• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯავახიშვილი დიმიტრი ვასილის ძე

ჯავახიშვილი დიმიტრი ვასილის ძე (23. IX. 1882, სოფ. ძევერა, გორის მაზრა - 2. XI. 1971, თბილისი), ექიმი-კურორტოლოგი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, მაგრამ რადგან ამ სასწავლებელს ატესტატის გაცემის უფლება არ ჰქონდა, ერევნის გიმნაზიაში გადავიდა და ატესტატიც იქ მიიღო. 1903 ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე შევიდა, იღებდა თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოს სტიპენდიას. როდესაც ოდესაში შავრაზმელბმა ებრაელთა დარბევა მოაწყვეს, დ. ჯავახიშვილი სტუდენტურ რაზმში გაერთიანდა და ებრაელებს თავდასხმებისაგან იცავდა. სტუდენტთა რევოლუციური მღელვარების გამო 1905 უნივერსიტეტში სწავლა შეწყდა. დ. ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნდა და მუშაობას ფილოქსერის საწინააღმდეგო პარტიაში შეუდგა.  1907 სწავლა ისევ ოდესაში გააგრძელა, მაგრამ მალე მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში გადავიდა და 1909 მისი სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ჯერ მიხეილის საავადმყოფოში, შემდეგ სიღნაღის მაზრის სოფელ გურჯაანში ამბულატორიის გამგედ. ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობასაც, თანამშრომლობდა გაზეთთან ,,კახეთის ხმა“, აქვეყნებდა სტატიებს რუბრიკით ,,ექიმის წერილები“. 1911-დან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1912 მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის სამოქალაქო სამსახურის ექიმთა პირველი ყრილობის მუშაობაში, გამოვიდა მოხსენებით და დასვა საკითხი ახტალის ტალახით მკურნალობის გაუმჯობესების შესახებ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მობილიზაციით  სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, დანიშნეს ,,ქვეითი ქართული ჯარის რაზმის” (,,დრუჟინა”) უფროს ექიმად და რაზმთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გაგზავნეს. იყო ტრაპიზონში გახსნილი საველე ჰოსპიტალის უფროსი ორდინატორი, საიდანაც პირველი ქართული ცხენოსანი პოლკის უფროს ექიმად გადაიყვანეს.                                           

1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და მუშაობდა ქალაქის სამხედრო ჰოსპიტალში. არჩეული იყო თბილისის საგუბერნიო საექიმო სამმართველოსთან შექმნილი  საბჭოს თავმჯდომარედ. დ. ჯავახიშვილი დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფს და 1917 ივნისში მონაწილეობა მიიღო ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობის მუშაობაში. 1917 ნოემბერში იგი კოოპტაციის გზით  ედპ-ს მთავარი კომიტეტის წევრი გახდა. 1918 მაისში, ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, დ. ჯავახიშვილი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც ედპ-ს წარმომადგენელი. იყო ეროვნული საბჭოს ჯანმრთელობის კომისიის წევრი და მდივანი, ასევე, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის წევრი. მონაწილეობდა ედპ-გან გამოყოფილი დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული ფრაქციისა და მთავარი კომიტეტის ჩამოყალიბებაში, იყო ამ კომიტეტის მდივანი. 1918-ის 16 ივლისს იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობიდან გავიდა. 1919 ეროვნული პარტიის სიით კენჭს იყრიდა დამფუძნებელ კრებაში, მაგრამ მანდატი ვერ მიიღო. 1920 არჩეული იყო ეროვნული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად, ხოლო ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, 1921 იანვარში, დ. ჯავახიშვილი დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაშიც აირჩიეს.

1921-დან სამშობლოში დარჩა და ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922  კოოპტაციის წესით შევიდა ედპ-ს არალეგალური ცკ-ს შემადგენლობაში. 1923  აპრილში დააპატიმრეს. აგვისტოს დამდეგს ციხიდან გაანთავისუფლეს და აიძულეს ედპ-ს სხვა თვალსაჩინო წევრებთან ერთად ხელი მოეწერა დეკლარაციაზე, რომელიც პარტიის ლიკვიდაციისათვის კონფერენციის მოწვევას ითვალისწინებდა. კონფერენცია 1923-ის 28 ოქტომბერს გაიმართა და  ედპ დაშლილად გამოაცხადა. ამის შემდეგ დ. ჯავახიშვილი მთლიანად ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და სამეცნიერო-პედაგოგიურ სარბიელზე გადაინაცვლა. ჯერ დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის თერაპიის კათედრის ორდინატორად, შემდეგ კი საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის საკურორტო სამმართველოს სამედიცინო-სანიტარული განყოფილების გამგედ. 1928  აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებაში. ამ დროიდან იყო ფიზიოთერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 1938 ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ დააწინაურეს სამეცნიერო მუშაობის დარგში. 1934-1938  განაგებდა თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრას, 1938-1959  იყო იგივე კათედრის ხელმძღვანელი თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში. 1953 წ. გახდა პროფესორი, 1965 მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. პირველმა შეისწავლა კუმისის ტალახის სამკურნალო თვისებები და მეცნიერულად დაასაბუთა ახტალის ტალახის სამკურნალოდ გამოყენების შესაძლებლობა. შეისწავლიდა ასევე, წყალტუბოს, ბორჯომისა და ნაბეღლავის მინერალური წყლების სამკურნალო თვისებებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის კურორტ ახტალის მშენებლობასა და განვითარებაში. ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიაობას, რამდენჯერმე იყო არჩეული თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად. იყო საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, თბილისის კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე, მრავალი სხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშისა და ,,საპატიო ნიშნის“ ორდენებით. დაწერა ექიმთა და სტუდენტთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო კურორტოლოგაში (1945 წ.), გამოქვეყნებული აქვს ასევე, წიგნები და ბროშურები. ჰყავდა მეუღლე - ანა მაღალაშვილი და შვილები. მისი შვილი - გივი ჯავახიშვილი იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1955-1973 წწ. დ. ჯავახიშვილი საინტერესო მოგონებათა წიგნის ავტორიცაა (1969 წ.).

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates