• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია

სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია (საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია). პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში. ჯერ კიდევ 1895 ჩაისახა „ახალგაზრდა ივერიელების“ ეროვნულ-რადიკალური ჯგუფი. 1901 ყოფილმა „ახალგაზრდა ივერიელებმა“ შექმნეს პარტიის საინიციატივო ჯგუფი - მთავარი კომიტეტი, რომელმაც 1903 პარიზში გამოსცა გაზეთი „საქართველო“. 1904 საბოლოოდ გაფორმდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია (ჟენევის კონფერენციაზე). მან წამოაყენა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის მოთხოვნა საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის ფორმით. პარტიის დამაარსებლები და ლიდერები იყვნენ: გ. ლასხიშვილი, ა. ჯორჯაძე, გ. დეკანოზიშვილი, კ. აბაშიძე, გ. ზდანოვიჩი-მაიაშვილი, ს. ფირცხალავა, გრ. რცხილაძე და სხვ. ეროვნულთან ერთად პარტია იყო სოციალისტური ხასიათის და იდგა დემოკრატიული სოციალიზმის პოზიციაზე.                       

სოც-ფედ. პარტია სიძლიერით მეორე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა და აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებაში.. მის შემადგენლობაში ქართული ინტელიგენციის არაერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი შედიოდა. 1917-ის მაისში ჩატარდა პარტიის კონფერენცია, რომელსაც რევოლუციის გამარჯვების აღსანიშნავად პირველი უწოდეს და კონფერენციების ათვლა თავიდან დაიწყეს (მანამდე პარტიას სამი კონფერენცია ჰქონდა ჩატარებული). კონფერენციამ თავმჯდომარედ აირჩია გიორგი ლასხიშვილი (საპატიო თავმჯდომარეებად გ. ზდანოვიჩი-მაიაშვილი და კ. აბაშიძე). კონფერენცია მიესალმა დემოკრატიული რევოლუციის გამარჯვებას და მიზნად დაისახა რევოლუციის გაღრმავება; ეროვნული ძალების გაერთიანება; აგრარული საკითხის გადაჭრა მიწების სოციალიზაციის გზით; ავტონომიური საქართველო დემოკრატიული ფედერაციული რუსეთის ფარგლებში; აფხაზეთისა და ოსეთის  ფართო თვითმმართველობა საქართველოში და ა. შ. დამოუკიდებლობის წლებში უკანასკნელი - მეხუთე კონფერენცია 1921-ის 9-14 იანვარს გაიმართა.  სოც-ფედ. შედიოდნენ ჯერ ინტერპარტიულ  და შემდგომში საქართველოს ეროვნულ საბჭოში (გ. ლასხიშვილი, გრ. რცხილაძე, შ. მესხიშვილი, ი. გედევანიშვილი, ს. ფირცხალავა, დ. უზნაძე, ი. ბარათაშვილი, ი. ბაქრაძე, ს. მდივანი, ა. წერეთელი), ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის შემადგენლობაში. პარტიის ორი წარმომადგენელი შედიოდა საქართველოს პირველ კოალიციურ მთავრობაში: გ. ლასხიშვილი - განათლების და შ. ალექსი-მესხიშვილი იუსტიციის მინისტრები. დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ საბჭოში, შემდგომ - პარლამენტში შედიოდნენ პარტიის წარმომადგენლები: გრ. რცხილაძე, ი. ბარათაშვილი, ს. ფირცხალავა ს. მდივანი, ი. ბაქრაძე, ალ. წერეთელი, დ. უზნაძე, ს. დადიანი, ი. გედევანიშვილი, თ. ღლონტი, შ. მიქელაძე, შ. ნუცუბიძე, ა. ჯაჯანაშვილი, ა. ტოროტაძე, ა. ფაღავა, ს. ყაუხჩიშვილი.  დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოც-ფედ. პარტიამ  33 754 ამომრჩევლის ხმა მიიღო და (მეორე მაჩვენებელი სოციალ-დემოკრატების შემდეგ) კრებაში რვა დეპუტატი გაიყვანა: გ. ლასხიშვილი, გრ. რცხილაძე, შ. ნუცუბიძე, ს. ფირცხალავა,,შ. ალექსი-მესხიშვილი, ი. ბარათაშვილი, ი. გედევანიშვილი, თ. ღლონტი. მოგვიანებით ამ შემადგენლობას შეუერთდა ს. დადიანი, დამატებითი არჩევნების შედეგად.  მთელი არსებობის მანძილზე პარტიაში მნიშვნელოვანი იყო მემარცხენე და ანარქისტული ჯგუფების გავლენა.  1919-ის დასაწყისში სოც-ფედ. პარტიას გამოეყო ანარქო-სინდიკალისტების ჯგუფი (იხ. სტ: სინდიკალისტ-მაშვრალთა კავშირი).  საქართველოს ბოლშევიკურ ოკუპაციას სოც-ფედ. პარტია ფაქტიურად ორ ნაწილად გაყოფილი შეხვდა. პარტიას გამოეყო მემარცხენე ნაწილი, რომელსაც მემარცხენე სოც-ფედ. პარტია ეწოდა. 1921-ის 27 თებერვალს შედგა მემარცხენეების დროებითი მთავარი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ შალვა ნუცუბიძე აირჩიეს, მოადგილედ - თედო ღლონტი. იმავე დღეს გამოვიდა პარტიის ორგანო - გაზ. „სოციალისტ-ფედერალისტი“. 28 მარტს გაიმართა ორივე ფრთის გაერთიანებული კრება, რომელმაც მიიღო მემარცხენეების მიერ შემუშავებული რეზოლუცია. იგი მხარს უჭერდა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კურსს. 1921-ის 30 ოქტომბერს შედგა ყრილობა, რომელზეც საბოლოოდ გაფორმდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის შექმნა. მთავარ კომიტეტში შედიოდნენ: ი. ფანცხავა, თ. ღლონტი, ს. ხუნდაძე, ს. ამაღლობელი და სხვ.  სოც-ფედ. პარტიის დაჟინებული მოთხოვნით, 1922-ის თებერვალში საბჭოების პირველ ყრილობაზე მიღებული საბჭოთა კონსტიტუციით (სიმონ ხუნდაძის წინადადებით), დაკანონდა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი, რომელსაც შემდგომში მიღებული ყველა საბჭოთა კონსტიტუცია იმეორებდა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში სოც-ფედ. პარტია მტკიცედ იდგა დამოუკიდებელი საქართველოს შენარჩუნების პოზიციაზე და იცავდა ეროვნულ ღირებულებებს. მათი წარმოდგენით დამოუკიდებელი სოციალისტური საქართველო უნდა გაერთიანებულიყო მსოფლიო ფედერაციაში, სხვა ქვეყნებთან ერთად. ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლება და მისი მარიონეტული ქართველი ბოლშევიკების ხელისუფლება დიდხანს ვერ შეურიგდებოდა ეროვნული პარტიის დამოუკიდებელ არსებობას. 1923-ის 7 ნოემბერს პარტიის მეორე ყრილობაზე, სოც-ფედ. პარტიამ რათქმაუნდა, ბოლშევიკური ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, გადაწყვეტილება მიიღო კომუნისტურ პარტიასთან გაერთიანების შესახებ, რაც თვითლიკვიდაციას ნიშნავდა. სოციალისტ-ფედერალისტების პარტიამ არსებობა შეწყვიტა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates