• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველოს დემოკრატიუილი რესპუბლიკის „დე იურე“ დამოუკიდებლობის აღიარება

საქართველოს დემოკრატიუილი რესპუბლიკის „დე იურე“ დამოუკიდებლობის აღიარება  რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებამ და საბჭოთა რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის „დე ფაქტო“ და „დე იურე“ აღიარებამ, ფაქტობრივად საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო „დე იურე“ აღიარება დააჩქარა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა „დე იურე“ ცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:

ოსმალეთი -1918 წლის 3 ივნისი

არგენტინა - 1919 წლის 15 სექტემბერი

საბჭოთა რუსეთი -7 მაისი 1920 წელი

გერმანია - 24 სექტემბერი 1920 წელი

შვეიცარია -1920 წელი

ბელგია - 27 იანვარი 1921 წელი

საფრანგეთი - 27 იანვარი 1921 წელი

ინგლისი - 27 იანვარი 1921 წელი

იტალია - 27 იანვარი 1921 წელი

იაპონია - 27 იანვარი 1921 წელი

ავსტრია -17 თებერვალი 1921 წელი

რუმინეთი -18 თებერვალი 1921 წელი

ლუქსემბურგი -23 თებერვალი 1922 წელი

ჰაიტი -9 მარტი 1921 წელი

ლიბერია - 28 მარტი 1921 წელი

მექსიკა - 14 აპრილი 1921 წელი

პანამა - 26 აგვისტო 1921 წელი

სიამი -20 ნოემბერი 1921 წელი

   იმ მოსაზრებით, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აღადგენდა თავის დამოუკიდებლობას, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ანექსია-ოკუპაციის შემდეგაც აღიარეს. 1921 6 თებერვლისთვის, თბილისში არაერთი უცხო სახელმწიფოს საელჩო და დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა. მთავრობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს - ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის „დე იურე“ ცნობა მიულოცეს თბილისში აკრედიტებულმა უცხო სახელმწიფოთა შემდეგმა წარმომადგენლებმა:

დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა - სტოქსმა, საფრანგეთის უმაღლესმა კომისარმა - შევალიემ, საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენელმა - პოლკოვნიკმა კორბეილმა, გერმანიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა - რაუშერმა, იტალიის ელჩმა - ჩერუტიმ; იტალიის კონსულმა - ფრანზონიმ; რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა - შეინმანმა; ამერიკის დამხმარე კომიტეტის წარმომადგენელმა - ელვერგმა; ოსმალეთის დიდი ნაციონალური ყრილობის წარმომადგენელმა - ქიაზიმ ბეიმ; პოლონეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა - ოსტროვსკიმ; ნიდერლანდების ვიცე-კონსულმა - ფონ ალენ შტეინმა; ნორვეგიის კონსულმა - სონდლომ;  ესპანეთის ვიცე-კონსულმა - ბარსეგიანიმ; საბერძნეთის წარმომადგენელმა - სკეფერისმა; ფინლანდიის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა - პოლკოვნიკმა ბერკვისტმა; ჩეხოსლოვაკიის ნაციონალური საბჭოს წარმომადგენელმა - სვატოშმა; სპარსეთის გენერალურმა კონსულმა - ზოკა ედ დოვლემ; აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა - ნაჯაფოვმა;

სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა - შავერდოვმა; სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა - კაცენსმა; ესტონეთის კონსულმა - პაულმა; ლატვიის კონსულმა - დაილიდემ;

შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის  „დე ფაქტო“ და „დე იურე“ ცნობასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოები, საკონსულოები თუ დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნა საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, რუსეთში, ოსმალეთში, არგენტინაში, მანჯურიაში, შვეციაში, ნორვეგიაში, აშშ-ი, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში. არგენტინაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი ანდრია დეკანოზიშვილი იყო, ხოლო არგენტინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - ლუკას ეირეგეირა (Lucas Ayarragaray). საფრანგეთში სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა აკაკი ჩხენკელი, ხოლო საელჩოს პირველ მდივნად - სოსიპატრე ასათიანი; გერმანიაში საქართველოს ელჩი იყო ვლადიმერ ახმეტელი; შვეიცარიაში (ბერნში) - მიხეილ სუმბათაშვილი, საელჩოს პირველი მდივანი - ვლადიმერ გურჯიძე; ჟენევაში, ერთა ლიგასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი -ხარიტონ შავიშვილი; ბელგიაში - ანტონ ჟორჟოლიანი, ატაშე - ალექსანდრე ქუთათელაძე; შვეციასა და ნორვეგიაში -მიხეილ (მიხაკო) წერეთელი; იტალიაში - კონსტანტინე საბახტარაშვილი, საელჩოს პირველი მდივანი - გიორგი მაჩაბელი (მოგვიანებით, იგი თავად გახდა ელჩი იტალიასა და ავსტრიაში), ეკონომიკური წარმომადგენელი - მიხეილ ყაუხჩიშვილი, კონსული - გიორგი აფხაზი; დიდ ბრიტანეთში - დავით ღამბაშიძე, პირველი მდივანი - ანდრია გუგუშვილი, მდივანი - ვიქტორ ნოზაძე; არგენტინაში - ანდრია დეკანოზიშვილი; ოსმალეთში (კონსტანტინოპოლში) - მთავრობის რწმუნებული - კონსტანტინე გვარჯალაძე, კონსული - იოსებ გოგოლაშვილი, ეკონომიკური წარმომადგენელი - ივანე ჭავჭანიძე, ანკარაში, ქემალ ფაშას მთავრობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი სვიმონ მდივანი იყო, სამხედრო მრჩეველი - გენერალი ალექსანდრე ერისთავი, საქმეთა მწარმოებელი - არისტო ჭუმბაძე, ატაშე - მელიტონ ქარცივაძე და ზია აბაშიძე, ოფიცრები დავალებათათვის - ემუხვარი და ლეიტენანტი დიმიტრი შალიკაშვილი (გენერალ ჯონ-მალხაზ და ოთარ შალიკაშვილების მამა); მანჯურიაში, ხარბინში - ნიკოლოზ ჯიშკარიანი; აშშ-ი წარმომადგენლად - ილია გოლდმანი, მოგვიანებით - დავით ღამბაშიძე, ხოლო 1926 დევნილი მთავრობის კონსულად ვასილ დუმბაძე გაიგზავნა; რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკაში (მოსკოვში) - თავდაპირველად  გაბრიელ ხუნდაძე , ხოლო შემდეგ  გერასიმე მახარაძე დაინიშნა. ნოვოროსიისკში კონსული - პეტრე ჩინიჯიშვილი; შორეულ აღმოსავლეთში კონსული ჯერ ფრანსუა თუმანოვი იყო, ხოლო შემდეგ - კირილე თუმანოვი; უკრაინაში - ბიქტორ თევზაია, ბაქოში - ივანე ქარცივაძე; ჩეხოსლოვაკიაში - გიორგი აიოლო; პოლონეთში პირველი ელჩი სიმონ სიდამონ-ერისთავი იყო, მოგვიანებით - იოსებ სალაყაია, კონსული - სერგო ყურულაშვილი; საბერძნეთში (ათენში) - ჩილინჯიშვილი, კონსულად - ჩინგოზაშვილი. გარდა ამისა, ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური წარმომადგენლები იყვნენ: იოსებ ელიგულაშვილი, ნიკოლოზ ჯაყელი, მათე სკობელევი და სიმონ შიფრინი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის  კონსტიტუცია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის  კონსტიტუცია. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921-ის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო. იგი ქართული კონსტიტუციონალიზმის თავფურცელია. საქართველოს პირველი კონსტიტუციის ტექსტი დაეფუძნა კონსტიტუციონალიზმის იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლებიც ასეთ პრინციპებად აღიარებული იყო, პროექტის შემუშავებისა და მიღების პერიოდში, დასავლურ კონსტიტუციონალიზმში. ეს პრინციპებია: ხელისუფლების ფუნქციონალური განაწილების (კონსტიტუციაში ცალკე თავი ეთმობა პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და სასამართლოს); მმართველობის ფორმის უცვლელობის ; პარლამენტის უზენაესობისა და სუვერენობის; პარლამენტის უწყვეტობის; სახალხო სუვერენიტეტის; რესპუბლიკური მართვა-გამგეობის; უშუალო დემოკრატიის (რეფერენდუმი); კოლეგიალური მართვა-გამგეობის; აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურიპ ასუხისმგებლობის; აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის პრინციპები. კონსტიტუცია დაეფუძნა საქართველოს 1918  26 მაისის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, რომელიც შემდგომში ამ კონსტიტუციის პრეამბულად ითვლებოდა. კონსტიტუციამ მმართველობის ფორმად საპარლამენტო რესპუბლიკა დაამკვიდრა ერთი განსაკუთრებული თავისებურების გათვალისიწნებით - სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის ინსტიტუტის გარეშე, რაც მათი მხრიდან მონარქიის შიშით იყო გამოწვეული. სოციალ-დემოკრატებში პრეზიდენტს მონარქთან აიგივებდნენ.

   კონსტიტუცია შესდგება 17 თავისა და 149 მუხლისაგან. პირველი თავი ეთმობა ზოგად დებულებებს, რომელთა მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და განუყოფელი სახელმწიფო, მისი დედაქალაქია თბილისი, ხოლო სახელმწიფო ენა - ქართული ენა. იქვეა განმტკიცებული სახელმწიფო სიმბოლოები, საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის და კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპები.

  კონსტიტუციის მეორე (საქართველოს მოქალაქეობა), მესამე (მოქალაქის უფლებანი), მეთორმეტე (სწავლა-განათლება და სკოლა), მეცამეტე (სოციალ-ეკონომიკური უფლებანი), მეთოთხმეტე (ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი) და მეთხუთმეტე (სახელმწიფო მოხელენი) თავები ადამიანის ძირითად უფლებებს ეხება. აქ წარმოდგენილია უფლებათა სამივე კატეგორია: პირადი, სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური. ასევე განმტკიცებულია ამ უფლებათა დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები.

   მეოთხე თავი ეთმობა საქართველოს პარლამენტს, რომელიც აირჩეოდა პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო და ფარული არჩევნების პრინციპის საფუძველზე პროპორციული წესით სამი წლის ვადით. მოცემულია პარლამენტის კომპეტენციები, ასევე, პარლამენტის წევრის სამართლებრივი მდგომარეობა. კონსტიტუციის მიხედვით, ხელმწიფება ეკუთვნის ერს, თუმცა ამ ხელმწიფებას კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს პარლამენტი. აქიდან გამომდინარე კონსტიტუციამპარლამენტის უზენაესობის პრინციპი დაადგინა.

   მეხუთე თავი ეძღვნება ხელისუფლების მეორე შტოს - აღმასრულებელ ხელისუფლებას. კონსტიტუციის ამ თავის შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მეთაური იყო კოლეგიალური ორგანო - მთავრობა. კონსტიტუციამ დაადგინა მთავრობის პოლიტიკური და იურიდიული პასუხისმგებლობის პრინციპი პარლამენტის წინაშე. მთავრობა წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს. მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივისა და პარლამენტში ბიუჯეტის შესახებ კანონის წარდგენის უფლბამოსილება მიენიჭა.  მთავრობა იყო თავდაცვის სფეროშიც უმაღლესი ორგანო.

   მეექვსე თავი ეთმობა სასამართლო ხელისუფლებას. გათვალისიწნებულია უმაღლესი სასამართლოს - სენატის არსებობა. აღნიშნული თავი განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს. გათვალისიწნებულ იქნა ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო.

   მეშვიდე თავი ეხება გადასახადებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს. დადგინდა გადასახადების კანონით შემოღების პრინციპი. კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოასწრო საანგარიშო წლის დადგომამდე, მთავრობას, პარლამენტის ნებართვით, უფლება ეძლევა სახელმწიფო ხარჯები ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაფაროს.

   მერვე თავი განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის, როგორც უწყების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტატუსს. სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევდა პარლამენტი და ის მის წინაშე იყო პასუხისმგებელი. კონტროლიორის ფუნქციები იყო: სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება; სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი; მთავრობისა და სხვადასხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში; ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები.

    მეცხრე თავში განისაზღვრა სახელმწიფო თავდაცვა და მასთან დაკავშირებული უმნიშველოვანესი საკითხები. განისაზღვრა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულება. კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ სამხედრო ძალების დანიშნულებაა რესპუბლიკისა და მისი ტერიტორიის დაცვა, გასაწვევთა რაოდენობას პარლამენტი ამტკიცებდა.

   მეათე თავი მიეძღვნა ადგილობრივ თვითმმართველობას. ადგილობრივი თვითმმართველობას ირჩევდნენ საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით. ადგილობრივი თვითმმართველობა მართვა-გამგეობის საქმეში ემორჩილებოდა მთვარობის ცენტრალურ ორგანოებს. მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს უფლება ჰქონდათ შეეჩერებინათ ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება და განკარგულება, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს.

   მეთერთმეტე თავი ეხება ავტონომიურ მმართველობას, რომელთა მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს — აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოსა (ბათუმის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი) მიენიჭათ ადგილობრივი ავტონომიური მმართველობა.

მეთექვსმეტე თავის მიხედვით,სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებულნი არიან. არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა. ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.

  კონსტიტუციის ბოლო მეჩვიდმეტე თავი, როგორც წესი, კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვას ეხება. კონსტიტუციამ ცვლილებებისა და დამატებების რთული წესი დაამკვიდრა. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივისუფლება ჰქონდა პარლამენტის წევრთა ნახევრის არანაკლებსა და ორმოცდაათი ათას ამომრჩეველს. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი მიღებულ უნდა ყოფილიყო პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. იგი ძალაში შედიოდა მხოლოდ რეფერენდუმზე ხალხის თანხმობის შემთხვევაში. კონსტიტუციით აიკრძალა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა რესპუბლიკური მართვა-გამგეობის გაუქმების მიზნით.            

საქართველო-საბჭოთა აზერბაიჯანის სავაჭრო ხელშეკრულება

საქართველო-საბჭოთა აზერბაიჯანის სავაჭრო ხელშეკრულება. 1920-ის 12 ივნისს სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დაიდო. ზავი  აღსტაფაში გაფორმდა. იმავე დღეს, ორ ქვეყანას შორის  სამშვიდობო ხელშეკრულების დამატებითი, 4 მუხლისგან შემდგარი, მორიგება დაიდო. ხელშეკრულების დამდებ მხარეებს წარმოადგენენ: ერთის მხრივ, აზერბაიჯანის სსრ-ს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მირზა დაუთ ჰუსეინოვი და მეორე მხრივ, საქართველოს დრ-ის თავდაცვის მინისტრი - გრ.  ლორთქიფანიძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე - ს. მდივანი და ალ. ანდრონიკაშვილი. ხელშეკრულება 18 მუხლისგან შედგება. პირველი მუხლის მიხედვით: „აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ისპობა ყოველივე საომარი მოქმედება და ორივე მხარე სამშვიდობო და სამეგობრო ურთიერთობებს იწყებს, ომის დროს ტყვედ ჩავარდნილებს, ორივე მხარე ერთმანეთს უბრუნებს“. აღსტაფის ხელშეკრულების თანახმად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ცარიზმის დროინდელ თბილისისა და განჯის გუბერნიების გამყოფ საადმინისტრაციო ხაზზე დადასტურდა, მაგრამ მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ ზაქათალის ოლქზე. საკითხის გადაწყვეტა საარბიტრაჟო კომისიას მიენდო.  საზავო ხელშეკრულება საქართველოს დრ-ის დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა.   ზავთან დაკავშირებით ქართული მხარე თვლიდა რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს დრ-ის სახელმწიფოებრივი ცხოვრება და ხალხის მშვიდობიანი და ნორმალური განვითარება შესაძლებელი იყო, მხოლოდ, ამიერკავკასიის სრული მშვიდობიანობის დროს.  საქართველოს მხარე აცხადებდა აუცილებელ საჭიროებად, რათა  ყველა კონფლიქტი, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის მოხდებოდა მშვიდობიანი გზით გადაიჭრილიყო. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული სადავო საკითხების გადაჭრა იარაღით ემუქრებოდა საერთო ზავს, ამიერკავკასიის წონასწორობას და შეეძლო შეერყია ის დებულებანი, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო. რესპუბლიკის მთავრობა იმედს გამოთქვამდა, რომ აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური მთავრობა თავის მხრივ, სომხეთ-აზერბაიჯანის სადავო საკითხების გადასაწყვეტად ყველაფერს გააკეთებდა. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ასევე, სავაჭრო ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, რომლის შესაბამისად აზერბაიჯანი საქართველოს ნავთობპროდუქტებით მოამარაგებდა. აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში - სერგეი კიროვი (ნამდვილი გვარი კოსტრიკოვი), რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს - გიორგი ჩიჩერინს წერდა: „უკიდურესი ზომების მიღება დამჭირდა, რათა ეს მოლაპარაკება ჩამეშალა და ხელშეკრულება, რომელიც სრულიად მზად იყო, დარჩა ხელმოუწერელი“. საქართველოს - აზერბაიჯანის ხელშეკრულების დასადებად, წინასწარი შეთანხმების თანახმად, ორივე დელეგაციის შეხვედრა აღსტაფაში, 31 მაისს უნდა მომხდარიყო. 30 მაისს გავიდნენ თბილისიდან და საღამოს 6 საათზე იყვნენ ფოილოს ხიდთან საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე, სამხედრო მინისტრი გრ. ლორთქიფანიძე და დელეგაციის წევრები: დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ს. მდივანი და გენერალი ანდრონიკაშვილი. მდივნები: დ. მდივანი და შ. ვადაჭკორია. განჯის ამბების გამო, აზერბაიჯანის დელეგაცია აღსტაფაში დანიშნულ დროს ვერ მივიდა. საქართველოს დელეგაციამ  აზერბაიჯანის დელეგაციის თავმჯდომარის - სულთანოვისგან ცნობა მიიღო, რომ აღსტაფაში მისვლა მას მხოლოდ 3 ივნისს შეეძლო და ამიტომ სთხოვა დროებითი ზავის დადება გადადებულიყო. საქართველოს დელეგაცია თბილისში დაბრუნდა და 2 ივნისს ისევ უკან წავიდა. ფოილოს ხიდთან მიახლოვებისას, დელეგაცია მდინარე მტკვარზე გაკეთებულ ბონდზე გადავიდა. მეორე მხარეს დელეგაციას აზერბაიჯანის მატარებელი უცდიდა, რომლითაც საქართველოს დელეგაცია აღსტაფაში დილის 9 საათზე მივიდა. დელეგაციას დახვდნენ აზერბაიჯანში მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები - გ. კ. ალშიბაიას მეთაურობით და  აზერბაიჯანის საზავო დელეგაცია თავმჯდომარესთან ერთად. საზავო კონფერენციის პირველი სხდომა დილის 11 საათზე გაიხსნა. მოხდა მანდატების გაცვლა-გამოცვლა. აღიარეს ხელისმომწერ სახელმწიფოთა სუვერენობა და დამოუკიდებლობა. მიიღეს შემდეგი დღის წესრიგი: 1. პოლიტიკური საკითხები; 2. ტერიტორიალური; 3. სამხედრო; 4. ეკონომიკური. ზემო აღნიშნული საკითხები განიხილეს 3, 4 და 5 ივნისს.  უთანხმოების გამო, მოლაპარაკება დროებით შეწყდა. 6 ივნისს აზერბაიჯანის დელეგაციამ განაცხადა, რომ საკუთარ მთავრობას უნდა მოლაპარაკებოდა და დროებითი ზავის გაგრძელების გადადება კიდევ ერთი კვირით მოითხოვა, მაგრამ საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო, შეხვედრა მხოლოდ 4 დღით - 9 ივნისის საღამოს 5 საათამდე გადაიდო. 8 ივნისს დილით 11 სათზე, საქართველოს დელეგაცია აღსტაფაში გაემგზავრა და 9 ივნისს დილის 8 საათზე, მას აზერბაიჯანის დელეგაცია შეხვდა, რომლის მეთაური უკვე მეორე თავმჯდომარე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მირზა-დაუთ ხუსეინოვი იყო. საზავო დელეგაციამ მატერიალურ და ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკება გამართა. დიდი კამათი გამოიწვია ტერიტორიულმა და საზღვრების საკითხებმა. კამათის შემდეგ, ყველა საკითხზე  შეთანხმებას მიაღწიეს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 12 ივნისს, საღამოს 10 საათზე, რომლის შემდეგ იმავე დღეს, დელეგაციები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. 

საქართველო-სომხეთის ხელშეკრულება

საქართველო-სომხეთის ხელშეკრულება 1919 წლის 3 ნოემბერს, საქართველოსა და სომხეთს შორის თბილისში ორი ხელშეკრულება დაიდო. პირველი დოკუმენტი მხარეებს ყველა სადაო საკითხის ურთიერთშეთანხმებით ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტას ავალდებულებდა, ხოლო მეორე მეზობელ რესპუბლიკებს შორის სამი წლის ვადით თავისუფალ ტრანზიტს ითვალისწინებდა. ორივე ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა, როგორც საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, ისე სომხეთის პარლამენტში. გონივრული კომპრომისების გზით, შესაძლებელი იყო მოეგვარებინათ საზღვრებისა და ტერიტორიული გამიჯვნის პრობლემებიც, მაგრამ სომხეთის ხელისუფლება დათმობაზე არ მიდიოდა. სომხეთის რესპუბლიკის მესვეურებს მოკავშირე სახელმწიფოების გადაჭარბებული იმედი ჰქონდათ. ისინი აშშ-ის პრეზიდენტ უილსონისგანაც დიდ მხარდაჭერას მოელოდნენ (იმ დროს აქტიურად განიხილებოდა სომხეთზე აშშ მანდატის დაწესების საკითხი), რის გამოც სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მეზობლებს ანგარიშს აღარ უწევდა. სომეხი პოლიტიკოსები, პარიზის, ლონდონისა თუ სან-რემოს საერთაშორისო კონფერენციებზე თამამი მოთხოვნებით გამოდიოდნენ. საქართველოსთან მიმართებაში სომხეთი არ კმაყოფილდებოდა მისთვის აღთქმული გარანტიით - დათმობოდა გასასვლელი შავ ზღვაზე. იგი ხან სომხეთ-საქართველოს საზღვრის მდინარე ჭოროხზე გავლების წინადადებას აყენებდა და ხანაც ბათუმის ნავსადგურის ნაწილს, სომხეთის ბათუმთან დამაკავშირებელი მომავალი სარკინიგზო ზოლის ექსტერიტორიულობასა და მის სრულ საკუთრებაში აღიარებას მოითხოვდა. რასაკვირველია, სომხური მხარის ეს წინადადება ქართველი პოლიტიკოსებისთვის მიუღებელი იყო და შეთანხმებაც ვერ მოხერხდა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტის იმედი ამაო გამოდგა. სომხეთი მეზობელი ქვეყნებისაგან განმარტოვებული დარჩა. მეტიც, საქართველოს შემდეგ მას სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანთანაც მოუხდა (1920 წლის გაზაფხული). თვითიზოლაციის დამღუპველი შედეგი არარატის რესპუბლიკამ მალევე იწვნია, როცა 1920 წლის ნოემბერში მუსტაფა-ქემალის არმია ყარსსა და ალექსანდროპოლში შეიჭრა, სომხეთს ფაქტობრივად არავინ გამოესარჩლა. განწირული მეზობლის დასაცავად ხელი არც საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფალთ გამოუღიათ. სომხეთს „შემწედ“, მხოლოდ, ბოლშევიკური რუსეთი მოევლინა. რუსეთის ხელისუფლებამ ოსმალთა აგრესია კი შეაჩერა, მაგრამ სომხეთის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ბოლო მოუღო და ეს ქვეყანა კრემლის მარიონეტ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გადააქცია.

საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება

საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება. დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე წელსაც დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები კვლავ არ ჩქარობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარებას. თავშეკავება რუსეთის ფაქტორით იყო განპირობებული; სამოქალაქო ომის პერიოდში დასავლეთი მხარს უჭერდა რუსეთის იმპერიის მთლიანობას. ომში საბჭოთა რუსეთის გამარჯვების შემდეგ ანტანტის სახელმწიფოებმა სცნეს საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობა (1920 წლის 12 იანვარი). ანტანტის ქვეყნების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოს მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დასავლეთი ანგარიშს უწევდა საბჭოთა რუსეთის ოფიციალური პოზიციის გარკვევას დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ. ამგვარ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისათვის გაგზავნა ცნობილი სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე. ქართული მხარის მიზანი იყო საბჭოთა რუსეთს ეცნო საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობა და ქვეყნის ტერიტორიული საზღვრები. საბჭოთა რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებეს აწარმოებდა საგარეო საქმეთა კომისრის (მინისტრის) მოადგილე ლევ კარახანი (ლეონ კარახანიანი). მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. 1920 წლის 7 მაისს გრ. ურატაძემ და ლ. კარახანმა ხელი მოაწერეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის ხელშეკრულებას. დოკუმენტი შედგება პრეამბულის, 16 მუხლისა და ორი  საიდუმლო დანართისაგან. ხელშეკრულების პირველი და მეორე მუხლით, რუსეთი უსიტყვოდ სცნობდა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და მის სუვერენიტეტს. რუსეთი უარს აცხადებდა  ყოველგვარი სახის პრეტენზიაზე ქართველი ხალხისა და საქართველოს ტერიტორიის მიმართ; უარს ამბობდა საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევაზე.  ხელშეკრულების IV მუხლის მიხედვით რუსეთი საქართველოს შემადგენლობაში უსიტყვოდ სცნობდა ყოფილი იმპერიის თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში შემავალ მაზრებს; ბათუმის, ზაქათალისა და სოხუმის ოლქებს. ხელშეკრულების VI მუხლით, რუსეთი ვალდებულებას იღებდა, თავის ტერიტორიაზე არ დაეშვა საქართველოს მთავრობის მტრულად განწყობილი მოქმედი ჯგუფები და ორგანიზაციები. ხელშეკრულების XII, XIII და XV მუხლები, საქართველო- რუსეთს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების საკითხებს ითვალისწინებდა. დადებით მხარეებთან ერთად, იმავე ხელშეკრულების III, V, X მუხლები და დამატებითი შეთანხმების ზოგიერთი ნაწილი, საქართველოს ხელისუფლების წინაშე მძიმე მოთხოვნებს აყენებდა. III მუხლის მეორე ნაწილით, რუსეთ- საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დამდგენი კომისიის დასკვნამდე, 1922 წლის პირველ იანვრამდე, სასაზღვრო უღელტეხილები - საზღვრიდან 5 ვერსის მანძილზე ნეიტრალურად ცხადდებოდა. უღელტეხილების გამაგრება ან დაკავება პერიოდში ორივე მხარეს ეკრძალებოდა. ჩრდილოეთის საზღვრის სტრატეგიული უღელტეხილები, წლისა და 7 თვის განმავლობაში დაუცველი რჩებოდა. X მუხლის V და VI პარაგრაფები, ქართული ჯარის შემადგენლობაში არშემავალი უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთების საქართველოდან გაყვანას მოითხოვდა. ამ შემთხვევაში, საქართველოში მყოფი ბრიტანეთის სამხედრო შენაერთები იყო ნაგულისხმევი. როგორც აღვნიშნეთ,ხელშეკრულების II მუხლით, რუსეთი, საქართველოს საქმეებში ჩაურევლობის გარანტიას იძლეოდა, მაგრამ X და სპეციალური დანართის პირველი მუხლი ქართულ მხარეს ავალდებულებდა: 1). ყველა იმ პირების განთავისუფლებას, რომლებიც საბჭოთა რუსეთის ან კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ გაწეული საქმიანობის გამო იყვნენ დასჯილნი; 2). საქართველოს ტერიტორიაზე კომუნისტური ორგანიზაციებისათვის თავისუფალი არსებობის და აგიტაცია- პროპაგანდის ნებართვის მიცემას. 1920 წლის 7 მაისის რუსეთ- საქართველოს ხელშეკრულებას, საპროტესტო ნოტებით შეხვდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა უწყებები. 1)სომხური მხარე, ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების საქართველოსადმი გადაცემას აპროტესტებდა, იმავდროულად, ბათუმის ოლქში ჭოროხის რაიონით დაკმაყოფილებას მოითხოვდა; 2)რაც შეეხება გასაბჭოებულ აზერბაიჯანს, იგი ზაქათალას ოკრუგის საქართველოს საზღფვრებში შეტანას აპროტესტებდა. ამ ფაქტს უკავშირდება 1920 წლის 12 მაისს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ძირითადი ხელსეკრულების დამატებითი ნაწილის სახითაა ცნობილი. ძირითადი ხელშეკრულების და დამატებითი შეთანხმების პირველ პარაგრაფს შორის განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: 1)ხელშეკრულების IV მუხლი ზაქათალას ოკრუგს, ყოველგვარი საზღვრების შესწორების გარეშე საქართველოს შემადგენელ ნაწილად აცხადებდა; 2)ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების I მუხლით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე და თვით ზაქათალას ოკრუგში მდებარე სადაო ადგილების (პუნქტების) კუთვნილების გადაწყვეტის საკითხი, შერეული კომისიის კომპენტენციად იყო მიჩნეული. ხელშეკრულების დამატებიი I ნაწილი ძირითადი ხელშეკრულების IV მუხლს არ არღვევდა, რადგან იგი ზაქათალას ოკრუგის კუთვნილებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა. საკითხი ეხებოდა მხოლოდ ოკრუგის შიგნით სადაო ადგილის - პუნქტის საზღვრის მოსალოდნელ კოსმეტიკურ ცვლილებას და არა ოკრუგის აზერბაიჯანისადმი გადაცემას. სადავო ადგილების შესახებ, რომელიც მდებარეობდა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე და ზაქათალას ოკრუგში, გადასაწყვეტად მომავალში გადაეცემოდა შერეულ კომისიას. ხელშეკრულებაში სასიკეთო და საზიანო მუხლების მიუხედავად, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ეს დოკუმენტი დადებითად შეაფასა. რუსეთ- საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებამ, გარკვეული სტიმულატორის ფუნქცია შეასრულა ევროპის სახელმწიფოებისათვის, რათა მათ,  ეღიარებინათ საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates