• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია

რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია - დაარსდა 1917-ის ოქტომბერში, იმ ჯგუფის ბაზაზე, რომელიც დავით ჩიქოვანის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას გამოეყო. ძირითად პარტიასთან ამ ჯგუფის დაპირისპირების ნიშნები ჯერ კიდევ 1917 წ. ივნისში, ედპ-ს დამფუძნებელ ყრილობაზე გამოიკვეთა. მაშინ უმრავლესობამ არ გაიზიარა დ. ჩიქოვანის თვალსაზრისი და პროგრამაში არ შეიტანა მუხლი საქართველოს დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ მოთხოვნის შესახებ. 1917-ის 19-23 ნოემბერს გაიმართა საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის ორგანიზაციების წარმომადგენელთა კრება. კრებამ აირჩია სამი კომიტეტი: მთავარი, თბილისისა და სიღნაღის სამაზრო. მთავარ კომიტეტში არჩეულ იქნენ: თედო სახოკია (თავმჯდომარე), ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი და დიმიტრი დეკანოზიშვილი. თბილისის კომიტეტში შევიდნენ: ქრისტეფორე კაპანაძე (თავმჯდომარე), ალექსანდრე გველესიანი, ნიკო კურდღელაშვილი, ივანე ბაქრაძე, გობრონ ციცქიშვილი, ვასილ ბარნოვი და ივანე არონიშიძე; სიღნაღის სამაზრო კომიტეტი შეადგინეს: კოტე ტყავაძემ (თავმჯდომარე), დავით სამადაშვილმა, ილო მოსაშვილმა, ნიკო ტურიაშვილმა და ალექსანდრე (სანდრო) შანშიაშვილმა. კრებამ გაზეთი „ჩვენი რესპუბლიკა“ პარტიის პერიოდულ ორგანოდ დაადგინა და იგი ყოველკვირეულიდან ყოველდღიურ გამოცემად გადააკეთა. გაზეთის რედაქტორად დავით ჩიქოვანი დაამტკიცეს. 1917-ის 7 დეკემბერს, სიღნაღში შედგა რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის სიღნაღის მაზრის ყრილობა.  განიხილეს და მიიღეს პარტიის პროგრამა, რომელიც მთავარმა კომიტეტმა ჯერ კიდევ ივლისში შეიმუშავა. იმსჯელეს საორგანიზაციო და სხვ. საკითხებზე. ხელახლა აირჩიეს სიღნაღის სამაზრო კომიტეტი, რომელიც ორი წევრით (ნ. სიყმაშვილი და ნ. ჩუთლაშვილი) შეივსო. სიღნაღის კომიტეტშიც 7 კაცი იქნა არჩეული: ნ. კორაშვილი (თავმჯდომარე), მ. ტყავაძისა, მ. გოცირიძე, კ. იმერლიშვილი, მ. სიყმაშვილი, ი. ტყავაძე და ტ. მჭედლიშვილი. შედგა მოწაფეთა კომიტეტიც. პარტიის გეოგრაფიული არეალი ძირითადად ერთი - სიღნაღის მაზრით შემოიფარგლა. ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციაში თავი მოიყარეს ცნობილმა თუ ახალგაზრდა მწერლებმა ვასილ ბარნოვმა, შიო დედაბრიშვილმა (არაგვისპირელი), ილო მოსაშვილმა, მომავალში სახელგანთქმულმა რეჟისორმა ალექსანდრე ახმეტელმა და სხვ., მაგრამ გლეხთა პარტიამ თავისი რიგების უფრო გაფართოება ვეღარ შეძლო.

რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია იყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც ოფიციალურად დააყენა სახელმწიფოებრიობის, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი. რადიკალები საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობისაგან მოელოდნენ, რომ იგი მიიღებდა მკაფიო და ნათელ გადაწყვეტილებას საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ. „ეროვნული კრების დანიშნულებაა, - წერდა გაზ. ,,ჩვენი რესპუბლიკა“ 1917 წლის 19 ნოემბერს, - აღიაროს საქართველოს უზენაესი უფლებები და მანიფესტით აუწყოს მთელს ქვეყანას დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება. მანვე უნდა შეადგინოს საქართველოს სუვერენული დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობა, რომელსაც დაევალება დემოკრატიული წესით არჩეული სრულიად საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევა.” რადიკალ-დემოკრატთა მესვეურებს არაერთ საკითხზე ყოფილი თანაპარტიელებისაგან განსხვავებული შეხედულებანი გააჩნდათ. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო გლეხთა პარტიის „ეკონომიკური რადიკალიზმი.“ იგი ითვალისწინებდა საკაბინეტო, საუფლისწულო და სახაზინო მიწების გლეხობისათვის უფასოდ გადაცემას. ასევე თავადაზნაურ-მემამულეთათვის ნორმაზე მეტი იმ მიწების იძულებით ჩამორთმევას, „რომლებიც თავიანთ პატრონთ თუმცა შეუძენიათ, მაგრამ შემდეგ უყურადღებოდ მიუგდიათ და გაუვერანებიათ.“ რადიკალ-დემოკრატებს  სწამდათ კლასგარეშე მდგომი, ზეკლასობრივი პარტიის არსებობა, მაგრამ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ასეთად არ მიაჩნდათ. რადიკალ-დემოკრატები საჭიროდ მიიჩნევდნენ, რომ ქართული სახელმწიფო „რეალუნიის“ წესით შეკავშირებოდა რომელიმე ძლიერ ქვეყანას, მაგრამ თვით ქვეყნის დასახელებისგან, გარკვეული დროით, თავს იკავებდნენ. რადიკალ-დემოკრატების განდგომა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან დიდხანს არ გაგრძელებულა. 1919-ის დამდეგიდან დაიწყო ხელახალი ურთიერთდაახლოების პროცესი. ეროვნული და რადიკალ-დემოკრატები ერთიანი ბლოკით გამოვიდნენ თბილისის საქალაქო ხმოსანთა არჩევნებში, რომელიც 1919-ის 1-2 თებერვალს გაიმართა. თუმცა იმავე წლის თებერვალში, რადიკალ-დემოკრატიულმა გლეხთა პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში. გლეხთა პარტიამ ვერ შესძლო ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვება (მიიღო 3000-ზე ოდნავ მეტი ხმა). საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამ პარტიის არც ერთი წევრი არ ყოფილა არჩეული. 1920 წლის ნოემბერში რადიკალ-დემოკრატები ჯერ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან გამიჯნულ ეროვნულ პარტიასთან გაერთიანდნენ. შეიქმნა ორგანიზაცია „მიწის მესაკუთრეთა დემოკრატიული პარტიის“ სახელწოდებით. 1921-ის იანვარში თბილისში მოწვეულ იქნა არასოციალისტურ პარტიათა გაერთიანებული კონფერენცია, რომლის გადაწყვეტილებით ეროვნულ-დემოკრატები, უპარტიოთა კავშირი და მიწის მესაკუთრეთა დემოკრატიული პარტია „საქართველოს დემოკრატიულ პარტიად“ ჩამოყალიბდნენ.     

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates