• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

მელიქიშვილი პეტრე

მელიქიშვილი პეტრე გრიგოლის ძე (1850, თბილისი -  1927, თბილისი) - ქართველი ქიმიკოსი,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1918-1919),  სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის  წევრ-კორესპონდენტი. 1868  დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია, 1872 - ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1876 მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში. 1881 წ. დაიცვა დისერტაცია მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად   (თემაზე -,,აკრილმჟავას ნაწარმთა  შესახებ“), 1885 კი - სადოქტორო დისერტაცია (თემაზე-,,იზომერული კროტონმჟავების ნაწარმთა შესახებ“). 1884 წლიდან აირჩიეს ნოვოროსიის უნივერსიტეტის დოცენტად, ხოლო 1885 წლიდან კი - პროფესორად. 1900 დიდი სამეცნიერო დამსახურებისათვის, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ ლომონოსოვის სახელობის პრემია და  ოქროს მედალი გადასცა.

1918 წ-ის  იანვარში თბილისის ქართული უნივერსიტეტის  პროფესორთა საბჭომ ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, ახლად დაარსებული უნივერსიტეტის პირველ რექტორად ოდესის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. 1918 წ-დან  ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრას. 1919 წელს  პ. მელიქიშვილი უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგა.  მისი თაოსნობით  უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა 4 ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული  და აგრონომიული  ქიმიის კათედრები. მას ამავე დროს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეში. 

პ. მელიქიშვილმა  შეისწავლა  ორგანულ მჟავათა ზოგიერთი წარმომადგენლისა და მათი წარმოებულების სინთეზის  საკითხები, ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. ამ საკითხების გამოკვლევებმა ხელი შეუწყო  სტერეოქიმიური  თეორიის განმტკიცებას. ქართველმა მეცნიერმა  პირველმა მიიღო  ორგანულ  ნაერთთა კლასი, რომელთაც გლიციდმჟავები უწოდა. მისი გამოკვლევების მეორე ნაწილი არაორგანული ქიმიის საკითხებს ეხება. ამ შრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგიერთი ელემენტის ზემჟავების სინთეზი. ეს კვლევა  მან  თავის მოწაფესთან,  ლ.  პისარჟევსკისთან,  ერთად  შეასრულა  (1897-1913). პ. მელიქიშვილის მეცნიერულ მემკვიდრეობაში  დიდი ადგილი უჭირავს  ანალიზური ქიმიის საკითხებსაც. მან დაადგინა  თვისებითი  რეაქციები  ნიობიუმზე, ტანტალსა და მოლიბდენზე. იგი უდიდეს ყურადღებას უთმობდა  საქართველოს ბუნებრივი  სიმდიდრის, წიაღისეულისა  და საკვები პროდუქტების  შესწავლას.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თსუ-ში დაარსებულია პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემიები.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates