• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

მუშათა ცხოვრება

მუშათა ცხოვრება (1919-1921) - საქართველოს პროფესიულ კავშირთა ცენტრალური საბჭოს ორგანო. სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ორკვირეული ჟურნალი.  ხელს აწერს  სარედაქციო კოლეგია. გამოიცემოდა თბილისში. ჟურნალში იბეჭდება წერილები პროფკავშირების საქმიანობასა და მუშათა ცხოვრებაზე. ყურადღება გამახვილებულია სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, პროდუქციის ფასებზე,  მაგ., 1919 წ-ის პირველ ნომერში გამოქვეყნებულია ი. გოლდმანის სტატია „სატარიფო პალატა და მისი მიზანი“, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია  იმაზე, რომ  ,, საქონელსა და პროდუქტებზე ფასების რყევა, აწევ-დაწევა იწვევს სამუშაო ქირის ცვლილებებსაც, მაგრამ ეს ცვლილება მუშების მდგომარეობას არასოდეს აუმჯობესებს“. როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პროფესიული ორგანიზაციების ყრილობამ მთავრობისაგან მოითხოვა, ეწარმოებინა ერთიანი ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკა და მიუთითა, რა ზომების მიღება იყო საჭირო სამუშაო ქირის მოსაწესრიგებლად. ჟურნალი უცხოეთის სიახლეებსაც აცნობს მკითხველს. 1921 წ-ის პირველ ნომერში ფსევდონიმით იპ. ნ-ია დაბეჭდილია ვრცელი სტატია - „სიძვირე და რეალური ხელფასის პრობლემა გერმანიაში“, რომელშიც  საუბარია პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიის სახალხო მეურნეობაზე. ამავე ნომერში ფსევდონიმით ,,ძველი მუშა“  გამოქვეყნებული   სტატია ,,სამხრეთ რუსეთის ლითონის მრეწველობა“ წარმოაჩენს ამ მხარეში ლითონის მრეწველობაში არსებულ მდგომარეობას, ასევე, მუშათა ცხოვრების პირობებს. რუბრიკებით „მუშათა ცხოვრებიდან“ ან „მუშათა ცხოვრება“ გამოქვეყნებულ წერილებში („ლითონზე მომუშავე პროფესიონალურ კავშირის ახალი მოთხოვნილებები და გაფიცვების მიზეზები“, „მეთუთუნეთა პროფესიულ კავშირის მუშათა ცხოვრებიდან“, „ელექტრონზე მომუშავეთა კავშირში“, „მებაღეების კავშირი“ და სხვ.)  ასახულია საქართველოს სხვადასხვა საწარმოს მუშათა ყოფა და პრობლემები. რუბრიკით „საზღვარგარეთ“  გამოქვეყნებულია პუბლიკაციები  („პროფესიონალური მოძრაობა საფრანგეთში“,  „საქსოვ ფაბრიკების მუშათა გაფიცვა მანჩესტერში“, „ნახშირზე მომუშავეთა მუშების გაფიცვა საფრანგეთში“ და სხვ.) მკითხველს აცნობს პროფესიული კავშირების ისტორიასა და საქმიანობას სხვადასხვა ქვეყანაში. ჟურნალი ევროპიდან საქართველოში სოციალისტთა დელეგაციის ჩამოსვლას ეხმაურება ას.-ამწყ. დონ-ლანის ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილით „ძვირფასი სტუმრების ჩამოსვლა და ზოგიერთი დამხვედრნი“.

1920 წ-დან  გამოცემა უფრო მრავალფეროვანი ხდება,  ჩნდება პუბლიკაციები ხელოვნებასა და კულტურაზე, იბეჭდება როგორც პროზაული, ისე პოეტური  ნაწარმოებები. მაგ., პრ. ოდიშელის და ვარ. კაკაურიძის ლექსები,  დ. თურდოსპირელის ჩანახატი „გულის კბილის ტკივილი“ და სხვ. 1920 წ-ის 1 მაისის ნომერი  მთლიანად სადღესასწაულოა. იბეჭდება რ. არსენიძის, აკ. ჩხენკელის, ივ. გომართელის, გრ. გიორგაძის, ვ. თევზაძის, ის. რამიშვილის წერილები,  აგრეთვე,  გრ. ცეცხალაძის,  ი. ტოფაძის, დ. ჭანჭათელისა  და სხვა ავტორთა  ლექსები. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates