• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. 1811რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მართლმადიდებლური საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით გამოსცა ბრძანებულება საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ. კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის სახელო გააუქმეს და.ქართულ ეკლესია სათავეში რუსეთის სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსი ჩაუყენეს. საქართველოს ეკლესია რუსეთის სინოდალურ კანტორას დაუქვემდებარდა. საქართველოში ავტოკეფალისტური მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა XX საუკუნის დასაწყისში, ამ მოძრაობაში სასულიერო პირებთან (ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, კალისტრატე და სხვები) ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერო პირებიც, მათ შორის ქვეყნის პოლიტიკური და სამეცნიერო-კულტურული ელიტა.           

ქართველმა სასულიერო პირებმა ისარგებლეს რუსეთის მონარქიის დაცემით შექმნილი  მდგომარეობით. 1917-ის. 8 მარტს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 1917 წ. 12 მარტს, კვირას მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში შეიკრიბა ათასობით ადამიანი. ღვთისმსახურება აღავლინა გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე). მსახურებაზე იყვნენ: იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი), გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), ალავერდის ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა), თბილისის მთელი ქართული სამღვდელოება, საქართველოს საგუბერნიო და სამაზრო მარშლები, თავადაზნაურობა და წირვაზე მოსული მორწმუნე ხალხი. წირვისა და პარაკლისის აღსრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ წაიკითხა უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება მთავარი დოკუმენტის შინაარსი კი შემდეგნაირი იყო: "1917 წლის ამა მარტის 12 დღესა მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საყდარში, კვირა დღეს, შევიკრბენით რა ჩვენ, საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარნი, სამღვდელოების კრებული და სამწყსოთა წარმომადგენლები, შევასრულეთ წირვა და სავედრებელი პარაკლისი. გავითვალისწინეთ რუსეთის სახელმწიფოში მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახალი მთავრობის დაფუძნება და მისი საყოველთაო საზოგადოდ სახელმძღვანელო დებულებანი და განსაკუთრებით სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლების მისგან აღსარება მივიღეთ რა მხედველობაში:

ა) ვინაიდან საქართველოს ეკლესია არსებობდა დამოუკიდებლად, თანახმად მსოფლიო კრებათა კანონებისა, რომლის მოსპობა ანუ გაუქმება არ ექვემდებარებოდა არავითარ ძალას, გარდა მსოფლიო კრებათა და სრულიად არაკანონიკურად შეაჩერეს მისი ავტოკეფალური მართვა-გამგეობა;

ბ) საჩქაროდ განგრძობილ იქნეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მართვა-გამგეობა“

აღნიშნული დოკუმენტის მიღება ავტოკეფალური მოძრაობის ლოგიკური დასასრული იყო, ამის შემდეგ ქართველმა სასულიერო პირებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისათვის.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates