• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

შეიარაღებული ძალების ინდივიდუალური საბრძოლო საშუალებები

შეიარაღებული ძალების ინდივიდუალური საბრძოლო საშუალებები - ქართული არმიის ქვეითი ნაწილების ინდივიდუალური შეიარაღება იყო 1891 წ-ის ნიმუშის მოსინის სამხაზიანი შაშხანა კალიბრი – 7,62მმ. რომელიც იმხანად ერთ-ერთ საუკეთესო იარაღად ითვლებოდა. ქართული არმიის ინდივიდუალურ სასროლ საშუალებებში მცირე რაოდენობით იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმოებისა და  კალიბრის შაშხანები და კარაბინები: ფრანგული ლებელის სხვადასხვა მოდიფიკაცია, ფრანგული გრასი, რუსული  ბერდანა, შვეიცარიული ვეტერლი, იაპონური არისაკი, ამერიკული 3-ხაზიანი ვინჩესტერები, გერმანული მაუზერი, ოსმალური არმიისათვის პირველ მსოფლიო ომის დროს წართმეული მანლიხერის, კრა-იურგენსონის და პიბოდი-მარტინის შაშხანის სხვადასხვა მოდიფიკაცია. ოფიცერთათვის განკუთვნილი იყო რევოლვერი ნაგანი 1895 წ-ის – 7,62მმ, ასევე ბელგიური რევოლვერი ბულდოგი, პისტოლეტები: ,,პარაბელუმი” 1908 წ-ის, ,,კოლტი“ 1911 წ-ის და 7,63 მმ-იანი მაუზერი მოდელი 96.  რაც შეეხება ტყვიამფრქვევებს, ქართული არმია ძირითადად შეიარაღებული იყო რუსული მაქსიმის ტიპის დაზგის 1910 წ-ის ნიმუშის და პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ბრიტანული ლუისის ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით. ასევე შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ მცირე რაოდენობის, ვიკერსის, ჰოჩკისის, კოლტის ტყვიამფრქვევები. საქართველოს შეიარაღებული ძალებს დამოუკიდებლობის პერიოდში არ გააჩნდა შაშხანების, ტყვიამფრქვევების და ვაზნების ის რაოდენობა, რაც საჭირო იყო შეიარაღებული ძალების მობილიზებისათვის. 1920 წ-ის დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ შედგენილი დეტალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებს ჯარის პირველი ნაწილის საჭიროების შესავსებად და  75 000 კაცის მობილიზაციისთვის  სჭირდებოდა: 60-75 000 შაშხანა, 470 ტყვიამფრქვევი, 100-150 მილიონი შაშხანის ვაზნა, 25 მილიონი ტყვიამფრქვევის ვაზნა. ქართული დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარს საზრუნავს 1918-1921 წწ-ში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის დასავლეთის ქვეყნებში იარაღის მოპოვებას წარმოადგენდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე  მცირე პარტიის შემოტანა მოხერხდა 1920 წ-ის ზაფხულში, შემოდგომასა და 1921 წ-ის მარტის დასაწყისში, როდესაც ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის ბოლო დღეებს ითვლიდა.  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates