• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რეგულარული არმია

რეგულარული არმია - ქართული რეგულარული შეანაერთების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, მართალია თავიდან ამ ყველაფერს უფრო სიმბოლური ხასიათი გააჩნდა, მაგრამ 1917-ის რევოლუციების შემდეგ, კავკასიის ფრონტზე დაიწყო ნაციონალური შენაერთების ჩამოყალიბება. დაიგეგმა ქართული კორპუსის შექმნა , მაგრამ 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის არსებობდა რამდენიმე მცირერიცხოვანი ქართული პოლკი. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე 1918-ის 2 ივნისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა სამხედრო უწყების დროებითი მმართველობის გეგმა. 1918-ის 20 აგვისტოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო  კანონი რეგულარული არმიის ორგანიზაციის, დებულება რესპუბლიკის სამხედრო მმართველობისა, ასევე დებულება სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების შესახებ. რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის დებულების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების უზენაეს ორგანოს წარმოადგენდა ეროვნული საბჭო, რომლის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა მთავრობა, ეს უკანასკნელი კი თავის უფლებას შეიარაღებული ძალების მიმართ სამხედრო სამინისტროს მეშვეობით ახორციელებდა.  სამხედრო სამინისტროს სათავეში იდგა სამხედრო მინისტრი.ომის დროს, მთავრობის საგანგებო დეკრეტით ინიშნებოდა მთავარსარდალი, რომელიც ოპერატიულ საქმეებში სრული დამოუკიდებლობით სარგებლობდა. რესპუბლიკის რეგულარული ჯარი შედგებოდა: ორი ქვეითი დივიზიის, ერთი ცხენოსანი ბრიგადის, ერთი საარმიო არტილერიის ბრიგადის, სანაპირო ჯარის, საპიორთა ბატალიონის, სატექნიკო ბატალიონის, საავტომობილო ასეულის, ჯავშნოსანი ასეულისა და საავიაციო გუნდისაგან. ჯარის შევსება ხდებოდა საყოველთაო სამხედრო  გაწვევის საფუძველზე. რეგულარული არმიის პირადი შემადგენლობა, ზურგის ნაწილებისა და სამხედრო სამინისტროს თანამშრომლების ჩათვლით, შეადგენდა 41 260 სამხედრო მოსამსახურეს. ამ რაოდენობის არმიის შენახვა ქვეყანას და მის ბიუჯეტს არ შეეძლო, ამიტომ 1919-ს მოხდა რეორგანიზაცია და პირადი შემადგენლობა მშვიდობიანობის პერიოდში 16 950 კაცამე შემცირდა. ახალი ორგანიზაციის მიხედვით რეგულარულ ჯარში მშვიდობინობის პერიოდში ირიცხებოდა: 3 საარმიო ქვეითი ბრიგადა; საარმიო არტილერიის დივიზიონი; ცხენოსანი რაზმი; სანაპირო რაზმი; საინჟინრო-სატექნიკო ძალები და  სამხედრო სკოლა. ომის დროს ბრიგადები უნდა გაშლილიყვნენ დივიზიებად, ხოლო ბატალიონები პოლკებად. 1920-1921-ში მცირე ცვლილებები შევიდა 1919-ს დამტკიცებულ შტატებში, რეგულარული არმიის პირადი შემადგენლობა 1920-ის 25 ივნისის დეკრეტის საფუძველზე გაიზარდა 16 950-დან 19 630 კაცამდე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates