ჭელიძე თეიმურაზ სტეფანეს ძე (VII.1876 სოფ. ბაჯი - 23.X.1937) - სოციალ-დემოკრატი. პროფესიით იყო ხარაზი. განათლება მიიღო ონის საზოგადოების სასოფლო სკოლაში. 1905 წ-დან იყო რსდმპ მენშევიკური ფრაქციის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1914 გაიწვიეს არმიაში და იბრძოდა ოსმალეთის ფრონტზე, სადაც მსახურობდა 1917 წ-მდე. 1919 აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 „სხივის“ ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა თ. ჭელიძე, დატოვა პარტია და ცალკე ფრაქცია შეადგინა. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. 1922 დააკავეს სვანეთის აჯანყებასთან დაკავშირებით, 1923 გადასახლება მიესაჯა, შემდეგ კი - დახვრეტა.