• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

შეიარაღებული ძალების ინდივიდუალური საბრძოლო საშუალებები

შეიარაღებული ძალების ინდივიდუალური საბრძოლო საშუალებები - ქართული არმიის ქვეითი ნაწილების ინდივიდუალური შეიარაღება იყო 1891 წ-ის ნიმუშის მოსინის სამხაზიანი შაშხანა კალიბრი – 7,62მმ. რომელიც იმხანად ერთ-ერთ საუკეთესო იარაღად ითვლებოდა. ქართული არმიის ინდივიდუალურ სასროლ საშუალებებში მცირე რაოდენობით იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმოებისა და  კალიბრის შაშხანები და კარაბინები: ფრანგული ლებელის სხვადასხვა მოდიფიკაცია, ფრანგული გრასი, რუსული  ბერდანა, შვეიცარიული ვეტერლი, იაპონური არისაკი, ამერიკული 3-ხაზიანი ვინჩესტერები, გერმანული მაუზერი, ოსმალური არმიისათვის პირველ მსოფლიო ომის დროს წართმეული მანლიხერის, კრა-იურგენსონის და პიბოდი-მარტინის შაშხანის სხვადასხვა მოდიფიკაცია. ოფიცერთათვის განკუთვნილი იყო რევოლვერი ნაგანი 1895 წ-ის – 7,62მმ, ასევე ბელგიური რევოლვერი ბულდოგი, პისტოლეტები: ,,პარაბელუმი” 1908 წ-ის, ,,კოლტი“ 1911 წ-ის და 7,63 მმ-იანი მაუზერი მოდელი 96.  რაც შეეხება ტყვიამფრქვევებს, ქართული არმია ძირითადად შეიარაღებული იყო რუსული მაქსიმის ტიპის დაზგის 1910 წ-ის ნიმუშის და პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ბრიტანული ლუისის ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით. ასევე შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ მცირე რაოდენობის, ვიკერსის, ჰოჩკისის, კოლტის ტყვიამფრქვევები. საქართველოს შეიარაღებული ძალებს დამოუკიდებლობის პერიოდში არ გააჩნდა შაშხანების, ტყვიამფრქვევების და ვაზნების ის რაოდენობა, რაც საჭირო იყო შეიარაღებული ძალების მობილიზებისათვის. 1920 წ-ის დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ შედგენილი დეტალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებს ჯარის პირველი ნაწილის საჭიროების შესავსებად და  75 000 კაცის მობილიზაციისთვის  სჭირდებოდა: 60-75 000 შაშხანა, 470 ტყვიამფრქვევი, 100-150 მილიონი შაშხანის ვაზნა, 25 მილიონი ტყვიამფრქვევის ვაზნა. ქართული დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარს საზრუნავს 1918-1921 წწ-ში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის დასავლეთის ქვეყნებში იარაღის მოპოვებას წარმოადგენდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე  მცირე პარტიის შემოტანა მოხერხდა 1920 წ-ის ზაფხულში, შემოდგომასა და 1921 წ-ის მარტის დასაწყისში, როდესაც ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის ბოლო დღეებს ითვლიდა.  

შეიარაღებული ძალების არტილერია

შეიარაღებული ძალების არტილერია - პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს რუსული არმიისაგან მემკვიდრეობით ძირითადათ ერგოთ: 1900 და 1902 წწ-ის ნიმუშის 3-დიუმიანი (76,2მმ) საველე ქვემეხები, 1904 და 1909 წწ-ის ნიმუშის 3-დიუმიანი (76,2მმ) სამთო ქვემეხები, 1904,1905 და 1909 წწ-ის ნიმუშის 48-ხაზიანი (122მმ) ჰაუბიცები, 45-ხაზიანი (114მმ) ბრიტანული ჰაუბიცები. აღნიშნული საარტილერიო საშუალებების კალიბრი 76,2 დან 122 მმ-მდე მერყეობდა, საველე ქვემეხების სროლის მანძილი კი 7,5-8,5 კმ-ს აღწევდა, სამთო ქვემეხების კი 4,1-8,4 კმ-ს.  დამოუკიდებლობის პერიოდში შეიარაღებული ძალები განიცდიდა საარტილერიო დანადგარებისა  და ჭურვების დიდ ნაკლებობას. კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1920 წ-ის 7 იანვარს წერდა, რომ სანდო თანამდებობის პირისგან გაიგო, რომ ქართველებს ბოლშევიკებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად 60 000-იანი არმიისთვის, რომელიც სამომავლოდ 100 000 კაცამდე შეიძლება გაზრდილიყო, სჭირდებოდათ 44 საარტილერიო დანადგარი, თითო სამთო არტილერიის დანადგარზე 2000 ჭურვი, ხოლო დანარჩენზე 1000, რაც მთლიანობაში გამოდიოდა 56 000 ჭურვი. 1920 წ-ის დეკემბერში საქართველოს გენერალური შტაბმა შეადგინა დეტალური ჩამონათვალი  იმისა, თუ რა სჭირდებოდა  ქართულ შეიარაღებულ ძალებს ჯარის პირველი ნაწილის საჭიროების შესავსებად და  75 000 კაცის მობილიზაციის მოსახდენად. ამ ანგარიშიდან ჩანს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მობილიზაციის ჩასატარებლად სჭირდებოდა 126 სხვადასხვა დანიშნულებისა და კალიბრის ქვემეხი 342 500 ჭურვით.

ტყვარჩელის იტალიურ-ქართული კონცენსია

ტყვარჩელის იტალიურ-ქართული კონცენსია - ტყვარჩელის ქვანახშირის მოპოვების და მისი ეკონომიკური რესურსი გამოყენებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. აზერბაიჯანის საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ, ისედაც არასტაბილურად, სათბობი რესურსებითა და ნავთობით საქართველოს მომარაგება საბოლოოდ მოიშალა და შეწყდა. სატრანსპორტო საშუალებათა, განსაკუთრებით კი რკინიგზის ფუნქციონირებისათვის ქვანახშირს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა ამისა ტყვარჩელის ქვანახშირის მარაგები და საექსპორტო პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო. ტყიბულის საბადო რომელიც უკვე საშუალო დატვირთვით ფუნქციონირებდა ბევრად ნაკლები ხარისხის ქვანახშირის მწარმოებელი იყო და მისი მარაგები ქვეყნის შიდა მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცდილობდა ქვეყანაშ მნიშვნელოვანი საგარეო ინვესტიციების მოზიდვას. 1920-ს დასაწყისში იტალიის  სავაჭრო-სამრეწველო მისია ეწვია საქართველოს საგარეოს აქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის კონტის მეთაურობით, მისია საქართველოსთან მიაღწია სავაჭრო-სამრეწველო შეთანხმება. 1920 წელს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი ევროპაში გაემგზავრა, მსხვილი ფინანსური რესურსების მოსაზიდად. 1920-ს ბოლოს ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოების ექსპლუატაციის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული იტალიურ კონცესიასთან. 1921-ს დასაწყისში კი შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმების თანახმად იტალიურ კონცენსიას ტყვარჩელის საბადოები 45  წლიანი ვადით გადაეცა. ხელშეკრულების თანახმად კონცენსიონერი ვალდებული იყო მოპოვებული ნახშირიდან გარკვეული წილი უფასოდ მიეცა სახელმწიფოსათვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში წარმოების 25 % თვითღირებულების ფასში მიეყიდა. წლებთან ერთად სახლემწიფოსათვის უფასოდ მიცემული ნახშირის მოცულობა იზრდებოდა და 20 წლის შემდეგ საერთო მოცულობის 20 %-ს შეადგენდა.  ხელშეკრულების დადებიდან 30 წლის შემდეგ სახელმწიფოს კონცესიის გამოსყიდვის უფლება ენიჭებოდა. ხელშეკრულების თანახმად კონცენსიის სარგებლობაში გადადიოდა საბადოსთან არსებული ინფრასტრუქტურა. მინისტრი კანდელაკი მიღწეულ შეთანხმებას საქართველოსათვის ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მომგებიან გარიგებად აფასებდა, თუმცა ოპოზიციურ პარტიები აპროტესტებდნენ „ხალხის სიმდიდრის“ უცხო კაპიტალისტებისათვის გადაცემას. დამფუძნებელ კრებაში კონცენსიასთან დადებული შეთანხმების განხილვას ცხარე დებატები მოჰყვა, საბოლოო ჯამში შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს ესერებმა და ფედერალისტებმა, შეთანხმების პირობები მოიწონეს სოციალ-დემოკრატებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა.

უქმე დღეების შესახებ კანონი

უქმე დღეების შესახებ კანონი - საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წ-ის 31 დეკემბრის კანონით „სამოქალაქო უქმე დღეებისა“, დაწესდა შემდეგი უქმე დღეები: ახალი წელიწადი - პირველი იანვარი; რუსეთის რევოლუციის პირველი დღე - 12 მარტი; ინტერნაციონალის დღესასწაული - პირველი მაისი და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე - 26 მაისი.

 სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის კონცეფცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე აქტუალური იყო. ეს კარგად ჩანს საკონსტიტუციო კომისიის 1919 წ-ის 24 თებერვლის სხდომის მასალებიდან, სადაც გაიჟღერა შემდეგმა სიტყვებმა: „არავითარი სუბსიდიები არ უნდა მიეცეს ეკლესიას სახელმწიფოსაგან“ (ნათაძე); „რაკი ეკლესია ჩამოშორებული იქნება, აღარც კავშირი უნდა იყოს მასა და სახელმწიფოს შორის“ (გ. ნანეიშვილი). ხელისუფლების ამ პოლიტიკას მოჰყვა სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების გაუქმება, ასევე, ეკლესიას ჩამოერთვა ბევრი სამოქალაქო უფლება და გადაეცა სახელმწიფოს.

სახელმწიფოსაგან ეკლესიის ჩამოშორებისკენ გადაგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წ-ის 17 ივნისს „უქმე დღეების რიცხვის შემცირების“ შესახებ კანონის მიღება. ამ დოკუმენტში ჩანს, რომ ხელისუფლებამ უქმე დღეებიდან გამორიცხა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულები: მირქმა უფლისა - 15 თებერვალი; დიდი პარასკევი, აღდგომის მესამე დღე - სამშაბათი, მეორე დღე სული-წმინდის მოფენისა, ფერისცალება უფლისა - 19 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინების დღე - 28 აგვისტო; ჯვართ-ამაღლება - 27 სექტემბერი და ტაძრად მოყვანა - 4 დეკემბერი.

ტრაპიზონის საზავო კონფერენცია და საქართველო

ტრაპიზონის საზავო კონფერენცია და საქართველო  ამიერკავკასიის სეიმმა შექმნის პირველივე დღეებში დაიწყო მზადება ოსმალეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის. საზავო პირობების შემმუშავებელი კომისიის (თავმჯდომარე ნ.რამიშვილი) მიერ  სეიმის 1918-ის 16 თებერვლის სხდომაზე  წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების ამოსავალი საფუძველი უნდა ყოფილიყო რუსეთ-ოსმალეთის 1914 წლის სახელმწიფო საზღვარი. ამიერკავკასიის  საზავო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: აკ.ჩხენკელი (თავმჯდომარე), ჰ.ბ .აბაშიძე, მ.გაჯინსკი, ი.ჰაიდაროვი, გ.გვაზავა, რ.კაჩაზნუნი, გ.ლასხიშვილი, მ.მეხტიევი, ხ.ხას-მამედოვი, ა.ხატისოვი, ა.შეიხ- ულ ისლამოვი. თარჯიმნები: დოქტორი ღამბასიძე და რასულ- ზადე. ტრაპიზონის კონფერენციის პირველი სხდომა 1918-ის 14 მარტს ოსმალეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა რაუფ ბეიმ გახსნა და მოლაპარაკებების სხდომების თავმჯდომარეობის პასუხისმგებლობაც თავის თავზე აიღო. ამიერკავკასიის სახელმწიფოს საერთაშორისო სუბიექტად არცნობის მტკიცების ფონზე, მან ამიერკავკასიის დელეგაციის მისამართით რამდენიმე ძირითადი პრეტენზია წამოაყენა:  1. ბრესტის საზავო ხელსეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში ამიერკავკასია დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს არ წარმოადგენდა, იგი არცერთი სახელმწიფოსგან აღიარებული არ იყო და აქედან გამომდინარე, ბრესტის ხელშეკრულების იმ ნაწილის ბათილად გამოცხადება, რომელიც მას ეხებოდა - არ შეეძლო; რაც სეეხება ოსმალეთს, მის მიზანს ბრესტის ხელშეკრულების სისრულეში მოყვანა წარმოადგენდა. ამიერკავკასიას დამოუკიდებლობა უნდა დაუყოვნებლივ გამოეცხადებინა და ეცნო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობები.   

კონფერენციის მეოთხე სხდომაზე, აკ.ჩხენკელმა დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით რაუფ-ბეის ყველა არგუმენტი გააბათილა. მან ოსმალეთის წარმომადგენელს შეახსენა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატის 1918 წლის 5 იანვრის დადგენილებით, ამიერკავკასია თავს დემოკრატიული რუსეთის (და არა საბჭოთა რუსეთის, როგორც ეს რაუფ-ბეიმ განაცხადა) შემადგენელ ნაწილად აცხადებდა და ოსმალეთთან მოლაპარაკების დაწყებას, დამფუძნებელი კრების რწმუნების მიღებისთანავე ითვალისწინებდა. თუ ოსმალეთი ამიერკავკასიას დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად არ თვლიდა და საბჭოთა რუსეთის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებდა, 1917 წლის 5 დეკემბრიდან 1918 წლის 1 იანვრის ჩათვლით, ვეხიბ- ფაშას მიერ გაცემულ და სხვა დოკუმენტებში რატომ მოიხსენიებოდა ამიერკავკასია დამოუკიდებელ ერთეულად და ა. შ.  ჩხენკელი პირიქით, ოსმალეთის მხარეს უყენებდა პრეტენზიას - რა უფლებით აცხადებდა ეს უკანასკნელი    პრეტენზიას ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოკრუგებზე. რაუფ- ბეიმ თითქმის პასუხგაუცემელი დატოვა ზემოაღნიშნული კითხვა. ეს ფაქტი ჰქონდა მხედველობაში ს.ფირცხალავას, როცა განაცხადა: „ტრაპიზონის მოლაპარაკების შედეგს სამხედრო ძალაზე დამყარებული `დიპლომატია“ განსაზღვრავსო. ამიერკავკასიის დელეგაციის შემადგენლობაში არსებული წინააღმდეგობების გამო, ამიერკავკასიის სეიმის 13 მარტის დადგენილებით, აკ.ჩხენკელი საგანგებო უფლებებით იქნა აღჭურვილი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა მიეცა. მან 23 მარტს  ოსმალეთის მხარეს ოლთისის ოკრუგი, არდაგანის სამხრეთი ნაწილი, ყარსის სამხრეთ- დასავლეთი ნაწილი და კაღიზმანის დასავლეთი ნაწილი შესთავაზა. რაუფ- ბეიმ კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და ოსმალეთის საიმპერატორო მთავრობასთან მოლაპარაკების საბაბით, სხდომა დახურულად გამოაცხადა. 1918 წლის 24 მარტს, ამიერკავკასიის დელეგაციამ რაუფ- ბეისგან ულტიმატუმი მიიღო: 48 საათის განმავლობაში მოეხდინა ბრესტის საზავო ხელშეკრულების აღიარებაზე პასუხის გაცემა. 26 მარტს ოსმალეთის მხარემ საომარი მოქმედებები განაახლა. 31 მარტს ამიერკავკასიის დელეგაცია ტრაპიზონიდან თბილისში იქნა გამოწვეული.  მიუხედავად ამისა, ამიერკავკასიის მთავრობას აკ.ჩხენკელმა ოსმალეთთან შემდგომი მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობა დაუტოვა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates