• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯუღელი ვალერიანი ანთიმოსის ძე

ჯუღელი ვალერიანი ანთიმოსის ძე.  (1887,  სვირი-1924,  თბილისი) . ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ამ პერიოდში ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში და მონაწილეობას იღებდა 1904-1905 წლების საპროტესტო დემონსტრაციებში. 1912 წელს დაასრულა სოხუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ  ფრაქციაში. 1916-ის ზაფხულში ვ. ჯუღელი დააპატიმრეს თბილისში და ჩასვეს მეტეხის ციხეში.                                                            

1917-ის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიემხრო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 -დან კი ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი. 1917-ის დეკემბრიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს წითელი გვარდიის (1918-ის ივნისიდან -  სახალხო გვარდიის) ჩამოყალიბების საქმეს. 1917-ის 12 დეკემბერს (ახალი სტილით) მისი მეთაურობით გვარდიელებმა დაიკავეს თბილისის არსენალი და განაიარაღეს იქ მდგომი რუსული გაბოლშევიკებული სამხედრო ნაწილები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არჩეულ იქნა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. მთავარი შტაბის ნომინალური მეთაური გახლდა ნ. ჟორდანია, თუმცა პრაქტიკულად სახალხო გვარდიას ვალიკო ჯუღელი მეთაურობდა. იგი პირადად უჩვენებდა თანამებრძოლებს ბრძოლის მაგალითს სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას. იბრძოდა პირველი რესპუბლიკის პერიოდში წარმოებულ ყველა სამხედრო კონფლიქტში. მის შესახებ რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პ. სიტინი საიდუმლო მოხსენებაში წერდა: ,, დიდი მონაცემების მქონე პიროვნება, ძალიან მიზანდასახული. აქვს დიდი პირადი სიმამაცე, გამბედაობა და გამხნევების უნარი. ღირსებისმოყვარეა, ურჩევნია სოფელში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში მეორე. სამხედრო საქმეს იცნობს პრაქტიკულად საკუთარი სიმამაცის წყალობით, ბრწყინვალე ბელადია." 1919  ვ. ჯუღელი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; გახლდათ სამხედრო კომისიის წევრი. რუსეთ-საქართველოს 1921-ის ომის მიმდინარეობისას, ოსიაურის ბრძოლაში (4-6მარტი) მსუბუქად დაიჭრა.                               

1921-ის მარტში ვ. ჯუღელმა მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა.იგი ჩაება ანტისაბჭოთა ბრძოლის პროცესში. 1922 სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა და რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად გაუგზავნა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების გეგმა. 1923-1924 წლებში სპეციალური წვრთნა გაიარა საფრანგეთის რესპუბლიკის 35-ე ქვეითთა პოლკში. 1924 თანამებრძოლებთან ერთად არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, შემდეგ გადავიდა თბილისში სადაც შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს. 1924-ის 6 აგვისტოს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ  (,,ჩეკა") დააპატიმრა. ,,ჩეკაში" მას უჩვენეს აჯანყების გეგმა, რის შემდეგაც ვ. ჯუღელი დარწმუნდა რა აჯანყების წარმატებით დასრულების შეუძლებლობაში, თვითმკვლელობა სცადა თუმცა უშედეგოდ. თვიმთმკვლელობის მცდელობის შემდეგ ჯუღელმა მოითხოვა თანამებრძოლებთან შეხვედრა, რათა აჯანყება გაეუქმებინათ. ,,ჩეკამ" ამისათვის გაანთავისუფლა პატიმარი ვანო ღლონტი, მაგრამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცეკამ მიღებული წესების თანახმად რომელიც ,,ჩეკას" მეშვეობით დაპატიმრებულ თანამებრძოლთან კონტაქტს გამორიცხავდა ვ. ჯუღელს უპასუხა, რომ აჯანყება არ იგეგმებოდა.  ვ. ჯუღელმა თანამებრძოლებს გაზეთ ,,კომუნისტიდანაც" მიმართა აჯანყების გაუქმების მოთხოვნით. 1924-ის 28 აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ, 30 აგვისტოს ვ. ჯუღელი თბილისში დახვრიტეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates