სალუქვაძე ანანია (1889. ოზურგეთი - 1942). სასწავლებელში არ უვლია და წერა-კითხვა სახლში. ადრეული ასაკიდანვე შეუდგა მუშაობას, თავდაპირველად ნოქრობას ეწეოდა, შემდეგ მანთაშოვის ქარხანაში ტექნიკურ განყოფილებაში მოწაფედ მიიღეს, თუმცა, ქარხნის დახურვის გამო,სწავლა ვეღარ გააგრძელა. აქტიურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან, გარდა ამისა, კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა გურიაში. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო არაერთხელ იყო დაპატიმრებული. პირველად იგი 1904 დააპატიმრეს. 1907 კვლავ დააპატიმრეს და ერთ თვეში გამოუშვეს.1908 9 თვე გაატარა საპატიმროში. 1909-1910 არალეგალურად ცხოვრობდა, შემდეგ კი ჯარში გაიწვიეს, სადაც მსახურობდა ოსტროგში (ვოლინის გუბერნიაში). ჯარში ყოფნისას არალეგალური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. 1914 ა. სალუქვაძე კვლავ დააპატიმრეს და 8 თვე იმყოფებოდა ციხეში, რის გამოც დაავადდა, მისი საქმის ძიება შეწყდა და სამშობლოში გამოუშვეს. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიიის თბილისის ორგანიზაციაში ,იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი. წერდა მოთხრობებს.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასვლაზე უარი განაცხადა. 1924-ის აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს და ყირიმში გადასახლეს. გარდაიცვალა ყაზახეთში.