• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა შვეიცარიაში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა შვეიცარიაში - 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მისია არსებობდა შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში. დიპლომატიური წარმომადგენელი  მიხეილ სუმბათაშვილი იყო. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა იქაურ პრესასა და საზოგადოებაში ქართული საკითხის გასაცნობად. მიუხედავად იმისა, რომ, შვეიცარიაში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის  მის სამართლიან ბრძოლას მხარს უჭერდნენ, შვეიცარიის მთავრობას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იურიდიულად არ უცვნია. 1920 წლის მეორე ნახევარში, საქართველოს წარმომადგენელი სამუშაოდ, ქ. ჟენევაში, ერთა ლიგის მუდმივ რეზიდენციაში  გადავიდა. მის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს საკითხით დაეინტერესებინა, როგორც ერთა ლიგის საბჭო, ასევე, ცალკეული დელეგატები, რომლებიც ყრილობაზე დასასწრებად ჟენევაში ყოველწლიურად ჩადიოდნენ. საქართველოს მისიამ შვეიცარიაში მოღვაწეობა, ჯერ კიდევ ეროვნული მთავრობის თბილისში ყოფნის დროს შეწყვიტა. მოგვიანებით, საფრანგეთის მსგავსად, შვეიცარიაშიც შეიქმნა „საქართველოს მეგობართა საზოგადოება“. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი შვეიცარიაში მიხეილ სუმბათაშვილი 1885 წლის 3 მაისს, თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1902 წლიდან მოსკოვის საიმპერატორი ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ქიმიას ეუფლებოდა. 1905 წელს, როდესაც რევოლუციის გამო, სასწავლებელი დროებით დაიხურა, მ. სუმბათაშვილი პარიზის უნივერსიტეტში შევიდა, სადაც სხვა საგნებთან ერთად კურსები გაიარა ცნობილ პროფესორ მოისანთან და პრაქტიკულ კურსს მის ლაბორატორიაში ეუფლებოდა. 1906 წელს მ. სუმბათაშვილმა საქსონიის სამთო-საინჟინრო სამეფო სკოლაში, ქალაქ ფრაიბერგში  ჩააბარა გამოცდები, რომელიც 1909 წელს სამთო-ინჟინრის დიპლომით დაამთავრა. 1909-1910 წლებში იგი ალჟირში მრეწველ საკამოდის თუთიის საბადოების დირექტორად მუშაობდა. საქართველოში დაბრუნებისას, იგი წიაღისეულისა და სასოფლო-სამეურნეო კვლევით სამუშაოებს თავის მამულებში ეწეოდა. 1912 წელს, მ. სუმბათაშვილი ქ. თბილისის მუნიციპალური მთავრობის საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ აირჩიეს, ხოლო 1913 წელს თბილისის თავადაზნაურობის მარშლად. 1915 წელს იგი კავკასიის სოფლის მეურნეობის საიმპერატორო საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს. პირველი მსოფლიო ომის დროს, მ. სიმბათაშვილი კავკასიისა და სპარსეთის ფრონტებზე, მძლავრი რუსული კომპანიის - „ზემსტვოს“ სრულუფლებიან წარმომადგენლად მუშაობდა.                                         

1918 წლის ოქტომბრიდან, მ. სუმბათაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელია ქალაქ ბერნში (შვეიცარია), სადაც მან აქტიური მოღვაწეობა გააჩაღა. მის აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით შვეიცარიული გაზეთი წერდა: „რუსეთის დაშლის შემდეგ აღმოცენებულ სახელმწიფოთა შორის არის ერთი, რომლითაც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს შვეიცარია: ეს გახლავთ საქართველო, თავისუფლებისმოყვარე მთიელთა ქვეყანა, რომელიც მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულის, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, სადაც ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ უკვე მიაღწია  წარმატებასა თუ სიმდიდრეს და სავსებით დაინტერესებულნი ვართ მასთან ურთიერთობის გაღრმავებით. საქართველოს, რომელიც გადაურჩა ბოლშევიზმს, გააჩნია შეძლებისდაგვარად ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია და იმედოვნებს, რომ სულ მალე იხილავს თავის დამოუკიდებლობას - აღიარებულს მსოფლიოს სახელმწიფოთა მიერ. ოფიციალურად ცნობის მოლოდინში საქართველომ ბერნში მოავლინა თავისი დიპლომატიური წარმომადგენელი.... იგი ეძებს გზებს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებისთვის. არსებობს უამრავი ნაწარმი, რომელიც ომამდე ჩვენში საქართველოდან შემოდიოდა ჰამბურგის გავლით, რაც საშუამავლო გარიგებების შედეგი გახლდათ. აქედან, ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს იმისათვის, რათა პირდაპირ მივიღოთ ისინი კავკასიიდან, სადაც ჩვენი პროდუქციისათვის, ასევე, მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარი არსებობს და ჩვენი მრეწველები მთლიანად დაინტერესებულნი არიან იმაში, რათა იგი არ იქნას მონოპოლიზირებული სხვათა მიერ - ამისათვის კი საკმარისია ვიყოთ პირველები საქართველოში გაიგზავნოს სამრეწველო მისია მდგომარეობის ადგილზე შესასწავლად“. მ. სუმბათაშვილის დიპლომატიურ სარბიელზე ყოფნა, მხოლოდ ბერნში მოღვაწეობით სრულიად არ შემოიფარგლებოდა. იგი იმდროინდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. მ. სუმბათაშვილი ზ. ავალიშვილთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჟენევაში, 1920 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთა ლიგაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. იმავე წლის ბოლოს, იგი მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში  ელჩის მოვალეობის შემსრულებლად (Charge d’affaire) გადაიყვანეს. მოგვიანებით, მ. სუმბათაშვილი სამუშაოდ პარიზში გადავიდა, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა მიერ უკვე „დე იურე“-დ ცნობილ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს დესპანის თანამდებობაზე. 1921 წლის 25 თებერვალს, ა. ჩხენკელთან და სოსიპატრე ასათიანთან ერთად, იგი მონაწილეობდა საფრანგეთის მთავრობის მეთაურ მილიერანისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალში, ზუსტად იმ დღეს, როდესაც მეორე ქართველი - სერგო ორჯონიკიძე რუსეთის ბოლშევიკურ ურდოებს თბილისში  წითელი დროშით შემოუძღვა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მ. სუმბათაშვილი კვლავ დიდ ბრიტანეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად მოღვაწეობდა. ამის შემდეგ კი მისი კვალი ქრება.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates