• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თბილისის ქალაქის თვითმმართველობა

თბილისის ქალაქის თვითმმართველობა - 1917 წ-ის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დროებითმა მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმა იმპერიის დედაქალაქებში თვითმმართველობების ახალი წესით მოწყობის შესახებ. 1917 წ-ის 15 აპრილს დამტკიცდა „დროებითი წესები საქალაქო სათათბიროს ხმოსანთა არჩევნების წარმოებისა“, რომლის მიხედვით, ქალაქის ხმოსნები უნდა არჩეულიყვნენ 1919 წ-ის 1 იანვრამდე. გაუქმდა ქონებრივი ცენზი, მიღებულ იქნა მთელი რიგი დემოკრატიული დებულებები. არჩევნები ჩატარდა 1917 წ-ის 30 ივლისს. თბილისის 89 უბანზე (4 კომისია განკუთვნილი იყო მუსლიმი ქალებისათვის) მონაწილეობა მიიღო 92 677-მა ამომრჩეველმა. 120 ხმოსანის ხმა ასე გადანაწილდა: სოც. დემოკრატები - 50; დაშნაკები - 24; სოც. რევოლუციონერები - 20; ბოლშევიკები - 7; კონ. დემოკრატები - 7; სოც. ფედერალისტები - 4; ეროვნულ-დემოკრატები - 4; მუსლიმანური ორგანიზაცია - 3; ებრაელური ორგანიზაცია - 1.

ახლად არჩეული სათათბიროს პირველი სხდომა გაიმართა 1917 წ-ის 7 აგვისტოს, რომელზეც თავმჯდომარედ ერთი წლის ვადით აირჩიეს სოციალ-დემოკრატი ევგენი გეგეჭკორი. 1917 წ-ის 10 აგვისტოს სხდომაზე კი ქალაქისთავად აირჩიეს ნიკოლოზ ელიავა. ქალაქის თავის ამხანაგებად მიხეილ სმირნოვი და ლევან ნათაძე. თბილისის სათათბიროში მოქმედებდა 23 კომისია. 1917 წ-ის 28 ნოემბრიდან ევგენი გეგეჭკორი გახდა ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, თბილისის სათათბირომ მის ნაცვლად, თავმჯდომარედ აირჩია ალექსანდრე ლომთათიძე.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თბილისის თვითმმართველობა ჩვეული რეჟიმით განაგრძობდა ფუნქციონირებას. კან-ნის შესაბამისად, თბილისის სათათბიროს უფლებამოსილების ვადა 1919 წ-ის 1 დეკემბერს უწყდებოდა. 1918 წ-ის 17 დეკემბერს პარლამენტმა დაამტკიცა დებულება „ქალაქთა საბჭოების ხმოსანთა არჩევნებისა“, რომლის მიხედვით,  ქალაქ თბილისის სათათბიროს სახელი ეცვლებოდა და მას ამიერიდან უნდა წოდებოდა - „ქალაქ თბილისის საბჭო“.  ამასთანავე, მცირდებოდა წევრთა რიცხვი 120-დან 90-მდე. ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს ირჩევენ ორი წლის ვადით. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რომელსაც საარჩევნო სიის შედგენის დაწყებამდე შეუსრულდებოდა 20 წელი, ცხოვრობდა და საქმიანობდა დედაქალაქში. დაიწყო არჩევნებისთვის სამზადისი. ამისთვის 1918 წ-ის 28, 29 და 30 დეკემბერს თბილისში მოქალაქეთა აღწერა ჩატარდა.  თბილისის ქალაქის საბჭოს არჩევნები 1919 წ-ის 2 თებერვალს ჩატარდა. მასში ხმის უფლების მქონე თბილისელთა 51 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. თბილისში არჩევნებში ხმა მისცა სულ 35.366-მა ამომრჩეველმა.

1919 წ-ის 2 თებერვალ ჩატარდა თბილისის ხმოსანთა საბჭოს არჩევნები. 71 ათასი ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიღო 36 366 მოქალაქემ. პარტიებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. სოციალ-დემოკრატიული პარტია - 26 908 ხმა (69 მანდატი), 2. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 3816 (10 მანდატი), 3. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია - 136, 4. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია - 440 (1 მანდატი), 5. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია - 2964 (7 მანდატი), 6. საქართველოს მუსლიმთა საბჭო - (3 მანდატი), 7. მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტ-მაშვრალთა პარტია - 418 (1 მანდატი), 8. ეროვნული პარტია - 389 (1 მანდატი), 9. თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტია - 309 (1 მანდატი). არსებული კანონის შესაბამისად პარლამენტის და მოგვიანებით, დამფუძნებელი კრების წევრებს არ ეკრძალებოდათ თბილისის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. ამიტომაც საბჭოს წევრებად ითვლებოდნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, ევგენი გეგეჭკორი, გიორგი გვაზავა, ბენიამინ ჩხიკვიშვილი და სხვები.

თბილისის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა 1919 წ-ის 10 თებერვალს. ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ ერთი წლის ვადით აირჩიეს ალექსანდრე ლომთათიძე, მდივნად - ვასილ ხახანაშვილი. 1919 წ-ის 17 თებერვალს ახლად არჩეული საქალაქო საბჭოს მეორე სხდომაზე ქალაქის მოურავად არჩეულ იქნა ბენიამინ ჩხიკვიშვილი; ქალაქის მოურავის ამხანაგად (მოადგილედ), გიორგი კონიაშვილი. საბჭოში ფუნქციონირებდა 17 კომისია (1. საფინანსო-საბიუჯეტო; 2. სარევიზიო; 3. სამეურნეო-სასურსათო; 4. შტატების საორგანიზაციო; 5. ჯანმრთელობის;  6. იურიდიული; 7. ტექნიკური; 8. სარეკომენდაციო; 9. სასკოლო; 10. სატყეო-საბაღოსნო; 11. საადმინისტრაციო; 12. საადგილმამულო; 13. შრომის; 14. ბალნეოლოგიური; 15. ლომბარდის; 16. შეფასების უწყების შემმოწმებელი; 17. ქუჩების და საქალაქო დაწესებულებების სახელწოდებების გადამსინჯველი).          თბილისის მართვას ახორციელებდა საბჭო, გამგეობა და ქალაქისთავი - მოურავი. მათ საკმაოდ დიდი უფლებები ჰქონდათ. იმ პერიოდში ადგილობრივი თვითმართველობის ფუნქციაში, ტრანსპორტის, კეთილმოწყობითი სამუშაოებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გარდა, შედიოდა სკოლების მართვა, საპოლიციო ზედამხედველობის განხორციელება, საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წარმართვა, პენსიონერებზე და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. 1919 შედგენილი საქალაქო დებულების პროექტის მიხედვით:  ქალაქის თვითმმართველობა განაგებს ადგილობრივი მნიშვნელობის ყველა საქმეს. მის უფლება-კომპეტენციაში შედის: „ქალაქის გეგმის შედგენა, ზრუნვა ქალაქის უკეთ მოწყობისათვის, მისი განაშენიანების ხელმძღვანელობა,  ქალაქის სასარგებლოდ დაწესებული გადასახადისა და ბეგარის გამგებლობა, ქალაქის უძრავი და მოძრავი ქონების მართვა, ქუჩების, მოედნების, საზოგადოებრივი ბაღების, მდინარის ნაპირების, ნავსადგურების, ხიდების, არხების კეთილმოწყობა, ქალაქის განათება, წყლით მომარაგება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეთა უზრუნველყოფა, უსაფრთხოების დაცვა, სასწავლო დაწესებულებების დაფინანსება, მისი სრულყოფისათვის ზრუნვა, გამოფენათა მართვა, ჯანმრთელობის დაცვა, სანიტარულ ღონისძიებათა განხორციელება, მოქალაქეთა სურსათ-სანოვაგით მომარაგება, მკვიდრთათვის იურიდიული დახმარების გაწევა, ღარიბთა თავშესაფრებისა და სამზრუნველოების დაარსება, პურის საცხობების, სასურსათო მაღაზიების გამართვა, მრეწველობის, ვაჭრობისა და საკრედიტო საქმის განვითარებაზე ზრუნვა, ქალაქის სტატისტიკური გამოკვლევა, პირადი და საზოგადოებრივი უშიშროების და წესიერების დაცვა, მოქმედ კანონმდებლობათა თანახმად მილიციის გამგებლობა, ქალაქზე დაკისრებული სამხედრო და სამოქალაქო ვალდებულებების შესრულებაზე ზრუნვა“.  ქალაქს გააჩნდა თავისი ბიუჯეტი, თუმცა მძიმე ეკონომიური პოლიტიკის გამო, ვერ ხერხდებოდა ხარჯებისა და შემოსავლების დაბალანსება, ამიტომაც ხშირად თბილისის თვითმმართველობა მიმდინარე ხარჯებისათვის ცენტრალური მთავრობისაგან იღებდა სესხს. 1921 წ-ის იანვარში თბილისის საბჭომ დაიწყო არჩევნებისთვის მზადება. ჩატარდა ამომრჩევლების აღწერა. განისაზღვრა არჩევნების ვადა - 1921 წ-ის 27 თებერვალი, კვირა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის და სამხედრო წესების გამოცხადების შემდეგ ქალაქის თვითმმართველობამ რეალურად ფუნქცია დაკარგა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates