• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სახალხო გვარდია

სახალხო გვარდია  - ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე შექმნეს წითელი გვარდია, რომელმაც 1917-ის რუსეთის რევოლცუიების შემდეგ, საქართველოში, ანარქიულ ვითარებაში წესრიგი დაამყარა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918-ის 2 ივლისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი „საქართველოს რესპუბლიკის სახალხო გვარდიის შესახებ“, რითაც სოციალ-დემოკრატიული პარტიული წითელი გვარდია გადაკეთდა სახალხო გვარდიად. კანონის მიხედვით, გვარდიის მიზანს  რესპუბლიკის, მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვა შეადგენდა. გვარდიაში სამსახური შეეძლო ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არ ირიცხებოდა ნამდვილ სამხედრო სამსახურში, სახალხო გვარდიელი ვალდებული იყო მთავრობის მოწოდებისთანავე გამოცხადებულიყო საკუთარ რაიონულ შტაბში, იმ იარაღით და აღკაზმულობით, რომელიც მას ჰქონდა მიბარებული შტაბისაგან. მოხალისეთათვის გვარდიაში სამსახური უსასყიდლო იყო, თუმცა სამსახურეობრივი მოვალეობის აღსრულების დროს მას ეძლეოდა მთავრობისაგან დახმარება, ხოლო ინსტრუქტორები და ოფიცრები იღებდნენ სახალხო გვარდიის მთავარი შტაბისაგან მიღებულ ჯამაგირს. გვარდია მშვიდობიანობის დროს იმართებოდა მთავარი შტაბის, საოლქო და სარაიონო შტაბების მეშვეობით. გვარდია ომის დროს ემორჩილებოდა საერთო მთავარსარდალს.  სახალხო გვარდიის გაწვევა შეეძლო მთავრობის თავმჯდომარეს, თუ მისთვის შეუძლებელი იყო ამ უფლებით სარგებლობა, გვარდიის გამოწვევის უფლება ჰქონდა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს. საგანგებო ვითარებაში ამ ფუნქციით სარგებლობა შეეძლო მთავარ და რაიონულ შტაბებს, 1919 -დან ადგილობრივ შტაბებს ეს უფლება ჩამოერთვათ. სახალხო გვარდია შედგებოდა რეგულარული და არარეგულარული შენაერთებისაგან. რეგულარული შენაერთები : საგანგებო ქვეითი ბატალიონი; ცხენოსანი დივიზიონი; საარტილერიო ბრიგადა; საგანგებო ტყვიისმფრქვეველთა რაზმი; ჯავშნოსან ავტომობილთა გუნდი (1920 -დან ჯავშანსატანკო დივიზიონი); ჯავშნიანი რკინიგზის რაზმი; საინჟინრო გუნდი.  19 სარეზერვო არარეგულარული ბატალიონი, რომლებიც ომის დროს იკრიბებოდნენ ტერიტორიული პრინციპით: თბილისის 4 ბატალიონი; გარეკახეთის ბატალიონი; კახეთის პირველი და მეორე ბატალიონები; დუშეთის ბატალიონები, ქართლის პირველი და  მეორე ბატალიონები; ახალციხის ბატალიონი, იმერეთის პირველი,   მეორე და მესამე ბატალიონები; სამეგრელოს პირველი და მეორე ბატალიონები; სოხუმის, გურიის და ბათუმის ბატალიონები. მთლიანობაში გვარდიის რეგულარული და არარეგულარული შენაერთების სამობილიზაციო შესაძლებლობა    დაახლოებით 15 000 მებრძოლს შეადგენდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates