• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

კვინიტაძე გიორგი

კვინიტაძე გიორგი ივანეს ძე (21.VIII.1874 - 7.VIII.1970) (ნამდვილი გვარი ჩიქოვანი) - გენერალი.  დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1894). გაგზავნილ იქნა ვლადიკავკაზის 152-ე ქვეით პოლკში. პორუჩიკი (1897). შტაბსკაპიტანი (1901). რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წწ-ის ომის მონაწილე. მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-9 პოლკში. კაპიტანი (1905). 1910 1-ლი თანრიგით დაამთავრა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემია. გაგზავნილ იქნა მე-16 გრენადერთა პოლკში. 1911 კავკასიის სამხედრო ოლქის დავალებათა ობეროფიცერია. ამავე დროს მუშაობდა სამხედრო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. პოდპოლკოვნიკი (1915). კავკასიის მე-4 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. პოლკოვნიკი (1916). 1917 წ-დან კავკასიის მე-15 მსროლელთა პოლკის მეთაური. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენებით.  დაჯილდოებული იყო იარაღით.       

1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში.  გენერალი (1918). 1918 სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაინიშნა რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და მინისტრის თანაშემწედ. ქართული შეიარაღებული ძალების შექმნის საკითხში ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან არსებული უთანხმოების გამო მალევე გადადგა. დეკემბერში სომხეთთან ომის დროს სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ მაზნიაშვილის საველე შტაბის უფროსი. 1919 წ-ს მეთაურობდა ახალციხე-ახალქალაქის მაზრაში სეპარატისტთა წინააღმდეგ მებრძოლ სამხედრო შენაერთებს და შეძლო მათი დამარცხება.  შემდეგ იბრძოდა ე.წ. „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობის შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. მათთან ბრძოლისას, 1919 წ-ის აპრილში, გაათავისუფლა ძველი ქართული მხარე არტაანი. 1920 წ-ის 29 აპრილს დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალად. მაისის დასაწყისში დაამარცხა საბჭოთა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოში შემოჭრილი რუსეთის წითელი არმიის ნაწილები. სურდა შეტევის გაგრძელება და სამხედრო მოქმედებების გადატანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რათა სრულად დაემარცხებინა სამხრეთ კავკასიაში იმ დროს მყოფი წითელი არმიის ნაწილები. თუმცა ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამის ნება არ მისცა. 8 სექტემბერს დატოვა მთავრსარდლის თანამდებობა. იყო ქართული სამხედრო სკოლის დამაარსებელი და პირველი უფროსი. 1921 წ-ის 16 თებერვალს უკვე მესამედ დაინიშნა ქართული არმიის მთავარსარდლად. ენერგიულად დაიწყო მოქმედება და მთელი ყურადღება თბილისის დაცვას მიაქცია. 18 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით ქართული შეიარაღებული ძალები, მისი სარდლობით, წარმატებით იცავდნენ დედაქალაქს. თუმცა 24 თებერვალს, ფრონტზე შექმნილი ვითარების ანალიზის შედეგად, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება თბილისის დროებით დატოვების შესახებ. მისი გეგმით, უკან უნდა დაეხიათ მცხეთამდე. აქ უნდა განხორცილებულიყო ჯარების გადაჯგუფება, მომზადება და შემდეგ ძლიერი კონტრშეტევით მტრის განდევნა-დამარცხება. სამწუხაროდ, გეგმა ვერ განხორციელდა და ქართული შენაერთები უკან დახევას განაგრძობდნენ. გ. კვინიტაძემ ვერც ოსიაურთან ბრძოლაში შეძლო მოწინააღმდეგის შეკავება.                         

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა საფრანგეთში. მუშაობდა გრამფირფიტების ქარხანა "Pathe"-ში. ერთი ხანობა, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, თავს ირჩენდა მაწვნის წარმოებით და გაყიდვით. იყო ემიგრაციაში შექმნილი სხვადასხვა ორგანიზაციების წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრაციაში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებთან. გარდაიცვალა 1970 პარიზის მახლობლად, დაბა შატუში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates