებოდა საფრთხე მთელი არმიის ალყაში მოხვედრის და განადგურების. მთავარსარდალს რეზერვში არცერთი ჯარისკაცი აღარ ყავდა და ამიტომ მან თბილისიდან მცხეთისაკენ უკანდახევა გადაწყვიტა, რათა ფრონტის ხაზი შეემოკლებინა და იქიდან გაეგრძელებინა ბრძოლა. მცხეთისკენ უკანდახეულმა ქართულმა ძალებმა ვერ შეძლეს გამაგრება ვერც მცხეთასთან, ვერც გორთან და მხოლოდ ხაშურთან მოახერხეს ბრძოლის გამართვა.უკანდახევისას ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა, გახშირდა დეზერტირობის ფაქტები. 4-6 მარტს გაიმართა დიდი ბრძოლა ქართულ და რუსულ არმიებს შორის, ბრძოლა დაიწყო ოსიაურთან ქართველთა შეტევით. გენერალ კვინიტაძის მიზანი იყო თბილისიდან-ხაშუარმდე გაწელილი რუსული ძალების ავანგარდის ალყაში მოქცევა და განადგურება. 4 მარტს მიუხედავად ქართული ძალების უპირატესობისა ვერ მოესწრო მოწინააღმდეგის ავანგარდის განადგურება, ხუთი მარტის ღამეს კი ქართველთა მარცხენა ფლანგი თვითმნებურად მოიხსნა, 5 მარტს გაძლიერებულმა რუსულმა ძალებმა უკან დაახევინეს ქართველებს და შემდეგ დღეს კი ლიხის ქედიც გადალახეს. ქართულმა არმიამ ქუთაისისაკენ დაიხია.    თბილისთან ბრძოლების პარალელურად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა სხვა ფრონტებზეც. 1921 წლის 19 თებერვალს აფხაზეთში შემოიჭრა საბჭოთა რუსეთის მე-9 არმიის 31-ე დივიზია, მოწინააღმდეგემ 23 თებერვალს დაიკავა გაგრა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ფრონტზე მებრძოლ ქართულ ნაწილებს ზღვიდან დახმარებას უწევდა ფრანგული საზღვაო ესკადრა. 28 მარტს ქართველებმა ერთი დღის დაიბრუნეს გაგრა, თუმცა მალევე დაკარგეს და ახალი ათონის პოზიციებზე გამაგრდნენ. ორდღიანი ბრძოლების შემდეგ მოწინააღმდეგემ ახალი ათონის პოზიციები გაარღვია და 4 მარტს სოხუმი აიღო, ხოლო 9 მარტს კი უკვე ზუგდიდი. საბჭოთა რუსეთის თერგ-დარესტანის ჯგუფის ძალები უტევდნენ საქართველოს ჩრდილოეთიდან: დარიალის ხეობით, თრუსოს, როკის, მამისონის და ღების უღელტეხილებიდან. განსაკუთრებით სახიფათო იყო 33-ე დივიზიის 98-ე ბრიგადის მოქმედებები მამისონის უღელტეხილიდან. ამ ბრიგადამ მცირე ბრძოლებით დაიკავა რაჭა და ჩრდილოეთიდან მიუახლოვდა ქუთაისს.1921 წლის 10 მარტს მოწინააღმდეგემ დაიკავა ქუთაისი, ქართულმა არმიამ დაიხია სამტრედიისაკენ. ამ დროს აღმოსავლეთიდან, რაჭისა და აფხაზეთის მიმართულებიდან დაძრულმა რუსულმა ძალებმა მოინდომეს სამტრედია-სენაკის მონაკვეთზე ქართული არმიის ალყაში მოქცევა და განადგურება, მაგრამ სენაკის მხრიდან დაძრული რუსული ნაწილების მოგერიება მოხერხდა მდინარე ცივთან, ამის შემდეგ ქართულმა არმიამ დატოვა სამტრედია გადავიდა მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე და გამაგრდა საჯავახოს ხაზზე. 14 მარტს საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა, ამ დროს რუსული არმიის ერთი დაჯგუფება დიმიტრი ჟლობას მეთაურობით გოდერძის უღელტეხილის გავლით მიიწევდა ბათუმისაკენ და ქართული არმიის ზურგში გადიოდა. 17-18 მარტს ქუთაისი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთსა და საქართველოს ჯარებს შორის  საბრძოლო მოქმედებები საბოლოოდ შეწყდა.

რელიგიური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

რელიგიური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების რელიგიური პოლიტიკა  რამდენიმე ასპექტით გამოვლინდა: 1. ქონებრივი საკითხი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იურიდიულად უძრავი და მოძრავი ქონების ფლობის უფლება ჩამოართვა და ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა, ამით ეკლესიას მატერიალური შესაძლებლობა წაერთვა ეარსება და ის მხოლოდ მრევლისგან შენაწირი თანხის იმედად დატოვა, რაც თუ გავითვალისწინებთ იმ დროინდელი საზოგადოების მძიმე ეკონომიკურ ყოფას მისი მძიმე მდგომერეობისათვის გაწირვის ტოლფასი იყო. 2. სასულიერო განათლების საკითხი, რომლის მიხედვითაც ყველა სახის სასულიერო განათლება გაუქმდა, მათ შორის სასულიერო სემინარია რიგით და ჩვეულებრივ დაწესებულებად გადაკეთდა, ეს ყველაფერი მართლმადიდებელ ეკლესიას საშუალებას უსპობდა აღეზარდა მომავალი სასულიერო კადრები. 3. სასულიერო გამოცემების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რელიგიურ თემატიკაზე ოფიციალური ცენზურა არ არსებობდა რელიგიური შინაარსის გამოცემები უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით იბეჭდებოდა, გარდა ამისა სახელმწიფომ არ დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის პერიოდული გამოცემის საკითხი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების დამოკიდებულება რელიგიისადმი, მთავრობის სოციალისტური იდეოლოგიით უნდა აიხსნას, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალა მკვეთრად სეკულარისტულ პოლიტიკას ატარებდა. ხელისუფლება მედიის მეშვეობით მკვეთრ ანტირელიგიურ პროპაგანდას არ აწარმოებდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates