• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სტეფანე

სტეფანე (ერისკაცობაში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილი). ეპისკოპოსი. (I. 1853 ქვემოჭალა, გორის მაზრა – 8. IV. 1936 თბილისი). დაიბადა მღვდლის ოჯახში. მამა - გრიგოლი ქართული საეკლესიო გალობის ჩინებული მცოდნე და შემსრულებელი იყო. ვასილმა და მისმა ძმებმა ბავშობიდანვე ოჯახში შეისწავლეს ქართული სასულიერო გალობის ქართლ-კახური კილო. ექვსი წ. ასაკში დედამ დააწყებინა “დავითნის” კითხვა. საოჯახო განათლების მიღების შემდეგ ვასილი სწავლის გასაგრძელებლად გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. 1864 ვასილი თავის ძმებთან - ანდროსა და პოლიევქტოსთან ერთად პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე ხალხური სიმღერების რეპერტუარით და მოწონება დაიმსახურა. 1867 ვასილი ძმებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და ჩაირიცხა სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, პარალელურად 1879-დან სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სკოლაში.  1881 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია; 1881 ქართული ენის მასწავლებელი იყო თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში; ერთი წლის შემდეგ შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში. 1883 აკურთხეს თბილისის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდლად, ამავე დროს ასრულებდა მღვდლის მოვალეობას თბილისის 1 სამხედრო ჰოსპიტალში. მალე თავისივე თხოვნით გადაიყვანეს ნუხის 3 კლასიან საქალაქო სასწავლებელში, ამავე დროიდან არის ნუხის სამწმიდათა ეკლესიის წინამძღვარი. 1888-1890 ეგზარქოს პალადის განკარგულებით გადმოიყვანეს თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიაში დააარსა მოსასვენებელი სახლი შორიდან მოსულ მლოცველთათვის. წმ. ბარბარეს ეკლესიასთან გახსნილი ჰქონდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა 40 ბავშვისათვის, რომლისთვისაც გამოყოფილი ჰქონდა 2 ოთახი საკუთარი ბინიდან და ინახავდა საკუთარი ხარჯით. 1893-99 იყო მასწავლებელთა საზოგადოების სკოლის სჯულის მასწავლებელი და სახალხო სასწავლებელთა დირექციის წევრი. 1899 აირჩიეს საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად. 1903 თებერვლიდან გადაიყვანეს ქ. შემახიის ეკლესიაში. 1904  გადაიყვანეს გორის ტაძრის მეორე მღვდლის ადგილზე, ამავე დროს ასრულებდა სანთლის ქარხნის მმართველის მოვალეობას; 1904-1906 წწ. განაგებდა საეკლესიო ნივთების მაღაზიას. 1905 თავისივე თხოვნით ეგზარქოსმა ალექსიმ დანიშნა თბილისის სამების ტაძრის წინამძღვრად. ტაძრის სამრევლო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს და რუსულ-ქართულ გალობას.    

აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის I, II, III, IV საეკლესიო კრების მუშაობაში. 1919 აიყვანეს დეკანოზის ხარისხში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ვასილ კარბელაშვილი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას და ყველაფერს აკეთებდა მასთან საერთო ენა მოეძებნა. 1922 წ. გადაიყვანეს კუკიის წმ. ნინოს ეკლესიაში. 1925 წ. აღიკვეცა ბერად სტეფანეს სახელით. 1925 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს ბოდბის ეპისკოპოსად. 1928 გაათავისუფლეს ბოდბის ეპისკოპოსობიდან და გადაიყვანეს ალავერდელად. 1929 გაათავისუფლეს ალავერდის ეპისკოპოსობიდან; 1930 წ. 1 იანვარს დროებით დაინიშნა კარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდლად; 1934 წ. 6 აგვისტოს პირადი თხოვნის საფუძველზე ავადმყოფობის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა კალისტრატემ გაათავისუფლა კარის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრობიდან. დაკრძალულია წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates