• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

დამფუძნებელი კრების არჩევნები

დამფუძნებელი კრების არჩევნები - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში  სამ ეტაპად ჩატარდა ძირითადი არჩევნები 1919 წ-ის 14, 15 და 16 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგიონების უმეტეს ნაწილში. კლიმატურ-გეოგრაფიულ მიზეზთა გამო დამფუძნებელი კრების არჩევნების გამართვა შეუძლებელი გახდა ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში, ხოლო რთული პოლიტიკურ-სამხედრო მდგომარეობის გამო არჩევნები გადაიდო ქვეყნის სამხრეთის მაზრებში. ძირითადი არჩევნები ასევე არ გამართულა სოხუმის ოლქში, სადაც ამ პერიოდისათვის აფხაზეთის ეროვნული საბჭოს არჩევნები მიმდინარეობდა და  ბათუმის ოლქში,  რომელსაც  ინგლისის საოკუპაციო ადმინისტრაცია მართავდა. საარჩევნო კანონმდებლობა    1918 წ-ის 22 ნოემბერს დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ,  1919 წ-ის 10 იანვარს მასში ცვლილებები შევიდა. საარჩევნო კანონმდებლობა უზრუნველყოფდა და იცავდა არჩევნების პირდაპირობის, საყოველთაოობისა და თანასწორობის პრინციპებს.  არჩევნების  გამართვა თავდაპირველად 1919 წ-ის გვიან გაზაფხულზე იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო  თარიღზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საერთაშორისო ფაქტორმა - ვერსალში დაგეგმილმა საერთაშორისო საზავო კონფერენციამ. დამფუძნებელი კრების არჩევნების ორგანიზებისათვის საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 21-კაციანი ცენტრალური საარჩევნო კომისია ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა 15-მა საარჩევნო სუბიექტმა: №1 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია; №2  საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; №3  საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია; №4  სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკცუთიუნი“; №5 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია; №6 საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო; №7  საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია; №8 საქართველოს ეროვნული პარტია; №9 საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია; №10 შოთა რუსთაველის ჯგუფი-პარტია; №11 დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი; №12 ბორჩალოს მაზრის მუსულმანები; №13 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია; №14 „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“; №15 ელინთა დემოკრატიული პარტია. 15 საარჩევნო სიაში 600 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 26 ქალი გახლდათ. ძირითად არჩევნებში რეგისტრირებული 831 324 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 506 815-მა მიიღო. არჩევნების შედეგად კრების 130 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა: №1- 109; №2 - 8 ; №3 - 5; №5 - 8.

 1919 წ-ის აგვისტოში გაიმართა დამფუძნებელი კრების პირველი დამატებითი არჩევნები, რომელმაც გამოტოვებული მაზრების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. დამატებით არჩევნებზე რეგისტრირებული 125 451 ამომრჩევლიდან მონაწილეობა 87 444-მა მიიღო. არჩევნების შედეგად კრებაში წარმოდგენილ სუბიექტებს დაემატა „დაშნაკცუთიუნი“ და საქართველოს ეროვნული პარტია. მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:    №1 - 105; №2 - 7; №3 - 6; №4 - 3; №5 - 8; №8 - 1.

1920 წ-ის  27, 28 და 29 მარტს გაიმართა დამფუძნებელი კრების მეორე დამატებით არჩევნები, რომელმაც სოხუმის ოლქი და საქართველოს სხვადასხვა მაზრისა თუ ქალაქის ცალკეული უბნები მოიცვა. მეორე დამატებით არჩევნებში კოალიციური სახით მონაწილეობდნენ სიები №2, №7 და №11, ასევე მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ნაციონალური პარტია. არჩევნების შედეგად საბოლოოდ დამფუძნებელ კრებაში ადგილები ამგვარად გადანაწილდა: №1 - 102; №2 - 8; №3 - 6; №4 – 3; №5 - 9; №8 - 2.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates