• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ. საბჭოთა რუსერთის მიერ აზერბაიჯანისა (1920-ის 28 აპრილი) და სომხეთის (1920-ის 29 ნოემბერი) გასაბჭოების შემდეგ, საქართველო რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის ხელისუფლება მტრის დასახვედრად მომზადებაში განსაკუთრებულ როლს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხრიდან დახმარებაში ხედავდა. ევროპის ქვეყნებისგან საქართველოს მთავრობისადმი მიცემული დაპირებების (ეკონომიკური, სამხედრო) შეუსრულებლობამ და ინგლისის მთავრობის მხრიდან ამიერკავკასიით დაუინტერესებლობის ოფიციალურად აღიარებით, საბჭოთა რუსეთს, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლების პირობები შეუქმნა. მეორე მხრივ, რუსეთის შესაბამისი უწყებისადმი ცნობილი იყო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსული საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდიდა. პოლონეთთან გამარჯვებამ (1920 წლის 12 ოქტომბერი) და ვრანგელის დამარცხებამ (1920 წლის ნოემბერი), საბჭოთა რუსეთს იზოლაციაში დარჩენილი საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების შესაძლებლობა მისცა. საქართველოს გასაბჭოება სამხედრო ჩარევის გზით უშუალოდ გადაწყდა  რკპ (ბ) ცკ- ის პლენუმის 1921 წლის 26 იანვრის დადგენილებით. მისი პრაქტიკული განხორციელების პროცესში  განსაკუთრებით აქტიურობდნენ  ი.სტალინი და ს.ორჯონიკიძე. გადაწყდა რომ საბჭოთა რუსეთის XI  წითელი არმია საქართველოში უნდა შემოჭრილიყო ვითომ ბორჩალოს მაზრის ლორეს რაიონში აჯანყებული მშრომელების დასახმარებლად. 1921-ის 11-12 თებერვლის ღამით ლორეს სასაზღვრო რუსულ-სომხურ სოფლებში მართლაც დაიწყო ინსპირირებული „აჯანყება“, რომლის მონაწილე „მშრომელების“ დასახმარებლად XI არმიის საზღვართან განლაგებული ნაწილები თავს დაესხნენ საქართველოს. ქართული არმიის ნაწილები დამარცხდნენ და უკანდახევა დაიწყეს, ხოლო ბევრი ტყვედ ჩავარდა. XI წითელი არმიის ძირითადი ნაწილები აზერბაიჯანის მხრიდან 15 თებერვალს შემოიჭრნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საქართველოზე თავასხმიდან მეექვსე დღეს, 16 თებერვალს აჯანყებულებმა და სოფ. შულავერში შექმნილმა ე. წ. საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა „ინტერნაციონალური დახმარება“ თხოვა საბჭოთა რუსეთის მეთაურს ვ. ლენინს. განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლები გაიმართა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად იმისა, რომ 1921 წლის 20, 21, 22, 23 თებერვლის საბრძოლო მოქმედებები ქართული ჯარის გამარჯვებით დამთავრდა, მთავარსარდალ გ.კვინიტაძის №131- ე ბრძანების თანახმად, ქართულმა ჯარმა უკან დაიხია და თბილისი დატოვა. 25 თებერვალს XI არმია თბილისში შემოვიდა. ს.ორჯონიკიძემ ვ.ლენინს და სტალინს დეპეშით აცნობა: „თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“  საბჭოთა რუსეთის VIII, IX და XIII არმიების ნაწილები კიდევ რამდენიმე მიმართულებიდან შემოიჭრნენ ქვეყანაში: 25 თებერვალს მამისონის უღელტეხილიდან (33- ე სამთო მსროლელი დივიზიის 38-ე ბრიგადამ);  სოჭი-სოხუმის მიმართულებით (სამი ქვეითი და ერთი ცხენოსანი დივიზია). გარდა ამისა, . სამხრეთიდან საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ოსმალეთის ჯარებმა, რომლებმაც ართვინი და ბათუმი დაიკავეს. 1921-ის 17 მარტს, ქუთაისში ხელმოწერილი შეთანხმებით, ქართულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა და მთელი ძალისხმევა ოსმალო ასკერებისაგან  ბათუმის გასანთავისუფლებლად მიმართა 20 მარტს გენერალ გ. მაზნიაშვილმა შეძლო ბათუმიდან ოსმალების განდევნა, რაშიც მას რუსული ჯარის ნაწილებიც დაეხმარნენ. 17-18 .  მარტის ღამით საქართველოს ტერიტორია დატოვა პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ და საფრანგეთში გაიხიზნა ისე რომ საბჭოთა ხელისუფლების წინაშე კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ამ გარემოებამ ყოველგვარი ფორმალურ-სამართლებრივი გამართლების საფუძველი გამოაცალა 1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველო-რუსეთის ომს და აქცია საბჭოთა რუსული იმპერიის მიერ განხორციელებული, სუვერენული ქვეყნის ერთ-ერთი პირველი დაპყრობის მაგალითად.                                                                                  

საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლის თებერვალ- მარტში განხორციელებული მოვლენების შეფასების შესახებ სპეციალურად იმსჯელა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1989 წლის 18 ნოემბრის სესიამ. ამ დოკუმენტში ხაზგასმითაა მითითებული, რომ საბჭოთა რუსეთმა დაარღვია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება. მის მიერ საქართველოში ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება „სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობილების შეცვლის მიზნით. ეს აქცია... პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, როგორც ფაქტობრივი ანექსია“

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates