• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია

სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია. პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც „მესამე დასის“ სახელით იყო ცნობილი 1892-ის 25 დეკემბერს, დაბა ყვირილაში (ზესტაფონი), ი. კაკაბაძის ბინაში, არალეგალურად ჩატარებულ კონფერენციაზე შეიქმნა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ე. ნინოშვილი, ნ. ჟორდანია, მ. ცხაკაია, ს. ჯიბლაძე, ი. კაკაბაძე, ნ. ჩხეიძე, დ. კალანდარიშვილი, ვ. ვაწაძე, ა. წითლიძე, ი. რამიშვილი, დ. კვიცარიძე, რ. კალაძე. 1893-ის თებერვალში თბილისში, მესამე დასელთა მეორე კრება იქნა მოწვეული. განიხილეს და დაამტკიცეს ნ. ჟორდანიას მიერ წარმოდგენილი პროგრამის პროექტი. 1895-დან მესამე დასელები თავიანთი იდეების პროპაგანდას ჟურნალ „კვალის“ მეშვეობით ეწეოდნენ. ამ პერიოდში ქართული სოციალ-დემოკრატია დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. 1903-დან ქართულმა სოციალ-დემოკრატიულმა მიმდინარეობამ დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა და რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში გაერთიანდა, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. მესამე დასელები რუსული მარქსიზმის დოგმებს დაემორჩილნენ და ქართულ ეროვნულ მოძრაობას დაუპირისპირდნენ. ისინი მწვავედ აკრიტიკებდნენ ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეას ეროვნული ავტონომიის ფორმით. რსდმპ-იის II ყრილობაზე (1903) ქართველი სოციალ-დემოკრატები (ჟორდანია, თოფურიძე) მენშევიკურ ფრთას მიემხრნენ. 1905-დან ნ. ჟორდანიას ხელმძღვანელობით თბილისში გამოვიდა გაზ. „სოციალ-დემოკრატი“. მისივე ინიციატივით  მოიწვიეს კავკასიის ორგანიზაციების პირველი კონფერენცია, რომელზეც შეიქმნა კავკასიის რსდმპ მენშევიკების კავკასიის ბიურო. რსდმპ IV, V და VI ყრილობებზე ქართველი სოციალ-დემოკრატების მრავალრიცხოვანი დელეგაციები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ და მწვავედ უპირისპიდებოდნენ ბოლშევიკურ ფრაქციას. 1906-ის სექტემბერში რსდმპ ამიერკავკასიის მენშევიკებისა და ბოლშევიკების გაერთიანებულ საოლქო კომიტეტში უმრავლესობა მენშევიკებმა მოიპოვეს. ამ დროიდან ბოლშევიკები კარგავენ გავლენას საქართველოში და პოლიტიკურ სადავეებს ქართული მენშევიკური სოციალ-დემოკრატია ეუფლება. რევოლუციურ მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ: ნ. ჟორდანია, ს. ჯიბლაძე, ნ. ჩხეიძე, ნ. რამიშვილი, ის. რამიშვილი,ა. ჩხენკელი, ე. გეგეჭკორი... რუსეთის ოთხივე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში ქართველი სდ-ბი ხელმძღვანელ როლს თამაშობდნენ. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარეები ზედიზედ იყვნენ ნ. ჟორდანია - I სათათბიროში, ი. წერეთელი - II შათათბიროში და ნ. ჩხეიძე - III-IV სათათბიროებში. პირველი მსოფლიო ომის წინა და მისი მიმდინარეობის წლებში ქართულმა სოციალ-დემოკრატიამ შეცვალა ეროვნული საკითხისადმი დამოკიდებულება. მასზე დავლენა მოახდინა აშშ-ს პრეზიდენტის ვ. უილსონის 1916 წლის 21 დეკემბრის ცნობილმა დეკლარაციამ. ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის სასარგებლოდ სააგიტაციო საქმიანობის დაწყებას პრინციპულად მოითხოვდა ნ. რამიშვილი. ეს საკითხი სოციალ-დემოკრატების 1916-ის დეკემბრის თბილისის საგანგებო თათბირის მსჯელობის საგანი გახდა. იგივე საკითხი ლანჩხუთში სოფ. ჯონჯუათში გამართულმა სოციალ-დემოკრატების კონფერენციამ განიხილა. სდ-ბი შეუთანხმდნენ სოციალისტ-ფედერალისტებს და ეროვნულ-დემოკრატებს, რომ ხელსაყრელ ვითარებაში მხარს დაუჭერდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.       

1917-ის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ ქართული სოციალ-დემოკრატიის ლიდერები რუსეთის, ამიერკავკასიისა და საქართველოს პოლიტიკური მოვლენების სათავეში იდგნენ. ისინი ხელმძღვანელობდნენ სრულიად რუსეთის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტს (ნ. ჩხეიძე), ამიერკავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა საბჭოებს (ნ. ჟორდანია); ამიერკავკასიის კომისარიატს (ე. გეგეჭკორი), ამიერკავკასიის სეიმს (ნ. ჩხეიძე), ამიერკავკასიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკას ა. ჩხენკელი), საქართველოს ეროვნულ საბჭოს (ნ. ჟორდანია). საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას (ნ. რამიშვილი, ნ. ჟორდანია). საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918. 26 მაისი), 1918-ის 19 ნოემბერს შედგა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, რომელმაც მიიღო დადგენილება: „დღეიდან ჩვენი პარტია იწოდება საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიად“ (იხ. VIII ყრილობა). დამფუძნებელი ყრილობა საქ. სდ-იის პირველ ყრილობად ჩაითვალა. საქ. სდ 1919-ის თებერვალში დამფუძნებელი კრების არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ერთპარტიული მთავრობა შეადგინა.  1920 სდ პარტიას გამოეყო „ახალი სხივის“ ჯგუფი (კ. ნინიძე, მ. ხოჭოლავა, ნ. იმნაიშვილი, ი. ფირცხალაიშვილი).                                                

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საქ. სდპ-ის ერთი ნაწილი საქართველოში დარჩა, არალეგალური ბრძოლა გააგრძელა და დამოუკიდებლობისაღდგენისათვის ბრძოლას ჩაუდგა სათავეში, ხოლო მეორე ნაწილი ემიგრაციაში გაიხიზნა და საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიის, ორგანიზაციების. დასავლეთის სახელმწიფოების დახმარებით იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. საქ. სდპ ხელმძღვანელობდა 1924-ის აჯანყებას და წამყვანი ადგილი ეკავა პარიტეტულ კომიტეტში. 1925 აპრილში არალეგალურად ჩატარდა სდპ-ის III კონფერენცია. 1934-ის 21 აპრილს პარიზში მუშაობა დაიწყო საქ. სდ საზღვარგარეთული ორგანიზაციების კონფერენციამ. 1986-ის 18 მაისს პარიზში, წმინდა ნინოს ქათული ეკლესიის დარბაზში ჩატარდა სსდპ-ის IXყრილობა. მან დაამტკიცა ახალი ვითარების შესაბამისი პარტიის პროგრამა და წესდება, განიხილა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესაძლებლობის საკითხი. საჭიროდ იქნა მიჩნეული პარტიის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.            

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates