• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი

სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი. 1918-1921 სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, კანონმდებლობის მიხედვით, გამოიყენებოდა. 1921 კონსტიტუციის მე-19 მუხლით, სიკვდილით დასჯა საქართველოში საბოლოოდ გაუქმდა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სიკვდილით დასჯა 1918-ის 5 ივლისის კანონით („სიკვდილით დასჯისა ზოგიერთი უმძიმესი ბოროტმოქმედებისათვის“) შემოიღო. კანონში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ის ბოროტმოქმედებანი, რომლებიც ძირითადად, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს იყო ზომები იმ პირთა მიმართ, რომელბიც ჩაიდენდნენ „უმძიმეს ბოროტმოქმედებას“. სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა შემდეგი დანაშაულებების ჩადენა: 1. სახელმწიფო ღალატი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ; 2. საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკის წესწყობილების შეიარაღებული ძალით შეცვლის მცდელობა; 3. შეიარაღებული აჯანყება არსებული მმართველობის წინააღმდეგ; 4. წინასწარ განზრახ ან უეცრად მოფიქრებული მკვლელობა; 5. განზრახ ცეცხლის წაკიდებით ან სხვა გზით სამხედრო მასალის, ან თავდასხმის ან თავდაცვის სხვა საშუალების განადგურება, ცეცხლის წაკიდება სახელმწიფო ან საზოგადო შენობისათვის; 6. ტელეგრაფის ან ტელეფონის, რკინის გზის ლიანდაგის, ვაგონების, რკინის გზის ან ნავთსადგურების ნიშნების განზრახ განადგურება ან მათთვის დიდი ზიანის მიყენება, სამრეწველო, სამთა-მადნო დარგის მოწყობილობის განზრახ მოსპობა ან გაფუჭება, რომელსაც რესპუბლიკისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; 7. ძარცვა ან იარაღით თავდასხმა ქონების წართმევის მიზნით; 8. ომიანობის დროს სამხედრო დანაშაულის ჩადენა. კანონის მიხედვით, ყველა აღნიშნული ქმედება დასჯადი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩადენილი იქნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

დახვრეტას ანუ სიკვდილით დასჯას ითვალისიწნებდა კიდევ ერთი დეკრეტი, რომელიც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919-ის 27 ივნისს „ჯარის ნაწილებიდან გაქცევისა და ნებადაურთველად წასვლისათვის დასჯის“ შესახებ მიიღო. დეკრეტის მე-4 მუხლში აღნიშნული იყო: „მტრის მხარეზე გადასვლისათვის დამნაშავე დაისჯება დახვრეტით და მთელის ქონების კონფისკაციით“.                                                                                                 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates