• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

დამფუძნებელი კრების არჩევნები

დამფუძნებელი კრების არჩევნები - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში  სამ ეტაპად ჩატარდა ძირითადი არჩევნები 1919 წ-ის 14, 15 და 16 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგიონების უმეტეს ნაწილში. კლიმატურ-გეოგრაფიულ მიზეზთა გამო დამფუძნებელი კრების არჩევნების გამართვა შეუძლებელი გახდა ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში, ხოლო რთული პოლიტიკურ-სამხედრო მდგომარეობის გამო არჩევნები გადაიდო ქვეყნის სამხრეთის მაზრებში. ძირითადი არჩევნები ასევე არ გამართულა სოხუმის ოლქში, სადაც ამ პერიოდისათვის აფხაზეთის ეროვნული საბჭოს არჩევნები მიმდინარეობდა და  ბათუმის ოლქში,  რომელსაც  ინგლისის საოკუპაციო ადმინისტრაცია მართავდა. საარჩევნო კანონმდებლობა    1918 წ-ის 22 ნოემბერს დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ,  1919 წ-ის 10 იანვარს მასში ცვლილებები შევიდა. საარჩევნო კანონმდებლობა უზრუნველყოფდა და იცავდა არჩევნების პირდაპირობის, საყოველთაოობისა და თანასწორობის პრინციპებს.  არჩევნების  გამართვა თავდაპირველად 1919 წ-ის გვიან გაზაფხულზე იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო  თარიღზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საერთაშორისო ფაქტორმა - ვერსალში დაგეგმილმა საერთაშორისო საზავო კონფერენციამ. დამფუძნებელი კრების არჩევნების ორგანიზებისათვის საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 21-კაციანი ცენტრალური საარჩევნო კომისია ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა 15-მა საარჩევნო სუბიექტმა: №1 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია; №2  საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; №3  საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია; №4  სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკცუთიუნი“; №5 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია; №6 საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო; №7  საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია; №8 საქართველოს ეროვნული პარტია; №9 საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია; №10 შოთა რუსთაველის ჯგუფი-პარტია; №11 დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი; №12 ბორჩალოს მაზრის მუსულმანები; №13 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია; №14 „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“; №15 ელინთა დემოკრატიული პარტია. 15 საარჩევნო სიაში 600 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 26 ქალი გახლდათ. ძირითად არჩევნებში რეგისტრირებული 831 324 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 506 815-მა მიიღო. არჩევნების შედეგად კრების 130 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა: №1- 109; №2 - 8 ; №3 - 5; №5 - 8.

 1919 წ-ის აგვისტოში გაიმართა დამფუძნებელი კრების პირველი დამატებითი არჩევნები, რომელმაც გამოტოვებული მაზრების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. დამატებით არჩევნებზე რეგისტრირებული 125 451 ამომრჩევლიდან მონაწილეობა 87 444-მა მიიღო. არჩევნების შედეგად კრებაში წარმოდგენილ სუბიექტებს დაემატა „დაშნაკცუთიუნი“ და საქართველოს ეროვნული პარტია. მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:    №1 - 105; №2 - 7; №3 - 6; №4 - 3; №5 - 8; №8 - 1.

1920 წ-ის  27, 28 და 29 მარტს გაიმართა დამფუძნებელი კრების მეორე დამატებით არჩევნები, რომელმაც სოხუმის ოლქი და საქართველოს სხვადასხვა მაზრისა თუ ქალაქის ცალკეული უბნები მოიცვა. მეორე დამატებით არჩევნებში კოალიციური სახით მონაწილეობდნენ სიები №2, №7 და №11, ასევე მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ნაციონალური პარტია. არჩევნების შედეგად საბოლოოდ დამფუძნებელ კრებაში ადგილები ამგვარად გადანაწილდა: №1 - 102; №2 - 8; №3 - 6; №4 – 3; №5 - 9; №8 - 2.

დამოუკიდებლობის გამოცხადება

დამოუკიდებლობის გამოცხადება - ამიერკავკასიის სეიმში ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულმა ურთიერთდაპირისპირებამ, ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს დაშლა  დააჩქარა. დასახული მიზნის განხორციელების უპირველეს საფეხურს „მფარველი“ სახელმწიფოს ძიება წარმოადგენდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მინდობილობით, გ. გვაზავამ გარკვეული მოლაპარაკება აწარმოა გერმანიის სამხედრო მისიის ხელმძღვანელ კაიზერთან. იმავე გ. გვაზავამ 1918 წ-ის 14 მაისს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს 4-პუნქტიანი პროექტი წარუდგინა დასამტკიცებლად. ამ დოკუმენტით საქართველოს მხარე ბათუმის საზავო დელეგაციის ხელმძღვანელს, გენერალ ფონ ლოსოვს სთხოვდა,  გერმანიას ხელი შეეწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის პოლიტიკური და გარედან მოსალოდნელი საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებაში. გერმანიის მხრიდან გარკვეული გარანტიების მიღებამ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა. გერმანია თანახმა იყო, მხარი დაეჭირა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და წინ აღდგომოდა თავისი მოკავშირის - ოსმალეთის - მისწრაფებას საქართველო-კავკასიაში ჰეგემონობისაკენ. აკ. ჩხენკელი ბათუმიდან გამოგზავნილ წერილებში საფეხურებრივად ურჩევდა ეროვნულ საბჭოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის საჭირო ღონისძიებებს, რაც ფონ ლოსოვთან იყო შეთანხმებული. მაგ., 15 მაისის წერილში ა. ჩხენკელი თავის თანაპარტიელებს აფრთხილებდა და მოუწოდებდა: „საქართველოს დამოუკიდებლობა - აი პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას... თქვენ ვალდებული ხართ ქართველ ერს უხელმძღვანელოთ. თუ არ შეგიძლიათ, უკეთესია გადადგომა. მაგრამ ამ შემთხვევაში ერი დაიღუპება... საჭიროა გამბედაობა. ნუ აქცევთ ერისა და სახელმწიფოს საქმეს პარტიის საქმედ. პარტია, ეროვნული გრძნობით განმსჭვალული შეძლებს ერის ხსნას“. აღნიშნული მოწოდება დაედო საფუძვლად საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1918 წ-ის 16 მაისის დადგენილებას, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზაციის ხელმძღვანელი საგანგებო კომისია აირჩია (ნ. რამიშვილი, დ. ვაჩნაძე, შ. მესხიშვილი).  საზოგადოებისათვის უნდა განემარტათ, თუ რით იყო განპირობებული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. თავდაპირველად, დამოუკიდებლობის გამოცხადება ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა  1918 წ-ის 25 მაისის სხდომაზე გადაწყვიტა, რადგან საკითხი კენჭისყრით გადაწყდა (6 მომხრე, 4 წინააღმდეგი). მიუხედავად ამისა, საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა სამი გარემოების გამო: 1. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ბოლომდე არ იყო მომზადებული; 2. გაურკვეველი იყო კანონმდებლობის, ფინანსებისა და რკინიგზის საკითხი; 3. არ არსებობდა ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციისა და მთავრობის შემადგენლობის წინასწარი გეგმა. ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 25 მაისის სხდომა აღნიშნული საკითხების მხოლოდ დაზუსტებით შემოიფარგლა - ეროვნული საბჭოს 26 მაისის სხდომისთვის შეთანხმებული დღის წესრიგი და შესაბამისი დოკუმენტაცია მოამზადა. რჩებოდა ფორმალური მხარე - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლისა და სეიმის უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივად დაკანონება. ეს საკითხი ამიერკავკასიის სეიმის 1918 წ-ის 26 მაისის სხდომაზე იქნა გატანილი. იმავე დღეს, 3 საათზე, სეიმმა, ამიერკავკასიის დემოკრატიული  ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა და თვითონაც ფუნქციონირება შეწყვიტა. 1918 წ-ის 26 მაისს, დღის 4 საათსა და 50 წუთზე, გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. მას დაესწრო 42 წევრი და 36 წევრობის კანდიდატი. სხდომას თავმჯდომარეობდა  ნ. ჟორდანია. პრეზიდიუმში იყვნენ: გ. ლასხიშვილი, გრ. ვეშაპელი და პ. საყვარელიძე. მდივანი - ი. ზურაბიშვილი.  შესავალი სიტყვა წარმოთქვა ნ.ჟორდანიამ, მანვე,  5 სთ და 10 წთ-ზე წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, რომელიც ერთხმად მიიღო ეროვნულმა საბჭომ.   სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის შემადგენლობა: 1. მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი;  2. საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი; 3. სამხედრო მინისტრი -  გრიგოლ გიორგაძე; 4. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი - გიორგი ჟურული; 5. განათლების მინისტრი - გიორგი ლასხიშვილი; 6. მიწათმოქმედების და შრომის მინისტრი - ნოე ხომერიკი;  7. იუსტიციის მინისტრი - შალვა მესხიშვილი; 8. გზათა მინისტრი - ივანე ლორთქიფანიძე. ეს იყო დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს პირველი ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელშიც შედიოდა 4 სოციალ-დემოკრატი; ორი სოციალისტ-ფედერალისტი; ერთი ეროვნულ-დემოკრატი და ერთი სოციალისტ-რევოლუციონერი მინისტრი. დამსწრე სტუმრებიდან მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: მაჰმადიანთა წარმომადგენელმა ფატალი-ხანი ხოელმა, ოსების წარმომადგენელმა - გიორგი გაგლოევმა, ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენელმა - ჰაიდარ ბეგ აბაშიძემ, გერმანიის რწმუნებულმა - კაიზერმა, ამიერკავკასიის გერმანელთა წარმომადგენელმა - ფრიკმა და ადგილობრივ პოლონელთა წარმომადგენელმა. საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა 5 საათსა და 55 წუთზე დამთავრდა. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნ. რამიშვილმა ტელეგრამით მსოფლიოს სახელმწიფოების მთავრობებს საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის ფაქტი ამცნო.       

გორის მიწისძვრა

გორის მიწისძვრა - 1920 წ-ის 20 თებერვალს დიდი მიწისძვრა მოხდა საქართველოში, რომლის ეპიცენტრიც გორის მაზრაში დაფიქსირდა. პირველი ბიძგი 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებით - 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6,2 ერთეულს შეადგენდა, ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9 ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში. გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე, როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში. ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა. თბილისში მისი სიმძლავრე 6 ბალს შეადგენდა, ხოლო ბათუმსა და ფოთში - 5 ბალს. ღამის ბიძგს გორში დიდი ნგრევა არ მოჰყოლია, ხოლო განმეორებითმა მიწისძვრამ კი ქალაქი გორი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. მთავრობის მიერ შედგენილი სტატისტიკური კომისიის მონაცემებით, ქალაქ გორში აღწერილი 1336 შენობიდან დაზიანება არ მიუღია მხოლოდ 16-ს, 756 შენობა-ნაგებობა კი ან სრულად დაინგრა, ან დასაშლელი გახდა. 405 შენობა კაპიტალურ, ხოლო 156 მცირე რემონტს მოითხოვდა. მიწისძვრის შედეგად ქალაქ გორში დაიღუპა 18 ადამიანი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 267-მა მცხოვრებმა. სრულად განადგურდა მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარე სოფლები ხიდისთავი და ოხერა, ასევე თითქმის მთლიანად დაინგრა სოფელი უფლისციხე, ატენი, გორიჯვარი, სკრა, ხოვლე, სასირეთი, დოესი და სხვა სოფლები. სტატისტიკური კომისიის მონაცემებით, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მაზრის 75-მა სოფელმა. მიწისძვრამ შეიწირა 129 კაცის სიცოცხლე (სხვა მონაცემებით, დაიღუპა 200-მდე), დაშავდა 661. სტიქიამ დააზარალა 7118 ოჯახი.

დამოუკიდებლობის აქტი

დამოუკიდებლობის აქტი (საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი) - იურიდიულ-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ძირითადი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები. 1918 წ-ის 26 მაისს, 4 საათსა და 50 წუთზე, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. მას ესწრებოდა საბჭოს 42 წევრი, 36 კანდიდატი და საზოგადოების წარმომადგენლები. სასახლის წინ დიდძალი ხალხი იყო შეკრებილი. პრეზიდიუმში იყვნენ გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, მდივნობდა ილია ზურაბიშვილი. საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და სხდომის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ 4 საათსა და 50 წთ-ზე აქტის შინაარსი გააცნო საბჭოს წევრებს, შეკრებილ საზოგადოებას და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.  აქტი შედგებოდა 7 პუნქტისაგან და ქვეყნიერებას ამცნობდა, რომ: 1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა; 2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა - დემოკრატიული რესპუბლიკაა; 3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა; 4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს, საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი, მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან; 5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; 6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს; 7. დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. აქტის შინაარსი სასახლის წინ შეკრებილ ხალხს წაუკითხა საბჭოს მდივანმა ილია ზურაბიშვილმა. ამავე დროს, სხდომას რუსული თარგმანი წაუკითხა თავმჯდომარის ამხანაგმა გრიგოლ ვეშაპელმა. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად იქნა მიღებული. რ. არსენიძის მოგონების მიხედვით,  დამოუკიდებლობის აქტის პროექტი 25 მაისს  შეიმუშავა კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ გიორგი გვაზავა, რაჟდენ არსენიძე, კონსტანტინე აფხაზი და პავლე საყვარელიძე. იმავე დღის ბოლოს, გვიან ღამით, შედგა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც პროექტის მიმართ გამოითქვა შენიშვნები. პროექტის ტექსტი გადაეცა ნ. ჟორდანიას, რომელმაც გაითვალისწინა შენიშვნები და ტექსტის საბოლოო რედაქცია შეიმუშავა. სხვა ვერსიის მიხედვით, დამოუკიდებლობის აქტის პროექტის პირველი ვარიანტი, ჯერ კიდევ 22 მაისს, ბათუმში შეადგინა ზურაბ ავალიშვილმა და იქიდან თბილისში წამოიღო ნოე ჟორდანიამ. დამოუკიდებლობის აქტი 26 მაისის სხდომაზე ეროვნულმა საბჭომ ყოველგვარი შესწორების გარეშე დაამტკიცა. 1919 წ-ის 12 მარტს პირველად შეკრებილმა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ხელმეორედ დაადასტურა და დაამტკიცა დამოუკიდებლობის აქტი. ამჯერად, დოკუმენტის სტამბურ ვარიანტს 101-მა პიროვნებამ მოაწერა ხელი.  საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა აკაკი ჩხენკელის პირად არქივში. ა. ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა მაკრინე ჩხენკელმა აქტის დედანი გადასცა ცნობილ ქართველოლოგს, ციურიხის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის დამაარსებელს, პროფ. კიტა ჩხენკელს (ა. ჩხენკელის ძმას). ამ უკანასკნელმა დოკუმენტი დაუტოვა თავის მოწაფეს და ცნობილ ქართველოლოგს ლეა ფლურს, რომელსაც ძვირფასი დოკუმენტი საქართველოში უნდა დაებრუნებინა. საბოლოოდ, ლეა ფლურმა დამოუკიდებლობის აქტის დედანი გადასცა შვეიცარიაში საქართველოს კულტურის ატაშეს გიორგი შარაძეს, რომელმაც სხვა რამდენიმე უნიკალურ დოკუმენტთან ერთად, დამოუკიდებლობის აქტის დედანი საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად დოკუმენტი ინახება საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში. 

გერმანული კავკასიური ექსპედიცია

გერმანული კავკასიური ექსპედიცია - 1918 მსოფლიო ომის მიმდინარეობის ბოლო წელს კავკასიაში მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლებოდა. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ კავკასია ფაქტობრივად გამოეყო რუსეთს, ამასთანავე,  კავკასიის ფრონტი დატოვა რუსულმა არმიამ, რომლის ჩანაცვლება მცირერიცხოვანმა კავკასიურმა ეროვნულმა შენაერთებმა დაიწყეს. 1918 წ-ის მარტში ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით ზურგგამაგრებულმა ოსმალებმა კავკასიის ფრონტზე წარმატებული შეტევა დაიწყეს. ამავე პერიოდში კავკასიური პოლიტიკა გაააქტიურეს გერმანელებმაც, მათი დაინტერესება კავკასიით განპირობებული იყო ომისთვის საჭირო ნედლეულის მიღებით (ნავთობი და მანგანუმი); გეოგრაფიული პლაცდარმის შექმნით მომავალში თურქესტანსა და ინდოეთში ინგლისის წინააღმდეგ საბრძოლველად; ქართული სამოკავშირეო არმიის ჩამოყალიბებით. გერმანია გამოვიდა შუამავლად საქართველოსა და ოსმალეთს შორის და გერმანიის პროტექტორატით საქართველომ 1918 წ-ის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გერმანიის კავკასიური ექსპედიცია 1918 წ-ის ივნისიდან დაიწყო, ქვეყანაში შემოვიდა რამდენიმე ათასი გერმანელი ჯარისკაცი, მისიას ხელმძღვანელობდა გერმანელი გენერალ-მაიორი ფრიდრიხ კრეს  ფონ კრესენშტაინი. მისიის შტაბი თბილისში იყო განთავსებული, მისიის ლეგაციის მდივანი იყო ფრიდრიხ შულენბურგი. გერმანული სამხედრო მისია არ ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, პირიქით, გერმანელი სამხედრო მრჩევლები ხელს უწყობდნენ ქართველებს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში, ასევე, ზოგიერთ სამხედრო ოპერაციაში ქართული ჯარის გვერდით გერმანელი ჯარისკაცებიც იბრძოდნენ. გერმანული სამხედრო მისია კავკასიიდან გერმანელთა მიერ მსოფლიო ომის წაგების შემდეგ გავიდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates