• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სახაზინო ვალდებულებები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

სახაზინო ვალდებულებები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა. მოკლევადიანი 5%-იანი ვალდებულებანი, რომლებიც 1918-ის 24 დეკემბერს გამოუშვა საქართველოს დრ-ის ხაზინამ. მათი გამოშვება განაპრობა სომხეთის მიერ საქართველოსთან დაწყებულმა ომმა, რომელმაც თითქმის სამ კვირას გასტანა და აგრესორის დამარცხებით დასრულდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატის ბონები თბილისში იბეჭდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას არ განუხორციელებია მისი ემისიის უფლების უზურპაცია და არ გამოუყენებია ფულის საბეჭდი ექსპედიცია საკუთარი ხარჯების დასაფარად. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ომით გამოწვეული ფინანსური ხარჯი დაეფარა სხვა საშუალებით, კერძოდ, მოსახლეობაში დაგროვილი ნაღდი ფულის მასა სახელმწიფოს შინაგანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით ამოექაჩა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ “კანონში მოკლევადიანი 5% სახელმწიფო ხაზინის ვალდებულების გამოცემისა“, ნათქვამი იყო: “ფულის ტრიალის გასაადვილებლად და სახელმწიფოს არაჩვეულებრივის ხარჯის დასაკმაყოფილებლად მიეცეს რესპუბლიკის მთავრობას უფლება გამოსცეს ორმოცდაათი მილიონი მანეთის მოკლევადიანი 5% სახელმწიფო ხაზინის ვალდებულებანი ერთი წლის ვადით. ვალდებულებანი უნდა იყოს უსახელო და დაყოფილი შემდეგ კუპიურებად: 5000, 1000, 500, 100 და 25-მანეთიანად”. ამ ვალდებულებათა სარგებელი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადისაგან. მათი შეძენა შეიძლებოდა სახელმწიფო ბანკის კანტორასა და განყოფილებაში, რესპუბლიკის ხაზინებსა და კერძო საკრედიტო დაწესებულებებში. ისინი გაიცემოდა და მიიღებოდა ხაზინაში ნებისმიერი შემოსავალ-გასავლის დასაფარად და ასევე საწინდრადაც. ვალდებულებები დაიბეჭდა თბილისში არსებულ ფულის საბეჭდ ექსპედიციაში. მათი ზომა შეადგენდა 325X123 მმ-ს. მათი ფერები შემდეგნაირი იყო: 25 მანეთი -  რუხი და ყავისფერი; 100 მანეთი - რუხი; 500 მანეთი -  რუხი და ცისფერი; 1000 მანეთი - რუხი და იისფერი; 5000 მანეთი  რუხი. ვალდებულებების ავერსზე არის შემდეგი წარწერები: “საქართველოს რესპუბლიკის ხაზინის 5% მოკლე ვადიანი ვალდებულება” (ქართულად, რუსულად, ფრანგულად). მხოლოდ ქართულ ენაზე არსებული წარწერა გვაუწყებს: “ამ ვალდებულების წარმომდგენს საქართველოს რესპუბლიკის ხაზინა 1920 წ. 1 იანვარს მისცემს ოცდახუთ (ანდა  ას, ხუთას, ათას და ხუთი ათას.-  ნ. ჯ.) მანეთს”. ვალდებულებათა მარცხენა ნახევარზე გამოსახულ მოგრძო ჩუქურთმაში ჩახატულია საქართველოს დ რ-ის სახელმწიფო გერბი. ვალდებულებებზე გვხვდება მთავრობის თავმჯდომარის ნ.  ჟორდანიას და ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის მინისტრის გ. ჟურულის ფაქსიმილეები. მათზე აღნიშნულია ვალდებულებათა სერია ქართული ასოთი და ექვსნიშნა ნომერი არაბული ციფრებით. იქვეა მითითებული, რომ “სარგებელი ეძლევა წინდაწინ და 5% გადასახადისაგან განთავისუფლებულია”. ზემოთ მითითებულია “ვადა 1 იანვარი 1920 წ.” ვალდებულებების რევერსზე, ცენტრში ჩახატულია ვალდებულებათა ნომინალური ციფრი. ვალდებულებების გამოშვებას ვერ მოჰყვა ის შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მოსახლეობა ამას მიუჩვეული იყო, რასაც კ. კანდელაკიც აღიარებდა. საპირისპირო ვითარება იყო მაგალითად, რუსეთის იმპერიიდან თავდახსნილ ევროპულ ქვეყნებში:  ფინეთში, პოლონეთსა და ბალტიის რესპუბლიკებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო საბანკო დაწესებულებებთან, იძენდა ფასიან ქაღალდებს და ფულსაც შემნახველ სალაროში ინახავდა. იმავდროულად, იქაური კერძო ბანკები მხარში ედგნენ სახელმწიფოს ხელისუფლებას ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში, განსხვავებით თბილისში არსებული კერძო ბანკებისა, რომლებიც ქართული სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილ არაქართველთა ხელთ იყო.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates