• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩრდილოეთი ფრონტი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს

ჩრდილოეთი ფრონტი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს  - რუსეთ-საქართველოს 1921 წ-ის ომის მიმდინარეობისას, რუსულმა არმიამ, კერძოდ თერგ-დაღესტნის მებრძოლთა ჯგუფმა (1921 წ-ის 7 მარტიდან თერგ-დაღესტნის მე-10 არმია. არმიის მეთაური მიხეილ ლევანდოვსკი) და მასთან დაკავშირებულმა პარტიზანულმა რაზმებმა საქართველოს ჩრდილოეთიდანაც შემოუტიეს. რუსული ნაწილები საქართველოში შემოვიდნენ დარიალის ხეობიდან, თრუსოს, როკის, მამისონისა და ღების უღელტეხილების გავლით. დარიალის ხეობიდან ქართულ პოზიცებს უტევდა  ცალკეული მსროლელი ბატალიონი, 97-ე საარტილერიო დივიზიონის ნახევარბატარეა და განსაკუთრებულ საქმეთა შენაერთი ანუ იგივე ალექსანდრე გეგეჭკორის სახელობის პარტიზანული რაზმი. თრუსოს ხეობაში კი თრუსოს უღელტეხილიდან გადმოვიდა ოსური პარტიზანული  900-კაციანი რაზმი ბადილა გაგლოევის მეთაურობით. პარტიზანული რაზმა გადმოლახა როკის უღელტეხილიც. მამისონის უღელტეხილზე გადმოვიდა 33-ე მსროლელი დივიზიის  98-ე ბრიგადა და თერგის საკავალერიო დივიზიონი, ხოლო ღების უღელტეხილზე ოს პარტიზანთა 800-კაციანი შენაერთი. ხევის მიმართულებას საქართველოს მხრიდან იცავდა დარიალის სანაპირო რაზმი და დუშეთის გვარდიის ბატალიონის ნახევარი პოლკოვნიკ სიმონ წერეთლის მეთაურობით, ხოლო რაჭის მიმართულებას ასევე გვარდიის და სანაპირო რაზმის მცირე კონტინგენტი. ღებისა და მამისონის უღელტეხილებზე გადმოსული მოწინააღმდეგის შენაერთები აფხაზეთიდან შემოჭრილ მეცხრე არმიის ძალებს უნდა შეერთებოდა, როკის და თრუსოს უღელტეხილებიდან გადმოსული და დარიალის ხეობაში შემტევი რუსული ნაწილები კი თბილისის დამცველების ზურგში გასვლას ითვალისწინებდა , მაგრამ მათი წარმატება მთლიანად დამოკიდებული იყო თბილისზე შემტევი მეთერთმეტე არმიის წარმატებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დამხმარე ნაწილების შეტევას აზრი ეკარგებოდა. დარიალის ხეობაში ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დაიწყო.   მათ ააფეთქეს ხეობაში შემოსასვლელი ხიდი და მოწინააღმდეგეს დარიალის ძალიან ვიწრო ხეობაში თავის შემოყოფის საშუალებას არ აძლევდნენ, 18 თებერვალს კავკასიის ფრონტის სარდლობამ დარიალის ხეობაზე შემტევ ძალებს ხიდის აღდგენა, სწრაფი გადაადგილება და თბილისის სამხრეთით შემტევ ნაწილებთან შეერთება უბრძანა, თუმცა რუსულმა ნაწილებმა ეს ვერ მოახერხეს. ამიტომ ალაგირში მდგარ ოსურ პარტიზანულ რაზმს ებრძანა თრუსოს უღელტეხილზე გადასვლა და თრუსოს ხეობით კობში, ყაზბეგსა და დარიალის ხეობაში მდგარი ქართული ნაწილების ზურგში გასვლა. 900-კაციანი პარტიზანული რაზმი  10 ტყვაიმფრქვევით 22 თებერვალს დაიძრა ალაგირიდან, გადალახეს რთულად გადასასვლელი 3149 მეტრი სიმაღლის დათოვლილი უღელტეხილი  და 28 თებერვალს  შევიდნენ კობში, თუმცა ამ დროისთვის ქართული ძალები ხევში აღარ იყვნენ, რადგანაც თბილისიდან უკან დახევისას, 24-25 თებერვალს, ხევის ტერიტორიაზე მყოფ ქართულ ძალებს უკან დახევის ბრძანება მიუვიდათ.  რაჭის მიმართულებაზე მამისონი უღელტეხილი 98-ე მსროლელმა ბრიგადამ და თერგის საკავალერიო დივიზიონმა  25 თებერვალს გადმოლახა, მალევე მათ შეუერთდა ღების უღელტეხილიდან გადმოსული ოსური პარტიზანული შენაერთი. უღელტეხილებიდან გადმოსულმა ძალებმა 3 მარტს აიღეს ონი. ონის აღების შემდეგ ამ ძალების უმეტესი ნაწილი დაიძრა ქუთაისისაკენ და 10 მარტს შევიდნენ კიდეც ქუთაისში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates