• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

უქმე დღეების შესახებ კანონი

უქმე დღეების შესახებ კანონი - საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წ-ის 31 დეკემბრის კანონით „სამოქალაქო უქმე დღეებისა“, დაწესდა შემდეგი უქმე დღეები: ახალი წელიწადი - პირველი იანვარი; რუსეთის რევოლუციის პირველი დღე - 12 მარტი; ინტერნაციონალის დღესასწაული - პირველი მაისი და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე - 26 მაისი.

 სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის კონცეფცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე აქტუალური იყო. ეს კარგად ჩანს საკონსტიტუციო კომისიის 1919 წ-ის 24 თებერვლის სხდომის მასალებიდან, სადაც გაიჟღერა შემდეგმა სიტყვებმა: „არავითარი სუბსიდიები არ უნდა მიეცეს ეკლესიას სახელმწიფოსაგან“ (ნათაძე); „რაკი ეკლესია ჩამოშორებული იქნება, აღარც კავშირი უნდა იყოს მასა და სახელმწიფოს შორის“ (გ. ნანეიშვილი). ხელისუფლების ამ პოლიტიკას მოჰყვა სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების გაუქმება, ასევე, ეკლესიას ჩამოერთვა ბევრი სამოქალაქო უფლება და გადაეცა სახელმწიფოს.

სახელმწიფოსაგან ეკლესიის ჩამოშორებისკენ გადაგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წ-ის 17 ივნისს „უქმე დღეების რიცხვის შემცირების“ შესახებ კანონის მიღება. ამ დოკუმენტში ჩანს, რომ ხელისუფლებამ უქმე დღეებიდან გამორიცხა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულები: მირქმა უფლისა - 15 თებერვალი; დიდი პარასკევი, აღდგომის მესამე დღე - სამშაბათი, მეორე დღე სული-წმინდის მოფენისა, ფერისცალება უფლისა - 19 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინების დღე - 28 აგვისტო; ჯვართ-ამაღლება - 27 სექტემბერი და ტაძრად მოყვანა - 4 დეკემბერი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates