ჰიმნი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა
ჰიმნი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, 1918-1921 წლებში არსებული ქართული სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „დიდება“. მისი ტექსტისა და მუსიკის ავტორია კომპოზიტორი კონსტანტინე ფოცხვერაშვილი (1880-1959). ამ ჰიმნის სრული ტექსტი ასეთია:
„დიდება ზეცით კურთხეულს!
დიდება ქვეყნად სამოთხეს!
ტურფა ივერსა,
დიდება ძმობას, ერთობას!
დიდება თავისუფლებას!
დიდება სამარადისო
ქართველ მხნე ერსა!
დიდება ჩვენსა სამშობლოს!
დიდება ჩვენი სიცოცხლის მიზანს დიადსა!
„ვაშა!“ ტრფობასა, სიყვარულს,
„ვაშა!“ შვებასა, სიხარულს,
„სალამი!“ ჭეშმარიტების შუქ-განთიადსა“.
არსებობს მოსაზრება, რომ „დიდების“ მუსიკა ძალიან წააგავს გერმანიის იმპერიის სახელმწიფო ჰიმნის „დოიჩლანდლიდის“ მუსიკას (ავტორი - იოზეფ ჰაიდნი). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი უცვლელი სახით აღადგინა 1990 წ. შემოდგომაზე საქართველოში გამართული მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ. ეს ჰიმნი შემდგომი თითქმის 14 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 2004 წ. აპრილში დამტკიცდა საქართველოს ახალი სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“.