• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რელიგიის საკითხი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობაში

რელიგიის საკითხი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობაში,

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობაში ყურადღება ეთმობოდა რელიგიის საკითხს და მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილს როლს. ამ კუთხით მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წ. 28 ნოემბრის კანონი საღვთო სჯულის სწავლების გაუქმებისა, რაც ითვალისწინებდა:  1. ყოველი ტიპისა და საფეხურის სახაზინო და კერძო უფლებიან სკოლაში გაუქმდეს საღვთო სჯულის სწავლება და საღვთო სჯულის მასწავლებლის თანამდებობა. 2. ხსენებულ სკოლებში დაიხუროს კრედიტი, რომელიც გახსნილი იყო საღვთო სჯულის მასწავლებელთა ჯამაგირისათვის; 3. შტატს გარეშე დატოვებულ საღვთო სჯულის მასწავლებელთ მიეცეთ ჯილდო, რომელიც დაწესებულია 1918 წ. ივლისის 5-ის კანონით; 4. იმ მშობლებს, რომლებიც მოისურვებენ თავის შვილებს თავის ხარჯით ასწავლონ საღვთო სჯული, დაეთმოთ სკოლის შენობა იმ საათებში, როდესაც ეს ხელს არ შეუშლის სხვა საგნების სწავლებას. 5.ეს კანონი ძალაში შედის დღიდან მისი გამოქვეყნებისა მთავრობის ორგანო „საქართველოს რესპუბლიკა“-ში. შემდეგი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების და საქართველოს რესპუბლიკის 1919 წ. 17 ივნისის კანონი უქმე დღეების შემცირებისა, რომლითაცგაუქმდა   მირქმა უფლისა – თებერვლის 15; აღდგომის მესამე დღე – სამშაბათი, მეორე დღე სული-წმინდის მოფენისა, ფერისცვალება უფლისა – აგვისტოს 19, მიძინება ღვთისმშობლისა ­– აგვისტოს 28, ჯვართ-ამაღლება – სექტემბრის 27 და ტაძრად მიყვანება – დეკემბრის 4.

რელიგიის თემატიკა, ასევე აისახა 1921-ის წ. 21 თებერვალს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც თავი 16 ეხება სახელმწიფოს და ეკლესიას, რონლის მიხედვითაც:

მუხლი 142. სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან.

მუხლი 143. არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა; მუხლი 144. ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.

ოსიაურის ბრძოლა (1921 წლის 4-6 მარტი)

ოსიაურის ბრძოლა (1921 წლის 4-6 მარტი). ქართულმა არმიამ დედაქალაქი დატოვების შემდეგ  პოზიციების შენარჩუნება ვერც მცხეთასთან და ვერც გორთან ვერ მოახერხდა და მცირე არიერგარდული ბრძოლებით სამხედრო შენაერთებმა ხაშურისა და ლიხის ქედისაკენ დაიხიეს. თბილისის აღების შემდეგ, რუსებმა შექმნეს ბათუმის მიმართულების ჯგუფი, რომელშიც შედიოდა 4 მსროლელი და 4 ცხენოსანი ბრიგადა . ეს ძალები თბილისიდან ქარელამდე იყო გადაჭიმული, რაც მათ წინააღმდეგ ბრძოლას აიოლებდა, რუსთა მეწინავე ნაწილებს ჩამორჩა არტილერია და სურსათი. ბათუმის ჯგუფის პირველი ამოცანა იყო ქართული არმიის დევნა მცხეთა-გორი-სურამის მიმართულებით და სურამის უღელტეხილის დაკავება.   ქართული არმიის მთავარსარდალმა  გენერალმა გიორგი კვინიტაძემ გადაწყვიტა საბჭოთა რუსეთის არმიის დაჯგუფების ავანგარდზე იერიშის მიტანა, მათი ალყაში მოქცევა და განადგურება.  შეტევის დაწყება გადაწყდა 4 მარტს, დილის 7 საათზე. ამ დროისათვის კვინიტაძეს ძალებს შეადგენდა 6 000 ჯარისკაცი, 3 ჯავშანმატარებელი და 4 საარტილერიო ბატარეა, უახლოეს რეზერვს წარმოადგენდა ახალციხიდან მომავალი 1 500 კაციანი მე-11-ე ქვეითი პოლკი. ქართული რეგულარული არმიის ნაწილები გენერლების მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის მეთაურობით განლაგდა ხაშურის აღმოსავლეთით, რათა მოწინააღმდეგისათვის ფრონტალური დარტყმა  მიეყენებინა, ხოლო სახალხო გვარდიელებმა, რომელთაც მეთაურობდნენ გენერლები კონიაშვილი და ჯიჯიხია, დაიკავეს ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული გაბატონებული სიმაღლეები.  გვარდიელები, რომლებიც შეტევას მაღლობიდან იწყებდნენ, თავისუფლად უნდა გასულიყვნენ რუსული ნაწილების ფლანგსა და ზურგში, რის შედეგადაც რუსული არმიის ავანგარდი დაახლოებით 5 000 ჯარისკაცი სრულ ალყაში ექცეოდა. ხაშურში განთავსდა მთავარსარდლის შტაბი და მათი დაცვა დაევალა იუნკერთა სასწავლებლის კურსანტებს.  4 მარტის დილით შეტევა წარმატებულად წარიმართა - სუმბათაშვილისა და მაზნიაშვილის დაჯგუფებებმა ჯერ საარტილერიო ცეცხლით დაამუშავეს მოწინააღმდეგე და შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტიც დაიკავეს. წარმატებით ვითარდებოდა შეტევა ფლანგსა და ზურგში, გვარდიელებმა მეტოქის ფლანგს შემოუარეს, თუმცა დაღამებამდე მოწინააღმდეგის ზურგში გასვლა და ალყაში მოქცევა ვერ მოხერხდა, რაშიც კვინიტაძე ბრალს გვარდიას დებს, რადგანაც მათ შეტევა დათქმულ დროზე საათ-ნახევრით გვიან დაიწყეს. ოპერაციის დასრულება მეორე დილისათვის გადაიდო. დაღამებისას არმიის შტაბში მსუბუქად დაჭრილი ვალიკო ჯუღელი მივიდა. მისმა დაჭრამ გვარდიის ნაწილებში არევ-დარევა გამოიწვია, თუმცა მისივე თქმით მან მოახერხა  მათი დამშვიდება.  5 მარტის ღამის პირველ საათზე გენერალმა კონიაშვილმა მთავარსარდალს უპატაკა, რომ გვარდიამ თვითნებურად, ბრძოლის გარეშე მიატოვა პოზიციები და სურამისაკენ დაიხია. ახლა უკვე წინ გაჭრილი ქართული არმია ვარდებოდა ალყაში. ქართულმა ნაწილებმა ლიხის ქედისკენ დაიხიეს , მაგრამ იქაც ვერ მოხერხდა პოზიციების შენარჩუნება და რუსულმა ნაწილებმა 6 მარტს გადალახეს ლიხის ქედი და დასავლეთ საქართველოში შეიჭრნენ.

ოსური ავტონომიის საკითხი 1917- 1920 წლებში

ოსური ავტონომიის საკითხი 1917- 1920 წლებში. ამიერკავკასიის ოსების ჯავის ყრილობაზე (1917-ის ივნისი) მიღებული რეზოლუციით, საქართველოს ოსებისთვის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლება უნდა მიეცათ და მათთვის ეროვნულ- ტერიტორიული ერთეული შეექმნათ. ცხინვალში 1917-ის 15- 17 დეკემბერში ჩატარებულ ოსების მეორე ყრილობაზე მიღებულ დადგენილებაში შემდეგი მოთხოვნები იყო დაყენებული: 1.`სამხრეთ ოსეთში უნდა შემოეღოთ ერობა და ტერიტორიულად გამოეყოთ ოსებით დასახლებული მთის ზოლი - რაჭის, შორაპნის, გორისა და დუშეთის მაზრებიდან; 2. ერობა არჩეული უნდა ყოფილიყო საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პროპორციული უფლებებით. ერობას სავალდებულო დადგენილებების მიღების უფლება მისცემოდა; 3. სამხრეთ ოსეთში~ ერობის შემოღება უნდა განეხორციელებინა `სამხრეთ ოსეთის ეროვნულ საბჭოს. აშკარად გამოიკვეთა ოსებისგან საქართველოს ტერიტორიის მიტაცების სურვილი.. ეს მისწრაფება ოფიციალური დოკუმენტით იქნა დადასტურებული ამიერკავკასიის კომისარიატისადმი 1918-ის იანვარში წარდგენილ პროექტში - „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული საერობო თვითმმართველობის შესახებ“.პროექტი ითვალისწინებდა - გორის, დუშეთის, რაჭისა და შორაპნის მაზრებისათვის ჩამოჭრილი ტერიტორიების საფუძველზე, „სამხრეთ ოსეთის“ განსაკუთრებული ადმინისტრაციის შექმნას, რომელშიც უნდა შესულიყო ოთხი მაზრა და ერთი ქალაქი - ცხინვალი. დოკუმენტი იმავე წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნულ საბჭოს გადაეგზავნა. 1918-ის სქტემბრიდან, ოსების ეროვნულმა საბჭომ ოსებისთვის ცალკე ადმინისტრაციული საოლქო ავტონომიის მოთხოვნა წამოაყენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა კომისიამ, ოსებისთვის საერობო ერთეულის შემოღების შესახებ 1919-ის ივლისში საგანგებო პროექტი წარუდგინა მთავრობას. ამ დოკუმენტის მიხედვით, გორის, რაჭის და შორაპნის მაზრებიდან ჩამოჭრილი ტერიტორიების (8 სასოფლო საზოგადოება და სამი სოფელი) საფუძველზე, ოსებისთვის განსაკუთრებული ჯავის სამაზრო ერთეულის შექმნა იყო გათვალისწინებული. საკითხი იხილებოდა ოსებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიის მიერ. „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა ალ.თიბილოვმა ამ კომისიას „სამხრეთ ოსეთისა“ და ჩრდილო ოსეთის გაერთიანების ბაზაზე შესაქმნელი ერთიანი ოსური სახელმწიფოს რუკა წარუდგინა. იმჟამად ოსთა ცალკე ადმინისტრაციული სამაზრო ერთეულის შექმნა, გენერალ-ლეიტენანტ ანდრია ბენაშვილისა და პროფ. ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით, საუწყებათაშორისო კომისიამ მიუღებლად ჩათვალა, რადგან )ჯავის მაზრის შექმნით, ოსური მოსახლეობა შიდა ქართლის შუაგულ ტერიტორიას დაეპატრონებოდა; ჩრდილო ოსეთის საზღვრის და საქართველოს სტრატეგიული საუღელტეხილო გადმოსასვლელების (მამისონი, როკი, თრუსო) გამკონტროლება საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდებოდა და სხვ. იმ შემთხვევაში, თუკი ფართო საერობო თვითმმართველობის უფლებით ეროვნულ პრინციპებზე აგებული ოსური მაზრის შექმნა აუცილებელი გახდებოდა, მისი საზღვარი მთავარ რკინიგზას და საქართველოს სამხედრო გზას მაქსიმალურად უნდა დაშორებოდა; ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, დვალეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა შესულიყო. კომისიის ეს დასკვნა ქვეყნის დაცვას და მისი უსაფრთხოების გარანტიის შექმნას ითვალისწინებდა.  ამ პერიოდში ოსთა ყრილობებისა და ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული მთელი რიგი დოკუმენტები „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნულ საბჭოს განიხილავდნენ, როგორც ჩრდილო ოსეთის საბჭოს სექციას და მისადმი დაქვემდებარებულ სტრუქტურას. ასეთ შემთხვევაში, შიდა ქართლის ოსებით დასახლებული ტერიტორია შესაძლოა საქართველოს იურისდიქციის სივრციდან გარეთ აღმოჩენილიყო. 1919-ის 19 ივნისს საქართველოს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინეს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტი. დოკუმენტი საქართველოს ფარგლებში ოსებისთვის განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი სახელმწიფო წარმონაქმნის მქონე კანტონის შექმნას მოითხოვდა, რომელიც შვეიცარულ- კონფედერაციულ მოდელს ჰგავდა. . შვეიცარული კანტონისგან განსხვავებით, ოსური კანტონის ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობის წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებიოდა და არც საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას აღიარებდა. ქართველმა კანონმდებლებმა ოსების მიერ წარმოდგენილ პროექტი მიუღებლად იქნა მიჩნეული. საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული უმცირესობებს და მათ შორის ოს მოსახლეობას უნდა ესარგებლა კულტურული ავტონომიის უფლებებით, რაც კონსტიტუციის IV თავის 130- ე მუხლში იქნა შეტანილი. ამ დოკუმენტის მიხედვით ეთნიკური უმცირესობების მოწყობა, მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების (თემები, ერობა, ქალაქი) სახით დაკანონდა. საქართველოში მცხოვრები ოსი მოსახლეობა ამ უფლებრივ ჩარჩოში იქნა მოქცეული.

კერძო სასწავლებლები 1918-1921 წლების საქართველოში

კერძო სასწავლებლები 1918-1921 წლების საქართველოში - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბევრი კერძო სასწავლებელი არსებობდა. მთავრობა არ ზღუდავდა მათ გახსნას, თუმცა სპეციალურად ამოწმებდა განათლების საერთო კანონის შესრულებას და მოსწავლეთა და პედაგოგთა უფლებების დაცვას სკოლის დირექციის მიერ. დარღვევების შემთხვევაში სკოლას ხურავდა. კერძო სკოლები არსებობდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში, განსაკუთრებით ბევრი იყო თბილისში. ეს სასწავლებლები იყო: ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებელი, ტერ-სტეფანოვის 4-კლასიანი შერეული გიმნაზია, ო. პ. არაპაევის რეალური სასწავლებელი, პუშკინის გიმნაზია, ნიკოლოზ თევზაძის კერძო შერეული გიმნაზია. 1918 გაიხსნა ტროფიმენკოს მოზრდილთა კერძო გიმნაზია, აგრეთვე, პანჩენკოსა და ტიხომიროვის კერძო გიმნაზია, ს. მამულოვის, ბეროზაშვილის, პალმოვის გიმნაზიები; ქუთაისში - ვ. ნ. სოკოლოვისა და მარიამ კვინიხიძე-სოკოლოვის გიმნაზია. კერძო სასწავლებლების სასწავლო გეგმები, პროგრამები და სახელმძღვანელოები მოწმდებოდა განათლების სამინისტროს სარევიზიო კომისიების მიერ და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სტანდარტთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში იხურებოდა. მაგ.: ივანე პალმოვის რუსული კერძო გიმნაზია თბილისში  (დირექტორი ციგანკოვი) 1920 განათლების სამინისტრომ შეამოწმა, სასწავლო პროცესი მიიჩნია თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და დახურა.                                               

ოსების ანტისახელმწიფოებრივი სეპარატისტული აჯანყებები საქართველოში

ოსების ანტისახელმწიფოებრივი სეპარატისტული აჯანყებები საქართველოში. . ოსთა სეპარატისტული გამოსვლების მიზანს შიდა ქართლის მთიანი ზონიდან ქართველა მოსახლეობის გამოდევნა და ამ ტერიტორიის საქართველოსაგან ჩამოცილება წარმოადგენდა. ამ მიზნით ოსთა სამი მასშტაბური აჯანყება მოეწყო 1918-1921 წლებში, რომლებიც რესპუბლიკის არსებობას უქმნიდნენ საფრთხეს, რადგან აჯანყებულებს საბჭოთა რუსეთი ეხმარებოდა იარაღით და შეიარაღებული ძალით. 1918-ის 25 იანვარს პორუჩიკ ი. ხარებოვის 300-კაციანმა შეიარაღებულმა რაზმმა მარტის დასაწყისამდე შიდა ქართლის ოცზე მეტი სოფლის თავად-აზნაურობა გაძარცვეს, მათი სახლკარი გადაწვეს, ხოლო უმეტესობა ადგილზევე სიკვდილით დასაჯეს. ამ დროს ქართული შეიარაღებული  ძალები ოსმალეთის ფრონტზე იყო გადასროლილი. ი.ხარებოვის წინააღმდეგ სახალხო გვარდიის ნაწილები გაიგზავნა. 1918-ის 13-14 მარტს, ოსმა ბოლშევიკებმა ჩრდილო კავკასიიდან მიღებულ შეიარაღებულ დამხმარე ძალებზე დაყრდნობით, ცხინვალისა და ჯავის რაიონებში ახალი აჯანყება წამოიწყეს, ცხინვალი აიღეს, გაძარცვეს და წამებით დახოცეს მოკლეს გიორგი მაჩაბელი, სანდრო კეცხოველი, პეტრე ეფრემიძე, კოსტა კაზიევი და სხვ. 140 გვარდიელი ტყვედ აიყვანეს. 19 მარტს ოსების ეროვნული საბჭოს სახელით ცხინვალში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. ამიერკავკასიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხინვალის რაიონში ალ.კონიაშვილისა და ვ.ჯუღელის სარდლობით სახალხო გვარდია გაიგზავნა. 22 მარტს ოსების აჯანყება ლიკვიდირებული იქნა. შემდეგი გამოსვლები 1918-ის ივნისში, საჩხერის რაიონში დაიწყო, რომელსაც ი.ხარებოვი ხელმძღვანელობდა. გამოსვლის მიზანს, სამთავრობო ძალების შეჩერება, რკინიგზის დაკავება, ქუთაისზე გალაშქრება და საქართველოში ფართომასშტაბიანი აჯანყება წარმოადგენდა. აჯანყებულთა რაოდენობა 5000 კაცს აღწევდა. 1918-ის 26 ივნისს, აჯანყებულებმა საჩხერე აიღეს, თუმცა მალევე დაკარგეს სამთავრობო ძალების შეტევის შედეგად. 19 ივნისს, დუშეთის მაზრის აჯანყებულმა ოსებმა ქალაქი აიღეს და 26 ივნისს დუშეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. სამთავრობო ძალების მაქსიმალური მობილიზაციის შემდეგ, აჯანყებულები დამარცხდნენ, მაგრამ  ეს გამარჯვება საქართველოს რესპუბლიკის ხაზინას 1 მილიარდ  მანეთზე მეტი დაუჯდა. 1 მილიარდზე მეტს შეადგენდა აგრეთვე ცხინვალისა და საჩხერის რაიონებში აჯანყებული ოსი სეპარატისტების მიერ მიყენებული ზარალი.  შიდა ქართლის მთიან ზონაში ოსებით დასახლებულ სოფლებში, ბოლშევიკური ორგანიზაციების აქტიური წაქეზებისა და რუსეთისაგან დახმარების  შედეგად, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ 1919 წლისათვის კვლავ დაიგეგმა საყოველთაო შეიარაღებული აჯანყება. ეს საკითხი „სამხრეთ ოსეთის“ ბოლშევიკური ორგანიზაციების პირველი არალეგარული კონფერენციის 1919-ის 12 ივნისის სხდომაზე იქნა განხილული. იმავე საკითხზე რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით, აჯანყების  ეპიცენტრად როკის რაიონი გამოაცხადა. დასახული მიზნის განსახორციელებლად საბჭოთა რუსეთმა 1919-ის 29 ივნისიდან 10 ნოემბრამდე მონაკვეთში, რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტისადმი გამოყოფილი 40 მილიონ 367 ათასი (ოქროს კურსით) მანეთიდან, დიდი ნაწილი ოსების აჯანყების მომზადებას მოახმარა. აჯანყების დაწყებიდან ორი დღით ადრე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული განყოფილების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დუშეთში აჯანყების მოსაწყობად გაგზავნილი ვლ.სუხიშვილი და გ.გაფრინდაშვილი დააპატიმრეს. იმავდროულად, პატიმრობაში იქნა აყვანილი: გორის მაზრის აჯანყების ცენტრის, თბილისის აჯანყების ბოლშევიკთა სამხედრო რევოლუციური შტაბისა და საბჭოს წევრთა უმეტესობა. მიუხედავად ამისა, 1919-ის 7 აგვისტოს ოსების შეიარაღებული აჯანყება მაინც დაიწყო ჯავისა და როკის ხეობებში. ოქტომბრიდან ოსების აჯანყება გავრცელდა ოსებით დასახლებულ სხვა სოფლებშიც, მაგრამ წარმატება არ მოჰყოლია. აჯანყება დამარცხდა, მაგრამ ამის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა და ფინანსები დასჭირდა. ოსთა რიგით მესამე მასშტაბური აჯანყება1920-ის მაისში დაიწყო,, როცა ქართული ჯარის ნაწილები საბჭოთა რუსეთის XI არმიის სამხედრო შენაერთებს ქვეყნის საზღვრებთან ებრძოდა. „სამხრეთ ოსეთის  რევოლუციური კომიტეტის დადგენილებით,  1920-ის 8 მაისს, როკის რაიონში,   აჯანყებულმა ოსებმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. იმავდროულად მიიღეს ამ რაიონის რუსეთის სფს რესპუბლიკასთან შეერთების დადგენილებაც.აჯანყებულებს როკის ხეობის, კუდაროს, ქემერტის და ყორნისის ოსებიც შეუერთდნენ. ამავდროულად, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ჩრდილო ოსეთიდან  სამ კოლონად შემოვიდა ოსთა პარტიზანული  რაზმი ვ. სანაკოევის ხელმძღვანელობით, როკის, ზეკარისა და მამისონის უღელტეხილებიდან. ისინი  სოფ. ჯავაში შეერთდნენ და შემოიტანეს იარაღი აჯანყებულებისათვის. ახლად ფორმირებულ ოსურ რაზმებს ა.ჯატიევი, ა.აბაევი და მ.გაგლოევი ჩაუდგნენ სათავეში. 7 ივნისს აჯანყებულებმა ცხინვალი აიღეს, ხოლო 8 ივნისს ცხინვალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. 1920-ის 12 ივნისს, ქართულმა ჯარმა (სარდალი გენ.გ.კვინიტაძე. ხელქვეითები: ვ.ჯუღელი, ა.კონიაშვილი, ა.დგებუაძე, ნ(?). გედევანიშვილი) დაბა ცხინვალი აიღო, ხოლო 23 ივნისს, ოსების უკანასკნელი ნარჩენები როკის უღელტეხილით ჩრდილოეთით განდევნა. ქართული ჯარის წარმატებულმა სამხედრო ოპერაციამ აჯანყების ლიკვიდაცია მოახდინა და  შიდა ქართლის მოსახლეობა დევნილობისაგან იხსნა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates