• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

უქმე დღეების შესახებ კანონი

უქმე დღეების შესახებ კანონი - საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წ-ის 31 დეკემბრის კანონით „სამოქალაქო უქმე დღეებისა“, დაწესდა შემდეგი უქმე დღეები: ახალი წელიწადი - პირველი იანვარი; რუსეთის რევოლუციის პირველი დღე - 12 მარტი; ინტერნაციონალის დღესასწაული - პირველი მაისი და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე - 26 მაისი.

სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის კონცეფცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე აქტუალური იყო. ეს კარგად ჩანს საკონსტიტუციო კომისიის 1919 წ-ის 24 თებერვლის სხდომის მასალებიდან, სადაც გაიჟღერა შემდეგმა სიტყვებმა: „არავითარი სუბსიდიები არ უნდა მიეცეს ეკლესიას სახელმწიფოსაგან“ (ნათაძე); „რაკი ეკლესია ჩამოშორებული იქნება, აღარც კავშირი უნდა იყოს მასა და სახელმწიფოს შორის“ (გ. ნანეიშვილი). ხელისუფლების ამ პოლიტიკას მოჰყვა სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების გაუქმება, ასევე, ეკლესიას ჩამოერთვა ბევრი სამოქალაქო უფლება და გადაეცა სახელმწიფოს.

სახელმწიფოსაგან ეკლესიის ჩამოშორებისკენ გადაგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წ-ის 17 ივნისს „უქმე დღეების რიცხვის შემცირების“ შესახებ კანონის მიღება. ამ დოკუმენტში ჩანს, რომ ხელისუფლებამ უქმე დღეებიდან გამორიცხა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულები: მირქმა უფლისა - 15 თებერვალი; დიდი პარასკევი, აღდგომის მესამე დღე - სამშაბათი, მეორე დღე სული-წმინდის მოფენისა, ფერისცალება უფლისა - 19 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინების დღე - 28 აგვისტო; ჯვართ-ამაღლება - 27 სექტემბერი და ტაძრად მოყვანა - 4 დეკემბერი.

ხორბლის შემოტანა საქართველოში

ხორბლის შემოტანა საქართველოში.  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების  პირველივე დღიდანვე, უმწვავეს პრობლემას წარმოადგენდა ქვეყნის სურსათით მომარაგება.  მდგომარეობას ამძიმებდა ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები და სამხედრო კონფლიქტები მეზობელ სახელმწიფოებთან. 1920-ის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს რესპუბლიკას ხორბლის სამთვიანი მარაგი გააჩნდა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არმიის გამოკვების საკითხი. მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესებას ითვალისწინებდა 1920-ის 14 დეკემბრის „დეკრეტი სამხედრო-სასურსათო ფონდის გასაძლიერებლად სიმინდის შესყიდვის შესახებ“. ევროპის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის შეპირებული სურსათის მიყიდვის პროცედურის დასაწყებად, საქართველოს წარმომადგენლობითი მისიების 1919-1920 წლების საქმიანობა  უშედეგო აღმოჩნდა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლობის მეორე განშტოებას, რომელსაც ვასილ დუმბაძე ხელმძღვანელობდა, აშშ- ში გარკვეულ წარმატებას მიაღწია. მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, საქართველოს მომარაგების სამინისტროს წარმომადგენლობასა და ნიუ-იორკის კერძო ფირმა - სავაჭრო სახლის `შაბრიერ მორელ იკოს თან“ 1919-ის ნოემბერში ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მომარაგების სამინისტრომ 20 მილიონიანი ფრანკის საბანკო კრედიტი გახსნა. ამ ხელშეკრულებით, ფირმა „შაბრიერ მორელ იკო“ პასუხისმგებლობას იღებდა, შეძენილი პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ფოთის პორტში მიტანით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, საქართველოსთვის 1350 ტონა ხორბლის შეძენას, ხოლო მისი ღირებულების სანაცვლოდ, საქართველოს მომარაგების სამინისტროს 100 ათასი კილო აბრეშუმის პარკი ან მატყლი (1 კგ. აბრეშუმის პარკის სანაცვლოდ 5 კგ. მატყლი) უნდა მიეცა. საქართველოს მომარაგების სამინისტროს (მინისტრი გ.ერაძე) ძალისხმევით, 1920-ლის დეკემბრის დასაწყისში, „შაბრიერ მორელ იკოს“ პირველ ეტაპზე, 62400 კილო პარკი გაუგზავნეს (გემ `ფრიგზე~ 40 ათასი კგ. დაიტვირთა, ხოლო გემ `ტოდლაზე~ 22 ათას 400 კგ.). ზემოაღნიშნული ფირმა დანარჩენ 37600 კილო პარკს, მხოლოდ მას შემდეგ მიიღებდა, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1350 ტონა ხორბალი საქართველოში სრულყოფილად იქნებოდა შემოტანილი. შეპირებული ხორბალი ფოთის პორტში 1921-ის იანვრის პირველ რიცხვებში შემოვიდა. მისი გემებიდან გადმოტვირთვა, მიწონვა, მატარებლის ვაგონებში განთავსება (76 ვაგონი), მიღებული პროდუქციის სრულფასოვნად შეფასება და მიღება- ჩაბარების აქტზე ხელმოწერა 1921-ის 20 იანვარს დასრულდა.

ხორბლის დანიშნულებისამებრ გაგზავნა და მოხმარების მიზნით მისი დამუშავების შეაძლებლობის პროცესის განხორციელება, მხოლოდ ამ ოპერაციის დამთავრების (1921 წლის 20 იანვარი) განხორციელების შემდეგ გახდა შესაძლებელი. საქართველოში იმ ეტაპზე არსებული სარკინიგზო ტვირთგადაზიდვის შესაძლებლობებს და შესაბამის ტექნოლოგიურ პროცესებს თუ გავითვალისწინებთ, ფოთის პორტიდან ხორბლის ტრანსპორტირება და თბილისის საწყობებში სრულფასოვნად დაბინავება, თებერვლის რიცხვებამდე ვერ მოხერხდებოდა. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო მისი დაფასოებისა და დაფქვის პროცედურა. ფოთის პორტში შემოტანილმა ხორბლის დიდმა მარაგმა და ჯარისთვის პურის მიწოდების გარანტიის შექმნამ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა 1921 წლის 26 იანვარს, საქართველოს მოქალაქეების, 1900 წელს დაბადებული ახალგაზრდების  ჯარში გაწვევა გამოეცხადებინა. ამ დოკუმენტით ყველა წვევამდელი მოქალაქე, დანიშნულ ადგილზე 1921-ის 6 თებერვალს დილის 8-9 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. ამ საქმის ორგანიზაცია, მაზრების შესაბამის უბნებსა და განყოფილებებს ჰქონდა დავალებული. ქვეყანაში მარცვლის ზემოაღნიშნული მარაგის შემოტანამ, სამხედრო შენაერთების ახალი კონტინგენტით შევსება გახადა შესაძლებელი. .

ხელფასები და ფასები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ხელფასები და ფასები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საქართველოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბლიკაში არსებული ხელფასებისა და ფასების მაჩვენებელი საკმაოდ სწრაფად იცვლებოდა, რასაც განაპირობებდა იმხანად მიმოქცევაში არ­სე­ბული ქართული მანეთის (გამოშვებული იყო ბონის სახით) ინფლაცია. სა­ქართ­ვე­ლოს დე­მო­კ­რა­ტი­ული რეს­პუბლიკის შრომის სამინისტროს მიერ შეკრე­ბი­ლი ცნობების მიხედვით, 1919 წლის ნოემბერში, სხვადასხვა დარგის მუშაკები იღ­ე­­ბ­დნენ შემ­დეგ საშუალო თვი­ურ ხელფასს (მა­­ნე­თ­ებში): მთავარი მოან­გა­რი­შე - 4, 370; კან­ტო­რის მოსამსა­ხუ­რე - 2, 173; საქმის მწარმოებელი - 2, 525; მისი თანაშემ­წე - 2, 521; მისი თანა­შე­მწე - 2, 481; გადამწერი - 1, 682; მოლარე - 2, 637; პროვი­ზორი - 2, 950; ბებია-ქალი - 1, 265; გამყიდველი - 1, 904. იმავე პერიოდის სო­ცი­ალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური კრებულიდან ნა­თელი ხდება, რომ 1920 წელს, თბილისში მცხოვრები მოსამსახურეები იღებდ­ნენ შემდეგ საშუალო ხელფასს (მა­­ნე­თ­ებში): ადმინისტრაციული პერსონალი - 5, 070; საქმის მწარმოებელი - 4, 200; ტექნიკური პერსონალი - 4, 050; აღრიცხვა-კონტრო­ლის პერსონალი - 600; სამნეო-გამანაწილებელი პერსონალი - 4, 140; სამკურნა­ლო-სანიტარული საქმის მუშაკი - 3, 840; განათლების მუშაკი - 4, 710; ხელოვ­ნე­ბის მუშაკი - 6, 000;  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მუშაკი - 3, 080; ჰიგი­ენის მუშაკი - 2, 850. მუშები იღებდნენ შემდეგ საშუალო ხელფასს: მელითონე - 4, 650; მეტყავე - 4, 100; რკი­ნი­­გ­ზე­ლი - 2, 630; ხის დამმუშავებლისა - 3, 550; ად­გილობრივი ტრანსპორტის მუ­­შაკი - 2, 980; სასოფლო მეურნეობის მუშაკი - 2, 940; მინერალების დამმუშა­ვე­ბელი - 3, 380; ქიმიკოსი - 3, 015; მშენე­ბელი - 3, 330; მექსოვილე - 3, 450; მკერა­ვი­ - 4, 350. რაც შეეხება ძირითადი სა­ჭი­როების საგ­ნებს, მათი საშუალო მაჩვენებელი თბილისში იყო (მანეთებში): ხო­რ­ბა­ლი (1 ფუ­თი) - 2100, 6; სიმინდი (1 ფუთი) - 1088, 7; ქერი (1 ფუთი) - 1128, 9; პურის ფქვი­ლი (1 ფუთი) - 2417, 5; სიმინ­დის ფქვილი (1 ფუთი) - 1884; კარტოფილი (1 ფუ­თი) - 631, 67; რაფინირებული შაქარი (1 ფუთი) - 8894, 16; შაქრის ფხვნილი (1 ფუ­თი) – 8576; ძროხის ხორცი (1 გირვანქა) – 56, 75;  ცხვრის ხორცი (1 გირვანქა) - 122, 75; ერბო (1 გირვანქა) - 493; ყველი (1 გირვანქა) - 130, 94; საჭმლის ზეთი (1 გირვანქა) - 25, 75; მარილი (1 გირვანქა) - 19, 22; საპონი (1 გირვანქა) - 115, 41; ნა­ვ­თი (1 ლიტრი) – 14, 25. თბილისში მცხოვრები მუშა-მოსამსახურის ოჯახის (4 სული) თვიური გასავალი შეადგენდა საშუალოდ 6423, 8 მანეთს. ხარჯების დანი­შ­ნულება გამოიყურებოდა შემდეგნაირად: საზრდო - 3847, 2; ბინა, გათბობა, წყა­ლი - 397; ჰიგიენა - 285, 2; ნარკოტიკები - 330, 8; კულტურული და საზოგა­დოებ­რივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება - 458; ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც ოჯახის საჭიროების გარეშე რჩება - 81; დანარჩენი ხარჯები - 158, 7. ფინანსთა და ვაჭ­რო­ბა-მრეწ­ვე­ლობის იმდროინდელი მინისტრის კონს­ტა­ნტინე კა­ნ­დე­ლაკის მონაცემებით, 1914 წლის დასაწყისთან შედარებით, 1920 წლის დასაწ­ყი­სში, საშუა­ლო საბაზრო ფასები გაზრდილი იყო 154, 9-ჯერ, ხოლო იმავე დროს, მუშათა საშუალო ხელფასმა მოიმატა მხოლოდ 48, 7-ჯერ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გიორგი კვინიტაძის მოგონებებში უარყოფითად არის შეფასებული საქართველოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბლიკაში არსებული ხელფასე­ბი­ს სისტემა. იგი იგონებდა: „სამხედრო სკოლაში იყვნენ მოსამსახურე-მუშები. ოფიცერი, ვის განკარგულებაშიც ეს მუშები იყვნენ, იღებდა ნაკლებს ჯამაგირს, ვი­დრე მუშა. ოფიცრებს-მასწავლებლებს ლექციებისათვის ეძლეოდათ იმდენი ფუ­ლი, რავ ძლივს ჰქოფნიდათ ტრამვაისათვის. მე, სამხედრო სკოლის უფროსი, ვი­ღებდი ჯამაგირს - 6, 000 მანეთს. ერთხელ, პოლკოვნიკი სტოქსი, ინგლისელი ან­ტანტის წარმომადგენელი და მე მივდიოდით რუსთაველის გამზირით. ერთმა მა­თ­ხოვარმა მოგვამრთა თხოვნით და პოლკოვნიკმა სტოქსმა მისცა მას 5, 000 მანე­თი. ომის დროს დაქვრივებულ ოფიცრის ცოლს არ ეძლეოდა სარჩენად პენსია; არც აძლევდნენ მის დასამარხად დახმარებას“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ პე­რი­ოდში ამაზე უკეთესი ვითარება არ ყოფილა საქართველოს მეზობელ ქვეყნებ­ში - რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც ფულის გაუფასურება უფრო დაჩქარე­ბუ­ლი ტემპით ხასიათდებოდა.

ხმა ქართველი  ქალისა

ხმა ქართველი  ქალისა - 1917-1918.  ყოველკვირეული   საპოლიტიკო, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი.  გამოდიოდა  ქუთაისში.  გაზეთის რედაქტორი იყო    ქართველი საზოგადო მოღვაწე,    ფემინისტი  და პუბლიცისტი კატო (ეკატერინე) მიქელაძე(1878- 1942) .გაზეთს გამოსცემდა  ქუთაისის  ქალთა კლუბი. 1918 წლიდან  კი ,,ინტერპარტიული ქალთა  ლიგა“.  სულ გამოიცა გაზეთის 50 ნომერი. პუბლიკაციათა ავტორები იყვნენ: კ. მიქელაძე,  ნ. ნადირაძე,  ე. გაბაშვილი, ს. მგელაძე, დ. ახვლედიანი, დ. თომაშვილი  ოლ. ბუაჩიძე  და სხვ.

გაზეთი დიდი აღტაცებით მიესალმა 1917 წლის რუსეთის თებერვლის  რევოლუციას (,,ილია მურომეცი აღდგა“) და  იმედოვნებდა,  რომ დადგა თავისუფლებისა და მომავალი ქვეყნის შენების ჟამი. იგი  მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ ავტონომიას, რაც, მისი აზრით, აუცილებელი იყო ქვეყნის  აღსადგენად და დემოკრატიული მმართველობის დასამყარებლად. კ. მიქელაძე  თანაუგრძნობდა სოციალისტ-რევოლუციონერებს,  შესაბამისად,  გაზეთი  ,,ხმა ქართველი ქალისა“ მემარცხენე იდეების მიმდევარი იყო, თუმც ზოგადად,  ქართული პარტიების პოლიტიკური გავლენების მიღმა რჩებოდა და სრულ სარედაქციო თავისუფლებას ინარჩუნებდა.  გაზეთის პირველივე  ნომერში,  1917 წლის 5 აპრილის სარედაქციო სტატიაში  აღნიშნულია, რომ გაზეთი ყურადღებით მიადევნებს თვალს პარტიათა  ქმედებას, მათ ნაკლსა და ღირსებას.  ამავდროულად შეეცდება ,,მათ შორის ატეხილს უთანხმოებაში, ერთი რომელი შემაერთებელი ძაფის გამონახვას და გაბმას“.  ამგვარად, გაზეთი  კრიტიკული იყო  საქართველოში არსებული პარტიების მიმართ, ვინაიდან, მისი აზრით,  ვერცერთი პარტიული პროგრამა  ვერ  ასახავდა და იტევდა იმ საზოგადოებრივ და მოქალაქეობრივ ინტერესებს, რომლებსაც ესწრაფვოდა გამოცემა. ,,ხმა ქართველი ქალისა“  უმთავრეს მიზნად  აცხადებდა  ,,დაქსაქსულ ქალთა ძალის“ გაერთიანებას  ქვეყნის საკეთილდღეოდ და ქალთა უფლებების დაცვას, ,,ბრძოლას ქალის ,,ადამიანური პიროვნების აღდგენისათვის და სამშობლოს უფლებისათვის“.  ,,ხმა ქართველი ქალისა“  მხარს უჭერდა  სუფრაჟისტულ მოძრაობას და თანმიმდევრულად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის.  გაზეთი მოითხოვდა ქალის პოლიტიკური უფლებების აღდგენას, ქალის მამაკაცთან უფლებრივ გათანაბრებას, ქალთა საარჩევნო ხმის უფლების დაკანონებას  და   მის მონაწილეობას   საკანონმდებლო  საქმიანობასა და თვიმმართველობაში, ასევე  სახელფასო ანაზღაურების  თანასწორობას თანაბარი შრომისათვის,  სამოქალაქო და  სისხლის სამართლის კანონდებლობაში  სქესობრივი პრივილეგიის გაუქმებას,  ორივე სქესის თანაბარი განათლების უფლებას და სხვ.   ყველა ნომერს გასდევს   ქალთა უფლებების  გამომხატველი და მათი გაერთიანების  იდეის შემცველი მოწოდებები : ,,სრული პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება ქალებს“, ,,გაუმარჯოს ქალთა სოლიდარობას“.  ,,ქალებო მთელი ქვეყნისა, შეერთდით“,  დევიზი ,,თანასწორობა   სქესთა  წინაშე კანონისა!“. საგაზეთო  პუბლიკაციები  ასახავდა და ეხმიანებოდა საქართველოში  მიმდინარე  თუ საერთაშორისო საზოგადოებრივ - პოლიტიკურ მოვლენებს   და  უმთავრესად,   ფემინისტური თვალთახედვით  განიხილავდა მათ.   ეს მოვლენებია: პირველი მსოფლიო ომთან დაკავშირებული საერთაშორისო ამბები,  კავკასიისა  და საქართველოს რეგიონული  მოვლენები,   გაზეთი   ეთგვარ  განმანათლებლად  ევლინება მკითხველს და პერმანენტულ დიალოგს მართავს მასთან ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა:  ტერიტორიალური ავტონომიის საკითხი,  ეროვნული დამოუკიდებლობის მნიშვნელობა ქვეყნის  არსებობისათვის, სიტყვის თავისუფლება, ქართული ენის   როლი  ქვეყნის განვითარებისათვის.   შემეცნებით და ინფორმაციულ მიზნებს ისახავს   ცალკეულ პუბლიკაციებში  საუბარი დემოკრატიული რესპუბლიკის, კონსტიტუციის, განათლების მნიშვნელობის შესახებ, სოციალური თანასწორობის იდეები  და სხვ. გაზეთს ყურადღების მიღმა არ რჩება არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებსაც   ოპერატიულად აწვდის მკითხველს.   პუბლიცისტთა  გასჯის არეალში ექცევა როგორც საქართველოს, ისე რუსეთსა და ევროპაში  მომხდარი  ამბები. გაზეთი  დიდი სიხარულით მიესალმა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და აღტაცების გამომხატველი არა ერთი პუბლიკაცია  მიუძღვნა მას.  გამოცემა  აკრიტიკებს მენშევიკებს იმის გამო, რომ  ქალთა ორგანიზაციებს არ  ჰყავდათ  სეიმში თავიანთი წარმომადგენელი,  და ქალებმაც არ წარმოადგინეს თავიანთი კანდიდატები, რასაც   ბოლშევიკურ პრაქტიკად მიიჩნევს. გაზეთის აზრით, არც მთავრობის წევრი სოციალისტები იცავენ საკმარისად ქალთა უფლებებს(„ამიერკავკასიის სეიმი“).

,,ხმა ქართველი ქალისა“  გვთავაზობს თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვან პუბლიკაციებს ყველა საჭირბოროტო თემაზე. საგამანათლებლო ამოცანებს ისახავს    მკითხველში  სიტყვის თავისუფლების,  დემოკრატიული  რესპუბლიკის კონსტიტუტიციის  არსისა და მნიშვნელობის ამსახველი შემცნებითი სტატიები, წერილები ზნეობისა და პედაგოგიკის საკითხებზე და სხვ.  ავტორები  მხარს უჭერენ ქალთა  კოოპერატიულ მოძრაობას. მკითხველს აზიარებენ  უცხოეთში საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პროცესებში ქალთა მონაწილეობის გამოცდილების ფაქტებს.   გაზეთში აქვეყნებდა  მხატვრულ ნაწარმოებებსაც, რომლებიც  თავისი შინაარსით, დიდწილად, ფემინისტური იყო. მაგ., დაიბეჭდა  მარიჯანის, ს. მგელაძის  ლექსები, დ. ახვლედიანის ერთმოქმედებიანი პიესა ,,ქალი და აჩრდილი“ და სხვ.

ჩრდილოეთი ფრონტი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს

ჩრდილოეთი ფრონტი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს  - რუსეთ-საქართველოს 1921 წ-ის ომის მიმდინარეობისას, რუსულმა არმიამ, კერძოდ თერგ-დაღესტნის მებრძოლთა ჯგუფმა (1921 წ-ის 7 მარტიდან თერგ-დაღესტნის მე-10 არმია. არმიის მეთაური მიხეილ ლევანდოვსკი) და მასთან დაკავშირებულმა პარტიზანულმა რაზმებმა საქართველოს ჩრდილოეთიდანაც შემოუტიეს. რუსული ნაწილები საქართველოში შემოვიდნენ დარიალის ხეობიდან, თრუსოს, როკის, მამისონისა და ღების უღელტეხილების გავლით. დარიალის ხეობიდან ქართულ პოზიცებს უტევდა  ცალკეული მსროლელი ბატალიონი, 97-ე საარტილერიო დივიზიონის ნახევარბატარეა და განსაკუთრებულ საქმეთა შენაერთი ანუ იგივე ალექსანდრე გეგეჭკორის სახელობის პარტიზანული რაზმი. თრუსოს ხეობაში კი თრუსოს უღელტეხილიდან გადმოვიდა ოსური პარტიზანული  900-კაციანი რაზმი ბადილა გაგლოევის მეთაურობით. პარტიზანული რაზმა გადმოლახა როკის უღელტეხილიც. მამისონის უღელტეხილზე გადმოვიდა 33-ე მსროლელი დივიზიის  98-ე ბრიგადა და თერგის საკავალერიო დივიზიონი, ხოლო ღების უღელტეხილზე ოს პარტიზანთა 800-კაციანი შენაერთი. ხევის მიმართულებას საქართველოს მხრიდან იცავდა დარიალის სანაპირო რაზმი და დუშეთის გვარდიის ბატალიონის ნახევარი პოლკოვნიკ სიმონ წერეთლის მეთაურობით, ხოლო რაჭის მიმართულებას ასევე გვარდიის და სანაპირო რაზმის მცირე კონტინგენტი. ღებისა და მამისონის უღელტეხილებზე გადმოსული მოწინააღმდეგის შენაერთები აფხაზეთიდან შემოჭრილ მეცხრე არმიის ძალებს უნდა შეერთებოდა, როკის და თრუსოს უღელტეხილებიდან გადმოსული და დარიალის ხეობაში შემტევი რუსული ნაწილები კი თბილისის დამცველების ზურგში გასვლას ითვალისწინებდა , მაგრამ მათი წარმატება მთლიანად დამოკიდებული იყო თბილისზე შემტევი მეთერთმეტე არმიის წარმატებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დამხმარე ნაწილების შეტევას აზრი ეკარგებოდა. დარიალის ხეობაში ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დაიწყო.   მათ ააფეთქეს ხეობაში შემოსასვლელი ხიდი და მოწინააღმდეგეს დარიალის ძალიან ვიწრო ხეობაში თავის შემოყოფის საშუალებას არ აძლევდნენ, 18 თებერვალს კავკასიის ფრონტის სარდლობამ დარიალის ხეობაზე შემტევ ძალებს ხიდის აღდგენა, სწრაფი გადაადგილება და თბილისის სამხრეთით შემტევ ნაწილებთან შეერთება უბრძანა, თუმცა რუსულმა ნაწილებმა ეს ვერ მოახერხეს. ამიტომ ალაგირში მდგარ ოსურ პარტიზანულ რაზმს ებრძანა თრუსოს უღელტეხილზე გადასვლა და თრუსოს ხეობით კობში, ყაზბეგსა და დარიალის ხეობაში მდგარი ქართული ნაწილების ზურგში გასვლა. 900-კაციანი პარტიზანული რაზმი  10 ტყვაიმფრქვევით 22 თებერვალს დაიძრა ალაგირიდან, გადალახეს რთულად გადასასვლელი 3149 მეტრი სიმაღლის დათოვლილი უღელტეხილი  და 28 თებერვალს  შევიდნენ კობში, თუმცა ამ დროისთვის ქართული ძალები ხევში აღარ იყვნენ, რადგანაც თბილისიდან უკან დახევისას, 24-25 თებერვალს, ხევის ტერიტორიაზე მყოფ ქართულ ძალებს უკან დახევის ბრძანება მიუვიდათ.  რაჭის მიმართულებაზე მამისონი უღელტეხილი 98-ე მსროლელმა ბრიგადამ და თერგის საკავალერიო დივიზიონმა  25 თებერვალს გადმოლახა, მალევე მათ შეუერთდა ღების უღელტეხილიდან გადმოსული ოსური პარტიზანული შენაერთი. უღელტეხილებიდან გადმოსულმა ძალებმა 3 მარტს აიღეს ონი. ონის აღების შემდეგ ამ ძალების უმეტესი ნაწილი დაიძრა ქუთაისისაკენ და 10 მარტს შევიდნენ კიდეც ქუთაისში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates