• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

გოგიჩაიშვილი ფილიპე

გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე (20.I.1872, სოფ. ლანჩხუთი, ოზურგეთის მაზრ. - 29.III.1950, თბი­ლი­სი) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბ­ლი­ცი­სტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1935), საქართველოს მეცნიერების დამ­სა­ხურე­ბული მოღვაწე (1945), ქართული ეკონომიკუ­რი სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1892 წ-დან ეწეოდა სამეცნიერო-პუბლიცისტურ მოღვაწეობას. დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიკის განყოფილება ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით (1901). რედაქტორობდა გაზ. „ივერიას“ (1905-1906). სხვადასხვა დროს იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს, აგრეთვე, კა­ვ­კა­სიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სტატისტიკური ბიუროს ხელმძღვანელი (1903-1913); სრულიად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში (1914-1916 ). იყო კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე (1917-1918).

საქართველოს დემოკ­რატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ მოღვაწეობდა სახელმწიფო კონტროლიო­რ­ად ანუ მინისტრად (1918-1920). იყო თბილი­სის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პროფესორი (1918-1950). თსუ-ში კითხულობდა პოლიტიკური ეკონომიის, ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომი­კუ­რი აზრის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსს. მისი თაოსნობით სიბრძნისმეტყველე­ბის ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. იყო ასევე პოლიტიკური ეკონომიის კათედრის ორგანიზატორი და გამგე; სტატისტიკის კათედრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.           

სოცოცხლის უკანასკნელ წლებში შეთავსებით მუ­შა­ობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში (1945-1950 ). ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას. მის სამეცნიერო ნაშრომებში ძირითა­დად შესწავლილია საქართველოს და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნების სოცია­ლურ-ეკო­ნომი­კური დასაზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხები. მისი პირველი კაპიტა­ლუ­რი გამოკვლევა იყო ლაიპციგის უნივერსიტეტში დაცული სადოქტორო დისერტაცია: „ხელოსნობა საქართველოში“, რომელიც ტიუბინგენში გერმ. ენაზე წიგნად გა­მო­იცა (1901) და ევროპას საქართველოს ეკონომიკა გააცნო. მისი რედაქციით რუს. ენაზე გამოიცა ორტომიანი ნაშრომი „სტატისტიკური ცნობების კრებული კერძო მიწათ­მფლობელობის შესახებ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებ­ში“ (1910). მისი უშუალო მონაწილეობით ითარგმნა და რედაქტირებულ იქნა კ. მარქსის თხზულე­ბა­ნი, კერძოდ, „კაპიტალის“ I (1930), II და III ტომები (1932-1934), „ფილოსოფიის სიღატაკე“ (1931), „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ (1932 წ.), „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ (1940 წ.), დ. რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები“ (1937 ), ა. სმიტის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (ტ. I, 1938) და სხვ. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორისტიკის წინაშე. 1904 მან ანდერძით მიიღო პ. უმიკაშვილის მიერ შეკრებილი ქართული ფოლკლორის ნიმუშების მდიდარი კოლექცია, რ-ის ნაწილი 1905 გამოსცა ვრცელი წინასიტყვაობით („სახალხო ლექ­სები“). 1937 გამოსცა ამ კოლექციის პოეტური ნაწილი („ხალხური სიტყვიერება“, ტ. I). ფ. გოგიჩაიშვილის ნეშტი 2002 წ-ის 13 სექტემბერს ვაკის სასაფლაოდან გადაასვენეს თსუ-ის პანთეონში. 2008 საქართველოს მეცნ. ეროვნულმა აკადემიამ დააწესა მისი სახე­ლობის პრემია ეკონომიკის დარგში.                                             

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates