• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

აბაშიძე მემედ

 

აბაშიძე მემედ იბრაჰიმის ძე, მემედ-ბეგი (18.I.1873, ბათუმი - 1937) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, ქართველი (აჭარის) მუსლიმების აღიარებული ლიდერი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებს. ახალგაზრდობიდანვე იზიარებდა ქართველი სამოციანელების ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეებს და სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლისთანავე ცდილობდა ქართველ მუსლიმთა საერთო-ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას, მათ ინტეგრაციას ქართულ ეროვნულ-კულტურულ სივრცეში, რომელიც საფუძვლიანად იყო შერყეული ოსმალთა რამდენიმესაუკუნოვანი ბატონობის შედეგად აჭარაში. იყო ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის აქტიური წევრი და ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. ეროვნულ-პოლიტიკური საქმიანობისათვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული რუსეთის ხელისუფლების მიერ, რომელმაც ბოლოს ციმბირში გადაასახლა.

1917 დაბრუნდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა აჭარის მაჰმადიან ქართველობას, რომელიც მწვავედ დაუპირისპირდა პროოსმალურ ძალებს, რომლებსაც ამ ძირძველი კუთხის ოსმალეთთან შეერთება სურდათ. 1917 წ-ის შემოდგომაზე ბათუმში გამართულ აჭარის მოსახლეობის წარმომადგენელთა ყრილობაზე  შეიქმნა „ქართველ მაჰმადიანთა საქველმოქმედო საზოგადოება“. მ. აბაშიძე თავმჯდომარედ აირჩიეს. იგი იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეული ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის „სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის“ წამყვანი წევრი. ოსმალების მიერ ბათუმის ოლქის ოკუპაციის პერიოდში დააპატიმრეს და ერთხანს ტრაპიზონის ციხეში იმყოფებოდა, საიდანაც გაქცევა მოახერხა. 1918 წ-ის მაისში შეიქმნა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“, რომლის თავმჯდომარედაც დაუსწრებლად აირჩიეს. 1918  იყო ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.  მისი განსაკუთრებული ძალისხმევით, 1919 წ-ის 31 აგვისტოს ბათუმში გაიმართა  ქართველ მუსლიმანთა წარმომადგენლების ყრილობა, რომელმაც მიიღო უმნიშვნელოვანესი დადგენილება - ბათუმის ოლქის (აჭარის) „დედასამშობლოსთან“ - საქართველოსთან - „სამარადისოდ“ შეერთების შესახებ, ფართო ავტონომიის სახით. იყო ყრილობის მიერ არჩეული სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის (პარლამენტის) პირველი თავმჯდომარე, რომელიც ფაქტიობრივად ადგილობრივი პროქართული ორიენტაციის მუსლიმანი ქართველების მთავრობის ფუნქციებს  ასრულებდა, ბათუმის ოლქში ბრიტანული ადმინისტრაციის ყოფნის პერიოდში. მისი რედაქტორობით გამოდიოდა განმათავისუფლებელი კომიტეტის ორგანო - გაზეთი „სამუსლიმანო საქართველო“, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ადგილობრივი მოსახლეობის საერთო-ქართული თვითშეგნების ფორმირების პროცესში.     

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში რჩებოდა მეჯლისის თავმჯდომარედ, იყო ადგილობრივი რევკომის (რევოლუციური კომიტეტის) წევრი. მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტში არაბული ენის სახელმძღვანელოს შემდგენ კომისიაში. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნაზიმ ქემალის ნაწარმოებები; თურქულად თარგმნიდა ქართულ ნაწარმოებებს (ს. შანშიაშვილის „ანზორი“). დაიწყო შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ თურქულად თარგმნა. წერდა მოთხრობებს, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და აჭარის სექციის თავმჯდომარე. როგორც თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი, მაინც მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის და 63 წლის ასაკში შეეწირა რეპრესიებს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates