• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე 

ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე  (1876 - თბილისი, 1940 - თბილისი) _ ქართველი ისტორიკოსი.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი.  პროფესორი,  საბჭოთა კავშირის  მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1895 წელს დაამთავრა  თბილისის გიმნაზია, 1899 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება და იმავე წელს დატოვეს უნივერსიტეტში საპროფესოროს მოსამზადებლად. 1901–1902 წწ. მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში; 1907 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე ,,ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის  სახელმწიფოებრივი წყობილება“. მან სტუდენტობიდანვე მიიქცია მეცნიერთა ყურადღება, ნაშრომისათვის  ,,ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“, რომელიც  უნივერსიტეტის საბჭომ  ოქროს მედლით  დააჯილდოვა  (1898). ქართული უძველესი ხელნაწერების შესასწავლის მიზნით 1902 წელს იმოგზაურა სინას მთაზე ნიკო მართან ერთად.  1902–1917 წწ. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატდოცენტი, 1907—1917წწ. ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს,

ახალგაზრდობიდანვე იღწვოდა საქართველოში უმაღლესი აკადემიური დაწესებულების უნივერსიტეტის შექმნისათვის.  1918-ს 26 იანვარს   ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ქართველი ერის დიდი საუკუნოვან სურვილს ფრთები შეასხა და   დააფუძნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. მისივე ინიციატივით უარი თქვა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე და კანდიდატად იმდროისათვის ყველაზე ცნობილი ქართველი მეცნიერი პეტრე მელიქიშვილის დაასახელა, რომელიც პროფესორთა საბჭომ ერთხმად აირჩია. თავად ივანე ჯავახიშვილი კი  უნივერსიტეტში არსებულ ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.  პარალელურად ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის კათედრას. 1919-ს შემოდგომაზე პეტრე მელიქიშვილი რექტორის თანამდებობიდან გადადგა. 1919-ს 17 დეკემბერს  უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ   რექტორად ივანე ჯავახიშვილი აირჩია.   აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ პროცესებში, თანამშრომლობდა მთავრობასთან. შედიოდა განათლების სამინისტროს სპეციალურ კომისიებში. ხშირად ხვდებოდა და თანამშრომლობდა დემოკრატიული რესპუბლიკის  სახალხო განათლების მინისტრებს გ. ლასხიშვილს, ნ. რამიშვილსა და გრ. ლორთქიფანიძეს.   მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბისა და დროშის შემუშავების პროცესში. 1919-ს შედიოდა საქართველოს მიერ პარიზის საზავო  კონფერენციაზე გაგზავნი დელეგაციაში, როგორც ისტორიკოსი და კონსულტანტი, თუმცა ანტანტის   მიერ   მხოლოდ დელეგაციის რამოდენიმე წევრზე გაიცა ვიზა, რის გამოც ივანე ჯავახიშვილი კონსტანტინეპოლიდან  დაბრუნდა სამშობლოში. მოიპოვა. 1919-ს კონსტანტინეპოლში მთავრობის წარმომადგენელთა თხოვნით დაწერა ნაშრომი „საქართველოს საზღვრები“ .  1919-ს თებერვალში  დამოუკიდებელ (უპარტიოთა) კავშირის სიით კენჭს იყრიდან დამფუძნებელი კრების არჩევნებზე. იყო საკანდიდატო სიის მე-2 ნომერი, თუმცა მანდატი ვერ.    1919-ს აპრილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია „თანამედროვე მომენტის შესახებ“, რომელშიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში გულუბრყვილობაზე ისაუბრა.  1921-ს თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის მიმდინარეობისას მიმართა უნივერსიტეტის სტუდენტებს და  სამშობლოს დაცვისაკენ მოუწოდა.

1926-მდე იკავებდა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას, შემდგომში კი საბჭოთა ხელისუფლებამ ფაქტობრივად ჩამოაცილა მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტის მართვას. 1931-1933-ში  ჩამოართვეს უნივერსიტეტში საათები და ლექციების წაკითხვა აკრძალეს. საბჭოთა პერიოდში უნივერსიტეტის მომდევნო რექტორებმა (თ.ღლონტი, კ. ორგაველიძე) გააკრიტიკეს ივ. ჯავახიშვილის სამეცნიერო საქმიანობა.   გარკვეული პერიოდი 1936-1940 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიის მცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937-დან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი. ივანე ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ  ქართველოლოგიაში. არ დარჩენილა ისტორია ფილოლოგიის არცერთი დარგი, რომლებშიც მას  ფუძემდებლური ნაშრომები  არ დაეტოვებინა.. ფაქტობრივად, ივანე ჯავახიშვილმა პირველმა  შეაფასა  ქართული ისტორიული წყაროები. ღრმა, მეცნიერული კრიტიკის საფუძველზე დაასკვნა, რომ  ,,ქართლის ცხოვრება“ ნახევრად ოფიციალური  კრებულია და მისი ავტორები ცენტრალური სამეფო ხელისუფლების  ინტერესებს გამომხატველნი არიან. მისი   აზრით,  საქართველოს ისტორიის შესწავლა უნდა მოხდეს იმ პერიოდში არსებული სხვა  ქვეყნებისა და ხალხის ისტორიასა და კულტურასთან  მჭიდრო  კავშირში. ივანე ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი "ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა", რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად ",  ძველი ქართული საისტორიო მწერლობა V—XVIII სს."(1916, 1921, 1945, 1977), "ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია"(1925), "ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია" (1926, 1949), "ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა" (1925),  კაპიტალური ნაშრომები "ქართველი ერის ისტორია"(5 წიგნად)  და  ,,ქართული სამართლის ისტორია", ქართული დამწერლობათმცოდნეობა  ანუ პალეოგრაფია  (1926, 1949),  ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა  (1925)  აღმოაჩინა და გამოსცა  მანამდე უცნობი ქართული წყაროები - ,,ანასეული და  ჭალაშვილისეული ,,ქართლის ცხოვრება“.  მის სახელთანაა დაკავშირებული  უძველეს პალიმფსესტურ  ხელნაწერებში  V-VII სს. ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება  ქართული ენის წერილობითი  ისტორიის პერიოდიზაციისათვის. ვანე ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას.  მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში.  იყო საქართველოს საისტორიო  და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე  1921-1930.  მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.  ივანე  ჯავახიშვილი  დიდ ყურადღებას უთმობდა  ქართული ენის უძველესი  აგებულებისა და ნათესაობის საკითხების დამუშავებას. მან პირველმა დაასაბუთა  ქართველური ენების  მთის კავკასიურ  ენებთან ერთიანობა  ძირითადი  გრამატიკის კატეგორიისა და ლექსიკის მიხედვით. მნიშვნელოვან შედეგს  მიაღწია  ამ ენათა შესწავლაში  და ნიადაგი  შეუმზადა  იბერიულ-კავკასიურ  ენათმეცნიერების ჩამოყალიბებას. ივანე  ჯავახიშვილს ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის ძეგლთა  დაცვის საქმეში.  სწორედ მის მიერ შედგენილი სამოქმედო გეგმის მიხედვით - საისტორიო  -  საეთნოგრაფიო, წერა-კითხვის გამავრცელებელმა  და ქართველ ხელოვანთა სამეცნიერო საზოგადოებებმა   მნიშვნელოვანი ერთობლივი  სამუშაო ჩაატარეს.   1989-დან მის მიერ დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი სახელი მიენიჭა. ივანე ჯავახიშვილის სახელს  ატარებს საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი ჯილდო სწორედ ივანე ჯავახიშილის სახელობისაა.  ივანე ჯავახიშილის სახელს ატარებს ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაარსებული საერთაშორისო ქართველოლოგიური სამეცნიერო პრემია.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates