საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში - 1917 წლის 7 ნოემბერს, რუსეთის დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა გამოცხადდა. 1918 წლის 22 იანვარს, უკრაინის ცენტრალურმა რადამ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა (დედაქალაქი კიევი). 1918-1919 წლებში, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მიხაილ გრუშევსკი იყო, ხოლო 1919-1920 წლებში - სიმონ პეტლიურა.1918-1920 წლებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში - ბიქტორ თევზაია იყო, ხოლო ქალაქ ოდესაში გენერალური კონსულის მოვალეობას თავდაპირველად ე. ი. უშვერიძე ასრულებდა. 1918 წლის 5 სექტემბერს, უკრაინაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის - ბიქტორ თევზაიას უშუალო წარდგენით, ქალაქ ოდესაში კონსულად გერმანე მგალობლიშვილი დაინიშნა. საკონსულო აქტიურად მუშაობდა საქართველოს მოსახლეობის ფქვილით, ბურღულეულით, შაქრით და სხვა სასურსათო პროდუქტებით მოსამარაგებლად. 1918-ის 7 დეკემბერს, კიევში, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქონლის გაცვლასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დაიდო. უკრაინის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა - ს. ვ. ბოროდაევსკიმ, ფინანსთა მინისტრმა ვ. ვ. მატუსევიჩმა, ხოლო საქართველოს მხრიდან - ბ. თევზაიამ. 1920 წელს წითელი არმიის შეტევის შემდეგ, უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ პრაქტიკულად არსებობა შეწყვიტა. 1921 წლის 18 მარტის რიგის ხელშეკრულების მიხედვით, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიები პოლონეთმა და უკრაინის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ გაინაწილეს.