• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ვადაჭკორია სოლომონ

ვადაჭკორია სოლომონ ივანეს ძე (1880, სოფ, ჭანჭეთი, ოზურგეთის მაზრ.  - 1928, ბერლინი) -  სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაიბადა გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. ადრეული ასაკიდან მუშაობდა ტიპოგრაფიულ ორგანიზაციებში ასოთამწყობად. 1898 წელს შეუერთდა „მესამე დასს“.  1901 წ-დან იყო რსდმპ-ის თბილისის კომიტეტის წევრი.  1900-იან წწ-ში არაერთხელ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საქმიანობის გამო. მონაწილეობას იღებდა არალეგალური პარტიული გაზეთის გამოცემაში. უკანასკნელი დაპატიმრების შემდეგ გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც გაიქცა საზღვარგარეთ. წლების განმავლობაში ცხოვრობდა სტამბოლსა და ბერლინში. 1918  დაბრუნდა საქართველოში.

            1918   სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით შეყვანილი იქნა საქართველოს ეროვნულ საბჭოში (პარლამენტში). 1919 წ-ის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობას იღებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. 1919 წ-ის მაისში, დამფუძნებელი კრების გარდაცვლილი წევრის ნაცვლად, კრების წევრი გახდა.  1919 წ-ის სექტემბერში, პირველი დამატებითი არჩევნების შედეგად,  დაკარგა დეპუტატის მანდატი.  დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პარტიულ საქმიანობას. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. მუშაობდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ტიპოგრაფიის გამგედ.

            საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ რამდენიმე თვეში დააპატიმრეს.  პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ არალეგალურად მუშაობდა ტიპოგრაფიაში. არალეგალურად ეხმარებოდა ანტისაბჭოთა მოძრაობას. 1923 სცადა არალეგალურად საზღვრის გადაკვეთა, თუმცა ჩეკამ დააპატიმრა. პატიმრობის პერიოდში ჩეკამ შეძლო მისგან ინფორმაციის მოპოვება ყოფილ თანამებრძოლებზე. 1924 სხვა ყოფილ თანამებრძოლ პოლიტპატიმრებთან ერთად გაათავისუფლეს. 1925 შეძლო ფარულად საზღვრის გადაკვეთა. სიცოცხლის ბოლო წლები ბერლინში გაატარა.

 ლიტ.: ი. ხ ვ ა დ ა გ ი ა ნ ი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;   სცსა , ფ. 1836, აღწ. 1,  საქ.  108;  გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919,  №188.

                                                                                                                                    ირაკლი ირემაძე   

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates