• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სარაჯიშვილი ივანე (ვანო) პეტრეს ძე

სარაჯიშვილი ივანე (ვანო) პეტრეს ძე  (01. V. 1879. სიღნაღი. - 11. XII. 1924. თბილისი) ერთ-ერთი პირველი ქართველლი პროფესიონალი საოპერო მომღერალი. ტენორი.დაიბადა ინჟინერ-ტექნიკოსის მრავალშვილიან ოჯახში. პეტრე სარაჯიშვილს პირველი მეუღლისაგან - ნინო ვაჩნაძისაგან რვა შვილი ჰყავდა. დედა - ეფემია რუსიშვილი, რომელიც პეტრემ 53 წლის ასაკში შეირთო, მისი მეორე ცოლი იყო, რომლისგანაც ხუთი შვილი ეყოლა. ოჯახი მუსიკის დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. მამა კარგად უკრავდა თარზე და სალამურზე. ბავშვები ცეკვავდნენ და მღეროდნენ ხალხურ სიმღერებს. ვ. სარაჯიშვილი ექვსი წლისა იწყებს გალობას ალექსანდრე ჩახანაშვილის საეკლესიო გუნდში. 1887 სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიაბარეს. მალე გუნდის წამყვანი სოლისტი გახდა. გიმნაზიაში სწავლის დროს ვიოლონჩელზე დაკვრას მისივე ბიძაშვილისაგან, ცნობილი ვოლონჩელისტის - ივანე სარაჯიშვილისაგან სწავლობდა. 1898 წ. გიმნაზიას თავი დაანება და თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, პროფესორ ტალენტის კლასში გააგრძელა ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა, იყო ასევე სარაჯიშვილების საოჯახო გუნდის წევრიც. მონაწილეობდა კონცერტებში. მომღერლის ბიძამ, ცნობილმა მრეწველმა დავით სარაჯიშვილმა ძმისშვილის მოსასმენად ილია ჭავჭავაძე და ქართული ინტელექტუალური ელიტის სხვა წარმომადგენლები მოიწვია. შედეგად თავად-აზნაურობის კომისიამ სტიპენდია დაუნიშნა და სასწავლებლად რუსეთში გაგზავნა. 1903 წლიდან ვოკალში პეტერბურგის ცნობილ პედაგოგებთან, ჯერ პროფესორ პრიანიშნიკოვთან და შემდეგ პანაევა-კარცევასთან მეცადინეობდა, ამუშავებდა საოპერო პარტიებს. მალე ისე დაოსტატდა, რომ ჯერ ალექსი წერეთლის მიერ შედგენილ „ახალი ოპერის“ დასში მღეროდა, შემდეგ კი პეტერბურგის იტალიურ ოპერაში, სადაც წარმატებით გაართვა თავი ცნობილ იტალიელ მომღერლებთან - ტიტო რუფოსთან და ევგენი ჯირალდონისთან პარტნიორობას. 1906 თბილისში დაბრუნდა. და საზოგადოების საყოველთაო აღიარება დაიმსახურა.შემდეგ ორი წლით იტალიაში სასწავლებლად გაემგზავრა და მილანის კონსერვატორიაში პროფესორ კასტელანოსთან შუდგა მეცადინეობას. მოამზადა საოპერო პარტიები ცნობილ დირიჟორებთან და მალე იტალიის საოპერო სცანაზეც წარმატებით დაიმკვიდრა თავი. გაეცნო და დაუმეგობრდა თანამემამულეს - ელენე თარხან-მოურავს, რომლის სალონშიც ცნობილ მომღერლებს: ტიტა რუფოს, მაზინის, შალიაპინს და ჯირალდონის დაუახლოვდა. ეს უკანასკნელნი მას პირველხარისხოვან მომღერლად აღიარებდნენ. მილანის ლა-სკალაში  მოპოვებული წარმატების შემდეგ, ანტრეპრენიორთა ყურადღება მიიქცია. ჯერ პარმაში, შემდეგ კი ტრიესტასა და ნიცაში მიიწვიეს. შალიაპინმა „ბორის გოდუნოვში“ მონაწილეობის მიღების მიზნით, პარიზში წასვლა შესთავაზა.

1917-დან დაბრუნდა საქართველოში და სამუდამოდ დარჩა თბილისის საოპერო თეატრში. 1918 წლის 21, 23, 25 მაისს „ქართულ კლუბში“ მთლიანად დაიდგა პირველი ქართული ორიგინალური ოპერა, რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“. აღნიშნულ ოპერაში იასონის როლი შეასრულა. აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში წარმოდგენილ უმნიშვნელოვანეს საოპერო სპექტაკლებში. 1918 წლის სეზონში დაიდგა ქართულად თარგმნილი ანტონ რუბინშტეინის „დემონი“, სადაც სინოდალის როლი შეასრულა. (დემონის როლი სანდრო ინაშვილმა იმღერა). 05. II. 1919 გაიმართა დ. არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ პრემიერა, სადაც შოთას როლი შეასრულა. ამით დაიწყო ქართული ეროვნული ოპერის სცენური ისტორია.   21 II. 1919 ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ პირველ დადგმაში არ მონაწილებდა (აბესალომის როლი ბორის ზალიპსკიმ შეასრულა), თუმცა შემდეგ დადგმებში აბესალომის პარტიას მღეროდა. (მურმანის პარტიას სანდრო ინაშვილი ასრულებდა).  11. XII. 1919   ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტეს“ პრემიერაშიც მთავარ პარტიებს მღერის.  19. XI. 1920 პირველად ქართულ ენაზე დაიდგა იპოლიტოვ ივანოვის „ღალატი“. აღნიშნულ სპექტაკლში ერეკლეს როლი შეასრულა.        

გასაბჭოების შემდეგ თბილისის საოპერო თეატრის კომისრის მოადგილე იყო და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. აქტიურად აგრძელებდა სცენაზე გამოსვლას.  16. V. 1923 მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ოცი წლის იუბილე აღინიშნა.   19. XII. 1923 ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისი“ პრემიერაში მალხაზის პარტია შეასრულა. 1924-1925  სეზონზე აღარ უმღერია.   23. VI. 1924 ოპერის ბაღში ცუდად იგრძნო თავი და  დასნეულდა. 11 ნოემბერს, უშედეგო მკურნალობის შემდეგ, გულის მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. დაკრძალეს ოპერის ბაღში. მომხდარს მწუხარებით გამოეხმაურა ზაქარია ფალიაშვილი. მისი დაკარგვა განიცადეს ქართველმა კომპოზიტორებმა. დასაფლავების შემდეგ, იმავე დღეს ოპერის თეატრში კოტე მარჯანიშვილმა დადგა „აბესალომ და ეთერი“ აბესალომის გარეშე. სიმბოლურ სპექტაკლში აბესალომის პარტიას ვიოლონჩელზე ე. კაპელნიცკი ასრულებდა, ხოლო სცენაზე ამ დროს თეთრი შუქი მოძრაობდა. 1944 მომღერლის გარდაცვალების ოცი წლის თავი აღინიშნა. 1947  თბილისის კონსერვატორიას მისი სახელი მიენიჭა.    

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates