• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

დამფუძნებელი კრება

დამფუძნებელი კრება - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლეგიტიმური, საყოველთაო არჩევნებით არჩეული, საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც შეცვალა საქართველოს ეროვნული საბჭო პარლამენტი. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის, საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს აღიარებისა და ქვეყნის საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ცნობისათვის. საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევას ითვალისწინებდა 1918 წ-ის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი. 1918 წ-ის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა (ყოფილი ეროვნული საბჭო) დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება, რომელიც ითვალისწინებდა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემით დამფუძნებელი კრების 130 წევრის არჩევას პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით. დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებული იყო 15 პოლიტიკური პარტია: №1 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია; №2 ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; №3 სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია; №4  დაშნაკცუთიუნი; №5 სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია; №6 მუსულმანთა ეროვნული საბჭო; №7 საქართველოს რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია; №8 საქართველოს ეროვნული პარტია; №9 საქართველოს მაშვრალთა პარტია; №10 შოთა რუსთაველის ჯგუფი; №11 დამოუკიდებელ უპარტიოთა კავშირი; №12 ბორჩალოს მაზრის მცხოვრებთა სია; №13 რსდმპ; №14 პატრიოტთა ესტეტიური ლიგა; №15 საქართველოს ელინთა დემოკრატიული ჯგუფი. არჩევნები ჩატარდა    1919 წ-ის 14-16 თებერვალს. საქართველოს ზოგ რეგიონში არჩევნები ვერ ჩატარდა კლიმატური პირობებისა და რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო. პირველი დამატებითი არჩევნები ჩატარდა 1919 წ-ის აგვისტოში ბორჩალოს, ახალციხის, ახალქალაქის მაზრებში, ფოცხოვის რაიონში, მთიულეთში, ხევსურეთსა და სვანეთში. მეორე დამატებითი არჩევნები 1920 წ-ის მაისში ჩატარდა სოხუმის ოლქში, ბოლნისის, დუშეთის და ტფილისის მაზრებში. დამფუძნებელ კრებაში შევიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან 109, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან 8 (ნ. ნიკოლაძე, ს. კედია, გ. გვაზავა, ე. თაყაიშვილი, ი. მაჭავარიანი, ალ. ასათიანი, პ. სურგულაძე, გ. ქიქოძე), სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან 8 (გ. ლასხიშვილი, გ. რცხილაძე, შ. ნუცუბიძე, ს. ფირცხალავა, შ. ალექსი-მესხიშვილი, ი. ბარათაშვილი, ი. გედევანიშვილი, ს. მდივანი), სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიიდან 5 დეპუტატი (ლ. შენგელაია, ივ. გობეჩია, იოს. გობეჩია, გ. ანთაძე, ნ. ნუცუბიძე). განმეორებითი არჩევნების შედეგად დეპუტატები გახდნენ: ნაციონალისტები: გ. ვეშაპელი და შ. ქარუმიძე, სოციალისტ-ფედერალისტები: ს. დადიანი და თ. ღლონტი, სოციალ-რევოლუციონერი ივ. ლორთქიფანიძე, ეროვნულ-დემოკრატი შ. ამირეჯიბი. 3 დეპუტატი „დაშნაკცუთიუნიდან“. 1919 წ-ის 6 და 9 მაისს დამფუძნებელი კრების წევრობიდან ამოირიცხნენ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრები: ყადირ შერვაშიძე, რაფიელ ჩიხლაძე, თავაზ ყადირ-მამედ ოღლი გვარამაძე. მათ ნაცვლად ჩაირიცხნენ: სოლომონ ვადაჭკორია, ერმალოზ სირბილაძე, იოსებ ირემაშვილი. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა 1919 წ-ის 12 მარტს. თავმჯდომარეობდა დამსწრეთა შორის უხუცესი სოციალ-დემოკრატი დეპუტატი, 60 წლის სილიბისტრო ჯიბლაძე, მდივნობდა კრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი გოგიტა ფაღავა. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე. პირველსავე სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა 1918 წ-ის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“. მომდევნო სხდომაზე აირჩიეს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი. დამფუძნებელმა კრებამ 1919 წ-ის 21 მარტს დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთპარტიული (სოციალ-დემოკრატიული) მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. მთავრობის თავმჯდომარე ამავე დროს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი. დამფუძნებელ კრებაში სხვადასხვა დროს შეიქმნა 23 მუდმივი, დროებითი და მცირე კომისია, განისაზღვრა მათი შემადგენლობა. საქართველოს დამფუძნებელი კრება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას ასრულებდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობამდე. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დამფუძნებელ კრებას არც ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ მოუხსნია. ბოლშევიკების მოთხოვნაზე  -კაპიტულაცია გამოეცხადებინა, კრებამ უარი განაცხადა, 17 მარტს ბათუმში გამართულ სხდომაზე ნოე ჟორდანიას და საქართველოს მთავრობას დაევალა ემიგრაციაში მოღვაწეობის გაგრძელება.

დამფუძნებელი კრება საქართველოში მოღვაწეობდა 1919 წ-ის 12 მარტიდან 1921 წ-ის 18 მარტამდე. სესიებს შორის შესვენების პერიოდი იყო: 1919 წ-ის 3 აგვისტო - 19 სექტემბერი; 1920 წ-ის 1-23 იანვარი; 1920 წ-ის 9 სექტემბერი - 9 ნოემბერი. შესვენებების პერიოდში დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონებს სტუმრობდა და მოსახლეობას ხვდებოდა, საპროპაგანდო ლექციებს ატარებდა. კრების მუშაობის პირველ წელს ჩატარდა 94 სხდომა, მათგან 20 საგანგებო. ამ დროის განმავლობაში კრებამ განიხილა 415 საკანონმდებლო ინიციატივა და საკითხი. დამფუძნებელმა კრებამ განსაზღვრა თავისი წევრის შეუვალობის საკითხი. დამფუძნებელი კრების წევრის ხელფასი დასაწყისში იყო 1500, შემდგომ 2500 მან. დეპუტატს ჰქონდა რკინიგზით უფასოდ მგზავრობის უფლება. დამფუძნებელი კრების წევრობა შეთავსებადი იყო მინისტრის, ელჩის, სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობასთან, სახალხო გვარდიის შტაბის წევრობასა და უნივერსიტეტის პროფესორობასთან, მხოლოდ ერთი ხელფასის მიღების უფლებით.

დამფუძნებელ კრებაში სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა 4-დან 8-მდე ფრაქცია. დამფუძნებელი კრების საკანონმდებლო საქმიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოს ფორმირების პროცესში. კრების მიერ მიღებულ კანონებს შორის აღსანიშნავია კანონი მოქალაქეობის შესახებ (1919 წ-ის 27 მაისი), კანონის მიხედვით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქედ ითვლებოდა ის, ვინც მიწერილი იყო რესპუბლიკის ტერიტორიის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულზე 1914 წ-ის 19 ივლისამდე (პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე). დამფუძნებელმა კრებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მემარცხენე მიმართულების ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო პაკეტების მომზადებაში (აგრარული რეფორმა, წიაღისეულის ნაციონალიზაცია, შრომითი ხელშეკრულების კანონი). დამფუძნებელი კრების პრეროგატივა იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ მომზადებული სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება, სახელმწიფო ფულადი ნიშნის-ბონის ემისიის ოდენობის განსაზღვრა. კრება განსაზღვრავდა სახელმწიფო დაწესებულებათა ბიუჯეტს, სტიპენდიებს უცხოეთში სასწავლებლად წასული საქართველოს მოქალაქეებისთვის. დამფუძნებელი კრება ადგენდა ოფიციალურ უქმე დღეებს.

დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს - სენატის საქმიანობის დებულება. დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი სახელმწიფო ბანკის დაფუძნების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნის შესახებ. დამფუძნებელი კრების პრეროგატივა იყო ამნისტიის გამოცხადება, რაც ორჯერ განხორციელდა 1920 და 1921 წწ-ის დასაწყისში. დამფუძნებელი კრება ახდენდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებათა რატიფიკაციას (კერძოდ, რუსეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან დადებული). დამფუძნებელი კრების საგანგებო დეკრეტებით დაარსდა სამხატვრო გალერეა, ცენტრალური სამეცნიერო არქივი, ფიზიკური ობსერვატორია.

დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის უმნიშვნელოვანესი იყო 1921 წ-ის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც 17 თავის და 149 მუხლისგან შედგებოდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates