• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

დამოუკიდებლობის გამოცხადება

დამოუკიდებლობის გამოცხადება - ამიერკავკასიის სეიმში ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულმა ურთიერთდაპირისპირებამ, ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს დაშლა  დააჩქარა. დასახული მიზნის განხორციელების უპირველეს საფეხურს „მფარველი“ სახელმწიფოს ძიება წარმოადგენდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მინდობილობით, გ. გვაზავამ გარკვეული მოლაპარაკება აწარმოა გერმანიის სამხედრო მისიის ხელმძღვანელ კაიზერთან. იმავე გ. გვაზავამ 1918 წ-ის 14 მაისს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს 4-პუნქტიანი პროექტი წარუდგინა დასამტკიცებლად. ამ დოკუმენტით საქართველოს მხარე ბათუმის საზავო დელეგაციის ხელმძღვანელს, გენერალ ფონ ლოსოვს სთხოვდა,  გერმანიას ხელი შეეწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის პოლიტიკური და გარედან მოსალოდნელი საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებაში. გერმანიის მხრიდან გარკვეული გარანტიების მიღებამ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა. გერმანია თანახმა იყო, მხარი დაეჭირა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და წინ აღდგომოდა თავისი მოკავშირის - ოსმალეთის - მისწრაფებას საქართველო-კავკასიაში ჰეგემონობისაკენ. აკ. ჩხენკელი ბათუმიდან გამოგზავნილ წერილებში საფეხურებრივად ურჩევდა ეროვნულ საბჭოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის საჭირო ღონისძიებებს, რაც ფონ ლოსოვთან იყო შეთანხმებული. მაგ., 15 მაისის წერილში ა. ჩხენკელი თავის თანაპარტიელებს აფრთხილებდა და მოუწოდებდა: „საქართველოს დამოუკიდებლობა - აი პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას... თქვენ ვალდებული ხართ ქართველ ერს უხელმძღვანელოთ. თუ არ შეგიძლიათ, უკეთესია გადადგომა. მაგრამ ამ შემთხვევაში ერი დაიღუპება... საჭიროა გამბედაობა. ნუ აქცევთ ერისა და სახელმწიფოს საქმეს პარტიის საქმედ. პარტია, ეროვნული გრძნობით განმსჭვალული შეძლებს ერის ხსნას“. აღნიშნული მოწოდება დაედო საფუძვლად საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1918 წ-ის 16 მაისის დადგენილებას, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზაციის ხელმძღვანელი საგანგებო კომისია აირჩია (ნ. რამიშვილი, დ. ვაჩნაძე, შ. მესხიშვილი).  საზოგადოებისათვის უნდა განემარტათ, თუ რით იყო განპირობებული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. თავდაპირველად, დამოუკიდებლობის გამოცხადება ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა  1918 წ-ის 25 მაისის სხდომაზე გადაწყვიტა, რადგან საკითხი კენჭისყრით გადაწყდა (6 მომხრე, 4 წინააღმდეგი). მიუხედავად ამისა, საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა სამი გარემოების გამო: 1. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ბოლომდე არ იყო მომზადებული; 2. გაურკვეველი იყო კანონმდებლობის, ფინანსებისა და რკინიგზის საკითხი; 3. არ არსებობდა ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციისა და მთავრობის შემადგენლობის წინასწარი გეგმა. ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 25 მაისის სხდომა აღნიშნული საკითხების მხოლოდ დაზუსტებით შემოიფარგლა - ეროვნული საბჭოს 26 მაისის სხდომისთვის შეთანხმებული დღის წესრიგი და შესაბამისი დოკუმენტაცია მოამზადა. რჩებოდა ფორმალური მხარე - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლისა და სეიმის უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივად დაკანონება. ეს საკითხი ამიერკავკასიის სეიმის 1918 წ-ის 26 მაისის სხდომაზე იქნა გატანილი. იმავე დღეს, 3 საათზე, სეიმმა, ამიერკავკასიის დემოკრატიული  ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა და თვითონაც ფუნქციონირება შეწყვიტა. 1918 წ-ის 26 მაისს, დღის 4 საათსა და 50 წუთზე, გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. მას დაესწრო 42 წევრი და 36 წევრობის კანდიდატი. სხდომას თავმჯდომარეობდა  ნ. ჟორდანია. პრეზიდიუმში იყვნენ: გ. ლასხიშვილი, გრ. ვეშაპელი და პ. საყვარელიძე. მდივანი - ი. ზურაბიშვილი.  შესავალი სიტყვა წარმოთქვა ნ.ჟორდანიამ, მანვე,  5 სთ და 10 წთ-ზე წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, რომელიც ერთხმად მიიღო ეროვნულმა საბჭომ.   სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის შემადგენლობა: 1. მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი;  2. საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი; 3. სამხედრო მინისტრი -  გრიგოლ გიორგაძე; 4. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი - გიორგი ჟურული; 5. განათლების მინისტრი - გიორგი ლასხიშვილი; 6. მიწათმოქმედების და შრომის მინისტრი - ნოე ხომერიკი;  7. იუსტიციის მინისტრი - შალვა მესხიშვილი; 8. გზათა მინისტრი - ივანე ლორთქიფანიძე. ეს იყო დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს პირველი ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელშიც შედიოდა 4 სოციალ-დემოკრატი; ორი სოციალისტ-ფედერალისტი; ერთი ეროვნულ-დემოკრატი და ერთი სოციალისტ-რევოლუციონერი მინისტრი. დამსწრე სტუმრებიდან მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: მაჰმადიანთა წარმომადგენელმა ფატალი-ხანი ხოელმა, ოსების წარმომადგენელმა - გიორგი გაგლოევმა, ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენელმა - ჰაიდარ ბეგ აბაშიძემ, გერმანიის რწმუნებულმა - კაიზერმა, ამიერკავკასიის გერმანელთა წარმომადგენელმა - ფრიკმა და ადგილობრივ პოლონელთა წარმომადგენელმა. საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა 5 საათსა და 55 წუთზე დამთავრდა. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნ. რამიშვილმა ტელეგრამით მსოფლიოს სახელმწიფოების მთავრობებს საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის ფაქტი ამცნო.       

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates