• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თევზაია ბიქტორ

თევზაია ბიქტორ ვასილის ძე (1883 - 1932) - ქართველი სოციალ-დემოკრატი, რევოლუციონერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მისი ფსევდონიმია „ბ. თეკლათელი“. სრულიად ახალგაზრდამ,  ფოთსა და სამეგრელოში,  1905 წ-ის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. პატიმრობას ის საზღვარგარეთ წასვლით გადაურჩა. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და პოლიტიკურ ეკონომიაში საკმაოდ კარგი განათლება მიიღო. ამ საგანში იგი, როგორც პრივატ-დოცენტი, ჟენევის უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობდა.                                          

1917 ბ. თევზაია დაბრუნდა საქართველოში და სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგებში ჩადგა. ის მუშაობდა, როგორც პროპაგანდისტი და ჟურნალისტი. 1917 აირჩიეს სოც. დემ. პარტიის ცენტრალურ კომიტეტში.  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო  ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წ-დან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წამრომადგენელი უკრაინაში.  

1921 წ-ის თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბათუმში გახიზნული                 ბ. თევზაია თბილისში დაბრუნდა. მან ბოლშევიკების ზეწოლას ვეღარ გაუძლო, ორი წლის შემდეგ კონსპირაციული ბინა დატოვა და ბოლშევიკურ მთავრობას შეურიგდა. ბ. თევზაიამ ერთ-ერთმა პირველმა აიღო ხელი 1923, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაზე და წერილობითი აღთქმა მისცა ხელისუფლებას, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. მის მიერ 1923 წ-ის 28 თებერვალს ხელმოწერილი განცხადებით გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციას  მიმართავდა, სადაც უარყოფდა სოციალ-დემოკრატთა პოლიტიკურ კურსს და პარტიის რიგებიდან და ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლას ადასტურებდა. მიუხედავად ამისა, ყოფილი თანამებრძოლების წინააღმდეგ მას რაიმე ნაბიჯი არ გადაუდგამს. საბჭოთა საქართველოს პერიოდში ბ. თევზაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ ეკონომიკაში ლექციებს კითხულობდა. როცა ბოლშევიკებმა ინტელიგენციის „წმენდა“ განახორციელეს, ბ. თევზაია კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით გაასამართლეს. მასზე აქტიური ზეწოლის გამო, ის მძიმედ დაავადდა, შემდგომ კი - სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.                              

ლიტ.:  გაზ. „ბრძოლის ხმა“, პარ., 1932, №26;  გაზ. „კომუნისტი“, 2 მარტი, 1923.

                                                                                                                                        

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates