• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

დამფუძნებელი კრების განათლების კომისია

დამფუძნებელი კრების განათლების კომისია - 1917 წ-ის ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭო, სადაც სხვა კომისიებთან ერთად შეიქმნა სასკოლო სექცია. იგივე  სექცია განათლების სექციის სახელით არსებობდა დამფუძნებელ კრებაშიც და აქტიურ მუშაობას ეწეოდა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სფეროს მოწესრიგების, ქვეყანაში განათლების რეფორმის განხორციელებისათვის.  განათლების კომისიის წევრები რამდენჯერმე შეიცვალა, 1920 წ-სთვის მისი შემადგენლობა ძირითადად ასეთი იყო: ლეო ნათაძე - კომისიის თავ-რე, სოციალ-დემოკრატი; მოსე დავარაშვილი(სოციალ-დემოკრატი); მუხრან ხოჭოლავა (ს.დ);  ქრისტინე შარაშიძე (ს.დ); ჰაიდარ აბაშიძე (ს.დ);  6. თედორე კიკვაძე (ს.დ.);  ნიკიფორე იმნაიშვილი (ს.დ.) - კომისიის მდივანი; პავლე ბიული (ს.დ.); შალვა ნუცუბიძე (ს.ფ.); ექვთიმე თაყაიშვილი (ე.დ.); გრიგოლ ნათაძე (ს. რ.); გარიკ სტეფანიანი (დაშნაკი). სხდომა იმართებოდა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს, დილის 9-11 საათზე. განათლების კომისია  იხილავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სკოლების მართვა-გამგეობისა და გაეროვნების (ყველა საგნის ქართულ ენაზე სწავლების) პრობლემები. ის ეხმარებოდა განათლების სამინისტროსა და მთავრობის ერთობლივ მოქმედებას განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების განსახორციელებლად. პირველივე სხდომაზე ნოე ცინცაძემ აღნიშნა, რომ წინააღმდეგი იყო სკოლების მართვის ცენტრალიზაციისა, მისი აზრით, სკოლას თვითმმართველობის ორგანოსთან აქტიურად უნდა ეთანამშრომლა და ამით უფრო ეფექტურად გადაჭრიდა მის წინაშე მდგარ პრობლემებს. სარევიზიო აპარატიც (ინსტრუქტორების სახით) ადგილზე უნდა მოწყობილიყო. რაც შეეხებოდა პირველდაწყებითი სკოლების კონტროლს, ეს რაიონების ინსპექტორებს უნდა დავალებოდა. სკოლების მართვა-გამგეობის სრულ დეცენტრალიზაციას ბევრი მომხრე ჰყავდა, ასეთი იყო ნიკო ნიკოლაძეც, რომელიც კომისიაში შედიოდა და 1918 წ-ის 14 აგვისტოს სხდომაზე დააყენა სკოლების სრული დეცენტრალიზაციის საკითხი. მას ცოტა მხარდამჭერი აღმოაჩნდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სჯეროდათ, რომ იმ ურთულეს პოლიტიკურ და სოციალურ პირობებში განათლების სისტემას ცენტრალიზაცია უფრო წაადგებოდა. ყველა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც განათლების სამინისტრო რეფორმებს ატარებდა, საპარლამენტო კომისიაში განიხილებოდა და მთავრობასთან თანხმობით მტკიცდებოდა. ხშირი იყო აზრთა დაპირისპირება. 1918 წ-ის 4 ოქტომბერს ასეთი დაპირისპირება გამოიწვია კანონპროექტმა სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების გაუქმების შესახებ. კანონპროექტში დატოვებული მუსლიმანური რელიგიის სწავლების გამო წარმოიშვა უთანხმოება და საკითხის გადაწყვეტა შემდგომი სხდომისთვის  „საკითხის გასარკვევად“ სხდომას უნდა დასწრებოდა ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენელი - კონიაშვილი. კომისია ღებულობდა კანონ-პროექტებს, ანუ გადაწყვეტილებას სასკოლო სისტემის ყველა რგოლის გასაუმჯობესებლად. განათლების კომისია თავის სხდომებზე ხშირად იხილავდა მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს; სამინისტროს მიერ შემუშავებულ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტს არგებდა რეალურ საჭიროებას, ვინაიდან პარლამენტის კომისია უმაღლესი ინსტანციის ინტერესს გამოხატავდა, ცალკეული კანონპროექტის შეცვლა და ახალი კანონის შექმნა მისი მოვალეობაც იყო.            

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates