• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა სკანდინავიის ქვეყნებში

  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა სკანდინავიის ქვეყნებში,

 შვედეთის სამეფოში (1918-1920). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებისთანავე მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის „დე ფაქტო“ და „დე იურე“ აღიარება. ამ თავლსაზრისით, სასურველ პირობას წარმოადგენდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა  მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოებში დაეფუძნებინა.  საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა - აკაკი ჩხენკელმა,  შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს - იოჰანეს ჰელნორეს წერილობით მიმართა. ა. ჩხენკელმა საქართველოს მთავრობის სახელით შვედეთის მთავრობას წარუდგინა შვედეთში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე   მიხეილ (მიხაკო) წერეთელის კანდიდატურა და გამოხატა იმედი მისი უდიდებულესობის მთავრობის მხარადჭერასთან დაკავშირებით. შვედეთის მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ, 1918 წლის 19 ოქტომბრისთვის,  მიხაკო წერეთელი ოფიციალურად ჩავიდა სტოკჰოლმში რწმუნებათა სიგელების გადასაცემად მის უდიდებულესობასთან - გუსტავ V-სთან და   დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგა. დასაწყისში საელჩო დროებით ფუნქციონირებდა  „ოტელ რეგინა“-ში  ხოლო მოგვიანებით კი (1919 წლის 16 იანვარისთვის) საქართველოს საელჩო დაფუძნდა ქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში  „ტეგნერლუნდენ 3“-ში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელით, 1918 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  აკაკი ჩხენკელმა შვედეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს - იოჰანეს ჰელნორს   ბერლინიდან,  წერილი გაუგზავნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მიხაკო წერეთელის სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების კუთხით შესაფერის კანდიდატურად, საქართველოს მთავრობამ  შვედეთის საგარეო უწყებას - არისტო ჭუმბაძე (1880-1971 წ.წ.) წარუდგინა. წერილში ა. ჩხენკელი, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოხატავს მადლიერებას აღმოჩენილი დახმარებისთვის, რომელიც მათ  ყოფილ ელჩს გაუწიეს და გამოთქვამს იმედს, რომ მომავალშიც შვედეთის მხარე ახლადდანიშნულ ელჩს   სათანადო დახმარებას აღმოუჩენდა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰანეს ჰელნორმა  წერილობით უპასუხა  მიხაკო წერეთელს (1919 წლის 21 იანვარი), სადაც იგი გამოხატავს თანახმობას, რათა ა. ჭუმბაძე დაინიშნოს შვედეთში საქართველოს ელჩად.

   საქართველოს საელჩო სტოკჰოლმში, აგრეთვე, ფარავდა ნორვეგიის სამეფოს, სადაც  არისტო ჭუმბაძე აკრედიტებული იყო საქართველოს წარმომადგენლად. რაც შეეხება საელჩოს სტოკჰოლმში, მას იმ დროისათვის საკმაოდ მოკრძალებული საშუალებები გააჩნდა და  მცირერიცხოვანი იყო. შვედეთში არ არსებობდა ქართული დიასპორა, აქედან გამომდინარე დიპლომატიური მისია, მხოლოდ, თავის საკუთარ ძალებს ეყრდნობოდა. შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ოფიციალურ სტოკჰოლმთან და ოსლოსთან აქტიური მუშაობა ვერსალის საზავო კონფერენციაზე, კერძოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისათვის, აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლების მხარდაჭერის მოპოვება. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოიხატა იმაში, რომ 1920 წელს ერთა ლიგაში შეიქმნა საქართველოს გაწევრიანების საკითხზე სამდივნო, რომლის აქტიური წევრიც იყო შვედი დეპუტატი თეოდორ ადელსვორდი (Theodor Adelsward, ყოფილი ფინანსთა მინისტრი 1911-1917 წლებში) და ცნობილი ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი და მთავარი მხარდამჭერი ფრიტიოფ ნანსენი (Fritiof Nansen). სწორედ მათი, აგრეთვე, სხვა ქვეყნების დელეგაციების აქტიური მუშაობით, მოხდა 1921 წლის თებერვალში საქართველოს „დე იურე“-დ აღიარება.  ამის გარდა, შვედეთში საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტებს წარმოადგენდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის, ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს გაცნობა და წარმოჩენა ადგილსამყოფელ ქვეყანაში, საქართველოში მრეწველობისა და სატრანსპორტო საშუალებების განვითარების მიზნით, შვედური კაპიტალის მოზიდვა. სამწუხაროდ, საქართველოს საელჩომ შვედეთის სამეფოში ფინანსური სიდუხჭირის გამო, დიდხანს ვერ იფუნქციონირა.  1920 წლის ივნისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი - არისტო ჭუმბაძე იძულებული გახდა საელჩო დაეხურა. 1920 წლის 14 ივნისს, საქართველოს ელჩმა - არისტო ჭუმბაძემ წერილობით მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და  საგარეო უწყებას მისი სხვა თანამდებობაზე გადასვლის შესახებ აცნობა. მან საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას სტუმართმოყვარეობის, ასევე, მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის გამო, რომელიც მათ ერთი წლის განმავლობაში გაუწიეს. კერძოდ, თავის წერილში ბ-ნი არისტო ჭუმბაძე აღნიშნავდა: „მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობის მოთხოვნით, უნდა გადავიდე სხვა თანამდებობაზე. ერთ წელიწადზე მეტია ვსარგებლობ კეთილშობილი შვედი ხალხის სტუმართმოყვარეობით. ამ ხნის განმავლობაში, ვგრძნობდი უდიდეს მხარდაჭერას, როგორც შვედეთის მთავრობის, ასევე, საზოგადოების მხრიდან, ჩემი ქვეყნის ინტერესებისათვის მუშაობის პერიოდში. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ მორალურ თანადგომას, რაც შვედეთმა გამოიჩინა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკულ წუთებში. ეს მხარდაჭერა გამოხატული იყო საქართველოს, როგორც დემოკრატიული, ახალგაზრდა რესპუბლიკის ფაქტიური აღიარებით. ორივე ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, ჩვენს კულტურულად და ეკონომიკურად უფრო მეტად დაახლოებას. ამ მიზეზით, მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი აღმატებულება არ მოაკლებს თქვენს გავლენიან მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვანი დავალების განსახორციელებლად“. საქართველოს ელჩი აცნობებდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის თაობაზე, რომ ვიდრე სტოკჰოლმში ჩამოვიდოდეს ბატონი ჭუმბაძის  შემცვლელი, დროებით მოვალეობას შეასრულებდა საქართველოს წარმომადგენელი ბერლინში, დოქტორი ვლადიმერ ახმეტელი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates