• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თბილისას და ვლადიკავკაზს შორის კავკასიონზე „საუღელტეხილო“ რკინიგზის მშენებლობის პროექტი

თბილისას და ვლადიკავკაზს შორის კავკასიონზე „საუღელტეხილო“ რკინიგზის მშენებლობის პროექტი - ითვალისწინებდა თბილისიდან ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის მოწყობას. 1907 ამ პროექტზე მსჯელობა  დაიწყო. 1909  რუსეთის გზათა სამინისტრომ ადგილზე შეისწავლა საუღელტეხილო გზის სავარაუდო მონაკვეთი. სპეციალისტთა აზრით, პროექტი წამგებიანი იყო, მიუხედავად ამისა, ის გადააგზავნეს სახელმწიფო სათათბიროში. პარალელურად,  მეფის რუსეთის დროს ჩაფიქრებული იყო შავიზღვისპირეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, მაგრამ მისი განხორციელება 1917 რუსეთში დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გამო ვერ მოხერხდა. 1918  აქტიური განხილვა დაიწყო კიდევ ერთი პროექტის, რომლის მიხედვით რკინიგზის ხაზი უნდა აგებულიყო ქუთაისიდან (სადგურ კოპიტნარიდან) კავკასიონის უღელტეხილის გავლით დარგკოხამდე, მაგრამ საბოლოო პროექტმა სიძვირისა და სირთულის გამო მხარდაჭერა ვერ მიიღო.

1918 შეიქმნა „საუღელტეხილო რკინის გზის საზოგადოება“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე იყო კონსტანტინე აფხაზი, გამგეობის წევრები  - გ. პ. თუმანიშვილი, ა. ა. კუჩინსკი და სხვა. საზოგადოების მიზანს წარმოადგენდა თბილისიდან ვლადიკავკაზამდე სარკინიგზო ხაზის მშენებლობის  პროექტის შემუშავება და მისი განხორციელება. საინჟინრო დოკუმენტაცია მოამზადა ა. ა კუჩინსკიმ, რომელმაც ხელახლა გადაამუშავა „ელექტრონის საუღელტეხილო რკინის გზის“ პროექტი. დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა უცხოური ინვესტიცია (ძირითად ფულს, დაახ. 100 მილიონს, დებდა ინგლისური მხარე. მოლაპარაკება წარმოებდა ფრანგულ, იტალიურ და ქართულ ბანკებთანა.). სპეციალურად შექმნილმა 5-მა კომისიამ (ეკონომიური, სარკინიგზო-ტექნიკური, ჰიდროტექნიკური, ელექტროფიკაციის და იურიდიულ-საფინანსო) მოიწონა „საუღელტეხილო რკინის გზის საზოგადოების“ შემოთავაზებული ვარიანტი, შეიტანა გარკვეული ცვლილებები და რეკომენდაცია მისცა მის განხორციელებას. მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მდ. არაგვსა და თერგზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ სარკინიგზო ხაზის გაყვანა. ამ შენიშვნების გათვალისწინებით, პროექტი შევიდა დამფუძნებელი კრების საგზაო კომისიაში. მიუხედავად დადებითი დასკვნისა, თბილისი-ვლადიკავკაზის რკინიგზის პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.

თბილისისთვის ბრძოლა

თბილისისთვის ბრძოლა - თბილისისთვის ბრძოლა 1921 წ-ის 18-24 თებერვალს. 18 თებერვალს ქართულ შეიარაღებულ ძალებს შემდეგი თავდაცვითი პოზიციები ეკავათ: მარჯვენა ფლანგზე - კოჯორ-მანგლისის გზატკეცილზე, თეთრი დუქნიდან აზეულას (ქორ-ოღლის) ციხემდე  მე-4 ათასეული იდგა. ტაბახმელას მონაკვეთი სამხედრო სკოლას ეკავა. ამ ფრთას გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მეთაურობდა. ცენტრში  გენერალ გიორგი მაზნიაშვილს დაქვემდებარებული ნაწილები იყო დისლოცირებული. შავნაბადას სიმაღლეები მე-9 ათასეულს ეკავა, სოღანლუღის სიმაღლეები სადარაჯო ათასეულსა და მეტყვიამფრქვევთა ბატალიონს. მათგან მარჯვნივ, რკინიგზის ხაზთან, სანაპირო ათასეულის ერთი რაზმი იყო განლაგებული ორი ზარბაზნით,  მტკვრის მარჯვენა ნაპირზე კი რკინიგზის ხაზამდე გვარდიის გორისა და ხაშურის ბატალიონები.   მარცხენა ფლანგზე - გვარდიის აღდგენილი ნაწილები იდგა გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით, კერძოდ, იმერეთის მე-2, ზუგდიდისა და დუშეთის ბატალიონები და თითო-თითო საველე და სამთო საარტილერიო ბატარეები.

18 თებერვალს, 20-21 საათზე ქართველმა სადაზვერვო რაზმებმა მოწინააღმდეგის მოძრაობა დააფიქსირეს. 22 საათისათვის მოწინააღმდეგემ იაღლუჯას ქედს მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან შემოუარა და გენერალ მაზნიაშვილის პოზიციებისაკენ დაიძრა. არსებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ გენერალმა მაზნიაშვილმა დაასკვნა, რომ მტერი ძირითად იერიშს მხოლოდ ერთი მიმართულებით, მტკვრიდან რკინიგზის ხაზამდე არსებულ მონაკვეთზე მოიტანდა. მაზნიაშვილი გვარდიის გორის ბატალიონის მიერ დაკავებულ პოზიციებზე მივიდა, რადგან შეტევა სწორედ აქ იყო მოსალოდნელი. დაახლოებით 1.30 საათზე დაიწყო შეტევა. მოწინააღმდეგის იერიშის დაწყებდან მალევე ჯავშანმატარებელი სოღანლუღის ხიდთან მივიდა და ბრძოლაში ჩაება. მე-11 არმიის ნაწილებმა შეტევის ფრონტი გაშალეს და ბრძოლაში უკვე საყარაულო რაზმი და სადარაჯო ათასეულიც ჩაერთო. სადარაჯო ათასეული მტკიცედ იცავდა თავის პოზიციებს, სამაგიეროდ, სასტიკ ხელჩართულ ბრძოლაში ჩართულმა სანაპირო ათასეულის რაზმმა, რომელსაც ხელჩართულ ბრძოლაში ქართველი არტილერისტებიც ეხმარებოდნენ,  მტრის შემოტევას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო ორი ზარბაზანი და ძალიან მიუახლოვდა სოღანლუღის სადგურს. ქართულმა ჯავშანმატარებელმა თავისი ცეცხლით მოწინააღმდეგეს სადგურის დაკავების საშუალება არ მისცა. 19 თებერვლის 2-დან 3 საათამდე პერიოდში მტერმა სადარაჯო ათასეულის მიმართულებით შეტევა შეწყვიტა, სამაგიეროდ, მთელი ძალებით გვარდიის გორის ბატალიონის პოზიციებს შეუტია. სადარაჯო ათასეული სანგრებიდან სროლით ცდილობდა გორის ბატალიონის დახმარებას. გვარდიელებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. ამ დროისათვის ბრძოლაში, კვინიტაძის ბრძანებით, გვარდიის სარეზერვო ბატალიონი ჩაერთო ვალიკო ჯუღელის მიერ მოყვანილი ჯავშანმანქანების მხარდაჭერით. მათ სუღანლუღის სადგურიდან უკუაგდეს მტერი. მთელი ამ ხნის მანძილზე შედარებით მცირე მასშტაბის შეტევა ხორციელდებოდა მე-9 ათასეულის პოზიციებზე. დაახლოებით 3-დან 4-ის ნახევრამდე პერიოდში გენერალი მაზნიაშვილი სადარაჯო ათასეულის განლაგებაში გადავიდა და იქიდან განაგრძო ბრძოლის ხელმძღვანელობა. მოწინააღმდეგე ჯიუტად ცდილობდა გორის გვარდიელების პოზიციების გარღვევას. გამთენიისას, მოწინააღმდეგის მორიგი იერიშის მოგერიების შემდეგ, სადარაჯო ათასეული იერიშზე გადავიდა. მას გორის ბატალიონმაც მიჰბაძა, სანგრებიდან ამოვიდა და მოწინააღმდეგეს შეუტია. მათ მხარი სარეზერვო ბატალიონმაც დაუჭირა. ბრძოლაში მონაწილეობდა ორი ქართული თვითმფრინავიც. მტერმა უკან დაიხია იაღლუჯას მიმართულებით. ტყვედ ჩავარდა 1600 წითელარმიელი.

            მე-11 არმიის სარდლობას გადაწყვეტილი ჰქონდა, 19 თებერვალს თბილისი აეღო. ცენტრში დამარცხების შემდეგ მათ შეტევის მიმართულება შეცვალეს და ჩვენი ჯარების მარჯვენა ფრთას შეუტიეს. დილის 8 საათზე მტერი სოფლების ვაშლოვანისა და კუმისის წინ გამოჩნდა და ტაბახმელა-კოჯრის მიმართულებით დაიძრა. ტაბახმელაში მყოფმა სამხედრო სკოლამ და მე-10 ათასეულის მეომრებმა შეტევა მოიგერიეს, სამაგიეროდ, მტერმა კოჯორი დაიკავა და წავკისის მიმართულებით დაიძრა. შეიქმნა საშიშროება, რომ ტაბახმელაში მყოფი ქართული შენაერთები ალყაში მოექცეოდნენ, ამიტომ გენერალმა ანდრონიკაშვილმა მათ უკან დახევა უბრძანა. ტაბახმელის მიმართულების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ ჩათვლა, რომ ბრძანების შესრულება მოწინააღმდეგეს გზას გაუხსნიდა თბილისისკენ და გენერალ ანდრონიკაშვილთან თათბირის შემდეგ კონტრიერიში განახორციელა. მოხერხდა მოწინააღმდეგის შეჩერება. ახლა საჭირო იყო კოჯრის დაბრუნება. ეს მეტად ძნელი ამოცანა იყო. პირდაპირი იერიში დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. ამიტომ გადაწყდა, იერიში მოწინააღმდეგის ფლანგებზე განეხორციელებინათ. კოჯორ-ტაბახმელის მიმართულებაზე გადასროლილ იქნა ყველა რეზერვი. 19 თებერვილის საღამო და ღამე  შენაერთების საწყის პოზიციებზე განლაგებამ დაიკავა.

20 თებერვალს დილით ადრე კოჯრის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ქართველთა შეტევის შეჩერების მიზნით, მოწინააღმდეგემ ტაბახმელის პოზიციებს შემოუტია, თუმცა უშდეგოდ. 14 საათისთვის კოჯორი ფაქტობრივად გათავისუფლებული იყო. 20 თებერვალს მთელი ღამე მოწინააღმდეგე კოჯორ-ტაბახმელის მიმართულებაზე უშედეგო შეტევას განაგრძობდა და მხოლოდ 21 თებერვალს დილით დაიწყო უკან დახევა. მალე მათი ქვეითი ჯარი აღარსად აღარ ჩანდა.

21 თებერვალს ძირითადი მოვლენები გენერალ ჯიჯიხიას სექტორში განვითარდა. მოწინააღმდეგემ თბილისის დამცველთა  მარცხენა ფლანგის შემოვლა განიზრახა, მაგრამ  გვარდიის ბატალიონები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ჯიჯიხიას დაქვემდებარებული ძალები კვინიტაძემ წინასწარ დამატებითი ბატალიონებით გააძლიერა. სოფელ ლილოდან ხუთმა გვარდიულმა ბატალიონმა, ქართველ კავალერისტთა მხარდაჭერით, და ასევე ორხევში მდგომმა ორმა გვარდიულმა ბატალიონმა მოწინააღმდეგეზე ძლიერი იერიში მიიტანეს. მე-11 არმიის ნაწილებმა უკან დახევა დაიწყეს. მათი დევნა დაღამებამდე გაგრძელდა. ქართულმა შენაერთებმა მტერს 10 კილომეტრზე მეტით დაახევინეს.

რადგან თბილისის პირდაპირი იერიშით აღება ვერ მოხერხდა, მე-11 არმიის სარდლობამ ქალაქის დამცველთა ფლანგებიდან შემოვლა განიზრახა და ძალების გადაჯგუფება დაიწყო. შეიქმნა ორი დაჯგუფება. ერთს ველიკანოვი მეთაურობდა, მეორეს კი - კუიბიშევი. ამ უკანასკნელმა დედოფლისწყაროსთან ქართულ ნაწილებთან ბრძოლის დროს მოკლული კურიშკო შეცვალა. კუიბიშევის დაჯგუფება მე-9 ქვეითი და მე-12 საკავალერიო დივიზიებით გაძლიერდა. მას თბილისზე აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეტევა დაევალა. ველიკანოვს დასავლეთიდან უნდა განეხორციელებინა იერიში. 22 თებერვალს მოწინააღმდეგის ცხენოსანმა რაზმმა მანგლისი დაიკავა და მანგლისი-კოჯრის გზატკეცილით იერიში წამოიწყო, თუმცა მარცხი იწვნია.

23 თებერვალს მოწინააღმდეგემ თავისი მარჯვენა ფლანგის გაძლიერება დაიწყო. ამ მიმართულებით მე-11 არმიის ცხენოსანი ნაწილები, მე-12 და მე-18 საკავალერიო დივიზიები გამოჩდნენ. მტერმა ძლიერი იერიში მოიტანა ქართულ ნაწილებზე, რის გამოც გენერალ ჯიჯიხიას დაქვემდებარებაში მყოფმა ქართულმა შენაერთებმა უკან დაიხიეს და თავისი ძველი, 21 თებერვლამდელი, პოზიციები დაიკავეს. ქართულმა სარდლობამ კონტრშეტევის განხორციელება გადაწყვიტა. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წინა დღეების მანძილზე მოწინააღმდეგის ძირითადი შეტევები კოჯორ-ტაბახმელისა და სოღანლუღის მიმართულებებზე ხორცილედებოდა, გენერალმა კვინიტაძემ კონტრშეტევის განხორციელება მარცხენა ფლანგიდან გადაწყვიტა. წარმატების მიღწევის შემთხვევაში, შენაერთების დიდი ნაწილი სასწრაფოდ მარჯვენა ფლანგზე იქნებოდა გადასროლილი და შემდეგ იქ განხორციელდებოდა შეტევა. კონტრშეტევის მიმართულებაზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების მიზნით, გენერალ ჯიჯიხიასთან დამატებითი ძალების კონცენტრაცია დაიწყო. 23 თებერვალს, 14 საათზე, მოწინააღმდეგემ ქართველების მიერ უკან დახევის დროს აფეთქებული ფოილოს სარკინიგზო ხიდი აღადგინა.   ამან მას დამატებითი ძალების (მათ შორის ტანკების) სწრაფი გადაადგილებისა და, რაც ყველაზე მთავარია, ჯავშანმატარებლების გამოყენების საშუალება მისცა. იმავე საღამოს ამ ჯავშანმატარებლებმა ქართულ პოზოციებთან მოახლოება სცადეს, მაგრამ ქართველ არტილერისტთა ზუსტი ცეცხლის გამო იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. საღამოს მოწინააღმდეგემ ტაბახმელის პოზიციებზე მიიტანა იერიში, რომელიც რამდენჯერმე იქნა მოგერიებული.

24 თებერვალს ქართულმა შენაერთებმა მარცხენა ფლანგზე გადაჯგუფება ვერ მოასწრეს  და კონტრშეტევის დაწყება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, მოწინააღმდეგემ ყველა მიმართულებით შეუტია ქართულ ნაწილებს.

მარჯვენა ფლანგზე მტერმა დილიდანვე დაუშინა ჩვენს პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი და შემდეგ შეტევაზე გადმოვიდა.  იუნკერთა შემადგენლობიდან 85-90 კაციღა იყო დარჩენილი. დიდი იყო დანაკლისი ნაცვალთა შორისაც. მიუხედავად მრავალგზის შეტევისა, მოწინააღმდეგე ქართული პოზიციების გარღვევას ვერ ახერხებდა. რამდენჯერმე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მოწინააღმდეგეს დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, რამაც შედეგი გამოიღო და ნაშუადღევს მტერმა №4 სანგარი დაიკავა. ამის შემდეგ ისინი პირდაპირ ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეის წინ აღმოჩდნენ და ქართველ არტილერისტებზე ხიშტებით წამოვიდნენ. ლეიტენანტმა მესხიშვილმა ხმალი იშიშვლა და თავისთან მყოფ იუნკრებთან ერთად მოწინააღმდეგეს ეკვეთა. ოფიცრების შავდიას, ხოშტარიასა და ჩოჩუას წინამძღოლობით მათ სხვა იუნკრებიც წამოეშველნენ და მტერს უკან დაახევინეს. მოწინააღმდეგე მარჯვნივ და მარცხნივ გაიფანტა და ამით უკან მყოფ თავის მეტყვიამფრქვევეებს 100-120 ნაბიჯის მანძილიდან იუნკრებისათვის ცეცხლი გახსნის საშუალება მისცა. სხვა გამოსავალი არ იყო და იუნკრების ნაწილმა კაპიტან ჩოჩუას მეთაურობით მეტყვიამფრქვევეებს შეუტია. მტრის რიგებამდე პირველმა იუნკერმა შალვა ერისთავმა მიირბინა და მემიზნე ოფიცერი ხიშტით მოკლა, თუმცა თავადაც სასიკვდილოდ დაჭრილი დაეცა. ასევე დაიღუპნენ იუნკრები ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი, 15-მდე კი დაიჭრა. დაიჭრნენ კაპიტნები ჩოჩუა, შავდია და ხოშტარია. იერიშები დაღამებამდე გაგრძელდა, მაგრამ ბოლშევიკბმა ნაბიჯითაც ვერ წაიწიეს წინ. დაბნელებისთანავე მათ იერიშები შეწყვიტეს და უკან დაიხიეს.

არანაკლებ მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა სოღანლუღი-შავნაბადას მიმართულებაზე. ამ სექტორში მოწინააღმდეგემ მთავარი დარტყმა გზატკეცილისა და რკინიგზის ხაზის გასწვრივ განავითარა. ამ მიმართულებით მტრის მოგერიება მოხერხდა, მაგრამ კრიტიკული ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსები თელეთიდან გადმოვიდნენ შეტევაზე, ფრონტი გაარღვიეს და 18 საათისათვის სოღანლუღის ქედზე მდებარე ტრიგონომეტრიული სიმაღლე №3150 დაიკავეს. შეიქმნა საშიშროება, რომ მოწინააღმდეგე წარმატებას განავითარებდა, უფრო ღრმად შემოიჭრებოდა და საშუალება მიეცემოდა, ზურგში მოჰქცეოდა არა მარტო გენერალ მაზნიაშვილის ნაწილებს, არამედ გენერალ ანდრონიკაშვილის შენაერთებსაც. საჭირო იყო სასწრაფოდ სიმაღლის დაბრუნება. წყაროთა ერთი ნაწილის მონაცემებით, მათ შორის გენერალ მაზნიაშვილის თანახმად, სიმაღლის დაბრუნება მოხერხდა. საბჭოთა მონაცემებით, სიმაღლე მე-11 არმიის ქვედანაყოფებს ჰქონდათ დაკავებული.

უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობდა მარცხენა ფრთაზე. დილის 7 საათზე მოწინააღმდეგის ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. ქართული პოზიციებისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის ოთხი ჯავშანმატარებელიც. როდესაც მტერი ყარაჯალარის გადასარბენს მოუახლოვდა, ქართველმა არტილერისტებმა ჯავშანმატარებლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამავე დროს, მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარი ტყვიამფრქვევების ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოექცა, იძულებული გახდა, შეტევა შეეჩერებინა და დაწოლილიყო. მოწინააღმდეგემ ყარაჯალარის გადასარბენის გავლა სცადა, მაგრამ ოთხი ქართული ბატარეის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოქცეული, იძულებული გახდა, უკან დაეხია. ჯავშანმატარებლების შეტევა სამჯერ განმეორდა. 11 საათისათვის, მიუხედავად ძლიერი საარტილერიო ცეცხლისა, მოწინააღმდეგემ ყარაჯალარის გადასარბენი გაიარა, თუმცა მისი ჯავშანმატარებლები სერიოზულად დაზიანდა. 14 საათზე ქართული პოზიციებიდან კვლავ განახლდა საარტილერიო და ტყვიამფრქვევების ცეცხლი. 16 საათისათვის დაიწყო თოვა, ჩამოწვა ბურუსი, ძალიან აცივდა. სწორედ ამ დროს ოთხმა ქართულმა თვითმფრინავმა იერიში მიიტანა მტრის ჯავშანმატარებლებზე და ოცდაათამდე ბომბი ჩამოყარა. ბრძოლაში ქართული ჯავშანმატარებელიც ჩაერთო, მაგრამ მოწინააღმდეგის ძალიან დიდი უპირატესობის გამო, ნავთლუღის მიმართულებით დაიხია. ნავთლუღის მიდამოები კი მოწინააღმდეგის ავიაციამ დაბომბა. ორხევის სანგრებში მყოფმა გვარდიელებმა მოწინააღმდეგის არაერთი იერიში მოიგერიეს, მაგრამ როდესაც დაახლოებით 17 საათისათვის სანგრებთან მტრის სამი ტანკი გამოჩნდა, იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. გენერალმა ჯიჯიხიამ იმერეთის მე-2 ბატალიონს კონტრშეტევის განხორციელება დაავალა. კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდა და დაახლოებით 19.30 საათისთვის ქართულმა მხარემ პოზიციები დაიბრუნა.

სანამ ორხევის მიმართულებაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, მოწინააღმდეგემ თავისი კავალერიით ჩვენი ჯარების მარცხენა ფრთის შემოვლა განიზრახა და სოფელ ლილოსთან გამოჩნდა. მთავარსარდალი იძულებული გახდა, ამ მიმართულებით დაცვის კიდევ ერთი სექტორი გაეხსნა და მის უფროსად გენერალური შტაბის ოპერატიული სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი დანიშნა. წითელმა კავალერიამ სოფელ დიდ ლილოს შემოუარა და ავჭალის მიმართულებით დაიძრა. სოფელ ნორიოსთან გვარდიის კავალერიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ცაგურიამ ორი ესკადრონით მოწინააღმდეგეს შეუტია და მისი შეჩერება სცადა. ეს იერიში გარკვეულწილად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მოწინააღმდეგის წინსვლა შეფერხდა. თუმცა მისმა რამდენიმე რაზმმა ავჭალადე მისვლა მაინც შეძლო. ავჭალაში გაიგზავნა ჯავშანმატარებლები, მოხალისეები და წითლების უკუგდება მოხერხდა.

24 თებერვალს მოწინააღმდეგემ რეალურად ვერაფერს მიაღწია.  ფრონტი ვერსად გაარღვია. ქართულმა შეიარაღბულმა ძალებმა ყველა პოზიცია შეინარჩუნეს. მიუხედავად ამისა, მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემ ჩათვალა, რომ თბილისის დაცვის გაგრძელება შეუძლებელია, რადგან: არსებობდა ფლანგებიდან შემოვლის საფრთხე, რაც თბილისის ალყაში მოქცევას ნიშნავდა. ამას ემატებოდა რეზერვის არარსებობა. ამიტომ საღამოს დაახლოებით 20.30 საათზე, მთავრსარდალმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო თბილისის დატოვების შესახებ. 24 საათზე ქართულმა შენაერთებმა მიღებული ბრძანების თანახმად, პოზიციების დატოვება დაიწყეს.

ერთა ლიგა და საქართველო

ერთა ლიგა და საქართველო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცდილობდა, ერთა ლიგის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო და ამით დაეცვა თავისი უსაფრთხოება.  1919 წ-ის 21 მაისს და 1920 წ-ის 1 სექტემბერს საქართველოს დელეგაციამ (თავმჯდომარე: ნიკოლოზ ჩხეიძე) სპეციალური მემორანდუმით მიმართა ერთა ლიგას. მემორანდუმში საქართველოს მთავრობა ითხოვდა ერთა ლიგის წევრად საქართველოს მიღებას. ეს თხოვნა გაიმეორა 1920 წ-ის სექტემბერში დასავლეთ ევროპაში საგანგებოდ მივლინებულმა საქართველოს კიდევ ერთმა სამთავრობო დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით.  

1920 წ-ის 15 ნოემბერს ჟენევაში მუშაობა დაიწყო ერთა ლიგის პირველმა სესიამ. დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო რიგ სახელმწიფოთა, მათ შორის საქართველოს, გაერთიანება ლიგაში. ეს საკითხი დაევალა მეხუთე განსაკუთრებულ კომისიას 36 წევრის შემადგენლობით. კომისია მუშაობდა ჩილელი დელეგატის ანტონიო ჰონელუსის თავმჯდომარეობით. კომისიამ წარმოადგინა ერთა ლიგაში ახალ სახელმწიფოთა გაწევრიანების საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები. საქართველოს საკითხი, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასა და კოსტა-რიკასთან ერთად, განსახილველად მესამე ქვეკომისიას გადაეცა.  1920 წ-ის 16 დეკემბერს ერთა ლიგაში საქართველოს მიღებას ხმას აძლევდა 24 სახელმწიფო, არჩევისათვის კი საჭირო იყო მხოლოდ 16 დელეგატის ხმა. საქართველოს სასარგებლოდ ხმა მისცა 10-მა სახელმწიფომ: სამხრეთ აფრიკამ, ბოლივიამ, კოლუმბიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, პარაგვაიმ, სპარსეთმა, პორტუგალიამ, შვეიცარიამ და ჩილემ; წინააღმდეგი გამოვიდნენ: ავსტრალია, კანადა, კუბა, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ზელანდია, ნიდერლანდები, ჩეხოსლოვაკია, დანია; თავი შეიკავეს: ბელგიამ, პოლონეთმა, შვეციამ, რუმინეთმა.

საქართველო ერთა ლიგის წევრი ვერ გახდა. უარის თქმის ძირითადი მოტივი იყო ერთა ლიგის წესდების მეათე მუხლი, რომლის თანახმადაც ლიგას მეტად გაუძნელდებოდა ახალი წევრების ტერიტორიების თავდასხმისაგან დაცვა და მათი საერთაშორისო უფლებების უზრუნველყოფა. ამრიგად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.

ზაქათალის ოლქის ავტონომია

ზაქათალის ოლქის ავტონომია - ზაქათალის ოლქის ავტონომია განსაზღვრული იყო სდრ-ის 1921 წ-ის კონსტიტუციით (მუხლი 107). თუმცა ის ბოლომდე გადაუჭრელ და სადავო საკითხად დარჩა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ვინაიდან რუსეთის იმპერიის დროს ზაქათალის ოკრუგი ცალკე ადმინისტრაციული ერთეული იყო და უშუალოდ ექვემდებარებოდა მეფისნაცვალს. 1918 წ-ის  ივლისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ   განიხილა რესპუბლიკის ადმინისტრაციული მოწყობისა და ადგილობრივი მმართველობის შტატების შესახებ კანონპროექტი. მთავრობის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციების საშტატო ნუსხაში ზაქათალის ოლქისათვის განისაზღვრა: ერთი საოლქო კომისარი, მისი თანაშემწე, ოთხი სარაიონო კომისარი. ზაქათალას მიენიჭა პირველი ხარისხის ქალაქის სტატუსი (ქუთაისთან, სოხუმთან და ფოთთან ერთად), შესაბამისად, მილიციელთა რაოდენობა ქალაქში 55-ით განისაზღვრა. პარალელურად, 1918 წ-ის   26 ივნისს ზაქათალის ოკრუგში მოქმედმა აზერბაიჯანელთა ეროვნულმა საბჭომ მიიღო ზაქათალის ოლქის აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეერთების დადგენილება. 1919 წ-ის   16 ივნისს საქართველო-აზერბაიჯანის ხელშეკრულების მე-4 მუხლი ტერიტორიული დავების შეთანხმებით ან არბიტრაჟით გადაწყვეტას ითვალისწინებდა. 1920 წ-ის აპრილამდე, აზერბაიჯანის გასაბჭოებამდე, ზაქათალის ოკრუგი იმყოფებოდა ორმხრივი მმართველობის ქვეშ. 1920 7 მაისის ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა ზაქათალის ოკრუგი აღიარა საქართველოს კუთვნილებად, თუმცა აზერბაიჯანელი ბოლშევიკების მოთხოვნით, საკითხი გადაისინჯა. 1920 წ-ის   3-6 და 9-12 ივნისს დაიდო საქართველო-აზერბაიჯანის აქსტაფის ხელშეკრულება, რომლის მე-6 მუხლის თანახმად ზაქათალის ოლქის საკითხი გადაწყდებოდა შერეული კომისიის მიერ, თითოეული მხარისგან 2 წარმომადგენლის მონაწილეობით, მანამდე არც ერთი მხარე ოლქში ჯარებს არ შეიყვანდა.

ემიგრაცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

ემიგრაცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდგომ საქართველოს ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური თუ სამხედრო პირები ეტაპობრივად წავიდნენ ემიგრაციაში. ემიგრაციის განსაკუთრებით დიდი ტალღა იყო 1921-1922 წწ-ში და 1924 წ-ის აჯანყების შემდგომ. საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვრის მკაცრად გაკონტროლებამდე ინდივიდუალურად ბევრი ტოვებდა საქართველოს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კონსტანტინოპოლის გავლით პარიზში ჩავიდა 1921 წ-ის აპრილში. დევნილი მთავრობის მთავარი მიზანი უცხოეთიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლა იყო. 1924 წ-ის აჯანყების დამარცხების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მთავრობათაგან საბჭოთა რუსეთის ცნობის შემდეგ, ევროპის სახელმწიფოთაგან დახმარების შანსები შემცირდა. საქართველოს საკითხი დაისვა ამერიკის შეერთებული შტატების სენატშიც, მაგრამ უშედეგოდ. 1933 საბჭოთა რუსეთსა და საფრანგეთს შორის დადებული პაქტის შედეგად პარიზში საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას რწმუნებები გაუუქმეს. სანაცვლოდ ჩამოყალიბდა საქართველოს „ლტოლვილთა ოფისი“, მის ხელმძღვანელად დაინიშნა სოსიპატრე (ჭიჭიკო) ასათიანი, საქართველოს საელჩოს ყოფილი მდივანი. „ლტოლვილთა ოფისის“ ფილიალებად გადაკეთდა დემოკრატიული საქართველოს საელჩოები შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიასა და სტამბოლში. ემიგრაციაში ჩამოყალიბდა ორი ანტისაბჭოთა ძალა: 1. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტი და მასთან დაკავშირებული ცალკეული ემიგრანტები, რომლებიც სხვადასხვა პარტიებსა და დაჯგუფებებს მიეკუთვნებოდნენ; 2. სპირიდონ კედიასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გაერთიანება და მათთან იდეურად ახლოს მყოფი ემიგრანტები, ძირითადად, სოციალ-დემოკრატების პოლიტიკით უკმაყოფილონი. ქართული ემიგრაციის ორი ძირითადი ნაწილი დასახლდა ევროპაში: 1) პოლიტიკური; 2) სამხედრო. ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დასაყრდენი გახდა საფრანგეთი, ქართული სამხედრო ემიგრაცია ძირითადად განთავსდა პოლონეთში. XX საუკუნის 40-იან წლებში ქართული ემიგრაციის პოლიტიკური და სამხედრო მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებად დაიყო: 1. მიემხრნენ ნაცისტურ იდეოლოგიას და ჩადგნენ მათი პროპაგანდის სამსახურში; 2. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს გერმანიის მხარეს უშუალო მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო ოპერაციებში, განსაკუთრებით, კავკასიისათვის ბრძოლაში ეროვნული ბატალიონების მეშვეობით; 3. შემოქმედებითი და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში, ცდილობდნენ საქართველოს საკითხის პოპულარიზაციას უცხოეთში; 4. ანტინაცისტურად განწყობილი ემიგრაციის წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ წინააღმდეგობის მოძრაობასთან. მრავალი მათგანი აშშ-ში გადასახლდა. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates