• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თბილისის ქალაქის თვითმმართველობის მოხელეთა გაფიცვა

თბილისის ქალაქის თვითმმართველობის მოხელეთა გაფიცვა - დაიწყო 1919 წ-ის 24 მარტის საღამოს 6 საათიდან. ორგანიზატორი იყო პროფესიული კავშირები. გააჩნდა საყოველთაო ხასიათი და გაგრძელდა აპრილის დასაწყისამდე. გაფიცვის მიზეზად იქცა ქალაქის მხრიდან მოსამსახურეთათვის რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება.

თვითმმართველობის მოხელეთა მასობრივი გაფიცვის საკითხი პირველად ნოემბრის დასაწყისში წამოიჭრა.  ქალაქის მოსამსახურეთა კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა ქალაქის გამგეობას წარუდგინა მოთხოვნა, სექტემბერ-ოქტომბრის დავალიანება დაეფარა 10 ნოემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქში დაიწყებოდა გაფიცვა. აღნიშნულ საკითხზე 11 ნოემბერს შეიკრიბა ქალაქის საბჭო, რომელზეც გადაწყდა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეთხოვათ ცენტრალური მთავრობისათვის 6 მილიონი მან. სესხის გამოყოფა. ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებმა ეს მოთხოვნა გააცნეს მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიას, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ წინადადებას იმ პირობით, თუ ამ 6 მილიონში გათვალისწინებული იქნებოდა 1.5 მილიონი მან. მილიციისათვის ხელფასის დასარიგებლად. საბოლოოდ, საქართვერლოს პარლამენტმა თბილისის თვითმმართველობას გამოუყო 4 მილიონი მანეთი არსებული სახელფასო დავალიანების დასაფარავად. ამას გარდა, ცალკე მთავრობამ გადადო ქალაქის მილიციისათვის გასაცემი ხელფასისათვის თანხები. ამ გადაწყვეტილებამ მოხელეთა გაფიცვის აუცილებლობა მოხსნა.

1919 წ-ის დასაწყისში სახელმწიფოს მხრიდან სახელფასო დავალიანება კვლავ გაჩნდა, რამაც გაფიცვის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააყენა. ამავე პერიოდში  ქალაქის მოსამსახურეთა კავშირი გამოვიდა ინიციატივით, მოსამსახურეებთან კოლექტიური ხელშეკრულება გაეფორმებინათ. ეს უკანასკნელი საკითხი დიდი განსჯის საგნად იქცა. მთავრობა არ ეთანხმებოდა ამ წინადადებას, მას ცალსახად მხარი არ დაუჭირა ქალაქთა კავშირმაც. 1919 წ-ის 2 თებერვალს თბილისის ხმოსანთა საბჭოს არჩევნების ჩატარების შემდეგ ქალაქში დასაქმებულმა მოხელეებმა მოითხოვეს იანვარ-თებერვლის დავალიანების გაცემა. 8 და 11 მარტს ამ საკითხზე გაიმართა საგანგებო კრება. მოთხოვნები საკმად რადიკალური იყო - დამფუძნებელი კრების პირველი საზეიმო სხდომის (12 მარტი) გახსნის წინა დღეებში დაწყებულიყო გაფიცვა. ქალაქის საბჭომ და გამგეობამ საორგანიზაციო ჯგუფს შესთავაზა შემდეგი წინადადება - 15 მარტს დაიწყებდა იანვრის დავალიანების გასტუმრებას, ხოლო კოლექტიური ხელშეკრულების თაობაზე წარიმართებოდა მოლაპარაკება. ქალაქის მოსამსახურეთა კავშირმა გარკვეული დრო მისცა ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მოთხოვნები ნაწილობრივ შესრულდა. სახელფასო დავალიანება სრულად არ იქნა დაფარული.        

საგაფიცვო კომიტეტმა მორიგი შეხვედრა გამართა 20 მარტს, სადაც გადაწყდა საყოველთო გაფიცვის დაწყება. პროფესიულმა კავშირმა 23 მარტისთვის ზუბალაშვილის სახალხო სახლში დანიშნა საერთო ყრილობა. კრებას დაესწრო  2000 მოსამსახურე, ასევე, საქართველოს მიწათმოქმედებისა და შრომის სამინისტროსა და ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ხელისუფლება პირობას დებდა, რომ უახლოეს პერიოდში მოახერხებდა თებერვლის ხელფასის  გასტუმრებას და უკვე აპრილში დაიწყებდა მარტის დავალიანების დარიგებას. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მოურავის მოადგილე კონიაშვილი ცდილობდა გაფიცულთა დარწმუნებას, შეეცვალათ გადაწყვეტილება, კრებამ ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ გაფიცვა დაიწყებოდა 24 მარტის საღამოს 6 საათზე და სამშაბათს, 25 მარტს აღარ გავიდოდნენ სამსახურში. გაფიცვას არ შეუერთდნენ მილიციის, ქართული დაწყებითი და უმაღლესი სასწავლებლების, ტრამვაის, წყალსადენის, ცხოველთა სასაკლაოს მოსამსახურენი. მიუხედავად ამისა, გაფიცვამ დიდი მასშტაბები მიიღო. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ქალაქისთვის საავადმყოფოების, სამკურნალო დაწესებულებების, აფთიაქის თანამშრომლთა, ასევე, ქალაქის თვითმმართველობის მოხელეთა სამსახურში გამოუცხადებლობა. სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა კი განაცხადეს, რომ ხანძრის შემთხვევაში ისინი გავიდოდნენ შემთხვევის ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით, თუმცა უშუალოდ ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და ამ საქმეს მოხალისეებს მიანდობდნენ.

25 მარტს შეიკრიბა ქალაქის საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელსაც დიდძალი ხალხი დაესწრო. ხანგრძლივი კამათის შემდეგ საბჭომ ერთსულოვნად (წინააღმდეგი იყო მხოლოდ საბჭოს წევრი) მიიღო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამი იყო: „1. მიეცეთ გაფიცულთ წინადადება, შეუდგნენ თავის მოვალეობის ასრულებას არა უგვიანეს 27 მარტის დილის 9 საათისა. 2. ვინც ამ დროისათვის არ გამოცხადდება, ჩაითვალოს სამსახურიდან გასულად თავისი სურვილით. 3. საავადმყოფოებსა და ბარაკებში მომუშავენი კი თუ ამ ვადაზე არ შეუდგებიან მოვალეობის ასრულებას, მიცემულ იქნენ პასუხისგებაში“.

გაფიცვას იმდენად საყოველთაო ხასიათი ჰქონდა, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყო კონტრზომების მიღება. სხვადასხვა ორგანიზაციები და კავშირები გმობდნენ ამ გაფიცვას და მოუწოდებდნენ გაფიცულებს, დაბრუნებულიყვნენ სამსახურებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მუშათა დეპუტატთა საბჭოს რეზოლუცია, რომლითაც საბჭომ დაგმო გაფიცვა. განცხადება საკმაოდ მკვეთრი იყო: „საბჭო აღნიშნავს, რომ გაფიცვა თავისი არსებით მიმართულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინტერესთა წინააღმდეგ და ჰბადებს პირობებს ანარქიის გასაძლიერებლად რესპუბლიკაში და დემოკრატიის წრეებში შუღლის შექმნას“. გაფიცვას გაემიჯნა ასევე სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულების პროფკავშირი და მოუწოდა სავაჭროებსა და ქარხნებში დასაქმებულთ, მოეხსნათ გაფიცვა.

გაფიცულ თანამშრომლთა მორიგი კრება გაიმართა 29 მარტს, სახალხო უნივერსიტეტში. ამ შეხვედრაზე გაფიცულთა შეხედულებები უკვე ორად გაიყო. ნაწილი თვლიდა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმი უნდა აერჩია, თუმცა იყვნენ რადიკალურად განწყობილნიც. მოსამსახურეთა ნაწილს აშინებდა, რომ ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ისინი სამსახურებს დაკარგავდნენ და მათ ადგილებს სხვები დაიკავებდნენ. გაფიცულების აზრთა სხვადასხვაობა კენჭისყრამაც აჩვენა, კრებამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, შეეწყვიტათ თუ გაეგრძელებინათ გაფიცვა. აპრილის დასაწყისში მოსამსახურეთა ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა, თუმცა იყვნენ ისეთნიც, რომლებმაც უარი თქვეს ხელისუფლების ნებისმიერ შეთავაზებაზე და თავისი ნებით მიატოვეს სამსახურები. ამ გაფიცვამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა ქალაქს. ასევე გარკვეული დრო დასჭირდა სამსახურიდან წასული თანამშრობლების (განსაკუთრეებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების) ჩანაცვლების პროცესს.       

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates