• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ბათუმისათვის ბრძოლა

რუსეთ-საქართველოს 1921 წ-ის ომის მიმდინარეობისას ქემალისტურმა თურქეთმა საქართველოს ართვინის და არდაგანის გადაცემა მოსთხოვა ულტიმატუმის სახით. საქართველოს მთავრობამ ეს ულტიმატუმი არ მიიღო, თუმცა აღნიშნული ქალაქები დაცალა, რადგანაც ორ ფრონტზე ბრძოლა არ შეეძლო. თურქულმა ჯარებმა 23 თებერვალს აღნიშნული ქალაქები დაიკავა, რაც ქართულმა მთავრობამ იურიდიულად არ ცნო. ამის შემდეგ თურქული მხარის პრეტენზიები საქართველოსთან თითქოს ამოიწურა და მათ საქართველოს დახმარება შესთავაზეს რუს ბოლშევიკებთან ბრძოლაში. 11 მარტს თურქული ჯარის მეწინავე ნაწილები ბათუმში შევიდნენ. მათი მიზანი ბათუმის ოლქის დაკავება იყო და არა ქართველებთან ერთად ბრძოლა ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს უფრო ავანტიურული ნაბიჯი გახლდათ, რადგანაც მოსკოვში მიმდინარეობდა მოლაპარაკება საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, რაც 1921 წ-ის 16 მარტს მოსკოვის ხელშეკრულებით დასრულდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის ოლქი ჯერ კიდევ ბოლომდე დაუპყრობელ საქართველოს რჩებოდა, მაგრამ საბჭოთა საქართველოს. რუსეთ-საქართველოს ომი კი სრულდებოდა, მცირერიცხოვანი ქართული შენაერთები ბათუმის ოლქსა და საჯავახოს ხაზზე იყო განლაგებული. დიმიტრი ჟლობას მეთაურობით რუსული არმიის ერთი დაჯგუფება კი გოდერძის უღელტეხილის გავლით ბათუმის ოლქში ქართული არმიის ზურგში გადიოდა. 17 მარტს, ბათუმში მყოფ თურქულ ნაწილებზე დაყრდნობით, ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გუბერნატორად გამოაცხადა, თურქულმა ნაწილებმა დაიკავეს ყაზარმები, ფოსტა-ტელეგრაფის, მილიციის და სხვა შენობები. 17-18 მარტს, ქუთაისის მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთ-საქართველო ომი დასრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, მთავრობა ემიგრაციაში წავიდა და ქვეყნის ოკუპაცია იურიდიულად არ ცნო. ქუთაისის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, ომის შეწყვეტასთან ერთად, ბათუმიდან თურქული ნაწილების განდევნა იყო. 18-19 მარტს ქალაქში მყოფმა ქართულმა ნაწილებმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით თურქ ასკერებს ბრძოლა გაუმართეს და მათი დამარცხება მოახერხეს. 20 მარტს კი თურქებმა ბათუმი დატოვეს.

ბათუმის საზავო ხელშეკრულება

1918 წ-ის  4 ივნისს, ბათუმში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთს შორის ზავისა და მეგობრობის ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: ნოე რამიშვილმა (საქართველოს დრ -ის მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი), გენერალმა გიორგი ოდიშელიძემ, გ. გვაზავამ, გ. რცხილაძემ, ხოლო ოსმალეთის იმპერიის მხრიდან: ჰალილ-ბეიმ (იუსტიციის მინისტრი,სახელმწიფო საბჭოს მეთაური), გენერალ-ლეიტენანტმა ვეჰიბ ფაშამ (კავკასიის ფრონტზე ოტომანთა არმიის მეთაური, დელეგაციის მრჩეველი სამხედრო საკითხებში). ხელშეკრულების ძალით, სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და ოსმალეთს შორის მდინარე ჩოლოქზე, აბასთუმნისა და აწყურის სამხრეთით გადიოდა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები), ასევე, სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალეთმა მიიტაცა. საქართველოსთვის თავსმოხვეული „ზავისა და მეგობრობის ხელშეკრულებით  (მუხლი 13), გარდა ბათუმ-ყარს-არტაანის ოლქებისა, ოსმალეთის ხელში დამატებით გადადიოდა ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები (აბასთუმნის და აწყურის გამოკლებით (მუხლი 2). ამით საქართველოს ეროვნულ სხეულს სწყდებოდა მთელი სამაჰმადიანო საქართველო, მტკვრის ზემოწელისა და ჭოროხის აუზის ყველა ისტორიული ტერიტორია. იმავე დღეს გაფორმდა ზემოაღნიშნული ძირითადი ხელშეკრულების სამი დანართი (დამატება). პირველი, რომელიც 9 მუხლისგან შედგებოდა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ნავიგაციის საკითხებს ეხებოდა. მეორე დამატება (მუხლი 3) ორივე მხარის მცხოვრებთათვის საზღვრისპირა 10 - კილომეტრიან ზოლში განსაკუთრებულ სამიმოსვლო შეღავათებს აწესებდა. მესამე დამატება (მუხლი 7) საქართველოში მაჰმადიანი სასულიერო პირების უფლებამოსილების გაზრდას ეხებოდა. ოსმალები ამით არ დაკმაყოფილდნენ და იმავე  4 ივნისს ბათუმში გაფორმდა, აგრეთვე, დამატებითი ხელშეკრულება, რომლითაც საქართველომ ივალდებულა, ოსმალეთისთვის ჯარების გადასაყვანად და საჭურვლის გადასაზიდად რკინიგზა დაეთმო, ასევე, უნდა უზრუნველეყო სარკინიგზო შემადგენლობების შეუფერხებელი მუშაობა. მთავარ სარკინიგზო სადგურებში მოეწყობოდა ოსმალეთის სამხედრო წარმომადგენლობები, რომლებიც ადგილზე შეიძენდნენ სურსათს ჯარის მომარაგებისთვის. დამატებით ხელშეკრულებას ჰქონდა განსაკუთრებული დანართი (მუხლი 14), რომელიც აწესრიგებდა საქართველოსა და ოსმალეთს შორის ტყვეთა გაცვლას. საამისო პუნქტად მონიშნული იყო ბათუმი, სადაც უნდა შეექმნათ შერეული კომისია. ტყვეთა გაცვლა, ძირითადად, ერთი თვის ვადაში უნდა დაემთავრებინათ.

4 ივნისს, ბათუმში, ოსმალეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ცალკე კონვენციას „ბაქო-ბათუმის ნავთსადენის შესახებ“. საქართველოს და აზერბაიჯანის მხარეები, შესაბამისი საზღაურის ფასად, ვალდებულებას იღებდნენ, თავიანთ ტერიტორიებზე ნავთსადენის მუდმივი მოქმედება უზრუნველეყოთ. ოსმალეთ-საქართველოს 1918 წ-ის 4 ივნისის ხელშეკრულებების რატიფიკაცია უნდა მოეხდინათ ერთი თვის ვადაში. ეს არ განხორციელდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, ამ მძიმე პირობების შეცვლისთვის, ზომები მაშინვე მიიღო. 6 ივნისს ქართულმა დიპლომატიურმა მისიამ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადასცა, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ ბათუმის ზავზე ხელმოწერა მოხდა ოსმალური ხიშტების ძალდატანებით და მოითხოვა მისი გადასინჯვა „ოთხთა კავშირის“ და ამიერკავკასიის სახელმწიფოების საგანგებო საზავო კონფერენციაზე. გერმანიის მთავრობამ  ახალი საზავო კონფერენციის მოწვევის შესახებ, ქართველთა მოთხოვნა გაიზიარა და ოსმალეთის ხელისუფლებაც დაითანხმა. ამის მიუხედავად, ოსმალეთის მთავრობამ მაინც სცადა, ამ კონფერენციისთვის, რომელიც სტამბოლში უნდა გამართულიყო, მისთვის სასურველი ელფერი მიეცა. ამ მიზნით, იქ მიიწვია არა მარტო ამიერკავკასიის, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის, ვოლგისპირეთისა და შუა აზიის მაჰმადიანი ხალხების წარმომადგენლებიც. საბოლოოდ, კონფერენციის  ჩატარება ვერ მოხერხდა, პირველ მსოფლიო ომში გერმანიის ბლოკის სახელმწიფოების დამარცხების გამო.

1918 წ-ის ივლისში ოსმალეთის მთავრობამ, ვითომდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების) მოსახლეობის ნების გამოსავლენად, რეფერენდუმი ჩაატარა, რომელიც იმხანად მიღებული საერთაშორისო ნორმების დარღვევით, დაშინების, შანტაჟისა და გაძლიერებული ანტიქართული აგიტაციის პირობებში ჩატარდა და გამოაცხადა, რომ, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები ოსმალეთის შემადგენლობასში  რჩებოდა. 1918 წ-ის ივლისში ოსმალები ზაქათალის ოლქში (საინგილო) შეიჭრნენ.

ამიერკავკასიაში ოსმალეთის ჰეგემონისტურ მისწრაფებებს ზღვარი დაუდო პირველ მსოფლიო ომში მისმა დამარცხებამ. 1918 წ-ის 30 ოქტომბერს ომში დამარცხებულ ოსმალეთსა და ინგლის-საფრანგეთს შორის მუდროსის დროებითი ზავი დაიდო. ზავის თანახმად, ოსმალებმა ამიერკავკასიაში ოკუპირებული ტერიტორიები დატოვეს.

ბათუმის გადმოცემა ბრიტანელთა მიერ

1918 წ-ის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ბათუმის საზავო ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ დაადასტურა ოსმალეთის დაქვემდებარებაში ბათუმის, არტაანის და ყარსის ოლქების, ახალციხის და ახალქალაქის მაზრების გადასვლა. მსოფლიო ომში დამარცხების და მუდროსის ზავის ხელმოწერის შემდგომ ოსმალეთმა დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები. 19 დეკემბერს ოსმალებმა დატოვეს ბათუმი, სადაც 1919 წ-ის 6 იანვრამდე შევიდნენ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ბათუმში დაინიშნა გენერალ-გუბერნატორი, რომელმაც ადგილობრივი ლიდერების მონაწილეობით შექმნა საბჭო. ქალაქის თვითმმართველობა შეუდგა არჩევნებისათვის მზადებას. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვდა ადგილობრივ ლიდერთა მეტ ჩართულობას რეგიონის მართვაში და აპროტესტებდა ბრიტანელი ჯარისკაცების თვითნებობას. 1919 წ-ის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა პირველმა ყრილობამ მიიღო ფართო ავტონომიის საფუძველზე ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გადაწყვეტილება.

1919 წ-ის 9 სექტემბერს დაიწყო საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ბრიტანეთის ჯარის გასვლა. 1920 წ-ის თებერვალში ბათუმიდან საბოლოოდ გავიდნენ ინგლისელი სამხედროები. დაწესდა საზღვაო მიმოსვლა ბათუმიდან ოდესის და სტამბულის მიმართულებით. ბათუმის ოლქში შემოსვლა დაიწყეს თურქეთის სამხედროებმა. 1920 წ-ის მარტში ბათუმში ჩატარდა საქალაქო არჩევნები, აირჩა 36-კაციანი  ქალაქის საბჭო. სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ აბაშიძემ მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კავკასიაში ოლივერ უორდროპს, გადაწყვეტილიყო ბათუმის ოლქის საკითხი. 1920 წ-ის აპრილში სან-რემოს საზავო კონფერენციაზე, იტალიის პრემიერ ნიტტის თავმჯდომარეობით, განიხილებოდა ბათუმის საკითხი. პარალელურად, ბათუმის ოლქის წარმომადგენელთა ყრილობამ მიიღო რეზოლუცია: „ქალაქ ბათუმის და ბათუმის ოლქის დედასამშობლო საქართველოსთან ავტონომიურად გაერთიანების შესახებ“. მათ გააპროტესტეს პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილება ბათუმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის და მასზე  ერთა ლიგის  განსაკუთრებული მანდატის დაწესებაზე. საბოლოოდ, ანტანტის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, 1920 წ-ის ივლისში ბათუმში ქართული ჯარი შევიდა გენ. გ. კვინიტაძის სარდლობით. დაწესდა შეთანხმებული მოქმედება აჭარის მეჯლისსა (ლიდერი - მემედ აბაშიძე) და საქართველოს დამფუძნებელ კრებას შორის სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის პირობების მოსამზადებლად, რაც აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში. პარალელურად, ბათუმში მუშაობდა მთავრობის საგანგებო რწმუნებული (ბენია ჩხიკვიშვილი, შემდეგ გრიგოლ გიორგაძე).

ბათუმის საზავო კონფერენცია

ამიერკავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილების შესახებ გერმანია-ოსმალეთს შორის სტამბოლში დადებულმა საიდუმლო ხელშეკრულებამ (1918 წ-ის 27 აპრილი), ოსმალეთს აქტიური მოქმედების და ახალი პრეტენზიების წამოყენების შესაძლებლობა მისცა. ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ბათუმის კონფერენციაზე გასაგზავნად 45 კაცისგან შემდგარი ჯგუფი იქნა დამტკიცებული. აქედან დელეგატები იყვნენ: აკ. ჩხენკელი (თავმჯდომარე), ნ. ნიკოლაძე, რ. კაჩაზნუნი, ა. ხატისოვი, მ. გაჯინსკი, მ. რასულ-ზადე. დელეგაციაში შედიოდნენ: ი. ოდიშელიძე, ზ. ავალიშვილი,   დ. ღამბაშიძე, რ. მიქელაძე, გ. ქიქოძე. 1918 წ-ის 6 მაისს ამიერკავკასიის დელეგაცია ბათუმში ჩავიდა ოსმალეთის სტუმრის სტატუსით. ოსმალეთის დელეგაციაში  შედიოდნენ: ჰალილ-ბეი (ხელმძღვანელი), ვეჰიბ-ფაშა, ორჰან-ბეი, ნუსრეთ-ბეი, იუსულ-ბეი. გერმანიის დელეგაციის წარმომადგენლობა: ფონ-ლოსოვი (ხელმძღვანელი), გრაფი შულენბურგი, ფონ-ჰააზე,  ფონ-ვეზენდოკი. ოსმალთა ინიციატივით, ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩრდილოეთ კავკასიის დელეგაცია ჩავიდა ბამატის მეთაურობით. ბათუმის საზავო კონფერენციამ მუშაობა 11 მაისს დაიწყო. ოსმალო დელეგატების წინასწარი შეთანხმებით, ოსმალეთის მფარველობის ქვეშ უნდა მომხდარიყო კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს აღდგენა. ჰალილ-ბეი ბრესტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით აღარ კმაყოფილდებოდა. იგი, ყარსის, არტაანის, ართვინისა და ბათუმის ოკრუგებთან ერთად, დამატებით ახალქალაქის, ალექსანდროპოლის, ეჩმიაძინისა და სურმალინის მაზრებსაც მოითხოვდა და,  ფაქტობრივად, რუსეთ-ოსმალეთის 1829 წ-მდე არსებული საზღვრის აღდგენას ცდილობდა. ოსმალეთის დელეგაციის მეთაურმა ჰალილ-ბეიმ 15 მაისს ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა - ბათუმის კონფერენციისათვის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობები სახელმწიფოთა საზღვრების დასადგენად აღარ უნდა განხილულიყო.  იმავდროულად, ოსმალეთის მხარემ საომარი მოქმედებები განაახლა. 18 მაისს ჰალილ-ბეიმ  ამიერკავკასიის დელეგაციას მემორანდუმი გადასცა, რომელიც ოსმალეთის დამატებითი ტერიტორიული მოთხოვნების შესახებ ამიერკავკასიის დელეგაციას შენიშვნების გამოთქმის უფლებას ართმევდა. აკ. ჩხენკელის მცდელობა, ოსმალეთის მხარე ბრესტის საზავო პირობებით დაკმაყოფილებულიყო,  უშედეგო აღმოჩნდა. მან დახმარებისთვის გერმანიის დელეგაციის მეთაურს, გენერალ   ფონ-ლოსოვს მიმართა, რაზედაც ოფიციალური თანხმობა 19 მაისს მიიღო. ბათუმის კონფერენციაზე აკ. ჩხენკელის მიერ დიდი დიპლომატიური უნარის გამოჩენის (ნ. ჟორდანია) მიუხედავად, საკითხს სამხედრო სიძლიერე წყვეტდა. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, როცა ფონ-ლოსოვმა ოსმალეთთან შუამდგომლობაზე უარი განაცხადა (25 მაისი). ეს ფაქტი ოსმალეთს მეტი პრეტენზიების წამოყენებისა და თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას აძლევდა. ამიერკავკასიის სეიმის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბათუმის კონფერენციამ 1918-ის 31 მაისს მუშაობა განაახლა.

ბათუმის გადმოცემა ბრიტანელთა მიერ

1918 წ-ის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ბათუმის საზავო ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ დაადასტურა ოსმალეთის დაქვემდებარებაში ბათუმის, არტაანის და ყარსის ოლქების, ახალციხის და ახალქალაქის მაზრების გადასვლა. მსოფლიო ომში დამარცხების და მუდროსის ზავის ხელმოწერის შემდგომ ოსმალეთმა დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები. 19 დეკემბერს ოსმალებმა დატოვეს ბათუმი, სადაც 1919 წ-ის 6 იანვრამდე შევიდნენ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ბათუმში დაინიშნა გენერალ-გუბერნატორი, რომელმაც ადგილობრივი ლიდერების მონაწილეობით შექმნა საბჭო. ქალაქის თვითმმართველობა შეუდგა არჩევნებისათვის მზადებას. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვდა ადგილობრივ ლიდერთა მეტ ჩართულობას რეგიონის მართვაში და აპროტესტებდა ბრიტანელი ჯარისკაცების თვითნებობას. 1919 წ-ის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა პირველმა ყრილობამ მიიღო ფართო ავტონომიის საფუძველზე ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გადაწყვეტილება.

1919 წ-ის 9 სექტემბერს დაიწყო საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ბრიტანეთის ჯარის გასვლა. 1920 წ-ის თებერვალში ბათუმიდან საბოლოოდ გავიდნენ ინგლისელი სამხედროები. დაწესდა საზღვაო მიმოსვლა ბათუმიდან ოდესის და სტამბულის მიმართულებით. ბათუმის ოლქში შემოსვლა დაიწყეს თურქეთის სამხედროებმა. 1920 წ-ის მარტში ბათუმში ჩატარდა საქალაქო არჩევნები, აირჩა 36-კაციანი  ქალაქის საბჭო. სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ აბაშიძემ მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კავკასიაში ოლივერ უორდროპს, გადაწყვეტილიყო ბათუმის ოლქის საკითხი. 1920 წ-ის აპრილში სან-რემოს საზავო კონფერენციაზე, იტალიის პრემიერ ნიტტის თავმჯდომარეობით, განიხილებოდა ბათუმის საკითხი. პარალელურად, ბათუმის ოლქის წარმომადგენელთა ყრილობამ მიიღო რეზოლუცია: „ქალაქ ბათუმის და ბათუმის ოლქის დედასამშობლო საქართველოსთან ავტონომიურად გაერთიანების შესახებ“. მათ გააპროტესტეს პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილება ბათუმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის და მასზე  ერთა ლიგის  განსაკუთრებული მანდატის დაწესებაზე. საბოლოოდ, ანტანტის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, 1920 წ-ის ივლისში ბათუმში ქართული ჯარი შევიდა გენ. გ. კვინიტაძის სარდლობით. დაწესდა შეთანხმებული მოქმედება აჭარის მეჯლისსა (ლიდერი - მემედ აბაშიძე) და საქართველოს დამფუძნებელ კრებას შორის სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის პირობების მოსამზადებლად, რაც აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში. პარალელურად, ბათუმში მუშაობდა მთავრობის საგანგებო რწმუნებული (ბენია ჩხიკვიშვილი, შემდეგ გრიგოლ გიორგაძე).

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates